„ფორმულა 1“-ის მსოფლიოს 7- გზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი ჰოსპიტალში საიდუმლოდ გადაიყვანეს, ამის შესახებ Daily Mail-ი Le Parisien-ზე დაყრდნობით წერს.
2019 წლის 3 იანვარს შუმახერს 50 წელი შეუსრულდა, თუმცა ის საზოგადოების წინაშე 2013 წელს საფრანგეთის ალპებში სამთო-სათხილამურო კურორტზე სრიალისას მიღებული თავის უმძიმესი ტრავმის შემდეგ არ გამოჩენილა.
გამოცემის წყაროს ცნობით, შუმახერი პარიზის პომპიდუს ჰოსპიტალში შვეიცარიის კურორტიდან გადაიყვანეს.
ტრანსპორტირებისას შუმახერს მონდომებით მალავდნენ უცხო პირებისგან – საკაცე სპეციალურად იყო შეფუთული. გერმანელს 10 ექიმი ახლდა თან. როგორც ვარაუდობენ, ლეგენდარულ პილოტს ღეროვან უჯრედებს გადაუნერგავენ.
„ფორმულა 1“-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი თავს უკეთ გრძნობს და 2019 წლის გრანპრისაც უყურებს, - ამის შესახებ Radio Monte-Carlo-ს 50 წლის გერმანელი ავტომრბოლელის ერთ-ერთმა მეგობარმა, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა 2019 წლის ივლისში განუცხადა.
ლეგენდარული მრბოლელი 2013 წელს ფრანგულ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა. მან თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო და რამდენიმე თვის განმავლობაში კომაში იყო.