თურმე, არსებობს გამოსავალი

თურმე, არსებობს გამოსავალი

(გაგრძელება - ნაწილი პირველი)

დაახლოებით ერთი თვენახევრის წინ (2012-09-15) ამ საიტზე რუბრიკაში „საზოგადოება“ განთავსდა ჩემი სტატია ,,თურმე არსებობს გამოსავალი’’. მასში, ძალზე ზოგადად, საუბარი იყო ემზარ ხვიჩიას მეცნიერულ გამოკვლევაზე „ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია“. ემზარ ხვიჩიას ბლოგში გამოითქვა სურვილი, რომ მეცნიერს უფრო გასაგები, პოპულარული ენით აეხსნა თავისი გამოკვლევის შინაარსი, ხოლო ჩემმა ზემოთხსენებულმა სტატიამ, თურმე, იუზერებს შორის დიდი კამათი და შეხლა-შემოხლა გამოიწვია, რაც ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. ამ მიზეზის გამო საჭიროდ ჩავთვალე გამეგრძელებინა აღნიშნულ თემაზე საუბარი. ამჯერად ავირჩიე ინტერვიუს ფორმა და დიალოგი გავმართე ჩემს სტატიაში უკვე მოხსენიებულ ზურაბ წოწორიასთან, რომელსაც როგორც უკვე აღვნიშნე, შეუძლია ე. ხვიჩიას ნაშრომის პოპულარულ ენაზე გადმოცემა.

მინდა საზოგადოებას მივულოცო დიდი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეიძლება ითქვას ჩემთვის ისეთი სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რაც უკვე დიდი ხანია არ განმიცდია და გადაჩვეულიც კი ვარ.

ბატონო ზურაბ, პირადად თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ ფაქტის მიმართ?

ვუერთდები თქვენს განწყობას, მეც ანალოგიური განცდა გამიჩნდა. მქონდა მოლოდინი, რომ პროცესი დროში გაიჭიმებოდა და ეს ასეც არის, ოღონდ ამ ფორმით თუ მოხდებოდა ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, დასწყისის პოზიტიურობა ცალსახაა. ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილი, როგორც ფენომენი, ახალი ქართული პოლიტიკური ტრადიციის დამკვიდრების პოტენციის მატარებელია (ვიმეორებ, ქართული და არა დასავლური). მიუხედავად იმისა, რომ მან გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ ვექტორად დაასახელა ევროინტეგრაცია და დასავლური კურსი, ვფიქრობ, რომ ობიექტური გარემოებები არც პროდასავლურ და არც პრორუსული საგარეო პოლიტიკის მშვიდობიანი რეალიზაციის შანსს არ იძლევა. ერთადერთი მშიდობიანი საგარეო პოლიტიკის გატარება მხოლოდ პროქართული პოლიტიკაა, რაც მეცნიერულად დასაბუთებულია ბატონ ემზარ ხვიჩიას გამოკვლევაში. ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება რთულია და მას არ აქვს ცალსახად ჩამოყალიბებული აზრი ამ საკითხის გადასაწყვეტად, თუმცა იმედოვნებს, რომ გამოსავალი მოიძებნება.

ბატონი ბიძინა დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია, რითაც გამოირჩევა ბევრი ჩვენ ამბიციური თანამოქალაქეებისაგან და არ ცდილობს გასცეს იმაზე მეტი დაპირება ვიდრე შეუძლია. ამიტომ ვფიქრობ ასეთ ადამიანთან საუბარი გაცილებით იოლია. რუსეთთან ისეთი ურთიერთობის დალაგება, რაც საქართველოსათვის და დასავლეთისათვის დამაკმაყოფილებელი იქნება, რომ არ ჩანს ეს შემთხვევითი არ არის, რადგან დასავლეთშიც და ჩვენს პოლიტიკურ სპექტრშიც გამოსავალს მხოლოდ აპრიორულ გამოცდილებაში ეძებენ. ამგვარი გამოცდილებაში კი გამოსავალი არც არის. ეს შესაძლებელია მხოლოდ ახალი სამეცნიერო მიღწევების ბაზაზე. ობიექტური სინამდვილე ადრე თუ გვიან მაინც აიძულებს ადამიანებს გადახედონ საკუთარ წარმოდგენებს. რაც უფრო დაგვიანდება მით მეტი არაკომპენსირებადი დანაკარგების მოწმეები გავხდებით.

მარსიანი: ბატონო ზურაბ, საზოგადოებაში არსებობს შიში რუსეთის სამხედრო აგრესიის განმეორების შესახებ ჩვენი ქვეყნის მიმართ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რაიმე შესაძლებლობა იმისა, რომ ეს საფრთხე ავიცდინოთ?

ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისათვის, არაფერია ცნობილი, თუ რა კონკრეტული ბერკეტები გააჩნია ჩვენს ხელისუფლებას, რაიმე ფორმით ამ აგრესიის თავიდან ასაცილებლად. ვფიქრობ ეს გლობალური პოლიტიკის ნაწილია, ხოლო ჩვენმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ შეძლეს ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტების მოპოვება, რაც ასე თუ ისე გავლენას მოახდენდა ამ პროცესების დინამიკაზე.

ათი წელია ქართულ საზოგადოებაში დაფიქრების საგნად ვერა და ვერ ვაქციეთ ქვეყნის ფუნდამენტური პრობლემების გადაწყვეტის პროგრამა, რომელიც შემუშავებულ იქნა ბატონ ემზარ ხვიჩიას მიერ მისი ზემოთხსენებული ნაშრომის „ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია“ საფუძველზე. ქართული საზოგადოების დაინტერესება ისეთი ფუნდამენტური პროგრამების შინაარსებით, რაც გრძელვადიან დაგეგმვას გულისხმობს, პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან გამუდმებულად დაძაბული სადღეისო პრობლემები მომავალზე დაფიქრების საშუალებას არ იძლევა და მუდმივად ვტრიალებთ ერთ ჩაკეტილ წრეზე, რომელიც უფრო და უფრო ვიწროვდება. არადა ეს წრებრუნვა აქ მიმდინარე პროცესთა სუბიექტური შეფასებიდან გამომდინარეობს.

ქართული საზოგადოება მუდმივად ებრძვის „უნაგირს“ ხელისუფლებების სახით. ხოლო „ცხენები“, გარე მოთამაშეები, ხელშეუხებლები არიან. პოლიტიკოსებმა არ იციან, როგორ დააღწიონ თავი მათ გავლენას და ამიტომ არც ცდილობენ ამას. უფრო იოლია ეჭიდაო საკუთარ მთავრობებს. რეფორმებიცა და ის სიმახინჯეებიც, რაც გვაწუხებს, გარე გავლენების შედეგია. ამ გავლენებს ვერც ერთი ხელისუფლება გვერდს ვერ აუვლის. გარე სამყაროს საქართველოთი დაინტერესება არ ნიშნავს ქართველი ერის ბედით დაინტერესებას. მარტო ნების გამოხატვით და ერთმანეთზე გაწიწმატებით ამ გავლენებისაგან რომ ვერ გავთავისუფლდებით, ცხადი არ არის? ბატონი ემზარის კვლევა ცალსახად ასაბუთებს არამარტო ქართველი ერის, არამედ ზოგადად „ერთა კლასების“ ფუნქციონალურ მნიშვნელობას საზოგადოებრივი ერთობის მსხვილმასშტაბიან სტრუქტურაში.

რა კონკრეტული შედეგების მიღწევა შეიძლება უახლოეს მომავალში ამ კვლევის გათვალისწინებითა და შესაბამისი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით?

– შემიძლია ვთქვა, რომ ნაშრომი იძლევა გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთების საშუალებას, რაადგან კვლევა აჩვენებს ისტორიის პროცესში საზოგადოებრივი ერთობების მსხვილმასშტაბიან სტრუქტურებს შორის კანონზომიერ მიმართებებს. იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელსაც მიეკუთვნება საქართველო, დღემდე არ არსებობს მყარი ინფორმაციის მოპოვების მექანიზმები და ვერ ვახდენთ იმის გამოცნობას, თუ როგორ გათამაშდება მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე პოლიტიკური ბალანსი ძირითად მოთამაშეებს შორის. ამიტომ ამგვარი პროგნოზირების შესაძლებლობა დიდ უპირატესობას მოგვანიჭებს.

უფრო ხომ არ დააკონკრეტებდით, რა პროგნოზებზეა საუბარი და რა უპირატესობას მოგვანიჭებს ეს?

– რაც შეეხება პროგნოზებს, მათი გაკეთება რომ შესაძლებელია, უკვე გადამოწმებული გახლავთ, რადგან პროგნოზები, რომელიც გაკეთდა 2002 წელს ე. ხვიჩიას მიერ (ზემოთხსენებულ ნაშრომის მიხედვით), დასტურდება მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების დინამიკითა და ვექტორით: კერძოდ, 1990 წლიდან მსოფლიოში დაიწყო ლიბერალურ- დემოკრატიული ფასეულობების - თავისუფლების კატეგორიის ( როგორც იდეოლოგიური საფუძვლის ), თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების და ადამიანის უფლებების ჩანაცვლების პროცესი მოვალეობის კატეგორიით, ბაზრის სახელმწიფო რეგულირებით და ცენტრალიზებული მართვის სოციალური სისტემით. ამ პროცესების შემჩნევა შესაძლებელი გახდა 2008-2010 წლებიდან და იგი გაგრძელდება 2028 – 2030 წლებამდე. ეს ნიშნავს, რომ მულტიკულტურული გლობალიზაციის მომხრე იდეოლოგებიც კი ( განსაკუთრებით ლიბერალ- დემოკრატები) იმოქმედებენ თავიანთი იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ, რაც გამოიხატება თავისუფალი ბაზრის პრინციპების სახელმწიფო მონოპოლიური საბაზრო პრინციპებით ჩანაცვლებაში ( გავიხსენოთ, რომ ობამას „სოციალისტს“ ეძახიან). ეს სოციალურ- ეკონომიკურ სისტემათა ჩანაცვლების პროცესია და მისი გარდაუვალობა იწვევს იდეოლოგიური აკვიატებების გადახარისხებას: ე.ი. თუ პიროვნება, რომელიც 1990 წლიდან თავს განიხილავდა ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობის მატარებელ ინდივიდად, თანდათანობით თავისი პოზიციის საპირისპირო მიმართულებით შეცვლის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება. ის ლოზუნგების ლიბერალურ შინაარსებს ჩაანაცვლებს სოციალური თანასწორობის გამომხატველი შინაარსებით და მოეჩვენება, რომ შეხედულებების ამგვარი ტრანსფორმაცია მისი ინტელექტუალური ზრდის, გამოცდილების გაღრმავების და განვითარების შედეგია.

რამდენად გარდაუვალია რომელიმე კონკრეტული პიროვნებისაგან მისი პირადი ფასეულობების ჩანაცვლება ამ თვალსაზრისით?

– პიროვნებამ შეიძლება გამოიჩინოს პრინციპულობა და შეეწინააღმდეგოს თავისთავში ამგვარ იდეოლოგიურ ცვლილებას, მაგრამ სოციალურ სისტემაში მსგავსი პრინციპულობისათვის სამოქმედო არეალი თანდათან აღარ დარჩება, იგი გარიყულად იგრძნობს თავს, რაც შეიძლება დეპრესიისა და შემდგომში მის მიმართ რეპრესიიების განხორციელების მიზეზიც კი გახდეს. ამგვარი ცვლილებები არ არის არც კერძო პიროვნებებისა და არც სახელმწიფოთა ნებელობაზე დამოკიდებული. ამის მაგალითად გამოდგება ჩვენს ქვეყანაში რესპუბლიკური პარტიის მიმართ ჩვენი საზოგადოების მეტისმეტად უარყოფითი განწყობის არსებობა. ამ პარტიას თავის იდეოლოგიური პრინციპების არათანმიმდევრულ განხორციელებაში ბრალს ვერავინ სდებს და მე პირადად არ მომისმენია რაიმე სერიოზული არგუმენტი, ამ პარტიაში გაწევრიანებული პიროვნებების პატიოსნებას რომ ეჭვქვეშ დააყენებდა, მაგრამ უარყოფითი განწყობის მიზეზი სწორედ ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების მიმართ მათი პრინციპული პოზიციის ურყევობა აღმოჩნდა. თუმცა ამ პარტიის საარჩევნო ლოზუნგებში საზოგადოების სოციალური პრობლემატიკის და სოციალური თანასწორობის გამომხატველი შინაარსების სიმრავლე არ ჩამორჩება სხვა პარტიებისას, მაგრამ საზოგადოება მათ მაინც სამართლიანად აიგივებს თავისთვის მიუღებელი ლიბერალურ- დემოკრატიული ფასეულობების ერთგულ საარჩევნო სუბიექტთან და ზემოთხსენებულმა მემარცხენე ლოზუნგებმა მათი რეიტინგის ზრდას სრულიადაც ვერ შეუწყო ხელი.

როგორც ცმობილია, სოციალურ-ეკონომიკური სისტემის სამი პრინციპულად განსხვავებული ტიპი არსებობს:

1)      თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური მოდელი

2)      ბაზრის სახელმწიფო მონოპოლისტური რეგულირების ეკონომიკური მოდელი

3)      ძალმომრეობითი სახელმწიფო ეკონომიკური მოდელი

საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის, ჩვენი ინფორმაციით, ჯერ კიდევ უცნობია, არსებობს თუ არა ციკლური კანონზომიერი კავშირები ამ სამ ეკონომიკურ მოდელს შორის. ამის თქმის საფუძველს იძლევა ანალიზი იმ მასალებისა, რომლებიც დღემდე ქვეყნდება მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებით. კერძოდ, დღეს მსოფლიოში ეკონომისტების და ექსპერტების უმეტესი ნაწილი სხვადასხვა ვარიაციებით მიიჩნევს, რომ დასავლურმა ეკონომიკურმა მოდელმა, თავისუფალმა საბაზრო ეკონომიკამ და ფინანსურმა სისტემამ თავისი დრო მოჭამა. ბატონი ემზარის კვლევა ნათლად აჩვენებს ამ სამ ეკონომიკურ სისტემას შორის არსებულ კავშირს, რაც გულისხმობს, რომ ეს სისტემები გარკვეული წესით, ციკლურად ენაცვლებიან ერთმანეთს. ამ აღმოჩენით შესაძლებელი გახდა ამ ციკლთა პერიოდულობის და თანმიმდევრულობის ხასიათის განსაზღვრა მთელი ისტორიის მანძილზე. ისტორიის ადრეულ ეტაპზე არსებობდა საზოგადოებრივი ერთობები, რომელთაც საკუთარი სპეციფიკური ციკლური მონაცვლეობა ახასიათებდა, მაგრამ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მთელი მსოფლიო საზოგადოება ერთ ციკლურ წესრიგში მოექცა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველა სახელმწიფო ურთიერთდამოკიდებული გახდა და ერთი ციკლური კანონზომიერებით იმართება. ამდენად შესაძლებელია ამ ციკლური მოვლენების პროგნოზირება. სწორედ ამ ციკლურობის დადგენამ აჩვენა, რომ არცერთი ზემოთაღნიშნული ეკონომიკური სისტემა პრინციპულად არ ძველდება, როგორც ეს ამჟამად წარმოუდგენიათ. ისინი მეოცე საუკუნიდან ოცწლიანი პერიოდულობით ენაცვლებიან ერთმანეთს.

კონკრეტული მაგალითების დასახელებით ხომ არ გააშუქებდით ამ პროცესებს?

– 1950-70-იან წლების მონაკვეთზე ისეთი ქვეყანაც კი, როგორიცაა ამერიკა, საერთაშორისო ურთიერთობებში, ნაცვლად მისთვის მოხერხებული ფინანსური ინსტიტუტების ( თავისუფალი ბაზრის პრინციპთა ინსტრუმენტების) მეშვეობით გავლენის გაფართოებისა, იძულებით მოქმედებდა სამხედრო ძალის გამოყენებით. გაიხსენეთ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებიც (აქ ამ პროცესების აღწერა გვაიძულებს გამოვიყენოთ ის ტერმინები, რომელთაც მოგვიანებით განვმარტავთ). უახლესი ისტორიის ეს მონაკვეთი ემზარ ხვიჩიას ტერმინოლოგიით არის "ორმაგი ეფექტის ფაზა" (ძლევის მანია- მართვის მანია).

1970-დან 1990 წლამდე მთელ მსოფლიოში დადგა ამერიკული (თავისუფალი ბაზრის) სოციალურ-ეკონომიკური სისტემისათვის ხელსაყრელი სამოქმედო პერიოდი. ამ დროს დაიწყო პიროვნების შეუზღუდავი თვითგამოხატვისა და თავისუფლების კატეგორიის უმაღლეს ფასეულობად აღზევების პერიოდი. ამგვარი განწყობა გავრცელდა მთელ მსოფლიოზე და დაიწყო ტრადიციული შეხედულებების რევიზიისა და ნგრევის პროცესები (ჰიპების მოძრაობა, სექსუალური რევოლუციები და ა.შ.) გზა გაეხსნა საფინანსო ინსტიტუტებს მთელ მსოფლიოში ინვესტირებისათვის. ამ პროცესს მოჰყვა მსოფლიოში პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნა ორ პოლიტიკურ პოლუსს (რუსეთსა და ამერიკას) შორის და იგი დასრულდა ატომური შეიარაღების გაუვრცელებლობისა და არსებული მარაგების დემონტაჟის ხელშეკრულების გაფორმებით (ცალფა ეფექტის ფაზა- ,,ცხრომის მანია’’). ეს პერიოდი ზოგადად შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც დაძაბულობის მოხსნის პერიოდი.

1990–2010 წლები არის 1950-70 პერიოდის ანალოგიური ფაზა, რომელშიც პრობლემების გადაჭრის ეფექტური სამოქმედო საშუალება გახდა ძალისმიერი მეთოდები. ეს გამოიხატა საერთაშორისო სამხედრო ოპერაციების წარმოებაში, გახშირდა ტერაქტები, გაიზარდა ადამიანთა გატაცებისა და ტრეფიკინგის შემთხვევათა რაოდენობა, ხელისუფლებების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ფაქტები. ამ ფაზათა ცვლილებებს შორის უნდა ვიგულისხმოთ გარდამავალი ორწლიანი პერიოდები, მაგალითად 2008-2010 წლებს შორის მონაკვეთი არის გარდამავალი პერიოდი ახალ ფაზაში. 2008 წლის რუსული აგრესია საქართველოს მიმართ იყო გასული ოცწლეულის ძალისმიერ ქმედებათა შემაჯამებელი რეზულტატი, როცა უკვე აზრი დაკარგა შეფარულმა მოქმედებამ და ძალისმიერი პოლიტიკა შეუნიღბავად განხორციელდა (კოსოვოს საკითხთან მიმართებაში რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოება რუსეთის მხრიდან გამოყენებულ იქნა 2008 წლის აგრესიის გამამართლებელ არგუმენტად). ამ ფაზაში საზოგადოება მიიჩნევდა, რომ პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ძალის მეშვეობით იყო შესაძლებელი (ორმაგი ეფექტის ფაზა - მართვის მანია-ძლევის მანია).

2008-2010 წლებიდან დაიწყო ფორმის მანიის ფაზა, რაც გულისხმობს თავისუფალი ბაზრის პრინციპების ჩანაცვლებას ბაზრის სახელმწიფო რეგულირების მექანიზმებით. თავისუფლების კატეგორია ჩანაცვლდება მოვალეობის კატეგორიით (გაიხსენეთ,რა ინტენსივობით იხმარება დღეს სიტყვები „სოლიდარობა“ და „მოვალეობა“, როგორც ერთადერთი სწორი ფორმა საზოგადოებრივი თანაარსებობისა). ეს ფაზა გაგრძელდება 2028-30 წლამდე.

მას შემდეგ, რაც საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებელი გახდა, ოც წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებაზე დაკვირვებაც კი არ არის საჭირო, რომ დავინახოთ, თუ როგორ უჭირს ქართველ ხალხს მყარი ორიენტირების მიგნება, რაღაც საერთო შეხედულებების შემუშავება, საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა მუდმივად განმეორებად, კარდინალურ პრობლემებთან დაკავშირებით. კონკრეტულად: არჩევნების ლეგიტიმურობის ხარისხი, პერმანენტული რევოლუციების გარდაუვალობა, საზოგადოების ფენებს შორის სასიცოცხლო რესურსების განაწილების მკაცრი პოლარიზაცია, საშუალო და მცირე ბიზნესის ჩამოუყალიბებლობა, ინვესტირებისათვის მაღალი რისკების გარემო დ.ა.შ. ჩემი აზრით ამ ეტაპზე გამოკვეთილია განხეთქილება ორ ძირითად დაპირისპირებულ (ეგრეთ-წოდებულ პრორუსულ და პროდასავლურ) ორიენტაციას შორის. თქვენ რას ფიქრობთ?

– მეჩვენება, რომ მოსახლეობა ამ ორ დაპირისპირებულ მოვლენაში კეთილდღეობის ფაქტორს ანიჭებს გადამწყვეტ მნიშვნელობას. იდეოლოგიური დაპირისპირება კი წმინდა წყლის ფორმალობად იქცა. ახლა ბრძოლა მიდის იმაზე, თუ ვინ უფრო დაარწმუნებს ხალხს მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. ამდენად კეთილდღეობა ხდება ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი „ქართული საქმისა“. აი აქ იმალება მთავარი პრობლემა, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანი გახლავთ. ქართული სახელმწიფოს აშენება მხოლოდ კეთილდღეობის უზრუნველყოფით არის კი შესაძლებელი? რას ნიშნავს ამ შემთხვევაში სიტყვა „ქართული“? როგორ არის იგი დღეს გაცნობიერებული? ეს სიტყვა მარტო ისტორიულ- ტრადიციულ შინაარსს ატარებს? კეთილდღეობამიღწეული ჩვენი საზოგადოება აუცილებლად ქართული კულტურის მატარებელი იქნება? ზუსტად ვიცით ეს?

კეთილდღეობის მიღწევა შესაძლებელია საზღვარგარეთაც და უცხოური ინვესტიციების მოზიდვითაც, მაგრამ ქვეყნის გარეთ გასული მოსახლეობის შთამომავლები იქნებიან კი ქართველები?. ქვეყნის შიგნით უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პირობებში რა შანსები რჩება ჩვენ მოსახლეობას, რომ ძირითადი მესაკუთრე იყოს თავისი ქვეყნისა და არა დაქირავებული? ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჯანსაღი კონკურენციის პირობები არსებობს ან იარსებებს? „ნაციონალურ“ ხელისუფლებას ეს პრობლემები იდეოლოგიურად გადაჭრილი აქვს. მიმდინარე „გლობალიზაციის“ იდეოლოგების აზრით ეს პრობლემა გადაწყვეტილია და მათი მიზნები ნათელია: ვგულისხმობ მსოფლიო მულტიკულტურულ ერთობას, რის მიხედვითაც თითოეული პიროვნება მსოფლიო მოქალაქე უნდა გამხდარიყო, რაც უტოპიაა, მაგრამ ალტერნატივის არარსებობის გამო მოქმედება ინერციით გრძელდება. მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში „ერი“-ს ადგილი სად არის? ამგვარ დინამიკაში „ქართული სახელმწიფოს“ აზრი იკარგება. აქედან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობა“ იმთავითვე იდეოლოგიური ბლეფია.

ამ თვალსაზრისით არც კოალიციის იდეოლოგიაა ცალსახა გარკვეულობა: აქაც ხალხის კეთილდღეობას აიგივებენ „ქართული სახელმწიფოს“ მშენებლობასთან, თუმცა ამ მიზნის მიღწევის მათეული პროგრამა არსებითად არ განირჩევა ეგრეთწოდებული „ნაციონალების“ პროგრამისაგან. განსხვავება მხოლოდ ორ ლიდერს შორის ნდობა-არნდობის ხარისხით განისაზღვრება. „კოალიცია“ ბიძინა ივანიშვილის რესურსების ხარჯზე ნაკლებად არის დამოკიდებული გლობალისტების გავლენაზე, თუმცა დამოკიდებული მაინც არის და კითხვა - რას ნიშნავს ,,ქართული სახელმწიფოს’’ აშენება, იქნება თუ არა იგი ქართულ კულტურაზე დაფუძნებული - აქაც უპასუხოდ რჩება.

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხია გაცემული ემზარ ხვიჩიას კვლევებში და იგი ისე მარტივი არ არის გასააზრებლად, როგორც ეს სურთ წარმოიდგინონ ჩვენს საზოგადოებაში. ამ საკითხის ასე მიფუჩეჩება და მასზე ზედაპირული წუხილი სრულიად გაურკვეველი მომავლის სურათს ხატავს და როგორც ჩანს, ამას ჩვენი მოსახლეობა ინტუიციურად გრძნობს. მდგომარეობიდან გამოსავლის გაუცნობიერებლობა აიძულებს ჩვენს საზოგადოებას, ეროვნული იდენტობის ფაქტორი ძირითადად რელიგიას (მართლმადიდებლობას) დაუკავშიროს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საზოგადოების მობილიზაციას რწმენის გარშემო. ამ გაგებით ეროვნული თანხმობა ძირითადად მიღწეულია, მაგრამ ეს კონფლიქტში მოდის საერთაშორისო თამაშის გლობალისტურ წესებთან. აქედან გამომდინარე, საკმარისია კი ეროვნული იდენტობის მართლმადიდებლობასთან გაიგივება გლობალისტურ ტალღასთან გასამკლავებლად? ამისათვის მარტო ნებელობის გამოხატვით რაიმე შედეგის მიღწევა შესაძლებელია?

რამდენადაც ვიცი ეს საკითხი სავსებით საფუძვლიანად არის ჩვენი პატრიარქის ზრუნვის საგანი და მისი თხოვნით მოეწყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ამ თემასთან დაკავშშირებით. ამ კონფერენციაზე ბატონი ემზარის გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მაგრამ რატომღაც მისი კვლევების შინაარსის შესახებ ინფორმაცია ვერ აღწევს ვერც პატრიარქამდე და ვერც ვინმე სხვა, ამ საკითხით დაინტერესებულ გავლენიან პირამდე (ალბათ შინაარსის სირთულის გამო) და ამიტომ ვცდილობთ პუბლიკაციების სახით როგორმე პოპულარულ ენაზე მივაწოდოთ საზოგადოებას. ეს კი თავის მხრივ დიდ რისკს შეიცავს, რომ აზრი არაზუსტად იქნება გადმოცემული და შესაბამისად აღქმულიც, მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ ვხედავთ.

ვფიქრობ, ამ საუბრით იქამდე მივედით, რომ უფრო კონკრეტულად წარმოვაჩინოთ ბატონ ემზარ ხვიჩიას ნაშრომის მიხედვით ზემოთხსენებულ პრობლემათა გადაჭრის გზები. იქნებ გაგვინმარტოთ, როგორ არის დასმული ამ კვლევის შინაარსში თავად პრობლემა და რა გამოსავალია ნაჩვენები.

– უნდა მოგახსენოთ, რომ ბატონი ემზარის კვლევები სინამდვილის გარკვეულ კანონზომიერებათა (თვითრეგულირებად სისტემათა ქცევის წესების) დადგენაზე იყო მიმართული და მიზნად არ ისახავდა რაიმე პრობლემის გადაჭრას. პრობლემის დასმა და მისი გადაჭრა ამ კანონზომიერებათა დადგენის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. პრობლემის არსი მდგომარეობს ე.წ. გლობალიზაციის პროცესისა და ანტიგლობალისტური განწყობის დაპირისპირებაში. როგორც პატრიარქი აღნიშნავს (და ჩვენც ვეთანხმებით), გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დაპირისპირებას იწვევს არა თავად მოვლენა, არამედ ის, თუ ამ მოვლენის წიაღში რა კულტურის სტანდარტით უნდა ხდებოდეს მთელი მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი საფუძვლების და ურთიერთობების დადგენა. რაკი ამერიკული კულტურა განიხილებოდა, როგორც უნივერსალური და ყველასათვის მისაღები, მის მიმართ მზარდმა წინააღმდეგობამ ასეთი წარმოდგენების რევიზიის საფუძვლიანი მოთხოვნილება წარმოშვა.

თავად „გლობალიზაციაში“, როგორც მოვლენაში, ახალი არაფერია. ეს პროცესი კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ აქ უნდა ვიგულისხმოთ „გლობალიზაცია“, როგორც საზოგადოებრივ ერთობათა გაერთიანებისა და გამსხვილების პროცესი. ისტორიის მანძილზე სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა ყოველგვარი გამოვლინება (ომები,ვაჭრობა, კულტურულ თუ სხვა ღირებულებათა გაცვლა) ემსახურებოდა გაერთიანების, გამსხვილების და გავლენის სფეროების გადანაწილების ამოცანებს. ბატონმა ემზარმა დაადგინა ისეთი კრიტერიუმები, რომლებითაც შესაძლებელი გახდა ამ პროცესებში სისტემური კანონზომიერებათა აღწერა. მან ზოგადსაკაცობრიო ისტორიის მთელი სურათი დინამიური სისტემატიზირებული სახით წარმოადგინა.

ეს სურათი ძალიან წააგავს გენეტიკურ მოდელს, რომელსაც გააჩნია როგორც მდგრადი მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებული სტრუქტურა, ასევე გარემოს ზეგავლენის მიმართ ამ სტრუქტურის ადაპტირების მექანიზმი (ჩვენ ახლა ვცდილობთ მტკიცებულების გარეშე აღვწეროთ სტრუქტურა საკმაოდ უხეშად, აღქმის გაიოლების თვალსაზრისით, ხოლო მეცნიერული დასაბუთებით დაინტერესებული მკითხველისათვის აუცილებელი იქნება გაეცნოს ე. ხვიჩიას ზემოთხსენებულ ნაშრომს „ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია“).

ისტორიის პროცესი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც საზოგადოებრივ ერთობათა „ქარბორბალები“. ამ გამოთქმის შინაარსში უნდა ვიგულისხმოთ ინფორმაციული ცვლის ანუ ბრუნვის პროცესი. თითოეული „ქარბორბალა“ ცალ-ცალკე წარმოადგენს თვითრეგულირებად სისტემას. მას გააჩნია:

1) მდგრადობის მახასიათებელი - „სტრუქტურა“ (ფორმა)

2) მისი საწინააღმდეგო თვისება დინამიურობა (დინება)

იგი ექვემდებარება:

3) გაფართოებას

4) კუმშვას

ამ სისტემის აღსანიშნავად ვიყენებთ ტერმინ „ცივილიზაციას“. ეს ტერმინი ცალსახად დეფინიცირებული არ გახლავთ და ტრადიციულად მრავალგვარი ინტერპრეტაციით გამოიყენება. თუკი ტერმინ „ცივილიზაციას“ მივანიჭებთ ახალ მნიშვნელობას, ანუ თუ მას თვითრეგულირებად სისტემად ვცნობთ, მაშინ ყველა ის ინტერპრეტირებადი შინაარსები ამ სისტემის შინაარსში მოექცევა. ეს ნიშნავს, რომ აქამდელი ტრადიციით გამოყენებული განმარტებების შინაარსები ამ თვითრეგულირებადი სისტემის ცალკეულ ეფექტთა კერძო გამოვლინების აღწერას წარმოადგენდა.

თითოეული „ქარბორბალა“, როგორც სრული თვითრეგულირებადი სისტემა, თავისთავში ატარებს ყველა შესაძლო მოქმედებათა განხორციელების პოტენციას, რაც ისტორიის რომელიმე კონკრეტულ მომენტში ამ საზოგადოებრივი ერთობის (ცივილიზაციის) გამოცდილებაში დაგროვდა. გამოთქმა „იდეალური ადამიანი“ ნებიმიერ შემთხვევაში წარმოსახვითია. სინამდვილეში ამგვარი შესაძლებლობების მატარებელი მხოლოდ თვითრეგულირებადი სისტემა შეიძლება იყოს, რადგან იგი მოიცავს პიროვნებას, როგორც მის ნაწილს, ხოლო პიროვნებათა ერთობა მასში ორგანიზებულია მხოლოდ ოთხი ერთმანეთზე დაუყვანადი ფუნდამენტური ფორმით. ეს ფუნდამენტური ოთხეული წარმოადგენეს ერთა კლასებს, რომელთა აქტივობა სხვადასხვა „ქარბორბალასათვის“ (ცივილიზაციისათვის) სხვადასხვა ციკლურ წესრიგში გამოიხატება.

ამ ციკლურ პერიოდებს აღვნიშნავთ ტერმინით „ფაზა“. ე.ი. ცივილიზაცია მსგავსად ცოცხალი ორგანიზმისა, იმყოფება რა სხვადასხვა რეჟიმში, ახორციელებს მოქმედებებს, რაც გამოიხატება სხვადასხვა ერთა კლასების აქტივობების სახით. ამგვარი „ქარბორბალები“ ისტორიის პროცესში ერთმანეთთან შეჯახებისას, შერწყმისას ქმნიდნენ ახალ „ქარბორბალებს“ და ა.შ. ეს პროცესი დასრულდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და დღეისათვის მთელი მსოფლიო წარმოადგენს ერთ თვითრეგულირებად სისტემას. ამგვარად შეგვიძლია წარმოვადგინოთ გლობალიზაციის პროცესის დასასრული, როგორც უკვე ერთი შემდგარი მოვლენის საბოლოო სახე. ამის შემდგომი მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი ამ საბოლოო სისტემის სამოქმედო საშუალებების განვითარებაა და არა თავად გლობალიზაცია, ამიტომ აღვნიშნავდით, რომ ეგრეთწოდებული ,,გლობალიზაცია’’ არის არა თავად მოვლენა, არამედ ამ მოვლენის ოთხიდან ერთ ერთი კულტურის (კერძოდ ამერიკულის, როგორც უნივერსალურის) სტანდარტზე დაფუძნებული სამართლებრივი ფორმის მთელ მსოფლიოზე განვრცობის უნაყოფო მცდელობა.

ე.ი. თუ სწორად გავიგე, მთელი ისტორიის მანძილზე წარმოქმნილ „ქარბორბალათა“ გაერთიანებით მიღებული დიდი „ქარბორბალა“, ანუ მთელი მსოფლიოს მომცველი ცივილიზაცია უკვე სახეზეა და ეს არის „გლობალიზებული მსოფლიო“. რაც შეეხება გლობალიზაციის პროცესში ცალკეული ერების გადაგვარების თუ გაქრობის საფრთხეს, რაზეც ამდენი მითქმა-მოთქმაა ატეხილი, როგორც ჩანს, ეს საკითხის არსში ჩაუხედაობით წარმოქმნილი ფანტომია, რადგან ემზარ ხვიჩიას ნაშრომის მიხედვით ცივილიზაციას ცალკეული ერები ისევე სჭირდება, როგორც ცოცხალ სხეულს ცალკეული ორგანოები. სწორად გავიგე?

– ნაწილობრივ. ერების გადაგვარების თუ გაქრობის საფრთხე რეალური იქნება, თუ გაგრძელდება არა გლობალიზაცია, როგორც მოვლენა, არამედ მისი ერთ-ერთი, კერძოდ მხოლოდ ამერიკული კულტურულ-სამართლებრივი სტანდარტით საერთაშორისო ურთიერთობების აგება, ეს კი უტოპიაა. რაც შეეხება იმას, რომ „ცივილიზაციას ცალკეული ერები ისევე სჭირდება“ - ესეც დაზუსტებას საჭიროებს. ცივილიზაციას აუცილებლად სჭირდება ოთხივე ტიპის ერთა კლასი და არა ყველა ერი. თითოეულ ერს თავის თვისებრივ ერთა კლასში თვითდამკვიდრებისათვის და გავლენისათვის ბრძოლა მოუწევს. რა თქმა უნდა, მთლად არხეინი, უზრუნველი ცხოვრება არავის ექნება. ერთ კლასში შემავალი ერები ურთიერთკონკურენციას და ურთიერთმაკონტროლებელ როლს ვერსად გაექცევიან. მაგრამ თუ მათი მცდელობა მიმართული არ იქნება მთელი ცივილიზაციის ( სისტემის) მომსახურებაზე, დაკარგავენ გავლენას, ხოლო თუ მათი მოქმედება საზიანო აღმოჩნდა მთელი ცივილიზაციისათვის, შეიძლება განდევნილ იქნან ამ ორგანიზმიდან.

ყოველივე თქმულიდან გამომდინარე მე ისევ მინდა დავუბრუნდე იმ კითხვას: როგორაა პრობლემა დასმული და მისი გადაჭრის რა კონკრეტული გზებია ნაჩვენები? ალბათ აქვე საჭიროა განიმარტოს, რა თვისებებით ხასიათდება ოთხი ურთიერთგანსხვავებული ერთა კლასი?

– მთელი ისტორიის მანძილზე გლობალიზაციის პროცესში ამა თუ იმ ფაზის რეალიზატორი ერები (სახელმწიფოები) თავიანთ ფაზაში მიდრეკილნი იყვნენ მთელი სისტემა ( ცივილიზაცია) მოექციათ საკუთარ კულტურულ- სოციალურ სისტემაში და ამით ადგილს აღარ უტოვებდნენ სხვა თვისებრივი ტიპის ერებს თავიანთი თვისების შესაბამისი რეალიზაციისათვის. საბოლოოდ ეს, რა თქმა უნდა, არ ხორციელდებოდა და როგორც კი შეიცვლებოდა ფაზა, ისინი ერთბაშად კარგავდნენ ინიციატივას. ამ პირობებში თითოეული ერის ამოცანა გახლდათ, როგორმე თავი გადაერჩინა თავის შესაბამის ფაზამდე. ამისათვის აუცილებელი ხდებოდა, რაც შეიძლება მეტი საარსებო რესურსები დაეტაცებინათ. ამგვარად მიდიოდა გამსხვილების პროცესი. ამას ვეძახით „საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიას“. ეს სტრატეგია იმ დროისათვის კონსტრუქციული გახლდათ, რადგან ხელს უწყობდა გამსხვილების პროცესს. იმის გამო, რომ ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე დაბალი იყო, ფაზების ხანგრძლივობა ორიათას, ათასხუთას, ათასწლიანი და ა.შ. გახლდათ, რაც თანდათან დაჩქარდა ინფორმაციის გავრცელების სიჩქარის ზრდის გამო და სადღეისოდ იგი დავიდა ოცწლიან ხანგრძლივობაზე.

„საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგია“ ინერციით ისევ გრძელდება, თუმცა მისი კონსტრუქციული მნიშვნელობა უკვე გაუქმდა, რადგან სისტემა (ცივილიზაცია) მხოლოდ ერთია და ეს სტრატეგია ამ ერთი თვითრეგულირებადი სისტემის, ანუ ორგანიზმის ორგანოებს შორის ბრძოლას დაემსგავსა. გამოდის, რომ ორგანიზმმა საკუთარი თავის ჭამა დაიწყო. ამგვარი ორგანიზმის არსებობა ახალი სტრატეგიის გარეშე განწირულია. დღეს ყოველი გაჭიანურებული წუთი გვაახლოებს თვითგანადგურებასთან, თუ არ მოხდა ოთხივე ტიპის ერთა თანაარსებობის უზრუნველყოფით საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი თამაშის წესების დანერგვა, რაც გულისხმობს თითოეული თვისებრივი ტიპის ერთა წარმომადგენლობით დაკომპლექტებულ, მათი თვისებების შესაბამის ფუნქციონალურად გამიჯნულ „წარმომადგენლობითი პალატების“ დაფუძნებას მსოფლიოს „ცენტრალური მართვის ინსტიტუტში“.

ამჟამად ამ ოთხი თვისებრივი ტიპის ერთა კლასების გამოკვეთილი ლიდერები არიან: ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი და საქართველო (თუ რატომ მაინცდამაინც საქართველო - ამის განმარტებას იმ შემთხვავაში გავაკეთებთ, თუ მკითხველი დაინტერესდება). ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი ქმნიან სამ თვისებრივად განსხვავებულ სოციალურ სისტემას. ე.წ. „გლობალისტების“ მიერ განხორციელებული ქმედებები მთელი ცივილიზაციის არეზე არის ოთხიდან ერთ-ერთი თვისებრივი ტიპის, კერძოდ ამერიკული კულტურულ-სოციალური მოდელის გავრცელების ზემოთხსენებული „საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის“ ტრადიციული ინერცია. იგი აწყდება წინააღმდეგობას, რადგან ამერიკული სოციალური სისტემა ვერ მოიცავს თავისთავში ჩინურ და რუსულ სოც. სისტემებს. თუმცა იმის ილუზია არსებობს, რომ ამ სოციალურ სისტემათა საერთო მნიშვნელი - ადამიანი და მისი უფლება- შეიძლება იყოს ფუნდამენტური. ადამიანმა შეიძლება მონობის სურვილიც გამოთქვას და ესეც მისი უფლებაა.

ახლა შევეცდები ვუპასუხო კითხვას, თუ როგორ შეიძლება ამ ოთხი კლასის ერთა იდენტიფიცირება მათი თვისებების შესაბამისად კონკრეტული კრიტერიუმების ფარგლებში (უნდა შეგახსენოთ, რომ ამ ერთა ტიპების აღწერისას მხოლოდ მათ დამახასიათებელ ცალკეულ ასპექტებს შევეხებით ზედაპირულად).

ტერმინი „მანია“ ძალიან ბევრ გაუგებრობას იწვევს, მიუხედავად ავტორის მიერ მისი მრავალჯერადი განმარტებისა. ეს ტერმინი გამოყენებულია მისი ზუსტი მეცნიერული მნიშვნელობით და იგი ნიშნავს ისეთ „ფიქსირებულ განწყობას“ (აკვიატებას), რომელიც პიროვნების განწყობის შინაარსში მოხსნა-აღდგენას დაქვემდებარებულ ყველა სხვა განწყობის შინაარსებს იქვემდებარებს და ადამიანის ქცევაზე გადამწყვეტი გავლენით ხასიათდება. ეს პათოლოგიაა. ადამიანის რომელიმე კულტურული ერთობის წევრობა მის განწყობის შინაარსში გამოხატულია, როგორც იდენტობის მახასიათებელი. იგი არ არის დამოკიდებული ადამიანის არჩევანზე და არ ექვემდებარება მოხსნა-აღდგენას. ეს გახლავთ ფსიქიკური კომპლექსი (განწყობის შინაარსში საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი),რაც ეროვნული იდენტობის ფუნდამენტალური მახასიათებელია. ეს ფსიქიკური კომპლექსიც ასევე აკვიატებაა, ე.ი. „მანიაა“, მაგრამ იგი პათოლოგიად თუ ჩაითვალა, მაშინ ადამიანი „პათოლოგიური ცხოველი“ ყოფილა. ვერც ერთი „ადამიანი-მაუგლი“, რომელიც არ გაზრდილა კულტურულ-სოციალურ გარემოში, ამგვარი აკვიატების უქონლობის გამო ვერ გახდა ადამიანი. შეცდომაა იმის თქმა, რომ უკომპლექსობა კარგია, რადგან ასეთი ადამიანი არ შეიძლება არსებობდეს. უკომპლექსო მხოლოდ ცხოველია.

როგორც აღვნიშნეთ, სოციალურ-კულტურული ეკონომიკური სისტემის სამი პრინციპულად განსხვავებული ტიპი არსებობს:

1) თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური მოდელი

2) ბაზრის სახელმწიფო მონოპოლისტური რეგულირების ეკონომიკური მოდელი

3) ძალმომრეობითი სახელმწიფო ეკონომიკური მოდელი

ეს მოდელები შესაბამისია სამი თვისებრივი ტიპის ერის კულტურულ-სოციალურ მოდელთან (ამერიკული, ჩინური და რუსული).

1) ამერიკელები - ცხრომის მანიის ერი.

როგორც ცნობილია, ამერიკული სოციალური სისტემა დაფუძნებულია პიროვნების თავისუფლების კატეგორიაზე და ადამიანის, როგორც სისტემის შემადგენელი ნაწილის, მნიშვნელობა პრიორიტეტულია ერთობასთან მიმართებაში. სახელმწიფოს ფუნქცია გამოიხატება თავისუფალი ბაზრის და მისთვის დამახასიათებელი სისტემების უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების შემუშავებაში. ამგვარი სისტემა მიმართულია ინდივიდის შესაძლებლობების თავისუფალი რეალიზაციის წახალისებისაკენ. მართალია სამივე კუტურული სოც. სისტემა გარკვეული თვალსაზრისით პიროვნების მოქმედებას ზღუდავს, მაგრამ ისინი ურთიერთგანსხვავდებიან ამ შეზღუდვის ფორმებით.

ამერიკულ სისტემაში პიროვნების თავისუფლება ვრცელდება სხვა პიროვნებათა უფლებრივ საზღვრამდე. ადამიანის ქცევის ნებისმიერი გამოხატულება, მათი კულტურის სტანდარტით, არ შეიძლება გაიკიცხოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის მიუღებელია საზოგადოებისათვის. ეს გახლავთ კულტურა, სადაც არსებობის უფლება აქვს ნებისმიერ ფასეულობას, რაზეც მოთხოვნილება არსებობს და რისი გაყიდვაც, გაცვლაც შეიძლება. ურთიერთობის პრინციპია „გაცვლა“. სოციალურ-პოლიტიკური კატეგორია გახლავთ „თავისუფლება“.

სხვა სამ ტიპთან შედარებით ამ სისტემის უპირატესი სამოქმედო ინსტრუმენტი გახლავთ საფინანსო საკრედიტო სისტემა და სასამართლო. ცხრომის მანიის ინდივიდები აღჭურვილნი არიან ისეთი უნარებით, რაც ხელშემწყობია ბიზნესგარიგებებისათვის. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ბიზნეს-პარტნიორთა ეროვნულ წარმომავლობას, რადგან მიზანი, რაც მათ ამოძრავებთ, ძირითადად მოგების მიღწევაა. უცხოს მიმართ მათი დამოკიდებულება დამშვებლობაა. თუ ასეთმა პიროვნებებმა თქვენი დახმარებით მოგება ნახეს, ისინი თავს ვალდებულად თვლიან, ეს მოგება გაგინაწილონ, მიუხედავად იმისა, თქვენ მოითხოვთ თუ არა ამას. ინდივიდებს შორის ნებისმიერი შეთანხმება დასაშვებია, თუ იგი არ ლახავს ვინმეს უფლებას. ასეთ ურთიერთობებში გადამწყვეტი როლი ეკისრება სასამართლო სისტემას. ამ სისტემაში ადამიანის ქცევა არ ისჯება, რა ზიანიც არ უნდა მიადგეს საზ.ერთობას, თუ ამ ქცევის შესაბამისი სასჯელი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. მათი სამართლის ფუნდამენტური პრიციპია: რაც აკრძალული არ არის ის დასაშვებია (პრეცედენტული სამართალი).

მოთხოვნა-მიწოდების, ე.ი. გაცვლის არსი გახლავთ დაძაბულობის მოხსნა. მოთხოვნილება არის დაძაბულობა, ხოლო მიწოდება- მისი დაკმაყოფილება, ე.ი. დაძაბულობის მოხსნა.

2) ჩინელები - ფორმის მანიის ერი

ამერიკული კულტურულ-საოციალური სისტემის სრულიად საპირისპიროა ჩინური მოდელი. ამ თვისებრივი ტიპის ერის ინდივიდი ერთობას (სახელმწიფოს) მიემართება, როგორც მისი ფუნქციური ნაწილი და აქ უპირატესი მნიშვნელობა აქვს ერთობის ინტერესებს. ინდივიდი ერთობის მიმართ მოვალეობის განცდით ცხოვრობს. აქ ინდივიდებს შორის ურთიერთობა განისაზღრება სივრცის (საერთო ინტერესის) დანაწილების, დაყოფის, ურთიერთმიმართების დადგენის პრინციპით. ადამიანთა ქცევის განმსაზღვრელია წინასწარ დადგენილი წესი. ამერიკული სოც. სისტემისაგან განსხვავებით ამ კულტურული სოც. სისტემით კანონს (წესს) მიღმა მოქმედება აკრძალულია და იგი დაიგმობა. ძირითადი სოციალურ-პოლიტიკური კატეგორიაა მოვალეობა.

ამ ტიპის ერები, ახასიათებთ რა წესრიგის, წინასწარი განსაზღვრულობის ერთგულება, თავს მიიჩნევენ საზოგადოებრივი თანაცხოვრების უმაღლესი ფორმის გამომხატველად და ადვილად იჯერებენ თავიანთი უპირატესობის (რჩეულობის) დამადასტურებელ ისტორიებს (გერმანელები, იტალიელები და ესპანელები ფორმის მანიის ერებია. ფაშიზმი და ნაციზმი მათი გლობალისტური იდეოლოგიები იყო. 2010 წლიდან 2030 წლამდე მონაკვეთში არის საშიშროება ამ იდეოლოგიათა ხელახალი აღორძინებისა).

პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელიც არ ექვემდებარება ცხოვრების დადგენილ წესებს, ამ საზოგადოებრივი ერთობის მთლიანობის დამრღვევ საფრთხედ მოიაზრება. ისინი მძაფრად განიცდიან მათი ცხოვრების წესის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულების ფაქტებს. ამ ფსიქიკურ ტიპის ერს უცხოს მიმართ დაუნდობლობა ახასიათებს, რაკი იგი ცხოვრების წესის დამრღვევი პოტენციის მატარებელად მოიაზრება. უცხო ქცევა მათში კოლექტიურ გაღიზიანებას იწვევს. უცხოს მიმართ დამოკიდებულება არის მიუღებლობა. ეს თვისება გახლავთ მთელი ისლამური სამყაროს მძაფრი იდეოლოგიური დაპირისპირების ფუნდამენტური საფუძველი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ეს მდგრადი სოციალური სისტემაა და ინდივიდები ფასეულობათა დაგროვების უნარებით გამოირჩევიან. თავისუფლება მათი გაგებით მხოლოდ მოვალეობის საზღვრებში შეიძლება მოვიაზროთ. აქ ინდივიდის ღირსების საზომია მხოლოდ ის საზოგადოებრივი ფუნქციები, რაზეც იგი შეუცვლელი და უალტერნატივო აღმოჩნდება თავისი უნარებით. საზოგადოებრივი როლის დაკარგვა, უფუნქციობა პიროვნებას თავს განაცდევინებს საზოგადოებისათვის მხოლოდ სასიცოცხლო რესურსების მხარჯველ ზედმეტ არსებად. ამიტომ იყო ,,ხარაკირი’’ უმაღლესი ღირსების გამომხატველი ქცევა იაპონიაში.

3) რუსები - ძლევის მანიის ერი.

ამ თვისებრივი ტიპის ერის საზოგადოებრივი ეფექტი გახლავთ მასში შემავალი ინდივიდების იგივური თვისებების ჯამური გამოხატულება. როგორც ფიზიკიდან არის ცნობილი, ძალა არის ვექტორული სიდიდე. იგი მით მეტია, რაც მეტია ერთიდაიმავე მიმართულების ვექტორების ჯამი. ამიტომ ამ ფსიქოტიპის ინდივიდები ერთიანდებიან იგივური მახასიათებლებით და მათ შორის განმასხვავებელი ნიშნების ნიველირებას ახდენენ. განსხვავებები აქ ძალის დასუსტების წინაპირობაა. ისინი გარე სამყაროს მიემართებიან, როგორც ბრძოლის ასპარეზს. მათ მიაჩნიათ, რომ სამყაროში ძალის გამოყენების გარეშე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ ხდება. ამიტომ ურთიერთობა ესმით, როგორც ფასეულობათა „მიღების, შთანთქმის“ აქტი. გარესამყაროს მიმართ ამგვარი მოლოდინი მათ აიძულებს სამხედრო უპირატესობის მოპოვებისათვის რესურსების ხარჯვას, რათა ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი სამოქმედო საშუალება მუდმივ მზადყოფნაში ჰქონდეთ. მათი სოციალურ-პოლიტიკური კატეგორიაა თანასწორობა. ამიტომ ამ ტიპის ერში საზოგადოებრივ გაღიზიანებას იწვევს გამორჩეულობის დაფიქსირება. რუსებს არ უყვართ არც მდიდარი ადამიანები და არც ისეთი ერები, რომლებიც თავიანთ განსაკუთრებულობას უსვამენ ხაზს (რასაკვირვალია თვით რუსებიც განსკუთრებულ ერად თვლიან თავს, ოღონდ იმ გაგებით, რომ მთელ მსოფლიოში მხოლოდ თვითონ არიან მოწოდებულნი თანასწორობის დამამკვიდრებლებად).

თუ ამ ტიპის ერის პატივისცემა გინდათ მოიპოვოთ, უნდა აჩვენოთ, რომ მისგან არ განსხვავდებით. გავიხსენოთ სტალინის მაგალითი, თუ როგორ ხაზგასმულად ცდილობდა არ გამორჩეულიყო რიგითი ადამიანისაგან უფლებრივად თუ ქონებრივად. ხაზს უსვამდა იმას, რომ ეროვნებით არის რუსი და მის სამსახურში დგას. არადა მისი გამორჩეულობა ხომ ესოდენ თვალშისაცემი იყო. სტალინის ამგვარი თვითრეკლამა რუსული კულტურის სტანდარტის შესაბამისი ქცევის დემონსტრაციას წარმოადგენდა. კულტურის სტანდარტი არ უნდა აგვერიოს ბიოლოგიური ქცევის სტანდარტში, რადგან ადამიანის ქცევაში ორივე მონაწილეობს: ბიოლოგიურიც და კულტურულიც. კულტურული ქცევა ბიოლოგიური ქცევის შემაკავებელ, მარეგულირებელ ფაქტორს წარმოადგენს და ისინი ყოველთვის ერთმანეთთან თანხვედრაში არ არიან.

ბიოლოგიურად ადამიანები, რა თქმა უნდა, უნიკალურნი არიან, მაგრამ რუსული კულტურის სტანდარტით, ეს უნიკალურობა არ უნდა გამომზეურდეს. მიღებაზე ორიენტირებული ეს საზოგადოება „ტროფეის“ უფლებრივად თანასწორ განაწილებას გულისხმობს. ძლევის მანიის ერის პატივისცემას რაიმეს დათმობით ვერ მოიპოვებთ. ის ჩათვლის, რომ თქვენ კი არ დათმეთ, არამედ მან გაიძულათ დაგეთმოთ( მან მიიღო), ამიტომ რაიმეს დათმობით მათთან პოზიტიურ პოლიტიკურ შედეგს ვერ მიაღწევთ. ისინი გაგრძელებენ მიღების განხორციელების აქტს იქამდე, სანამ მათი ძალის ტოლფას ან აღმატებულ ძალას არ წააწყდებიან, რომელიც მათ იქეთ აიძულებს დათმობას. ასეთი მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემით განიმსჭვალებიან და საჭიროების შემთხვევაში სიამოვნებით დაექვემდებარებიან მას. ამ ერებს გააჩნიათ საარსებო მინიმუმის ზღვარზე ცხოვრების გამორჩეული უნარები. ამიტომ მათთან ხანგრძლივი ომის წარმოება სხვა ფსიქოტიპის ერებისათვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. ძლევის მანიის ფსიქოტიპის დამოკიდებულება უცხოს მიმართ არის ნიველირება, ხოლო სოციალურ-პოლიტიკური კატეგორია - თანასწორობა.

4) ქართველები - მართვის მანიის ერი

ამ თვისებრივი ტიპის ერი გარე სინამდვილეს განიხილავს, როგორც უსასრულოდ მრავალფეროვან მოვლენათა ალტერნატიულ რეალიზაციებს. მისთვის სამყარო არც იწყება და არც მთავრდება. ამ ფსიქოტიპის ინდივიდები თავს რაიმე სისტემის ნაწილად არ განიხილავენ, ამიტომ მუდმივად გაურბიან ორგანიზებულ ერთობაში გარკვეულ ფუნქციურ ერთეულად თვითრეალიზაციას. თუ ინდივიდი გახლავთ რომელიმე ორგანიზაციის წევრი, ყველა ქცევა, რაც მოვალეობით შეიძლება დაეკისროს, მისი განსხვავებულობის შეზღუდვად მოიაზრება. ისინი სინამდვილეს განიხილავენ მრავალფეროვან სამოქმედო საშუალებათა არსენალად. მათ შორის ერთმანეთსაც. ამიტომ ამ კულტურაში თვითრეალიზაციის შინაარსების პირდაპირი გამოხატვა აკრძალულია. ურთიერთობის პრინციპი არის „გაცემა-არიდება“.

უმაღლესი ღირსების გამომხატველი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი სახელოვანი, გავლენიანი ადამიანი, ვინც „გაცემის“ (გულუხვობის) დემონსტრაციას ახდენს. კულტურის სტანდარტით არავინ არ უნდა გამოხატოს „მიღების“ სურვილი. ამას შეაფასებენ როგორც უღირს საქციელს. ამიტომ მუდმივად აფიქსირებენ მხოლოდ იმას, რომ სხვისთვის მოქმედებენ. მათ სხვისთვის მოქმედება სიამოვნებას ანიჭებს, რადგან კომპლექსის დაკმაყოფილების შესაძლებლობა ეძლევათ. არ მოსწონთ როდესაც გრძობენ, რომ რაღაც ღირებულების გაცემაზე აპროვოცირებთ, ასეთ შემთხვევაში არაფერს გაიღებენ, რადგან ეს „გაცემის“ აქტი არ გახლავთ. თუ ისინი თავის კომპლექსს იკმაყოფილებენ და რაიმეს გასცემენ, სუბიექტი, რომლის მიმართაც ხორციელდება ეს აქტი, ცდილობს არ დააფიქსიროს მიღება და თავს არიდებს მას, რადგან უხერხულობის განცდა ეუფლება. ამ ფსიქოტიპის ინდივიდი სშირად იხსენებს, თუ რა გაუცია და ვერ იტანს უმადურობას, თუმცა ვერც კი აცნობიერებს, რომ თვითონაც ასეთია.

ხშირია შემთხვევები, როდესაც არც კი ახსოვს, რომ მასზეც განხორციელდა „გაცემის“ აქტი. იმ დროს ჩათვალა, რომ „გამცემს“ პირიქით პატივი ერგო, რადგან აღიარეს, როგორც გაცემის პოტენციის მატარებელი და ამისათვის მადლობელიც კი უნდა იყოს. ის მიიჩნევს, რომ სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ პრაქტიკულად ერთი და იგივე მნიშვნელობისაა, ფაქტი მოხდა თუ პოტენციურად შეიძლებოდა მომხდარიყო. თუ იგი რამეს მოითხოვს, საკმარისია მისცეთ, რომ იქვე უარს გეტყვის, რადგან მას თქვენს ღირსებაში დარწმუნება და თქვენგან მისი ღირსების აღიარება უფრო სჭირდება, ვიდრე ის, რასაც მოითხოვს და ნაწყენი დარჩება, თუ იმას მიანიშნებთ, რომ თავისი საჭიროებისათვის იბრძვის.

ამ ტიპის ერის წარმომადგენელი გარემოების მიხედვით მოქმედებს და თავის ქცევაში არაფრით თავს არ შეიზღუდავს (ყველაფერს ჩაიდენს), რადგან თავისი საქციელი იმით შეუძლია გაამართლოს,რომ სხვისთვის მოქმედებს. მართვის მანიის ინდივიდებს სხვა ფსიქოტიპის ინდივიდებისაგან გამოარჩევს არაპროგნოზირებად გარემოში მოქმედების მაღალი ეფექტურობა. არ გააჩნიათ მომავლის შიში, რადგან თვლიან, რომ გამოსავალს მაინც იპოვიან. გარისკვა მათი ყოველდღიური ყოფაა. ისინი არ არიან დამგროვებელი ხალხი, ვერ მოქმედებენ წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით. მათთვის მხოლოდ მომხდარ ფაქტს აქვს მნიშვნელობა და ვერ დააინტერესებთ მომავლის იდეებით, რადგან თვლიან, რომ ნებიმიერი წინასწარ შემუშავებული გეგმის ალტერნატივა ყოველთვის იარსებებს. ამ ტიპის ინდივიდები ძირითადად პირად განწყობას ეყრდნობიან, რადგან მნიშვნელობა აქვს მხოლოდ აწმყოს და აქტუალური არის მხოლოდ ის მომენტი, რასთანაც აქვთ საქმე. თანმიმდევრულობა მათი თვისება არ არის, რადგან გარემოების მიხედვით მოქმედებამ წინასწარგააზრებული ქცევის უარყოფა და უკანდახევა შეიძლება აიძულოს, რაც ძალიან არ უყვართ. თუ ეს მაინც მოხდა, განწყობა შეეცვლებათ და არ ეხსომებათ იმ განწყობის შინაარსი, რაც ამ მომენტისათვის აქტუალური არ არის. მათ ძალიან უჭირთ სხვისი აზრების მოსმენა, რადგან კომპლექსი აიძულებს აირიდონ სხვისი გავლენა და ამიტომ თავს ისე წარმოადგენენ, თითქოს არ გისმენენ. საუბრებში ცდილობენ ალტერნატიული შეხედულებები გამოხატონ ( განსხვავების დაფიქსირება). შეიძლება ერთ შემთხვევაში შეგეკამათონ რაიმეზე, ხოლო სხვა მომენტისათვის იგივე შინაარსი თავის შეხედულებად წარმოადგინონ, რადგან თემის აქტუალობა ახლა გააცნობიერეს და განწყობა შეეცვალათ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არაკეთილსინდისიერად გექცევიან, თუმცა თვითონ გულწრფელად არ ემახსოვრებათ ადრინდელი განწყობა. შეუძლებელია ისეთი რაიმე დააჯეროთ, რაც მათი განწყობის შინაარსში არ მოიპოვება.

ამ თვისებრივი ტიპის ერი სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას ვერ ქმნის, რადგან ამგვარი ტიპის ერთობის საფუძველი გახლავთ ინდივიდებს შორის ურთიერთგანსხვავებულობა. ამ ერთობის წევრები მუდმივად ცდილობენ გამოერჩნენ ერთმანეთს, იქამდე, რომ ამ განსხვავების დაფიქსირება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე თავად განმასხვავებელი შინაარსები (გაიხსენეთ ქართული მუსიკალური ფოლკლორის იმპროვიზირებული კომპოზიციები). ამ ტიპის ერთა წარმომადგენელ ინდივიდებს განსხვავების შენარჩუნება და განვითარება ხელს უშლის შექმნან მსხვილი საზოგადოებრივი ერთობები. მათ ახასიათებთ „კლანური“ სოციალური სტრუქტურები. განსხვავების განვითარებას სამოქმედო საშუალებათა ფართო ასპარეზი სჭირდება და ამისათვის უცხოსთან კონტაქტი ახალი ნიშან-თვისებების შეძენას უწყობს ხელს. უცხო მათთვის გაფართოების საშუალებაა და ამიტომ უაპელაციოდ მისაღებია. ამ ფსიქოტიპის ინდივიდებში სხვისი გავლენისადმი დაქვემდებარება კარგ ტონად არ ითვლება. მაგრამ უცხოსადმი მიბაძვითი ქცევის გათავისების შემთხვევაში ინიციატორები თვითონ არიან, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უცხო განსხვავების განვითარების საშუალებაა. უცხო გავლენისადმი ამგვარად დაქვემდებარება შენიღბულ სახეს ღებულობს.

ტოლერანტობა მართვის მანიის ერის თვისება არ არის. ხშირად გაიგონებთ, „ქართველები ტოლერანტურები ვართო’’. ტოლერანტობა გამოხატვის თავისუფლების დამშვებლობაა. მაგალითად ამერიკაში (ცხრომის მანიის ერში) გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უკულტურობის გამოვლენად აღიქმება, მიუხედავად იმისა, ამგვარი თვითგამოხატვა მისაღებია თუ არა საზოგადოებისათვის. მათი კულტურის სტანდარტით აზრის დამშვებლობა ვრცელდება როგორც საკუთრივ ამერიკელების, ასევე არაამერიკელების, უცხოს მიმართ, ხოლო მართვის მანიის კულტურა არა დამშვებლობას, არამედ მოთხოვნილებას გულისხმობს „უცხოზე“ (მისი ნებისმიერი გამოხატულებით): „უცხოა? ე.ი. „საუკეთესოა!“ ხოლო ერთმანეთის მიმართ რა ტოლერანტულებიც ვართ, ამას მგონი ახსნაც არ სჭირდება. მართვის მანიის ინდივიდები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნათესაურ (კლანურ) ჯგუფებს ქმნიან, რომლებიც წარმოადგენენ ამ ერის ალტერნატიულ თვითრეალიზაციის ჯგუფებს. ისინი ერთმანეთს ერთი მთლიანობის სტრუქტურულ ნაწილებად არ განიხილავენ. თითოეული ჯგუფი ცდილობს მოაქციოს მთელი საზოგადოება თავის მსოფლმხედველობრივი სისტემის არეალში. ამიტომ მათ შორის კონკურენცია ხარისხობრივად მაღალია. ამ თვისებებითაა განპირობებული ჩვენს ქვეყანაში სამასამდე რეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია.

მართვის მანიის ინდივიდებს განსაკუთრებით უჭირთ თვითშეფასება, ვინაიდან თვლიან, რომ სხვისთვის მოქმედებენ და მათი შემფასებელი სხვა უნდა იყოს. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად გაისმის საბედისწეროდ მცდარი მოსაზრება, თითქოს რაკი ჩვენში სამოქალაქო საზოგადოება ერთიანი, მძლავრი და კონსოლიდირებული არ არის, ეს განათლების ნაკლებობის შედეგია. სინამდვილეში, ამ ტიპის ინდივიდებს განათლება განსხვავების განვითარების მეტ საშუალებას აძლევს. ე.ი. განათლება ჩვენი ტიპის ინდივიდებს დეკონსოლიდაციისაკენ უბიძგებს. რა თქმა უნდა, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს განათლება ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს ერის თვითრეალიზციის პროცესში. მართვის მანიის ერების ფსიქიკური კოპლექსის ეფექტი - ,,განსხვავების საფუძველზე ერთობა’’ - არის სხვა სამი ფსიქიკური ტიპის ერთა გამაერთიანებელი ფაქტორი. განათლება კი კომუნიკაციის მასშტაბებს აფართოებს. მართვის მანიის ერებისათვის საუკეთესო თვითრეალიზაციის არეალი არის მენეჯმენტი. სოციალურ-პოლიტიკური კატეგორიაა თანხმობა.

ამ საკითხებზე უფრო დაწვრილებით განხილვასა და დასაბუთებას იმ შემთხვევაში გავაგრძელებთ, თუ მკითხველებისაგან სათანადო დაინტერესება გამოვლინდება კონკრეტული შეკითხვების სახით.