ჰოლივუდის მსახიობი კაცების ანაზღაურება ქალებისას აღემატება. ჰადერსფილდის, ვისკონსინისა და ლანკასტერის უნივერსიტეტების მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.
ეკონომისტების გათვლებით, საშუალოდ განსხვავება ანაზღაურებაში ერთი ფილმისთვის 1,1 მილიონ დოლარს შეადგენს. კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა შეისწავლეს 1980-2015 წლებში გადაღებული 1343 ფილმის 246 კაცი და ქალი მსახიობის შემოსავლები.
კვლევის დროს ეკონომისტები რამდენიმე ფაქტორს - მსახიობების წინა წარმატებებს, ჯილდოებს და სოციალურ ქსელებში პოპულარობას ითვალისწინებდნენ. კვლევის თანახმად, განსხვავება ანაზღაურებაში სტაბილურია - 2015 წელს ის დაახლოებით ისეთივეა, როგორიც 1980 წელს იყო.
მათი მტკიცებით, განსხვავება ანაზღაურებაში შესაძლოა დამოკიდებული იყოს ფილმის ჟანრზე ან მსახიობის ასაკზე. მაგალითად, ექშენ ფილმების მსახიობი კაცები ქალებზე 1,8 მილიონი დოლარით მეტს იღებენ, 50 წელს გადაცილებული მსახიობი კაცები კი ქალებზე 4 მილიონით მეტს იღებენ.
ჰოლივუდის ვარსკვლავები რამდენიმე წლის განმავლობაში ერთნაირი მოცულობის სამუშაოს შესრულებისთვის არათანაბარ ანაზღაურებას აპროტესტებენ. ერთ-ერთი ასეთი სკანდალი ფილმ „ამერიკული აფერას“ მსახიობების ანაზღაურების გამოქვეყნებას მოყვა. კრისტიან ბეილმა, ბრედლი კუპერმა და ემი ადამსმა გადასაღებ მოედანზე 45-45 დღე გაატარეს. კუპერმა და ბეილმა ანაზღაურების სახით 2,5-2,5 მილიონი დოლარი და შემოსავლებიდან 9-9% მიიღეს, ადამსს კი 1,25 მილიონი დოლარი და შემოსავლებიდან 7% ერგო.