„გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებული გავრილოვის შეფასება პროვოკაციაა, რადგან ბატონ გავრილოვს კარგად მოეხსენება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ღია დიალოგის არარსებობა" ქართული მხარის გამბედაობის დეფიციტის გამო კი არაა, არამედ იმის გამოა, რომ რუსეთი ჩვენი ურთიერთობის მთავარ პრობლემას არ აღიარებს, რასაც მის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო ჩვენი ქვეყნის გარკვეული ტერიტორიის ოკუპაცია ეწოდება," - აცხადებს პოლიტოლოგი ირაკლი მენაღარიშვილი.
მისი შეფასებით, სწორედ ეს უნდა გახდეს მოლაპარაკების ძირითადი თემა საქართველოსა და რუსეთს შორის. ნებისმიერი სხვა მცდელობა კი, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ქართულ-რუსული მოლაპარაკების პროცესი მთავარ ხაზს ააცდინოს, არის მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია.
მენაღარიშვილის თქმით, კარგად უნდა გავიგოთ, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციები აქამდეც ბევრი იყო და მომავალშიც მრავლად იქნება, მათზე რეაქცია კი შესაბამისი უნდა იყოს.
„ვერ გეტყვით საქართველოსა და რუსეთის მთავრობას შორის მოლაპარაკება შედგება თუ არა, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველა კეთილგონიერ პოლიტიკოსს კარგად ესმის, რომ უმთავრესი, რაც ჩვენთვის მიუღებელია, არის რუსეთის პრინციპული შეთავაზება, იმ სტატუს-კვოს დავეთანხმოთ, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეიქმნა. საქართველოს სუვერენიტეტის უარყოფა, რა თქმა უნდა, დაუშვებელია", - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას მენაღარიშვილმა.
მისი თქმით, იგი აღნიშნული პრობლემის მოგვარების, ან ამ საკითხში პოზიტიური დინამიკის გარეშე დიალოგის პერსპექტივას ვერ ხედავს.
„ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფალი უნდა ეცადოს, როგორმე მიაღწიოს იმას, რომ რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლად არსებობისა და საერთაშორისო სივრცეში თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება აღიაროს. ეს არის უმთავრესი, რისკენაც ჩვენი საგარეო პოლიტიკა უნდა ისწრაფოდეს.
„ამისთვის, კონსულტაციები და მოლაპარაკებები საჭიროა, მაგრამ ყველა ეს ნაბიჯი სათანადოდ მომზადებული უნდა იყოს, რაც იმის საფუძველს მოგვცემს, რომ მიზანი მიღწეული იქნება,"-აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.
ცნობისათვის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით, სერგეი გავრილოვმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენის მიზნით ღია მოლაპარაკებებზე გადასვლისთვის გამბედაობა ეყოფა.