ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უამრავი ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომლის გამოც მის მესვეურებს, ხშირ შემთხვევაში, მორალური პასუხისმგებლობა, ძალიან ბევრ შემთხვევაში კი სავარაუდოდ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც მოუწევთ. ერთ-ერთი ასეთი იყო ამირან (იგივე ბუტა) რობაქიძის მკვლელობა, რომელიც სავარაუდოდ პარლამენტში თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით შექმნილი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი პირველი განსახილველი საქმე იქნება.
შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძე მეგობრებთან ერთად 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს. პატრულმა, გრიგოლ ბაშალეიშვილმა რობაქიძე ხელებაწეული მოკლა. შემდეგ კი სამართალდამცავების მიერ შეითხზა ვერსია, თითქოს რობაქიძე და მისი მეგობრები შეიარაღებული ყაჩაღები იყვნენ და პოლიციელებმა რობაქიძე მაშინ მოკლეს, როდესაც ისინი შეიარაღებული ჯგუფის დაკავებას ცდილობდნენ.
რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამ საქმის ობიექტური გამოძიება შეუძლებელი იყო. ახლა კი, რობაქიძის დედა, ია მეტრეველი აცხადებს, რომ აუცილებლად მიმართავს მთავარ პროკურატურას, რათა საქმე ხელახლა გამოიძიონ, თუმცა აქვე დასძენს, რომ გამოსაძიებელიც არაფერია, რადგან ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელია.
ია მეტრეველი: „23 ნოემბერს ბუტას მერვე წლისთავი გადის და მთელი ეს წლები სწორედ ამ დღეს ველოდებოდი, რომ სამართალი გაიმარჯვებდა. ღვთის წყალობით მართლაც დადგა ეს დრო, როდესაც ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს და სამართალმა იზეიმოს. რა თქმა უნდა, მთავარ პროკურატურაში განცხადებას შევიტან ხელახალი გამოძიების ჩატარების თხოვნით. ამ დღეებში ქალბატონ თინა ხიდაშელს უნდა შევხვდე. მან არაერთხელ თქვა, რომ მისი კომისია სწორედ ბუტას საქმით დაიწყებს მუშაობას, რადგან სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი სწორედ ბუტა იყო და ამის შემდეგ მიყვა ეს უბედურებები, რამდენიმე თვეში სანდროს ამბავი მოხდა. ამიტომაც ქალბატონი თინას კომისია ბუტათი იწყებს მუშაობას, თუმცა აქ გამოსაძიებელიც არაფერია, ბუტას საქმეში ყველაფერი ისედაც ხელის გულზე დევს.
გარდა იმისა, რაც ამ 19 წლის პატარა ბავშვს გაუკეთეს, ბანდიტობაც დააბრალეს და იმ საშინელი ფარსის დადგმაში უამრავი მაღალჩინოსანი მონაწილეობდა და ადგილზეც ამ ყველაფერს ბევრი მათგანი ესწრებოდა. ასევე არის საპატრულო პოლიციის უამრავი თანამშრომელი, რომელმაც ამ საქმეზე ცრუ ჩვენებები მისცა. შემდეგ, როცა როგორ დასჭირდათ, ისე შეცვალეს ეს ჩვენებები. ყველაზე მთავარი დამნაშავეები ბუტას საქმეში იმ მკვლელის გარდა არიან ბატონები მიქაძე და დონაძე. მიქაძე იყო საპატრულოს უფროსი, რომელმაც პირადად, საკუთარი მანქანით მიიტანა ადგილზე იარაღის იმხელა არსენალი. არსებობს მოწმე, პოლიციელი, რომელიც იმ დროს ვაკის პოლიციაში მუშაობდა და თავისი თვალით ნახა, როგორ მიჰქონდა მიქაძეს ეს იარაღები. ამ ადამიანმა ეს ხუთი წლის შემდეგ თქვა და ეს მოწმე დღესაც არსებობს.
გარდა ამისა, ცოცხალი მოწმეები არიან ის ხუთი ბიჭი, რომლებიც ბუტასთან ერთად იმ მანქანაში ისხდნენ. მოგეხსენებათ, სამი მათგანი დაჭერილი ჰყავდათ, შემდეგ საქმე გამოყვეს და ამ ბავშვების საქმე დღემდე დახურული არ არის, ერთ-ერთ მათგანს მთელი არსენალი აქვს მიწერილი. ბუტა ამისგან გაანთავისუფლეს, ის ავტომატი საერთოდ გააქრეს საქმიდან, ბუტას საქმე ცალკე გამოყვეს და გაამართლეს. ამ ბიჭების საქმე კი ჯერაც დახურული არ არის. სამი მათგანი ციხეში ჰყავდათ და მათზე საშინელი ზეწოლა ხორციელდებოდა.
ეს ბავშვები თვითონ არიან იმის თვითმხილველები, დონაძე როგორ უძღვებოდა ამ სცენარს და კარნახობდა პოლიციელებს, სად რა უნდა დაედოთ, ვისთვის რა იარაღი უნდა ჩაედოთ. ბავშვებს ესმოდათ, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი როგორ ეუბნებოდა მიქაძეს - გვეყოფა, მეტი აღარ არის საჭიროო. იმან კი უპასუხა - რას ლაპარაკობთ, ჩაუდეთ, მაგათიო... ამასთანავე, მიქაძე ამ ბავშვებზე, რომელთაგან ყველაზე უფროსი 21 წლის იყო (დანარჩენები 18-19 წლისები იყვნენ), ამბობდა - ეს ცოცხალი მოწმეები რას დამიტოვეთ, რატომ არ დახოცეთო, წარმოგიდგენიათ? ეს ადამიანები მართლაც გააკეთებდნენ ამ საშინელებას, ოღონდაც ცოცხალი მოწმეები აღარ დაეტოვებინათ. უბრალოდ ამათი ხელისუფლებაში მოსვლის დასაწვავი წლისთავი იყო, ზეიმი ჰქონდათ გამართული და ქუჩაში ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა. ეს ბიჭები დიდუბელები იყვნენ, ხალხმა ისინი იცნო და მათ გარშემო ბევრი ადამიანი შეიკრიბა და ამიტომ ვეღარ გაბედეს, თორემ ალბათ ამ ბიჭებსაც იგივეს უზამდნენ, რაც ბუტას გაუკეთეს. თუმცა ამ ბიჭებს სასტიკად სცემეს. როგორც ჩანს, არ ელოდნენ იმას, რაც ამ ბაშალეიშვილმა გააკეთა, რაღაც საშინელ პანიკაში ჩავარდნენ და აღარ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. ამ ბავშვებს ყელზე ქამრებს უჭერნენ, აქეთ-იქით ათრევდნენ, შემდეგ წაიყვანეს პოლიციაში, სასტიკად სცემეს და ნუ რაღაც საშინელებები გამოატარეს ამ ბავშვებს. ამის შემდეგ კი დაიჭირეს და ამ ყველაფრის მოწმეები არსებობენ. ამიტომაც, ამ ყველაფერს გამოძიებაც არ სჭირდება, უბრალოდ ის ადამიანები, ვინც ამ საქმეში ფიგურირებდნენ, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ, ყველამ პასუხი უნდა აგოს და ეს დღე ძალიან მალე დადგება.
ქალბატონო ია, ოფიციალური ვერსიით ბაშალეიშვილს იარაღი გაუვარდა. მართლაც ასე მოხდა?
- არა, რას ლაპარაკობთ, შეგნებულად ესროლა. ბაშალეიშვილს ორი ტყვია აქვს გასროლილი, ერთი არ მოხვდა ბუტას, მეორე კი მოხვდა. იცით, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, როდესაც ეს პოლიციელები აგინებდნენ ამ ბიჭებს, დაწექითო, ისინიც დაწვნენ. ბუტა კი წვებოდა და ეს ბაშალეიშვილი რომ აგინებდა, ბუტა მობრუნებულა და მისთვის უთქვამს - ხომ ვწვები და რაღას მაგინებო. ამ სიტყვების გამო პირდაპირ დამიზნებით ესროლა ბაშალეიშვილმა. ამას კი არ უარყოფდა. ექვსი თვე ეს ვაჟბატონი ჩვენებაში წერდა, რომ ბავშვს მიჯრით დაუმიზნა და ესროლა და არც იმას უარყოფდა, რომ შეგნებულად ესროლა.
თავიდან არც ერთი მედია-საშუალება ჩვენს ამბავს არ ახმაურებდა. მე მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი, ფაქტობრივად, უგონო მდგომარეობაში ვიყავი და ბუტას ბაბუა მიყვა ამ საქმეს და ის აქტიურობდა. მერე საქმეში თინა ხიდაშელი ჩაერია, სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ამბავი გულთან მიიტანა და მედგრად იბრძოდა. შემდეგ უკვე მეც ჩავერთე და მე და თინას არსად გვიღებდნენ, არსად შუქდებოდა ჩვენი ამბავი. სანამ სანდროს უბედურება არ დატრიალდა და ირინამ არ ატეხა ერთი ამბავი, უკვე ოპოზიციამაც რომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი, ჩვენი საქმეც ამის შემდეგ გახმაურდა.
ქალბატონო ია, თქვენ ახსენეთ, პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ნახა, მიქაძეს იარაღი როგორ მიჰქონდა შემთხვევის ადგილზე. ეს ადამიანი მზად არის, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს?
- რა თქმა უნდა, ეს კაცი ტელევიზიით გამოვიდა და ნანა ლეჟავას ფილმშიც არის მისი ჩვენება. ეს ადამიანი თვითონ გამოვიდა და მოყვა ამის შესახებ, თორემ ჩვენ არც ვიცოდით ეს ყველაფერი. კიდევ სხვა მოწმეებიც არსებობენ, ტაქსის მძღოლი, სკოლის დარაჯი, რომელიც ამ ყველაფერს ხედავდა და ა.შ. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ ბიჭებმა, რომლებიც იმ ღამეს ბუტასთან ერთად იყვნენ, მითხრეს, რომ როდესაც მათ პატრულის თანამშრომლები სცემდნენ, ამ დროს შვიდმა ბიჭმა გამოიარა. როდესაც დაინახეს, რა დღეში ყავდა პატრულს ეს ბავშვები, მივარდნილან თურმე, რას უშვებით ამ ბიჭებსო და ის შვიდი ბიჭიც ისე უცემია პატრულს, იქვე ახლოს სკოლაა, თურმე, იქამდე სდიეს და საშინლად გაუსწორდნენ. ამდენად, ეს ადამიანებიც მოწმეები არიან იმისა, თუ რა ხდებოდა ადგილზე და ვინაიდან ხალხში შიში გაქრა, ალბათ, როდესაც დაგვჭირდება, ეს ადამიანებიც მისცემენ ჩვენებას.
თუ გაქვთ ინფორმაცია, მაშინ ვის დონეზე იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ეს ბიჭები შეიარაღებულ ყაჩაღებად წარმოეჩინათ?
- მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ირაკლი ოქრუაშვილი. მიმაჩნია, რომ მის გარეშე ამხელა რაღაცის დაგეგმვა არ მოხდებოდა. თავიდან გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ ოქრუაშვილიც და სააკაშვილიც იყვნენ საქმის კურსში, მათ სურდათ ბოლომდე გაეწირათ ყველა, ოღონდაც პატრულის იმიჯი არ შელახულიყო და მათ გარეშე ეს ყველაფერი ვერ დაიგეგმებოდა.