მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, შემტევი, გარეთ ბეილი შეაქო და მას გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშე უწოდა. მოგეხსენებათ, ზაფხულში უელსელის გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. ზიდანიც ამბობდა, ჯობს გარეთმა კარიერა სხვაგან გააგრძელსო. მაგრამ დაიწყო სეზონი და ბეილი „რეალის“ ლიდერად მოგვევლინა.
„ბეილი მთლიანად კონცენტრირებულია თამაშზე. ისევე, როგორც სხვა ფეხბურთლები. ახლა ის შესანიშნავ ფორმაშია და დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენთვის. მან თავადაც იცის, რომ არაჩვეულებრივი მოთამაშეა.
გარეთი გვეხმარება არა მხოლოდ შეტევისას, არამედ დაცვის დროსაც. ასე იყო ბოლო მატჩშიც. როცა ყველა სათანადოდ ირჯება, დიდი საქმეების კეთება შეგვიძლია.“ - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Goal.