საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ საინტერესო ცვლილებებია. ახლად გამოჩენილი პარტიები 2020 წლის არჩევნებისადმი კიდევ უფრო დიდ ინტერესს აღვივებენ საზოგადოებაში. რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ ახალი პარტიის ჩამოყალიბება დააანონსა, რომელიც ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს და არც „ნაცებს“ მიემხრობა და არც „ქოცებს“. სავარაუდოდ, ბესელიას და უსუფაშვილის პარტიებიც მსგავსი წინადადებით წარსდგებიან ხალხის წინაშე.
სამთავრობო ცვლილებებმა და საპასუხისმგებლო პოზიციებზე „ნაციონალური მოძრაობისადმი“ მტრულად განწყობილი პიროვნებების დანიშვნამ, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. ფაქტია, პროპორციული საარჩევნო სისტემის პარალელურად, ნეიტრალიტეტის შენარჩუნება რთულია, რადგან ამან შეიძლება სამთავრობო კრიზისი გამოიწვიოს. შესაბამისად, პარტიებს აუცილებლად მოუწევთ რომელიმე მხარის ამორჩევა.
საინტერესოა „ევროპული საქართველოს“ მოწოდება და მათი დესტრუქციული ხასიათი როგორ იმოქმედებს მოსახლეობაზე და არჩევნების შედეგებზე. ანტინაციონალური ხაზი სრულ მზადყოფნაშია და კოაბიტაციის დასასრულის დასაწყისთანაც საკმაოდ ახლოს ვართ. სწორედ ამ საკითხების გარშემო წარიმართა ინტერვიუ პოლიტიკის ექსპერტ, რამაზ საყვარელიძესთან.
როგორ უნდა მივიღოთ სამთავრობო ცვლილებები, როგორც 2020 წლის არჩევნებისთვის მომზადება, თუ როგორც კოაბიტაციის დასასრულის დასაწყისი და შეუწყობს თუ არა ხელს პრემიერ-მინისტრად გახარიას დანიშვნა პოლიტიკური რადიკალიზაციის პროცესს?
- ნაციონალების დასრულების საკითხი „ქართული ოცნების“ წინაშე აქტიურად დადგა, რადგან მათი აღზევებაც და მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოყვანაც მთლიანად „ქართული ოცნების“ მოღვაწეობის შედეგია. მათ გაანებივრეს ძალაგამოცლილი „ნაცმოძრაობა“. კარგად მახსოვს, როცა უსუფაშვილი შედიოდა კოალიციაში, იძახდა, ჩვენი მიღწევაა ნაციონალები კარგად რომ არიანო და ეს იდეა ატაცებული იყო. კოაბიტაციის მოდელი გაჩნდა იმ პერიოდში, როცა პარლამენტი „ოცნების“ იყო და პრეზიდენტი სააკაშვილი. სხვადასხვა პარტიის თანაარსებობისთვის უცხოელებმა მოგვიწოდეს ქვეყნის საკეთილდღეო საქმეებში პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობისაკენ. თუმცა უცხოელების მოწოდება გადაქართულდა. ქართულ ვარიანტმა გამოიწვია ნაციონალების დაწინაურება, მათი გაძლიერება სხვადასხვა სტრუქტურებში, დააწინაურეს ნაციონალები, ხოლო მურუსიძე მსხვერპლად გამოიყვანეს. დროის გასვლასთან ერთად, გაძლიერებული „ნაცმოძრაობა“ უფრო დესტრუქციული გახდა. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო პრეზიდენტის არჩევნები, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკმაოდ აგრესიული ინსტრუმენტები გამოიყენა, რომ არაფერი ვთქვათ, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, დამაგვირგვინებელი კი პარლამენტთან მომხდარი ინციდენტი გამოდგა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ შეიძლება ექიმ ფრანკენშტეინის ბედი ეწიოს და თავისივე შექმნილმა მონსტრმა გაანადგუროს. სწორედ ამის გაანალიზების შემდეგ უცხადებს გახარია მთავარ ოპოზიციურ ძალას მე თქვენ დაგასრულბთო. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ინანოს კოაბიტაცია და დაასრულოს ეს დესტრუქციული ძალა. მათი დესტრუქციულობა შეიძლება იმითაც ავხსნათ, რომ პროცენტულად დიდი ამომრჩევლით არ არიან განებივრებულნი, მართალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობაც იკლებს, მაგრამ ის მაინც აღემატება ნაცების ამომრჩეველთა რაოდენობას. ამიტომ, ერთადერთი გზა რაც ნაცებს დარჩენიათ, სწორედ, არეულობა და რევოლუციაა, გადატრიალება, რაშიც ადანაშაულებენ კიდეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდს. მოგეხსენებათ, არჩევნები პროპორციული წესით ტარდება, ნულოვანი საარჩევნო ბარიერით, რაც ძალდატანებული გადაწყვეტილება იყო „ქართული ოცნებისათვის“. ამგვარ ვითარებაში ერთმა ხმამაც შეიძლება უდიდესი გავლენა მოახდინოს პარლამენტის ფორმირებაზე და მმართველი გუნდის ძალაუფლებაზე. შესაბამისად, „ოცნებაში“ გააანალიზეს, რომ თითოეულ ხმას ბრძოლა და მოპოვება უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ქვეყანა არასტაბილურობის გზას დაადგეს.
მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს მთავრობის ჩამოყალიბება ერთ-ერთი რთული ფენომენია. იტალიაში წელიწადში ორჯერ იშლებოდა მთავრობა, პარლამენტის ხელახალი არჩევნები ტარდებოდა, რადგან მთავრობას ვერ ამტკიცებდნენ. უკრაინაში პრემიერის არჩევის პრობლემა წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა და ა.შ. ასე რომ, გამორიცხული არც ეს მომენტია, ეს ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის. უნდა იბრძოლოს „ოცნებამ“, რომ მაქსიმუმი რაოდენობის ხმები მიიღოს. ეს გამარჯვება „ქართული ოცნებისთვის“ სასიცოცხლოა. სწორედ ამ საჭირო დროს გვევლინება პრემიერად „შერისხული“ გახარია. იმის ნაცვლად, რომ გაეშვათ თანამდებობიდან - აწინაურებენ, ამასთან, მოჰყავთ ღარიბაშვილი, რომელიც ცნობილია, როგორც „ნაცებთან“ შეურიგებელი ფიგურა და უშვებენ მას სამხედრო სფეროში, რაც ძალიან გასაკვირი და რთული საქმეა. ხშირად ისმის საუბარი, რომ საჯარისო ნაწილებში ნაცების გავლენა დიდია, შესაბამისად აქაც ნაცებისგან გაწმენდის თემა შემოდის. ყველაფერი კი ვიცე-პერმიერად თეა წულუკიანის დანიშვნამ დააგვირგვინა, რომელზედაც ნაცებს, პირდაპირ რომ ვთქვათ, აჟრიალებთ, რადგან წულუკიანი პოლიტიკურად შეურიგებელი ფიგურაა და სულ მზადაა შეუტიოს მათ. შესაბამისად, ვიღებთ გაძლიერებულ ანტინაციონალურ ხაზს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულება უნდა იყოს მთავარი მიმართულება ახალი მთავრობისთვის. რაც უფრო სუსტი იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა, მით უფრო ძლიერი იქნება „ოცნება“.
პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტიები გამოჩნდნენ. ხაზარაძე და მისი შექმნილი ,,ლელო“ ნეიტრალიტეტს გვპირდება და უარს ამბობს რომელიმე მხარესთან ურთიერთობაზე, თავის მხრივ რესპუბლიკელები უკვე მერამდენედ უარყოფენ თავიანთ პრინციპებს და ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს დგაგან. როგორ შეაფასებდით ძალაუფლებისთვის ბრძოლაში წარმოდგენილ პარტიებს და რამდენად მისაღებია მათი ბრძოლის ხერხები თქვენთვის?
- ახლად გამოჩენილი პარტიების ნეიტრალური პოზიცია ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს. მოსახლეობა დაიღალა ორი მთავარი პარტიის არსებობით, შესაბამისად, როდესაც ახალი პარტია დამოუკიდებელ რგოლად გთავაზობს თავს, რთულია მის მიმართ სიმპატიით არ განიმსჭვალო. თუმცა, მათი ნეიტრალიტეტი დროის საკითხია, რადგან, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოუწევთ რომელიმე მხარესთან თანამშრომლობა. თუ რადიკალურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ მხარეს აირჩევენ. არა მგონია, რომელიმე ახლად შექმნილი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ დიდ პრობლემას წარმოადგენდეს. „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დესტრუქციული ძალის ნიშნები აქაც გამოიკვეთა. „ევროპული საქართველოს“ მოწოდება, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ არ დაეხმარონ პარტიები და არ შექმნან ივანიშვილთან კოალიცია, „ნაცმოძრაობამ“ მაშინვე მიიღო. ამ ორმა ძალამ ერთი რამ ვერ გათვალა. ასეთი საუბარი ნაადრევი იყო, რადგან ჯერ შედეგებს უნდა დალოდებნდოენ, თანაც ამ ყველაფერმა მოსახლეობას ნათლად დაანახა, რომ სინამდვილეში ორივე მათგანი ერთ პოლიტიკურ მრწამსს იზიარებს. ჩემი გადმოსახედიდან, არ მგონია, რომ ნეიტრალურმა პარტიებმა ბოლომდე შეინარჩუნონ მიუმხრომლობა და ბოიკოტირების გზას დაადგნენ. ყოველ შემთხვევაში, „პატრიოტთა ალიანსი“, ამ გზის არჩევას ნამდვილად არ აპირებს, ის მზადაა გარკვეულ საკითხებში გაითვალისწინოს „ქართული ოცნების“ მოსაზრება, მაგრამ რადიკალურად უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას. ნაციონალების მთავარი მინუსი ისაა, რომ ისინი სიახლეს ვერ სთავაზობენ მოსახლეობას, ინიციატივას ვერ იძლევიან, ახლებურად ვერ წარმოუდგენენ საზოგადოებას თავიანთ თავებს. ამისგან განსხვავებით, მათ მოქმედებაში ყოველთვის დესტრუქცია, არეულობა სჩანს, რომელიც მოსახლეობისთვის, ცხადია, მიუღებელია. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ისინი საკმაოდ უპრინციპო ძალას წარმოადგენენ, რომლებთაც ამომრჩევლებთან არასდროს ჰქონიათ უშუალო კავშირი. ხიდჩატეხილობაზე თუ ვისაუბრებთ, სწორედ მოსახლეობა და ეს პარტია უნდა ვახსენოთ. მაშინ, როდესაც ხალხზეა თითოეული პარტიის ბედი დამოკიდებული, „რესპუბლიკური პარტიაში“ ოდნავადაც არ იცნობენ თავის ამომრჩეველს, რაც მათთვის ძალიან დიდი მინუსია. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ისინი სხვადასხვა ძალას უჭერდნენ მხარს. კარგად მახსოვს, ლევან ბერძენიშვილს შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში გადაცემა მიჰყავდა, რომელსაც სახელად „მე მჯერა“ ერქვა. მათი რწმენა შევარდნაძისადმი, 2012 წელს ივანიშვილისადმი და ახლა უკვე „ნაციონალური მოძრაობისადმი“, მათ მიერ მოპოვებულ ხმათა პროცენტულ რაოდენობაზე ძალიან ცუდად აისახება. უპრინციპობა, მოსახლეობასთან კონტაქტის უქონლობა, ეს ორი ძირითადი მიზეზია, რის გამოც რესპუბლიკელები წარმატებას ვერ მიაღწევენ.
დღესდღეობით ქვეყნის უმთავრეს პრობლემად ოკუპაციის საკითხი რჩება. მაშინ, როდესაც შვიდი წლის მანძილზე ქვეყანა ხუთ პრემიერ-მინისტრს იცვლის, როგორ ფიქრობთ იცვლება თუ არა რამე ამ მიმართულებით?
- ოკუპაციის თემა ძალიან რთული და ემოციური საკითხია. გახარია რომანტიკოსი არაა, რეალისტია. პრაგმატული ხედვები აქვს და რეალურად აფასებს ოკუპაციის თემასთან დაკავშირებულ საკითხებს. რაც არ უნდა ბევრი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალოს ქვეყანამ, ამ საკითხისადმი მიდგომა მხოლოდ ერთი ხაზით გაგრძელდება და ესაა დასავლელ პარტნიორენთან ინტენსიული ურთიერთობა და ლოდინი იმისა, თუ როდის მოირყევა რუსეთის პოზიციები ამ ტერიტორიაზე. რადიკალურ ხერხებზე წამსვლელი, რა თქმა უნდა, არც ერთი ძალა არ არის, ამიტომ სიტუაცია მხოლოდ მაშინ გამოსწორდება, თუ საქართველო ეკონომიკურად გამართული და სტაბილური იქნება აფზახური მხარისთვის. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, დადგება ეს საკითხი, საქართველოს ხელისუფლებას ბევრი მუშაობა მოუწევს როგორც ეკონომიკური გზით, ასევე უსაფრთხოების გზით, რათა უფრო მიმზიდველი გახადოს ჩვენს მხარეს ყოფნა და არა რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ 20 ივნისის მოვლენებმა აფხაზური მხარის თვალში ძალზედ შეგვასუსტა, არასტაბილურობა ის ფაქტორია, რომელიც ნებისმიერი მხარეს დადგომის სურვილს უკლავს ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს. გახარიას რაც ევალება, არის ქვეყნის სწორი მიმართულებით წაყვანა, ეკონომიკური კუთხით და უსაფრთხოების გზით, რათა უფრო კარგად გამოკვეთოს ის უპირატესობები, რაც საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას გააჩნია, სხვაგვარად ოკუპაციის საკითხის მოგვარება შეუძლებელია.
საქართველოს არცთუ ისე ძველი ისტორიიდან, ყველას კარგად ახსოვს 1992 წლის მოწვევის პარლამენტი, რომელშიც უამრავი პოლიტიკური პარტია იყო წარმოდგენილი, როგორ ფიქრობთ, ხომ არ მივიღებთ იმავე შედეგს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?
- მინდა გითხრათ, რომ მე ვიყავი 1992 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, თუმცა ყველასგან გასაკვირად, მიუხედავად აურზაურისა და ყველანაირი სახის დაპირისპირებისა, შევარდნაძემ შეძლო და ამ პარლამენტს, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი პროფილით იყო წარმოდგენილი, მიაღებინა 1995 წლის კონსტიტუცია. აქედან გამომდინარე, მთავარია როგორი დირიჟორი ეყოლება ამ პარლამენტს, თორემ განსაკუთრებულ სირთულეებთან არა მგონია გვქონდეს საქმე. საბოლოოდ, მოსახლეობის გონებაში მაინც გამჯდარია ის, რომ ნაციონალების დაბრუნება არაფრით არ შეიძლება და ეს ძალიან კარგ მდგომარეობაში აყენებს „ქართულ ოცნებას“. აუცილებლად უნად გამოიკვეთოს ის სისუსტე, რაც „ოცნების“ პიარს ახასიათებს. სააკაშვილი თავად ეწეოდა საკუთარი განხორციელებული ქმედებების საზოგადოებამდე მიტანას და ჩვენებას, რომ მან რაღაც გააკეთა, „ქართული ოცნება“ კი მაგ საქმეში ძალიან მოიკოჭლებს და ამ კუთხითაც უნდა გამოასწორონ ვითარება. საბოლოოდ ანტინაციონალური ფრონტი გამზადებულია და 2020 წლის არჩევნებმაც საბოლოოდ უნდა დაასამაროს „ნაციონალური მოძრაობის“ ის ძალაუფლება, რაც კოაბიტაციის შედეგად მიიღეს.