მაკა დარსაველიძე:  „ქართველებმა იფიქრეთ და თუ შეთანხმდებით, მერე ნატოს წევრებსაც შევაპაროთო“

მაკა დარსაველიძე:  „ქართველებმა იფიქრეთ და თუ შეთანხმდებით, მერე ნატოს წევრებსაც შევაპაროთო“

ქართველებმა იფიქრეთ და თუ შეთანხმდებით, მერე ნატოს წევრებსაც შევაპაროთო - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი მაკა დარსაველიძე.

დიდ პოლიტიკაში, რატომღაც, ჩათვალეს, რომ ამისთვის, საკმარისი დრო გავიდა, სიტუაცია მომწიფდა და ახლა, უკვე შეიძლება დიდი ხნის წინ ნაფიქრალის ხმამაღლა გაჟღერება. თუნდაც, რიგითი, ერთი შეხედვით, "უწყინარი" ინიციატივის დონეზე. თან, მომადლებით - აი, ჩვენ ასეთი რამ მოგვაფიქრდა, სხვათა შორის; ქართველებმა იფიქრეთ და თუ შეთანხმდებით, მერე ნატოს წევრებსაც შევაპაროთო.

გასაგებია, რომ ამ გეგმის რეალიზება პროპორციული სისტემით არჩეული ჭრელი პარლამენტის პირობებში გაუადვილდებათ. მით უმეტეს, არსებული რეალობის გათვალისწინებით და ამ თვალსაზრისით, თემის შემოსაგდებად მეტ-ნაკლებად ზუსტი დრო შეარჩიეს, მაგრამ არა საჭირო აუდიტორია, წარმომადგენლობა, ფორმა და მით უმეტეს - ხერხი, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერთან მიმართებაში, ვინმე კრემერის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, აშკარად გამოხატული წინდაუხედაობის ჩათვლით.

ასეთ მისიაში ჩართული, ქვეყანაში სტუმრის რანგში წარმოდგენილი პირი მინიმუმ, იმ უნარს ხომ მაინც უნდა ფლობდეს, რომ "პატრონის" ხიბლში განავარდება არ შეიმჩნიოს და ძალის დემონტრირება არ მოახდინოს?! მით უმეტეს, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც სხვა გარემოებებთან ერთად, "მცირე ერის სინდრომი" მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ყოფნას განაპირობებს, მაგრამ ეს "უწყინარი შეცდომა" რა მოსატანია იმ შეცდომათა შორის, რამაც დასავლეთის იდეის მიმართ ქართული საზოგადოება სკეპტიკურად განაწყო, ულტრანაციონალური განწყობები მოამძლავრა, შესაბამისი ძალების წარმატებაც უზრუნველყო, ურაპატრიოტიზმი წაახალისა, ჩვენს მთავარ მტერსა და მათ ოპონენტს კი, საყრდენი გაუძლიერა.

როგორც ჩანს, პატივცემულს ან ინფორმაცია არ აქვს, ან იანვრის გაზეთში გამოქვეყნებულ მასალებს ეცნობა, თორემ ეცოდინებოდა, რომ დიდწილად, სწორედ მათი შეცდომების გამო, საქართველოში "მეგობარი ქვეყნები", "წმინდა ძროხები" და მსგავს ინფანტილურ ბოდვებში კარგა ხანია, აღარავინ იმყოფება, თითო-ოროლა ტვინცარიელი მიმდევრის, თუ კონფორმისტ-კოლაბორაციონისტის გარდა; ნებისმიერი რანგის უცხოელი ჩინოვნიკის შეფასებას ხბოს აღტკინებით აღარ ელის საზოგადოება, რასაც დიდი ხნის განმავლობაში, ვერდიქტად განიხილავდა და აღარც ნებისმიერ დადებით გამოხმაურებაზე მასტურბირებს ძველებური ჟინით. ის ისტორიაც წარსულს ჩაბარდა, როცა საკუთარი ფავორიტის შესაქებად, უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიაში მზად იყო, უღირალი გადაეხადათ. თუნდაც - ბიუჯეტიდან.

დიდ სტრატეგებს უნდათ-არ უნდათ, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება მაინც უწევთ. ფაქტია, რამდენჯერაც მისი უგულებელყოფა გადაწყვიტეს, იმდენჯერ წაიმტვრიეს ცხვირი. ამას კი, ჩვენს თავ-პირის ლეწვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მათთვისაც არ მოაქვს სასურველი შედეგი.

ქართულ საზოგადოებაში საგარეო ორიენტირების დაქსაქსულობა და თავდაცვის რეჟიმში ყოფნით განპირობებული მიდგომები დიდწილად, სწორედ სტრატეგიულ მოკავშირეთა მხრიდან წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომების შედეგია, თორემ ფაქტია, თავიდან, დასავლეთს უპირობო მხარდაჭერა ჰქონდა აქაურ საზოგადოებაში. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, იქნებ, ახლა მაინც იფიქრონ ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვაზე. სხვა რომ არაფერი, რბილი ძალა ხისტი ინსტრუმენტებით არ მუშაობს. მით უმეტეს, აქ, ამ ქვეყანაში, ხისტ პოლიტიკას განსაკუთრებული უკუშედეგი აქვს.

რა თქმა უნდა, დიდი მოთამაშეების მიზნების განხორციელებას არ ვგულშემატკივრობ, რაც საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას და გავლენის სფეროების გადანაწილებას გულისხმობს. შესაბამისად, არც მათი სტრატეგიული შეცდომები მედარდება, მაგრამ ვფიქრობ, ამ მოცემულობაში, როცა ობიექტური მიზეზების გამო სხვა არჩევანი არ არსებობს და სტრატეგიულ პარტნიორებს ცუდსა და უარესს შორის ვირჩევთ, დასავლეთის სიკეთეებს ალტერნატივა არ აქვს. მხოლოდ, საზოგადოების, თუ პოლიტიკური ისტებლიშმენტის სიმწიფისა და ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი, კარგად გააზრებული ქმედებების პირობებში.