სააკაშვილის ძვალმსხვილი მოხელეები ივანიშვილის სამინისტროებში

სააკაშვილის ძვალმსხვილი მოხელეები ივანიშვილის სამინისტროებში

ეკონომიკის მინისტრების დანიშვნის დროს მთელი ქვეყანა და მმართველი კოალიციაც კადრების სიმწირეზე საუბრობდა. ახალი მინისტრების მოადგილეების შერჩევისას კი ეს პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა. ამჯერად საუბარია კადრების კრიზისზე. თანამდებობებზე აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში ძალიან ბევრ კითხვას აჩენენ.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა მოადგილეებად ერთობ უცნაური ადამიანები წარადგინა. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას გია ქავთარაძე დაიკავებს. ქავთარაძე 2002-04 წლებში იყო აშშ-ის მიერ დაფინანსებული პროექტის მონაწილე.

„მან შეიმუშავა კანონპროექტი დაგროვილი ვალების რესტრუქტურიზაციისა. 2000 წელს იყო იუსტიციის საბჭოს მდივანი და 2005 წელს ცესკო-ს თავმჯდომარე, 2005-07 წლებში იუსტრიციის მინისტრი და იუსტიციის სახლის ავტორი. არის პატიოსანი ადამიანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - ასე ახასიათებს თავად კალაძე მის მარჯვენა ხელს.

არადა ენერგეტიკის ახლადგამომცხვარ მინისტრს იმის თქმა დაავიწყდა, რომ ქავთარაძეს წლების განმავლობაში ზურაბ ნოღაიდელის ბიზნეს პარტნიორი იყო. ყველასთვის ცნობილია შპს - „დამენია, ნოღაიდელი, ვარშალომიძე და ქავთარაძე“. გარდა ამისა, ქავთარაძე „კალა კაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა, ანუ თავად მინისტრის ბიზნეს-პარტნიორია. თავის დროზე (და ვინ იცის, შესაძლოა, ახლაც) ნოღაიდელის ბიზნეს-პარტნიორი იყო თავად კალაძეც. ასე რომ, მინისტრსა და მის მოადგილეს შორის ყოფილი პრემიერის ფიგურა მოსჩანს.

კალაძის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა მარიამ ვალიშვილი, რომელიც სააკაშვილის მთავრობაში მრავალი მინისტრის მომსწრე იყო.

„მას ენერგეტიკულ სფეროში მოღვაწეობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს, მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, ათასწელეულის გამოწვევის ფონდში ენერგეტიკული მიმართულებებით. 2008 წლიდან დღემდე მინისტრის პირველი მოადგილე იყო“, - აღნიშნა კალაძემ.

მინისტრს აქაც დაავიწყდა ეთქვა, რომ მარიამ ვალიშვილიც მისი ბიზნეს-პარტნიორია. იგი „კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესურსში“ ენერგეტიკულ ჯგუფს ხელმძღვანელობს. იგი 2008 წლიდან „საქჰიდრომშენის” გენერალური დირექტორის თანამდებობასაც იკავებს. ამავე დროს ვალიშვილი წლების განმავლობაში არღვევდა კანონს და მაღალ თანამდებობასთან ერთად იგივე სფეროში საკუთარ ბიზნესსაც ხელმძღვანელობდა.

ახლა ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ვალიშვილმა „საქჰიდრომშენის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, ხოლო „კალა ენერჯის“ ენერგეტიკული ჯგუფის ხელმძღვანელობიდან სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ 10 დღის ვადაში გადადგება.

მინისტრის მესამე მოადგილე იქნება ილია ელოშვილი, რომელიც კახა კალაძემ გამოცდილ კადრად დაახასიათა. „სხვადასხვას დროს იყო ხელმძღვანელ თანამდებობებზე გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიაში, იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ამერიკული ჯგუფ „ტეტრატეკის“ დირექტორის მოადგილე“, - განაცხადა კალაძემ.

ასევე სააკაშვილის კადრები დარჩებიან ეკონომიკის სამინისტროშიც. ახალი მინისტრი მოადგილეების მხოლოდ ნაწილს გამოცვლის. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის მოადგილეების ნაწილს ცვლის, ხოლო ნაწილი მუშაობას გააგრძელებს. მას საგარეო ურთიერთობის კუთხით ახალი მოადგილეები ეყოლება, ხოლო დანარჩენი პოზიციებს შეინარჩუნებენ.

კვირიკაშვილმა კონკრეტული სახელი და გვარები არ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ მის გუნდში ახალი მოადგილეებიც იქნებიან, რომლებიც მუშაობას რამდენიმე დღეში შეუდგებიან.

ახალი, მოადგილეებიდან აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის მინისტრის მეოთხე მოადგილე დავით გალიგაშვილი, რომელიც  სხვადასხვა დროს იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე და მუშაობდა ეროვნულ ბანკში. ზოგადად იგი შევარდნაძის დროინდელი მოხელეა, რადგან მაღალ თანამდებობებზე ვარდების რევოლუციამდეც მუშაობდა (საბაჟო დეპარტამენტში) და მის მერეც.

სხვათა შორის, გალიგაშვილს ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან ბოლომდეა გადაშვებული ხორბლის ბიზნესში. იგი გახლავთ საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე და ერთ-ერთი მსხვილი კომპანია „პროგრესის“ ხელმძღვანელი. დატოვებს თუ არა აღნიშნულ თანამდებობებს გალიგაშვილი ჯერჯერობით უცნობია.