Football Italia „მილანის“ და „ინტერის“ ახალი არენის მშენებლობის დეტალებს აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, სტადიონი მილანში, ლეგენდარული „სან სიროდან“ რამდენიმე ასეულ მეტრში აშენდება, რაც კლუბებს 605 მილიონი ევრო დაუჯდება. ძველ არენას კი დემონტაჟი ელის, რაზეც დაახლოებით 45 მილიონი დაიხარჯება.
ახალი სტადიონი 60 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და მასზე ფერების შეცვლის სისტემა იმოქმედებს. „მილანის“ თამაშების დღეს სტადიონი წითელ და შავ ფერებში იქნება გაფორმებული, „ინტერის“ თამაშების დროს კი შავსა და ლურჯში.
სტადიონის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო და საოფისე შენობებიც განთავსდება. გამოცემა აზუსტებს, რომ ახალი არენის მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
„მილანი“ და „ინტერი“ სან სიროზე ერთად 1955 წლიდან თამაშობენ.