ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ანტუან გრიზმანის ტრანსფერისას დაფიქსირებული დარღვევების გამო „ბარსელონა“ 300 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca წერს.
მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დადებული კონტრაქტის თანახმად, კლუბიდან 1 ივლისამდე წასვლის შემთხვევაში მყიდველს მის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, 1 ივლისის შემდეგ კი გამოსასყიდი თანხა 120 მილიონამდე შემცირდებოდა. „ბარსელონაში“ გრიზმანის გადასვლის შესახებ 12 ივლისს გახდა ცნობილი.
ფედერაციის სახელზე გაგზავნილ სარჩელში „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არაოფიციალურად გრიზმანის წარმომადგენლებმა „ბარსელონასთან“ შეთანხმებას გაზაფხულზე მიაღწიეს. ფედერაციის განმარტებით, მათ ესმით, რომ 300 ევრო სიმბოლური თანხაა, თუმცა უფრო მკაცრი სანქციებისთვის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.
გრიზმანი „ატლეტიკოს“ ღირსებას ხუთი წლის განმავლობაში იცავდა და 257 მატჩში 133 გოლი გაიტანა. 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.