უგულავას სარეზერვო ფონდი არა სოციალურად დაუცველებისთვის, არამედ – ნაცაქტივისტებისთვის ხელფასების გასაცემად

უგულავას სარეზერვო ფონდი არა სოციალურად დაუცველებისთვის, არამედ – ნაცაქტივისტებისთვის ხელფასების გასაცემად

სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში როგორც პრეზიდენტისა და მთავრობის, ასევე თბილისის მერის სარეზერვო ფონდები სრულიად გაუმჭვირვალე გახდა და რაზე იხარჯებოდა მილიონები, ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ყურმოკვრით თუ ვიგებდით. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შეიცვალა სარეზერვო ფონდების ხარჯების დაგეგმვის წესი, ანუ წინასწარ აღარ იყო განსაზღვრული, რაში უნდა დახარჯულიყო სარეზერვო ფონდები. ამასთანავე, ეს ფონდები სრულიად გაუმჭვირვალე გახდა, რამაც საზოგადოებას მათში აკუმულირებული უზარმაზარი თანხების ხარჯვაზე კონტროლის შესაძლებლობა სრულად მოუსპო.

სარეზერვო ფონდი, ზოგადად, გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად გამოწვეული ხარჯების ასანაზღაურებლად არსებობს, მაგალითად, სტიქიური უბედურებების და ა.შ. მაგრამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად თბილისის მერის ფონდში დამატებითი თანხების მობილიზება გახდა საჭირო, რადგან როგორც ცნობილი გახდა, ფონდში უკვე გადახარჯვა იყო.

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითმა ინსტიტუტმა თბილისის მერიის სარეზერვო ფონდის მონიტორინგი ჩაატარა და შესაბამისი დასკვნაც დადო. როგორც ინსტიტუტის ექსპერტ-ანალიტიკოსი, ოთარ კიკვაძე აცხადებს, თბილისის მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნისას, მერია ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციებს მონიტორინგის პროცესში ხელი შეუშალოს.

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის მოინტორინგი 2011 წლის დეკემბიდან მიმდინარე წლის ნომებრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და კიკვაძის განცხადებით, მერის სარეზერვო ფონდი იმდენად გაუჭვირვალეა, რომ იმის დადგენა, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა ამ ფონდის თანხები, ძალიან რთულია. ინსტიტუტისთვის თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან მხოლოდ ის ირკვევა, რომ თბილისის მერის სარეზერვო ფონდი 5 მლნ ლარს მოიცავს და აქედან 1 მლნ 600 ათასი კონკრეტული მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარებების სახით არის გაცემული. თუმცა ოთარ კიკვაძე აცხადებს, რომ ამ სეგმენტშიც არის სადავო საკითხები, რადგან სოციალური დახმარებებისათვის თითოეული რაიონის გამგეობას ბიუჯეტით აქვს შესაბამისი თანხები გათვალისწინებული. ამასთანავე, არსებობს სოციალური მომსახურების სააგენტო და სწორედ ამ სააგენტოდან უნდა ხდებოდეს სოციალური დახმარებების გაცემა და არა თბილისი მერის სარეზერვო ფონდიდან, რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს.

ოთარ კიკვაძე ამბობს, რომ სარეზერვო ფონდის დანარჩენ ნაწილს (ანუ 3 მლნ 400 ათასს) თბილისის მერია არ ასაჯაროვებს და შესაბამისად, უცნობია, რაში დაიხარჯა ეს თანხა. აქვე ანალიტიკოსი ამბობს, რომ მართალია, ეს საჯარო ინფორმაციაა, მაგრამ მის მისაღებად ბერკეტები ძალიან ცოტაა და სუსტი, რადგან თბილისის მერიას და ადგილობრივ თვითმმართველობებს აღარ აქვთ იმის ვალდებულება, რომ სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი დაადგინონ.

„ადრე იყო კანონი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ, სადაც იყო ჩადებული ნორმა, რომ ყველა თვითმმართველი ერთეულის სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი დადგენილი უნდა ყოფილიყო, ანუ განსაზღვრული უნდა ყოფილიყო, რაში შეიძლებოდა სარეზერვო ფონდი დახარჯულიყო. ეს იყო ერთ-ერთი ბერკეტი იმისათვის, რომ გვაცოდნოდა ასეთი თანხები რაში იხარჯებოდა. იდეაში, სარეზერვო ფონდი გადაუდებელი აუცილებლობებისათვის იხარჯება, მაგრამ ვინაიდან ახლა ეს რეგულაცია აღარ არსებობს, ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სარეზერვო ფონდი ნებისმიერი მიმართულებით იყოს გახარჯული“, - ამბობს ოთარ კიკვაძე.

იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ თბილისის მერის, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდები არ ექვემდებარება სახელმწიფო შესყიდვებს და თვის მხრივ, ესეც განაპირობებს იმას, რომ ინფორმაცია ამ ფონდების შესახებ გამჭვირვალე არ არის. კიკვაძე ასევე აღნიშნავს, რომ მერის სარეზერვო ფონდის მოცულობა საარჩევნო წლებში მატულობს. კერძოდ, 2010 წელს (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში) მერის სარეზერვო ფონდი 11 მილიონ ლარს შეადგენდა, 2011 წელს 1.5 მილიონი იყო, ხოლო მიმდინარე წელს ისევ გაიზარდა და 5 მილიონი ლარი შეადგინა. ვინაიდან საარჩევნო წლებში სარეზერვო ფონდების მოცულობა მატულობს, ოთარ კიკვაძე ვარაუდობს, რომ ეს თანხები ისეთი ღონისძიებებში იხარჯება, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას უწყობს ხელს.

ყველას კარგად გვახსოვს, თბილისის მერის სარეზერვო ფონდის მიზნობრიობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სერიზული ხმაური იყო ხოლმე თბილისის საკრებულოში და ერთ-ერთი დეპუტატი იმათგან, ვინც ამ პროცესებს აკრიტიკებდა, თინა ხიდაშელიც იყო (როდესაც იგი საკრებულოს დეპუტატი იყო). დღეს თინა ხიდაშელი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთავარი პრეტენზია ამ ფონდის მიმართ შემდეგია - თბილისის ბიუჯეტში არსებობს რამდენიმე მილიონი ლარი, რომლის ხარჯვაც აბსოლუტურად არაფრით რეგულირდება და თავად ხარჯვის პროცესიც შემდეგ არანაირად კონტროლდება. დეპუტატი ამბობს, რომ ზოგადად სარეზერვო ფონდი მიღებული პრაქტიკაა, ეს საქართველოში არ მოუგონიათ, მაგრამ არ შეიძლება, რომ იგი არ კონტროლდებოდეს და მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე იყოს დამოკიდებული. ხიდაშელი ხაზს უსვამს, რომ ამ ფონდის გამოყენებასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულირება, ანუ რა ვითარებისთვის უნდა იყოს ფონდის თანხები გამიზნული.

„როგორც წესი (და ჩვენთანაც ასე იყო, სანამ მიხეილ სააკაშვილი სარეზერვო ფონდის საკუთარი ჯიბის ფულად გადაქცევას გადაწყვეტდა და კანონი შეიცვლებოდა), ასეთი ფონდები ფორს-მაჟორული სიტუაციებისთვის არის გამიზნული, ანუ ისეთი ტიპის ღონისძიებებისთვის, რომლებიც წინასწარ ვერ დაიგეგმებოდა და უცებ ხდება. ძირითადად ეს არის სტიქიური უბედურებები, ან ისეთი ღონისძიებები, როგორიც იყო მაგალითად, საქართველოში ჯორჯ ბუშის ჩამოსვლა. ეს შეუძლებელი იყო გვცოდნოდა რამდენიმე თვით ადრე, როდესაც ბიუჯეტი იგეგმებოდა. რა თქმა უნდა, ეს დამატებით ხარჯებს იწვევდა და სწორედ ასეთი ტიპის დაუგეგმავი და ფორს-მაჟორული ვითარებისთვის უნდა იყოს სარეზერვო ფონდი გამოყენებული. არ შეიძლება სარეზერვო ფონდს იყენებდნენ საახალწლო კონცერტისთვის, რადგან ყოველ წელს იცი, რომ ახალი წელი მოვა. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ასეთი ღონისძიებები ჩვეულებრივი ტენდერებით და ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯების ფარგლებში ჩაატარო“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, ეს არის არსობრივი პრობლემა, რომელიც ზოგადად სარეზერვო ფონდებთან, მათ შორის, თბილისის მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით არსებობს. მეორე პრობლემა კი, რაც უშუალოდ თბილისის მერიის ფონდს უკავშირდება, ხიდაშელის განცხადებით არის ის, რომ საზოგადოებამ ნახა დიდი ბრძოლით მოპოვებული და თანამშრომლების მიერ საიდუმლოდ გამოტანილი კონკრეტული აქტები, სადაც საკმაოდ საეჭვო ხარჯები იყო გაწერილი. მაგალითად, როდესაც უგულავა „რუსთავი 2“-ზე „კომედი შოუს“ პროგრამებს აფინანსებდა. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ეს იყო მოსახლეობის პრობლემების ნაცვლად, სახელისუფლებო ტელევიზიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ირიბი დაფინანსება.

მეორე მაგალითად მას მოჰყავს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ, მეორე დღესვე თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან რამდენიმე მილიონი ლარის გაცემა სოციალური დახმარებების სახით კონკრეტული პირებისათვის. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებისათვის გაცემული ხეფასები იყო. ხიდაშელის თქმით, სწორედ ამან გააჩინა კითხვები მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით, თორემ, ისე, ზოგადად, სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით არსებული პრობლემა არის ის, რომ ეს ფონდები კანონმდებლობით არ რეგულირდება და მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილზე და ახირებებზე არის დამოკიდებული.

თინა ხიდაშელი ასევე მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისს თავს დატეხილ სტიქიას იხსენებს, როდესაც ქალაქი დაიტბორა და ამას მსხვერპლიც მოჰყვა. დეპუტატის განცხადებით, მაშინ მერის სარეზერვო ფონდში დამატებითი თანხის მობილიზება გახდა საჭირო, რადგან ფონდი უკვე გახარჯული იყო, თუმცა რამდენად მიზნობრივად გაიხარჯა დამატებითი თანხები, ხიდაშელისთვის უცნობია, რადგან მაშინ უკვე საარჩევნო კამპანიის პერიოდში მერიიდან თუნდაც ერთი ფურცლის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის საკრებულოში შესული „ქართული ოცნების“ დეპუტატები ყველა ამ ინფორმაციას მოიპოვებენ და საჯაროს გახდიან.

თინა ხიდაშელიც ადასტურებს, რომ თბილისის მერის სარეზერვო ფონდი საარჩევნო წლებში მატულობს და იმის საილუსტრაციოდ, რომ ამ თანხებს „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა, კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.

„პირველი მკტიცებულება ამისა არის ჩემს მიერ ზემოთმოყვანილი მაგალითი, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს, ანუ 2010 წლის 1 ივნისს კოლოსალური თანხები სოციალური დახმარების სახით კონკრეტულ პირებზე გაიცა. გეტყვით იმასაც, რატომ ვიყავი ასე დარწმუნებული (სანამ დოკუმენტებს ვნახავდი), რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორების ხელფასები იყო. წარმოიდგინეთ სიტუაცია, არსებობენ სოციალურად შეჭირვებული ადამიანები, რომლებზე დახმარების გაცემის უფლებაც თბილისის მერიას აქვს. უცებ ხდება ისე, რომ შვიდ ადამიანზე, რომლებიც სულ სხვადასხვა მისამართებზე ცხოვრობს, ანუ ერთი ოჯახის წევრები არ არიან, ერთობლივად გაიცა ვთქვათ, 4000 ლარი. იქ არ ეწერა, სოციალური დახმარების სახით, ვის რამდენი უნდა გამოეყოს. რა თქმა უნდა, მე დავსვი კითხვა, ეს საკითხი როგორ უნდა გადაწყდეს. საერთოდ, სოციალური დახმარება არის ინდივიდუალური. კონკრეტული ადამიანი დახმარების თხოვნით მიმართავს მერიას, უნდა დაასაბუთოს რა პრობლემა აქვს და რა თანხა სჭირდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ითხოვოს ეს თანხა. ხოლო როდესაც ადამიანთა ჯგუფზე ასე კოლექტიურად ხდება თანხის გაცემა, რა თქმა უნდა, ამ უკვე სქემა ნათელია. ამ ჯგუფს ჰყავდა თავისი კოორდინატორი და ის უკვე არჩევნებში გაწეული „ღვაწლის“ შესაბამისად ანაწილებდა ამ თანხას“, - ამბობს ხიდაშელი.

მისი თქმით, ასეთი რამდენიმე ჯგუფი იყო, რომლებსაც მერიის სარეზერვო ფონდიდან სხვადასხვა თანხა ჰქონდათ გამოყოფილი. დეპუტატი ამბობს, რომ ეს სქემა აპრიორი გამორიცხავს იმას, რომ ეს ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეებისთვის ერთჯერადი სოციალური დახმარება ყოფილიყო. მისი განმარტებით, მოქალაქისთვის სოციალური დახმარების გაცემა ნიშნავს კონკრეტული მოქალაქისთვის, კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად თანხის გაცემას და არა რაღაც ჯგუფისთვის სრულიად დაუსაბუთებლად ფულის გამოყოფას.