შეხვედრა წარსულთან - მეორდება თუ არა ისტორია?!

შეხვედრა წარსულთან - მეორდება თუ არა ისტორია?!

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ჯიუტად არ გვინდა ან არ შეგვიძლია წარსულის გაკვეთილებიდან სწორი დასკვნების გამოტანა და რომ ცნობილი გამოთქმა - „ისტორია ორჯერ მეორდება, პირველად როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსი“ - ზუსტადაც რომ ჩვენ ქვეყანას ეხება. პარლამენტის წინ მიმდინარე პერმანენტული აქციებს, ლოზუნგით „ერთად ერთის წინააღმდეგ,“ და ე.წ. „პროდასავლური პოლიტიკური ძალების“ მოწოდებას გაერთიანებაზე „ყველა მინუს ერთის“ პრინციპით, „ქართულ ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თითქოს 1990 წლებში გადავყავართ. მაშინაც ოპოზიცია ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას უპირისპირდებოდა პრინციპით „ყველა მინუს ერთი.“ მაშინ ამ პრინციპზე აგებულმა დაპირისპირებამ, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, რომლის უმძიმესი შედეგები დღემდე მძიმე დამღად აზის ქვეყანას და საზოგადოებას.

ისევე როგორც 1990-წელს „ეროვნულ კონგრესში“ გაერთიანებული პარტიები, რომლებიც შემდგომ სამხედრო პუტჩის აქტიურ მონაწილეები გახდნენ, საკუთარ თავს გამსახურდიას „ავტორიტარულ რეჟიმთან“ მებრძოლ დემოკრატიულ ძალებად ასაღებდნენ, 2019 წელს ე.წ. „პროდასავლური“ ძალები, რომელთა ბირთვს „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები წარმოადგენენ, ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება და დასავლეთის წრეები, რომ ივანიშვილმა სახელმწიფო მიიტაცა, ქვეყანა რუსეთისკენ მიდის და სწორედ ისინი არიან ის ძალა, ვინც ქვეყანას ევროპისკენ დააბრუნებს.

დღეს მათთვის მთავარია რომ გაერთიანებას რაც შეიძლება წარმომადგენლობითი სახე ჰქონდეს, იმისათვის, რომ ამ კომპონენტის გარეშე დასავლეთიდან მხარდაჭერის მიღება გაჭირდება. ეს მხარდაჭერა კი, რომ იტყვიან, ჰაერივით სჭირდებათ. სწორედ ამიტომაც აგორდა ამ ბოლო პერიოდში ინტენსიური საინფორმაციო და პიარ-კამპანია, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის პრორუსულ ძალებად წარმოსაჩენად. შემთხვევითი არ იყო, რომ ახლახანს თბილისში გამართულ წარმომადგენლობით საერთაშორისო კონფერენციაზე „Now What” („ეხლა რა“), ერთ-ერთ სესიას სახელად „სახელმწიფოს მიტაცება“ ერქვა და ეს აშკარად იყო ივანიშვილზე გადაკრული მათრახი. რა თქმა უნდა, ეს კამპანია ადგილობრივ მოსახლეობის ტვინების გამოსარეცხადაც არის მიმართული.

1990 წელს საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება და გაღრმავება რუსეთის ინტერესებში შედიოდა და მაშინდელი ოპოზიცია, ნებით თუ უნებლიეთ, მას მაქსიმალურად დაეხმარა ამ ინტერესის რეალიზებაში. 2019 წელს რუსეთს კიდევ უფრო მეტად სურს საქართველოში ახალი სამოქალაქო ჯახის პროვოცირება და პროცესების ანტიკონსტიტუციურ კალაპოტში გადაყვანა იმისათვის, რომ საქართველო ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას კიდევ უფრო მეტად ჩამოაშოროს. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, მის უნებლიე მოკავშირედ სწორედ „ნაციონალების“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ის „პროდასავლური ძალები“ გამოდიან, რომლებიც სულ უფრო ხშირად საუბრობენ ხელისუფლების დაუფლების რევოლუციურ სცენარზე. ეს კი პირდაპირი გზაა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ აქედან გამომდინარე შედეგებით.

საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე ცოტა მეტი დარჩა. „ნაცმოძრაობის“ ფრთის ქვეშ შეკრებილი ე.წ. „პროდასავლური ოპოზიციის“ ქმედებები კი, ჯერჯერობით, არ იძლევა იმის მყარ იმედს, რომ არჩევნებამდე ქვეყანა მშვიდ და სტაბილურ გარემოში მივა. სიტყვით აცხადებენ, რომ მხოლოდ არჩევნების გზით აპირებენ ხელისუფლების შეცვლას, თუკი, რა თქმა უნდა, გამოუვიდათ, საქმით კი საპირისპიროსთვის ემზადებიან. როგორც ჩანს, „გავრილოვის ინციდენტმა“ და მის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, გარკვეული იმედები ჩაუსახათ. ყველანაირად ცდილობენ შეინარჩუნონ საპროტესტო მუხტი რუსთაველზე და განავრცონ რეგიონებში. უკვე დაწყებულია ახალგაზრდული ჯგუფების გაწვრთნა და მობილიზაცია დაგეგმილი საპროტესტო აქციებისათვის.

გამოდის, რომ წარსულისგან ვერც ვერაფერი დავივიწყეთ და ვერც ვერაფერი ვისწავლეთ. წარსულთან მორიგი შეხვედრა კი შესაძლოა, ძალიან მძიმე აღმოჩნდეს.

tngh ისტორიის გამეორება უნდათ. ძმები ბერძენიშვილები, ნ. ნათაძე, რ. გოცირიძე, გ.ბოკერია, ირ. სარიშვილი... გ.უგულავა... XX საუკუნის 90-ანი წლების სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგები, დღესაც იგივეს ცდილობენ. საბედნიეროდ, იმედია საზოგადოება უკვე აღარ მოტყუვდება და აღარ დაუშვებს იგივეს განმეორებას...
1 თვის უკან
tngh ისტორიის გამეორება უნდათ. ძმები ბერძენიშვილები, ნ. ნათაძე, რ. გოცირიძე, გ.ბოკერია, ირ. სარიშვილი... გ.უგულავა... XX საუკუნის 90-ანი წლების სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგები, დღესაც იგივეს ცდილობენ. საბედნიეროდ, იმედია საზოგადოება უკვე აღარ მოტყუვდება და აღარ დაუშვებს იგივეს განმეორებას...
1 თვის უკან
thrgg@yahoo.com ისტორიის გამეორებას არ დავუშვებთ!!!...
1 თვის უკან