ბუნდოვანებით მოცული დაპატიმრებები და მკვლელობები ბოლო რამდენიმე წელია, ქართული რეალობისთვის არც გამონაკლისია და არც იშვიათობა. ყოველი ასეთი გახმაურებული საქმე საზოგადოების აღშფოთებას იწვევდა, თუმცა ამას არ მოჰყვებოდა არც რეალური დამნაშავის მოძებნა და მითუმეტეს არც მისი დასჯა - ეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ სახელმწიფოს ინტერესებში არ შედიოდა. არც ის შედიოდა არავის ინტერესში, ამ დანაშაულების შესახებ ვინმეს შეეტყო და ოჯახის წევრებსა და ზოგჯერ ადვოკატებსაც კატეგორიულად უკრძალავდნენ მედიასთან ურთიერთობას.
სამშობლოს ღალატში ეჭვმიტანილი ქართველი ოფიცრის, სერგო თეთრაძის გარდაცვალების ბურუსით მოცული საქმეც ამ კატეგორიას მიეკუთვნება. არც ოჯახი და არც მისი ადვოკატი სერგო თეთრაძეზე საუბარს არ აპირებდა, მაგრამ ოჯახის ახლობლებმა შარშან ეს ამბავი მედიასა და პოლიტიკოსებს ერთგვარი პრევენციის მიზნით შეატყობინეს - თუ თეთრაძის მკვლელობის საქმე გახმაურდებოდა, შესაძლოა, სხვები მაინც გადარჩენილიყვნენ სიკვდილს.
სავარაუდოდ, სერგო თეთრაძესთან ერთად კიდევ სამი ადამიანი დააკავეს, თუმცა მათი ვინაობა გასაიდუმლოებული იყო. საქმეს გრიფით საიდუმლო ედო და ადვოკატებს ინფორმაციის გაუცემლობაზე მოაწერინეს ხელი.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ არაერთი აქცია გამართეს, არაერთი განცხადება გააკეთეს, მაგრამ იქამდე, ვიდრე ცნობილი ციხის კადრები გავრცელდებოდა, მკვლელობა ისეთივე ბურუსით მოცული იყო, როგორც ერთი წლის წინ, თეთრაძის მკვლელობის მომენტში.
„თავისუფალი დემოკრატები“ აცხადებდნენ, რომ როგორც მათთვის იყო ცნობილი, თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული და ის წამებით მოკლეს.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა კიდეც, რომ ის აუცილებლად გაარკვევს, როგორ და რა ვითარებაში დაიღუპა გადამდგარი ოფიცერი.
სერგო თეთრაძე საბჭოთა შეიარაღებული ძალების ოფიცერი იყო, ავღანეთის შემდეგ თბილისში საინჟინრო ბაზაზე მსახურობდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის შემდეგ თეთრაძე მაშინვე გადავიდა ქართული არმიის რიგებში და იმავე საინჟინრო ბაზის მეთაური გახდა. იბრძოდა აფხაზეთში, სხვადასხვა დროს მუშაობდა საარტილერიო ბრიგადაში, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებში. სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე 2007 წლიდან აღარ მსახურობდა ჯარში. 57 წლის თეთრაძე ასაკის გამო დაითხოვეს. საკმაოდ მცირე პენსიის გამო ოჯახს ძალიან გაუჭირდა და ის იძულებული გახდა, დარაჯად ემუშავა.
აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი ოფიცერი სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა საკუთარ სახლში დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
დაკავებულის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, ოჯახს არ უთხრეს არც დაკავების მოტივიც. თეთრაძის წაყვანიდან რამდენიმე საათში მეუღლემ გამომძიებელს დაურეკა, რომელმაც უპასუხა, რომ მან არ იცოდა, სად იყო სერგო თეთრაძე და, რომ უფროსობას ჰყავდა ზევით აყვანილი. იმავე საღამოს ახლობლებმა თეთრაძეს ადვოკატი მიუყვანეს, თამარ იასეიშვილმა, თავდაცვის სამინისტროს შენობაში თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვა მოახერხა და ოჯახს შეატყობინა, რომ სერგო საშინლად ნაცემი იყო.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია თეთრაძის ოჯახის ახლობლებმა მაშინვე გაუგზავნეს ქართულ მედიასაშუალებებს და პარტიებს.
პროცედურის დარღვევით მიმდინარეობდა დაკავების მთელი ოპერაცია - თეთრაძესთან სახლში 6 სამხედრო პირი მივიდა. ბინაში ჩხრეკა მოწმეების გარეშე ჩატარდა. გამომძიებელმა გიორგი ხევსურმა ჩხრეკის ოქმში მიუთითა, რომ აღმოჩენილ იქნა გეოგრაფიული რუკები და წითელი „ფლეშკა“, თეთრაძემ რამდენჯერმე თქვა, რომ ეს „ფლეშკა“ მას არ ეკუთვნოდა და უცნობია, რა ინფორმაცია ინახებოდა მეხსიერების ბარათზე. როგორც შემდეგ გაირკვა, რუკები სერგო თეთრაძის სიდედრს, გეოგრაფიის ყოფილ მასწავლებელს ეკუთვნოდა და სწორედ მისი ოთახიდან ამოიღეს. თეთრაძის მეუღლეს ოქმისთვის ხელი არ მოუწერია, რადგან წითელი „ფლეშკა“ მათ არ ეკუთვნოდათ.
მეორე დღეს მეორე ჩხრეკაც მოწმეების გარეშე ჩატარდა, ეზოში შევიდა დაახლოებით 15-20 კაცი, მათ ერთი სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი ახლდათ, რომელიც უხეშად მიმართავდა ოჯახის წევრებს. ჯგუფის წევრები ერთმანეთში მეგრულად საუბრობდნენ, ნანა თეთრაძის თხოვნის მიუხედავად, მათ ქართულად არ დაილაპარაკეს. სარდაფში რაღაცას ეძებდნენ. ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინეს, წასვლისას, ერთ-ერთმა მათგანმა, მეზობლების თვალწინ ხელში ასწია ტომარა, გადმოაბრუნა და იქიდან გადმოვარდა ერთი მჭიდი ერთი ვაზნით.
როგორც თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი მაშინვე აცხადებდა, ჩხრეკის ოქმზე სერგო თეთრაძის ან ოჯახის წევრის ხელმოწერა არ იყო და თუ ეს ხელმოწერა ამ განცხადების შემდეგ გაჩნდებოდა ოქმზე, იგი ყალბი იქნებოდა.
მოკლედ, გამომძიებლებს გიორგი ხევსურსა და ზურაბ გოგიჩაიშვილს სერგო თეთრაძის დაკავებისას უამრავი შეცდომა „გაეპარათ“.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სერგო თეთრაძე დაპატიმრების პირველი 24 საათის განმავლობაში უზნაძის ქუჩაზე სამინისტროს შენობაში ჰყავდათ „დაკითხვაზე“. ახლობლებმა, ეს ინფორმაცია შენობიდან გამოსული თვითმხილველისგან გაიგეს. შეიტყვეს, რომ სერგო თეთრაძეს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული და სასტიკად სცემდნენ.
19 სექტემბერს თეთრაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურული სასამართლო სხდომა ჩატარდა. შემინული კარიდან ახლობლებმა შეძლეს სერგო თეთრაძის დანახვა. დაინახეს ისიც, რომ სერგოსთან ერთად კიდევ სამი კაცის საქმე იხილებოდა. მოგვიანმებით მეუღლემ თქვა კიდეც, რომ სერგო მხოლოდ ჭაღარა თმებითღა იცნო, იმდენად იყო ფიზიკურად განადგურებული და შეცვლილი. სასამართლოს დასრულების შემდეგ ახლობლებს სერგოს შორიდან დანახვის საშუალება მიეცათ და თქვეს, რომ უკვე ძლივს დადიოდა. ამის შემდეგ თეთრაძე ოჯახს აღარ უნახავს.
24 სექტემბერს სერგო თეთრაძის დედას, რომელიც სხვა სახლში ცხოვრობს, გლდანის ციხიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ მისი შვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და შეეძლოთ, ცხედარი სახლში წაესვენებინათ.
ოჯახში მისვენებულ გვამს წამების კვალის დასაფარად სახეზე მაკიაჟი ჰქონდა, ტანზე კი სხვა ტანსაცმელი ეცვა. ოჯახს ექსპერტიზა ჩატარებული და ორგანოებამოცლილი გვამი დაუბრუნეს, მაგრამ ოფიცრის მეუღლეს ექსპერტიზის პასუხის მისაღებად დიდხანს დასჭირდა ლოდინი. როგორც იურისტები განმარტავენ, ოჯახის გარეშე ექსპერტიზის ჩატარება დანაშაულად ითვლება, რადგან ოჯახს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა ეკარგება. და კიდევ ერთი - გარდაცვალების ცნობის თანახმად, სერგო თეთრაძე 24 საათით ადრეა გარდაცვლილი, ვიდრე ეს ფაქტი ოჯახს შეატყობინეს.
თეთრაძის მეუღლემ დუმილი პატიმართა წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ დაარღვია და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლეც სწორედ გლდანის მე-8 საპყრობილეში დაიღუპა სასტიკი წამებით.
„ჩემი მეუღლე, დროებით დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა, სადაც კიდევ ერთხელ გაუსწორდნენ, ჩემი ქმარი ძალიან იყო ნაწამები. ვიცი დანამდვილებით, რომ იმ საღამოს ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა შევიდნენ მასთან და თვითონ აწარმოებდნენ ამ დაკითხვას“,- განაცხადა ნანა თეთრაძემ.
ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ნანა თეთრაძეს ამბის გახმაურების შემთხვევაში ვაჟიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და ის მხოლოდ ამიტომ ინარჩუნებდა დუმილს.
ლადო ბედუკაძემ, რომლის სახელსაც უკავშირდება გლდანის ციხეში წამების ფაქტების გადაღებაცა და შემდეგ უკვე გავრცელებაც, სხვადასხვა მედიასაშუალებებთან საუბრისას რამდენჯერმე დაადასტურა, რომ რომ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში სწორედ იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ციხის უფროსი და რეჟიმის უფროსი ეჭვმიტანილისაგან აღიარებითი ჩვენების მიღებას ცდილობდნენ.
ბედუკაძე ამბობს, რომ „ბატონი სერგო იყო გამოცდილი ადამიანი, როგორც მე ვიცი, წლების განმავლობაში მუშაობდა სამხედრო დაზვერვაში და არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ადვილად გატეხილო, ადვილად დამორჩილებოდა მათ ნებას და ამიტომ მიმართეს უკიდურეს ზომას“.
ლადო ბედუკაძე აცხადებს, რომ იგი უშუალო მოწმეა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა, რადგან იმ ღამეს მორიგეობდა და მზად არის, სასამართლოზე დაამტკიცოს, რომ სერგო თეთრაძის წამება უშუალოდ ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ დაუკვეთეს. შემსრულებელი კი ალექსანდრე მუხაძეა.
ბედუკაძის ინტერვიუებში გამოთქმულ ბრალდებას ადასტურებს ერთ-ერთი პატიმრის წერილიც, რომელიც N8 დაწესებულების პატიმარმა ოლეგ რამიშვილმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას გაუგზავნა.
რამიშვილი წერილში ამბობს, რომ ის ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა. სექტემბრის შუა რიცხვებში, საღამოს თერთმეტის ნახევარზე, ალექსანდრე მუხაძემ მას დაავალა, რომ სერგო თეთრაძისგან გაეგო, ვისთან თანამშრომლობდა და ვის აწვდიდა ინფორმაციას.
როგორც რამიშვილი წერს, ის დატოვეს საკანში, ერთ საათში კი მასთან თეთრაძე უნდა შეეყვანათ. როგორც ირკვევა, ეს დრო თეთრაძის „დასამუშავებლად“ სჭირდებოდათ. რამიშვილის ინფორმაციით, იმ საკნიდან საკარანტინო ოთახები კარგად ჩანდა და ყველაფერი თავის თვალით ნახა. დაინახა, როგორ შევიდნენ თეთრაძესთან ოლეგ ფაცაცია და ალეკო მუხაძე და კარგახანს ხელკეტითა თუ მუშტებით ურტყამდნენ. ცემის დროს თეთრაძე დაეცა, და აღარ წამომდგარა. შემდეგ ის საკაცით გაიყვანეს.
ცნობისათვის, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“, პროფესიით ექიმი, გლდანის სამკურნალო დაწესებულებას ხელმძღვანელობდა.
„ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას დავალებით, ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია მას აუპატიურებდნენ რეზინის ხელკეტით. მზად ვარ, მათ ხელი დავადო და დავამტკიცო ის, რასაც ახლა ვამბობ. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ბაჩო ახალაიას სეიფში ინახება. ამას უშუალოდ ალექსანდრე მუხაძე იღებდა ახალაიასთვის და ჩანაწერიც თვითონ აქვს. ეს ჩანაწერი მაღალი ხარისხის ვიდეოზეა გადაღებული, სპეციალურად ახალაიასთვის, მზად ვარ, სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოვიდე და თუ უარყოფას გაბედავენ, 2-3 მოწმეს პირადად მე წარვადგენ“, - აცხადებს ბედუკაძე „ობიექტივთან“ საუბრისას.
მართალია, პატიმრის წერილსა და ბედუკაძის მიერ სხვადასხვა დროს მიცემულ ინტერვიუებში გარკვეული სხვაობაა. პატიმარი წერს, რომ ხელკეტი ფაცაციას ეჭირა, მუხაძე მუშტებით ურტყამდა - ხელკეტით გაუპატიურება ნახსენები არ არის. ბედუკაძე კი ამბობს, რომ მუხაძეს ხელკეტით გაუპატიურებისას შემოაკვდა თეთრაძე. კითხვა ჩნდება კამერასთან დაკავშირებითაც, ის მუხაძეს ეჭირა, თუ უბრალოდ, სადმე იდგა - პატიმრის წერილში არც კამერაა ნახსენები, თუმცა როდესაც ობიექტური გამოძიება ჩატარდება და მოწმეები დაიკითხებიან, ალბათ ყველაფერი ზედმიწევნით გახდება ცნობილი.
ალბათ, მალე ისიც გახდება ცნობილი, რა გამოიძია სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა ვაკო გოგიშვილმა, რომელიც მედიას იმასაც კი არ ეუბნებოდა, სერგო თეთრაძის სიკვდილის ფაქტზე აღძრული საქმის გამოძიება დასრულდა თუ არა. ასევე ცნობილი გახდება, რა ჩვენების მიღება სურდათ თეთრაძისგან და რის აღიარებას მოითხოვდნენ მისგან.
რატომ დააკავეს, შემდეგ კი როგორც მოწმეები აცხადებენ, მოკლეს სერგო თეთრაძე, ჯერ კიდევ ვარაუდებით შეგვიძლია ვისაუბროთ. როგორც ჩანს, შპიონომანიით შეპყრობილ ხელისუფლებას მორიგი ფილმისთვის მასალა სჭირდებოდა. ვისი ინიციატივა იყო მორიგი ჯაშუშის აღმოჩენა - ახალაიას სურდა თავის მოწონება თუ უბრალოდ, ისიც დაკვეთის შემსრულებელი იყო, ალბათ, ეს საკითხიც სასამართლოზე გაირკვევა.