ახალი ხელისუფლება განათლებას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს. აქედანაც ჩანს, რომ ეს არის სფერო, სადაც ჯერ კიდევ მრავლად არის პრობლემები და სახელმწიფოს მიერ მისი გამოსწორების ნებაც დაფიქსირდა, განათლების მაღალი ხარისხი კი პირველ რიგში სკოლებისა და უმაღლეს სასწავლებლების ამოცანაა. ამაში სახელმწიფო მათ მხოლოდ ხელს შეუწყობს. ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების ხარისხის შესახებ ხსირად მოგვისმენია შენიშვნები, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახერლმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი, ნატალია ხარაძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კონკურსი გაიარა და ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კონკრეტული საგნის „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ტურიზმსა და მასპინძლობაში“ წაკითხვა მოუხდა, პრობლემას მაშინვე გადააწყდა.
ნატალია ხარაძე: „სილაბუსის გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბევრი შეუსაბამობა იყო. პირველი რაც გამახსენდა, იყო საბჭოთა პერიოდში გავრცელებული ამბავი – ჩვენი მშობლები მუდმივად ყვებოდნენ ამ ისტორიას, როგორ ჩავიდა ციმბირის ერთ-ერთ სკოლაში მეგრელი და ფრანგულის ნაცვლად ასწავლიდა მეგრულს. მაგრამ ვთვლი, რომ მათი მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო, რადგან მათ მეგრული მაინც ისწავლეს, ის კი, რასაც ეს ბავშვები სწავლობენ, სრულიად გაურკვეველი რამ არის.
ხარისხის სამსახურთან კონსულტაციის გავლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ვიდრე არ მოხდებოდა მთლიანად, ფაკულტეტზე სილაბუსების შესწორების დრო, არ მქონდა უფლება, რაიმე გადახვევა გამეკეთებინა.
მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, ეგებ ავხსნათ რაზეა საუბარი?
- სასწავლო პროგრამა შედგება გარკვეული სილაბუსებისაგან, ეს არის საგნები, რომელსაც შესაბამისი პროფილის კათედრები ადგენენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სილაბუსი არ არის კათედრის გაკეთებული - ჩემთვის გაუკვეველი მიზეზებით, კათედრას გვერდი აუარეს და სილაბუსი სხვა დარგის სპეციალისტებს შეადგენინეს. პროგრამა დამტკიცდა 2011 წელს.
ვინ ამტკიცებს პროგრამებს?
- პროგრამებს, ისევე როგორც სილაბუსებს, ამტკიცებს ფაკულტეტის ხარისხის სამსახური, შემდეგ ფაკულტეტის საბჭოზე უნდა დამტკიცდეს, შემდეგი პროცედურაა უნივერსიტეტის ხარისხის სამსახური, აკრედიტაციის ცენტრი და ა.შ.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვინმეს ამ საკითხებისთვის ზედაპირულად მაინც რომ გადაეხედა, იმდენად ნათლად ჩანს დარღვევები, პროგრამას არ დაამტკიცებდნენ.
წარდგენილი პროგრამების დამტკიცებამდე არსებობს ზემდგომი ორგანო – ხარისხის სამსახური – რომლის პირდაპირი მოვალეობაა იქ მისული პროგრამები გადაამოწმოს. თუ დარღვევებია – მათ აქვთ ინსტრუქციები, რაზე დაყრდნობითაც შეუძლიათ უარი თქვან პროგრამის დამტკიცებაზე. უნდა გამოეჩინათ იმდენი პასუხისმგებლობა, რომ ეს არ დაეშვათ.
რა დარღვევებზეა საუბარი?
- ბაკალავრიატის პროგრამაში აუცილებელია, რომ ქართული ლიტერატურა იყოს მითითებული, რაც არ არის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი თემები არ არის ადამიანური რესურსის მენეჯმენტიდან. თემები ქაოსურად არის მოცემული, ძირითადი ლიტერატურა კი – მოძველებული.
სილაბუსში მითითებულ ორ საკითხზე ლიტერატურის მოძიება შესაძლებელია კონფერენციის მასალებიდან, საიდანაც ნაწილი ინგლისურ, ნაწილი კი ესპანურ ენაზეა. ერთადერთი სახელმძღვანელო, რომელსაც სილაბუსი ითვალისწინებს, 1996 წელს არის გამოცემული და, რაც მთავარია, ეს სახელმძღვანელო არ ეხება ადამიანური რესურსების მენეჯმენტს.
ანუ, გაარკვიეთ, რომ სილაბუსის გადახვევის უფლება არ გქონდათ, რის მიხედვით ასწავლიდით სტუდენტებს?
- მოვიძიე სახელმძღვანელოები... ეს არის მენეჯმენტი ტურიზმში, რომლის შემადგენელი ნაწილი არის ადამიანური რესურსების მენეჯმენტიც. ესენია 2006, 2008 წლის გამოცემები. მართალია ესეც არ არის ახალი, მაგრამ 1996 წელს გამოცემული წიგნით ამ საგნის სწავლება სრულიად წარმოუდგენელია. უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ კვალიფიციური კადრების მომზადებას უზრუნველყოფს, გასული საუკუნის წიგნებით ვასწავლოთ?
თუ განაცხადეთ დეკანატში, რომ დამატებითი ლიტერატურის მოძიება მოგიხდათ?
- ერთ-ერთმა სტუდენტმა ამ პროგრამის სხვა სილაბუსები გააპროტესტა და შევიდა ტურიზმის სკოლის დირექტორთან – სერგო მელაძესთან. სტუდენტმა აღნიშნა, რომ ის რამდენიმე წლის მანძილზე ერთსა და იგივე საკითხებს სწავლობს. ამავდროულად, მან აღნიშნა, რატომ უნდა წვალობდეს, მაგალითად, ნატო ხარაძე და შემოჰქონდეს დამატებითი ლიტერატურა და, შესაძლებელია თუ არა, რომ სილაბუსი თავიდანვე სრულყოფილად იყოს შედგენილიო.
მათ ვერ გაიგეს, რა თქვა სტუდენტმა და ჩემს მიერ შეტანილი მასალების გადამოწმება დაიწყეს. დაწერეს დასკვნა, რომ ჩემს მიერ შეტანილი მასალებიდან პირველი სამი თემა ემთხვეოდა სილაბუსს, მეოთხე კი – არ ემთხვეოდა, და გაურკვეველი წიგნებიდან იყო დაწერილი.
ველოდი, რომ რაკი სტუდენტებს იმას ვასწავლიდი, რაც უნდა ესწავლათ, ვინმე მადლობას მაინც მეტყოდა.
რაკი საკითხი ასე დადგა, ჩავხედე ამ პროგრამის სხვა სილაბუსებსაც, რომელიც მე არ მეხება. მაქვს საუძვლიანი ეჭვი, რომ სხვაგანაც არ არის უკეთესი მდგომარეობა. ამის თქმის საფუძველს სტუდენტების უკმაყოფილებაც მაძლევს, რომლებიც აღშფოთებულები არიან იმ მასალით, რასაც სწავლობენ და მუდმივად იმეორებენ, რომ სწავლობენ ერთსა და იგივეს.
იმისათვის, რომ არ დაზარალდნენ სტუდენტები, მოვითხოვ, შესაბამისი კომისია გამოიყოს აკრედიტაციის სამსახურიდან, ხარისხის სამსახურიდან. გაირკვეს, თუ ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ამ პროგრამას მხარი დაუჭირეს. ამ სამსახურებში უამრავი პროფესიონალია და ჩემთვის გაუგებარია, რატომ დახუჭეს ამაზე თვალი.
ამ პროგრამების დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღეს სრულმა პროფესორებმა, მიმართულების ხელმძღვანელებმა, ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა. ამჟამინდელ დეკანს პროგრამის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა როდესაც პროგრამებში ჩაიხედა, საჭიროდ ჩათვალა, რომ ისინი უნდა შეიცვალოს, სერიოზულად უნდა გადაიხედოს ყველა საკითხი.
ანუ, პრობლემა ამოწურულია?
- მგონია, რომ არ დასცალდება, რადგან ის ადამიანები, რომლებმაც ამ პროგრამების დამტკიცებაში მიიღეს მონაწილეობა, საფრთხეს გრძნობენ და ისინი ფაკულტეტის დეკანს დაუპირისპირდნენ, მის გადადგომას ითხოვენ. მაქვს საფუძლიანი ეჭვი, რომ ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც არ უნდათ ფაკულტეტის დეკანი, არის ის, რომ სავარაუდოდ, მსგავსი დარღვევები სხვა პროგრამებშიც არის და არ სურთ, გამოვიდეს სააშკარაოზე. სხვას მიზეზს მე ვერ ვხედავ.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ საკითხის განხილვა კათერდრაზე, რა გადაწყდა?
- მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრაზე იმსჯელეს ამ საკითხზე, სადაც პროფესორებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. მაგალითად პროფესორმა პაიჭაძემაც და პროფესორმა შიხაშვილმაც აღნიშნეს, რომ აღნიშნული სილაბუსი არ არის „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ტურიზმსა და მასპინძლობაში“, არამედ შეიცავს, გაურკვევლად შეკრებილ საკითხებს. დადგინდა კიდეც, რომ გადაეგზავნოს ხარისხის მართვის სამსახურს სილაბუსი თსუ–ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
აბა რაშია პრობლემა?
- მასვე ეგზავნება გამოსასწორებლად, ვინც ეს პროგრამა დაამტკიცა. ნახეთ, რა ვიზა დაადეს სხდომის ოქმს – „გთხოვთ ა.წ. 15 ნოემბრამდე წარმოადგინოთ კათედრის მიერ გადამუშავებული სასწავლო კურსის „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ტურიზმსა და მასპინძლობაში“ სილაბუსი (აკრედიტირებულ სილაბუსზე დაყრდნობით) ფაკულტეტის ხარისხის სამსახურში განსახილველად. ამავე სილაბუსზე დაყრდნობით შესაძლებელია სასწავლო პროცესის წარმართვა და სილაბუსის პარალელურ რეჟიმში სრულყოფა“.
ამის გარდა, ნათქვამია, რომ დასაყრდენი აკრედიტირებული სილაბუსი უნდა იყოს, რაც ვფიქრობ, არასწორია, რადგან ის, რაც არის, საგანთან მიახლოებულიც არ არის.
თქვენ რას ითხოვთ?
– ფაკულტეტის დეკანს, აკაკი ხელაძეს მივმართე კიდეც განცხადებით, რომ ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება არის დანაშაული თაობის წინაშე. სილაბუსის სათაური და შინაარსი საერთოდ არ არის შესაბამისობაში. მე კი არა, სამართლიანობა მოითხოვს, დაისაჯოს ამ პროგრამის შედგენასა და დამტკიცებაში მონაწილე ყველა პირი. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საკუთარი შეცდომის წერილობით აღიარება ხარისხის სამსახურის მიერ.
for.ge ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, გიორგი ღაღანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრობლემა მართლაც იყო, მაგრამ მის აღმოფხვრას ცდილობენ.
გიორგი ღაღანიძე: მე ამას საკმაოდ მარტივად და პროზაულად ვუყურებ. სილაბუსში აუცილებლად არის რაღაც დასახვეწი, გასასწორებელი. ამ სილაბუსშიც აღმოჩნდა საკმაოდ ბევრი დასახვეწი საკითხი. განისაზღვრა, რომ მოხდეს მისი დახვეწა. ეს არის და ეს. რამდენად არის მედიით განსახილველი თემა, არ ვიცი. თქვენ თვლით, რომ ეს არის თემა, რომელიც 2012 წლის 30 ოქტომბერს ასე აღელვებს ქართულ საზოგადოებას?
უამრავი საკითხი აღელვებს დღეს ქართულ საზოგადოებას მათ შორის – უნივერსიტეტში სწავლების თემაც...
- კი ბატონო, თქვენი ნებაა.
როგორც ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა ნატომ აღნიშნა, თანამშრომლები დეკანის გადადგომასაც ითხოვენ. მიზეზი რა არის?
- ამის შესახებ არაფერი არ მსმენია და, როგორც ვიცი, არც არსად დაფიქსირებულა.
ბატონო გიორგი, საინტერესოა, ასეთი ხარვეზი ერთ სილაბუსთან დაკავშირებით არის თუ სხვა სილაბუსების შემთხვევაშიც?
- დამისახელეთ საქართველოში სფერო, სადაც ხარვეზი არ არის. როგორ შეიძლება, დავსვათ საკითხი, რომ მხოლოდ საქართველოში კი არა, თუნდაც შვეიცარიაში, ყველაფერი იდეალურადაა! აქ მთავარი ეს საკითხი კი არ არის. მთავარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კონკრეტულად ამ ფაკულტეტის ადმინისტაციის, მთელი აკადემიური კორპუსის დამოკიდებულება, რომ ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ, გავამდიდროთ, უფრო უკეთესი გავხადოთ ყველა ჩვენი სილაბუსი და ყველა საგნის სწავლების დონე ავამაღლოთ.
ჩვენ ხომ არ ვასწავლით ისეთ ტრადიციულ საგანს, როგორიც არის ისტორია. ჩვენ ვასწავლით ძალზე დინამიურ საგანს, სადაც პრაქტიკულად ყოველ წელს ხდება განახლება და შესაბამისად, ეს არის პროცესი. ამ პროცესში კი სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ თსუ-ს, ფაკულტეტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, სწავლების ფორმების განახლება იქნება თუ მეთოდების, ამას შეუწყოს ხელი. მაქსიმალურად ფართოდ ჩართოს სტუდენტები, როგორც სასწავლო პროცესის ხარისხის შემფასებელი კომპონენტი.
ქალბატონმა ნატომ აღნიშნა, რომ მასთან სტუდენტები უკმაყოფილებას გამოხატავენ. თქვენთან თუ გამოუხატავთ სტუდენტებს უკმაყოფილება?
- რომელიღაც კონკრეტული საგნის შესახებ მომისმენია, რომ არის დამთხვევები და ა.შ. თუმცა ვთვლი, რომ უფრო მთავარია, რამდენად არსებობს ქმედითი მექანიზმები, რომ ამგვარი ფაქტები გამოვლინდეს. გამოვლენის შემდეგ კი რამდენად სწრაფად მიიღება გადაწყვეტილება, რომ ეს აღმოიფხვრას.
სიმართლე გითხრათ, კარგია, როდესაც ასეთ დარღვევებზე რეაგირება ხდება, თუმცა უკეთესი იქნებოდა, მსგავსი რამ არ ყოფილიყო...
- აქ რა მნიშვნელობა აქვს, ვინმე ვეძებოთ და ის დავსაჯოთ - ამ მექანიზმით უზრუნველყოფილი არ იქნება წინსვლა, განახლება და გაუმჯობესება.
P.S. for.ge-მ დაადგინა, რომ გიორგი ღაღანიძე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი, რომლის კომპეტენციაში საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობაზე დასკვნის მომზადება შედის. შესაბამისად, მან კარგად უნდა იცოდეს, რომ პროგრამაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ერთი დარღვევაც კი. ასევე, როგორც For-ge-მ დაადგინა, საბჭოს შემადგენლობაში, რომელმაც მხარი დაუჭირა ზემოთაღნიშნულ პროგრამას, შედიოდნენ ძალიან ცნობილი პედაგოგები და მეცნიერები, მათ შორის – ფინანსთა ამჟამინდელი მინისტრი, ნოდარ ხადური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია.