სარალიძის საქმეში სამოხელეო დანაშაული გამოიკვეთა

სარალიძის საქმეში სამოხელეო დანაშაული გამოიკვეთა

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ის პირები დაიკითხნენ, რომლებიც მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. გახმაურებული საქმის პროკურორის ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა 4 მოწმემ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან.

საუბარია მოწმეებზე, რომლებიც ცხოვრობენ, ან მუშაობენ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე ერთ–ერთი მოწმე გახლდათ 51–ე სკოლის იმდროინდელი მოსწავლე. შესაბამისად, როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, მათ გარკვეული შემხებლობა ჰქონდათ, როგორც კონფლიქტში მონაწილე პირებთან, ასევე დანაშაულის ჩადენის ადგილთან, სადაც განხორციელდა დავით სარალიძის მკვლელობა.

შესაძლოა თუ არა, დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს, პროკურორი ბესიკ ქვარცხავა აცხადებს, რომ თუ რომელიმე პირის მიმართ რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ბუნებრივია, მის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და სამართლებრივი ღონისძიებები გატარდება.

საქმის პროკურორისგან განსხვავებით, უფრო კონკრეტულია დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომელიც for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ ხმაურიან საქმეზე ხმაურიანი დაკავება გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი წავა ციხეში. ზაზა სარალიძე არ აკონკრეტებს ვისზეა საუბარი.

„სავარაუდოდ ძალიან ბევრს დაიჭერენ. სამოხელეო ნაწილიც დაწყებულია. ვისაც ოდნავი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ყველა დაისჯება. ესენი არიან არასრულწლოვნები, რომელიც ახლა უკვე სრულწლოვნები არიან და მოწმეები. ვნახოთ, კიდევ რა გამოიკვეთება სასამართლოზე. ამ ეტაპზე ისეთი რაღაცეები იკვეთება, რომ შეიძლება რამდენიმე პირის პასუხისგებაში მიცემის საკითხი დადგეს.

რაც შეეხება მაღალჩინოსნებს, ვნახოთ, დაწყებულია პროცესი. წინასწარ ვერაფერს ვერ ვლაპარაკობ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მოთხოვნა დასრულდება მაშინ, როცა ყველაფერი დაკმაყოფილდება, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე, მანამდე არა“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ზაზა სარალიძემ.

გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია სამოხელეო ნაწილით, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მისაცემი. ზაზა სარალიძის ადვოკატის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ ყველა პირი, ვისი სამოხელეო დანაშაულიც გამოიკვეთება, პასუხს აგებს.

„არც ჩვენ და არც საზოგადოება არ გაჩერდება და ბოლომდე მიადევნებს ამას თვალ–ყურს. ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა პირი, ვინც კი გამოიკვეთება ამ კუთხით, აუცილებლად დაისჯება. ვგულისხმობ ყველა იმ პირს, ვინც საქმეში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დიდი როლი საქმის ზედამხედველ პროკურორებს მიუძღვით, რომელთა დიდი წვლილიც საქმეში სავარაუდოდ, იკვეთება. ეს აუცილებლად ბოლომდე მიყვანილი იქნება. ამ პროკურორებთან ერთად, მათი ზემდგომები, თუ ვისგან იღებდნენ დავალებებს, საქმიდან გამოიკვეთება და აუცილებლად პასუხს აგებენ“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

საქმის მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. ბრალდებულის ძმა ლუკა კალანდია კითხულობს, ზაზა სარალიძე რა მორალური უფლებით უყენებს მის ძმას მკვლელობის ბრალდებას?

„უბრალოდ მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რა მორალური უფლებით უყენებს ჩემს ძმას მკვლელობის ბრალდებას? ამ ადამიანთან არ მქონია შეხება და ეს არ მიკითხავს, სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს. ფაქტია, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. როცა ადამიანი უდანაშაულოა, როგორ უნდა არსებობდეს მტკიცებულება იმისა, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა. ფაქტი ის არის, რომ მიხეილი უდანაშაულოა და ყველანაირი ბრალდება, ეს იქნება სარალიძის მხრიდან, თუ პროკურატურის, არის უსაფუძვლო, უაზრო და სასაცილო“, – აცხადებს ლუკა კალანდია.

მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდებას საქმეში მისი ძმის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია. შესაბამისად, აქვს მოლოდინი, რომ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს.

„თუ მოსამართლე თავის მორალურ სახეს შეინარჩუნებს და პროცესს ისე წარმართავს, როგორც სამართლიან, შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებულ სასამართლოს ეკადრება, მაშინ უალტერნატივოდ, ჩემი ძმა უნდა გამართლდეს“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.