გაგა გაჩეჩილაძის დაკავება - პოლიტიკური ანგარიშსწორება?!

გაგა გაჩეჩილაძის დაკავება - პოლიტიკური ანგარიშსწორება?!

სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით ლევან გაჩეჩილაძის შვილი გიორგი გაჩეჩილაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც იარაღის გამოყენებით ხულიგნობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში“ მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფე „გალერეას“ დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.

თავად დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები გაგა გაჩეჩილაძის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აღიქვამენ და არ გამორიცხავენ, ეს ახალი ხელისუფლების შავ პიარს ემსახურებოდეს. გაჩეჩილაძეების ოჯახმა დასახმარებლად უკვე ვაკის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატს შალვა შავგულიძეს მიმართა. იგი პირადად იცნობს ამ ახალგაზრდას და მზადაა, მისი საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.

რაც შეეხება კაფეს დაცვის თანამშრომელს, ირაკლი ცინდელიანს, იგი საჯდომ ნერვში დანითაა დაჭრილი და უკვე ოპერაცია ჩაუტარდა. იგი მკურნალობას პირველ კლინიკურ საავადმყოფოში არსებულ „ამტელ ჰოსპიტალში“ გადის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად ნერვი შეერთებულია, მაგრამ, როგორც ექიმები ამბობენ, ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებს.

ცნობილია, რომ გაგა გაჩეჩილაძე აღნიშნულ კაფეში მყოფ მეუღლესთან შესვლას აპირებდა, როცა კაფის ფეისკონტროლმა არ გაატარა. უცნობია, რით ხელმძღვანელობდა კაფის ადმინისტრაცია, როცა გაჩეჩილაძეს კაფეში შესვლის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ ფაქტია, რომ გაგა გაჩეჩილაძესთან დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ მოხდა.  

ბევრს დაობენ, რომ კაფე „გალერისთან“ მომხდარ კადრებში აშკარად ჩანს, რომ გაგა გაჩეჩილაძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, თუმცა მისი ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, რომ, თუ ჩხუბისას რაიმე საგანი აღმოჩნდა, ეს აუცილებელი მოგერიების საშუალება იქნებოდა, რადგან გაჩეჩილაძეს ექვსი ადამიანი ურტყამდა. 

მოგვიანებით გაგა გაჩეჩილაძეს უწყება ჩაბარდა და დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა პოლიციაში მისვლისას იგი დაკავებული აღმოჩნდა.

ლევან გაჩეჩილაძის მეგობარი ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ პირიქით, გაგა გაჩეჩილაძე დაზარალებულია. იგი ღირსებაშელახულად მიიჩნევს თავს, რადგან აღნიშნულ კაფეში არ შეუშვეს, სადაც მისი მეუღლე იმყოფებოდა. ამას დაემატა მისი ცემა რამდენიმე პირის მიერ, ყველაფერი კი ისევ გაგა გაჩეჩილაძის დაკავებით დასრულდა.

ბიძინა გეგიძე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია, სასამართლომდე ხდებოდეს ტყუილებით მანიპულირება და აპრიორი გაგა გაჩეჩილაძის დამნაშავედ გამოყვანა, რადგან იგი ჩხუბის ინიციატორი არ ყოფილა. აქვე გეგიძე ინტერესდება, რა უნდა გაეკეთებინა ახალგაზრდა კაცს, როცა მას ექვსი ადამიანი ერთდროულად ურტამდა?! 

გიორგი გაჩეჩილაძის დაკავებასთან დაკავშირებით For.ge მის ადვოკატებს ლალი აფციაურსა და ლევან სამუშიას ესაუბრა.

ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, მართალია, გიორგი გაჩეჩილაძე დაკავებულია 239-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, მაგრამ კადრებში კარგად ჩანს, რომ სასტიკად სცემეს გიორგი გაჩეჩილაძე.

„ბრალდების მხარე აცხადებს, თითქოს ერთ-ერთი პიროვნება თავად გიორგის მიერ არის დაჭრილი, რასაც კატეგორიულად გამოვრიცხავ. იმ კადრებში, რომელიც ძირითადი მტკიცებულებაა ბრალდების მხარისთვის, არ ფიქსირდება და არ დასტურდება გიორგის მხრიდან რაიმე დანაშულის ჩადენა. არ ვიცით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშული, ეს ბრალდების მხარემ უნდა დაადგინოს. აქედან გამომდინარე, კადრების მიხედვით, რომელიც ძირითადი მძიმეწონიანი მტკიცებულებაა ბრალდების მხარისთვის, არ დასტურდება გიორგის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენა“.

ლალი აფციაურის განმარტებით, კადრებში ჩანს, როგორ არ უშვებენ გიორგი გაჩეჩილაძეს კაფეში და ფეისკონტროლს უხეში ფორმებით აწარმოებენ. ასევე, უხეში ფორმებით გაჰყავთ გიორგი გვერდზე და ასეთივე უხეში ტონით ესაუბრებიან.

ადვოკატი აცხადებს, რომ გიორგის თქმით, მისი მხრიდან არანაირი შელაპარაკება არ მომხდარა. უბრალოდ, მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მისი მეუღლე ბარში იყო შესული და თავადაც ითხოვდა შესვლას მის ჩამოსაყვანად. ამ უკმაყოფილების საფუძველზე კი მას თავს დაესხა ოთხი თუ ხუთი მისთვის უცნობი პიროვნება და იგი სასტიკად სცემეს.

„რატომ არ შეუშვეს ბარში, არ ვიცი. რა კრიტერიუმები აქვთ ამისთვის, არც ეს ვიცი. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რასაც ცოტა მოგვიანებით ვიტყვით. გიორგი ამჟამად ქალაქის სამმართველოშია და იგი დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. არავითარი ზეწოლა მასზე არ ხორციელდება და ის თავს დამნაშვედ არ სცნობს,“ - გვითხრა ლალი აფციაურმა. 

ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებს, რომ იგი დაახლოებით ოთხი საათის წინ შეხვდა გიორგი გაჩეჩილაძეს წინასწარი დაკავების იზოლატორში და ესაუბრა. თუმცა მისი მხრიდან რაიმე ზეწოლაზე საუბარი არ ყოფილა. ამ ეტაპზე ჯერ ბრალდება არ არის წაყენებული, ის მხოლოდ დაკავებულია, ბრალი კი 48 საათის განმავლობაში უნდა წაუყენონ.

„როდესაც საქმის მასალებს გადმოგვცემენ, უფრო დეტალურად გვეცოდინება რა მოხდა. წინასწარ იმის თქმა შემიძლია, რომ გაგა გაჩეჩილაძეს არანაირი დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია. პირიქით, ამ საქმეში დაზარალებული თვითონ გამოდის. იგი კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე საგნის ქონას. მეტიც, ის უმოწყალოდ სცემა რამდენიმე პიროვნებამ. ვერ გეტყვით, ესენი დაცვის წევრები იყვნენ თუ არა, ეს გამოძიების პრეროგატივაა“, - აღნიშნა ლევან სამუშიამ.

მანვე დაადასტურა, რომ გაჩეჩილაძე თავისი მეუღლის გამოყვანას აპირებდა კაფედან, თუმცა მას კაფეში შესვლა აუკრძალეს. უფრო მეტიც, მიუღებელი და უხეში ფორმებით არ შეუშვეს შიგნით, რაც ვიზუალურადაც კარგად ჩანს.

„ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა მეორე მხარე. ამიტომ გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ მისი ღირსება შეილახა - სცემეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ისევ თვითონ აღმოჩნდა დაკავებული. იგი მომხდარის გამოძიებისთვის დაიბარეს, ლალი აფციაურთან ერთად მივიდა მოწმის სახით, დამალვას არც აპირებდა, ამ დროს კი დააკავეს,“ - გვითხრა ლევან სამუშიამ.

მანვე აღნიშნა, რომ გაჩეჩილაძის დაკავების მიზეზის შესახებ ამ ეტაპზე მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მიაწოდეს და დაკავების ოქმი გადასცეს, დანარჩენი ინფორმაციის გადაცემა კი ბრალის წარდგენის შემდეგ უნდა მოხდეს.