გახარიამ მინისტრებს წამმზომი ჩაურთო

გახარიამ მინისტრებს წამმზომი ჩაურთო

„ქართული ოცნება“ მმართველობის 9 წლის თავს და მე–5 პრემიერ–მინისტრს ითვლის. მამუკა ბახტაძე გვარწმუნებს, რომ პრემიერის პოსტიდან საკუთარი სურვილით წავიდა. მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე მისია კარგად შეასრულა და წასვლის წინ დაიბარა, რომ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ამ ეტაპზე არ გეგმავს. არაოფიციალური ინფორმაციით ბახტაძე საქმიანობას ეროვნულ ბანკში გააგრძელებს.

მამუკა ბახტაძე წავიდა. საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ხდება. ყოფილი შს მინისტრის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ წარადგინა. გახარიას სუს–ის უფროსი, ვახტანგ გომელაური შეცვლის. ასევე შეიცვალა თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და ის ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა. თავად იზორია უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზეა წარდგენილი.

ჯერჯერობით მთავრობის შემადგენლობაში სხვა ცვლილებები არ იგეგმება. თუმცა, for.ge–ს ინფორმაციით, გახარიას მთავრობაში სამთავრობო კარუსელი იანვარში დატრიალდება. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის მიღმა დარჩებიან ეკონომიკის, იუსტიციის, ფინანსთა, საგარეო და განათლების მინისტრები. ამ საკითხზე ისაუბრეს „ქართული ოცნების“ პარტიულ შეხვედრაზე.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება სჭირდება. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ–მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.

საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას ხვალიდან დაიწყებს. ხვალ, სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს მოუსმენენ, რის შემდეგაც, პირველ ეტაპზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ბატიაშვილსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკა ტიკარაძეს მოუსმენენ. 5 სექტემბერს კი, - შს მინისტრობის, იუსტიციის, თავდაცვის, შერიგიების, ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატებს. ამის შემდეგ, უკვე, 6 სექტემბერს, მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება და პრემიერ–მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციები მოუსმენენ. 7 სექტემბერს მთავრობის ახალ შემადგენლობას „პატრიოტთა ალიანსის“ და „სოციალ–დემოკრატების“ ფრაქციები და ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუსმენენ. 8 სექტემბერს პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ უჭერს ოპოზიცია, რადგან მიაჩნიათ, რომ გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა საზოგადოების შეურაცხყოფაა და ამით ივანიშვილი ქვეყანაში საპროტესტო ტალღას აძლიერებს. პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ერთგვარ ფორმას მიმართეს და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

პროტესტის ამ ფორმას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კოლეგებმა ამ ფორმით გადაწყვიტეს ქვეყანაში არსებული დემოკრატია და დემოკრატიის ხარისხი გამოხატონ. მოგვიანებით არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა. „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად სხდომათა დარბაზიდან გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატებიც.

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგუალავა ამბობს, რომ ივანიშვილმა თავის თავს და პერსპექტივას დაუსვა წერტილი დღეს, როცა გახარია და ღარიბაშვილი წარადგინა მთავრობაში. მისი შეფასებით, ამ სახის სამთავრობო ცვლილებები მმართველი გუნდის სასოწარკვეთის ნიშანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ ჰყავს ახალი ადამიანები და აღარ აქვს რესურსი, რომ მთავრობა შეფუთოს.

„ამით ივანიშვილი საკუთარ საზოგადოებას ეუბნება, რომ ჩემთვის ხალხი აღარ არსებობს, არსებობენ მხოლოდ ჩემი მომხრეებიო. ეს არის ძალიან სახიფათო ქვეყნისთვის. ლეგალიზებული სადიზმია გახარიას დანიშვნა პრემიერ–მინისტრად. ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა საგანგაშო სიგნალია არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ ჯარისთვისაც, რომელიც ისტორიულად არც ერთ შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩარეულა.

ღარიბაშვილი უპრინციპო, უღირებულებო ადამიანია, რომელიც ხელის ჩამორთმევის გარეშე გაუშვა საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენი პარტნიორებისთვის ხელჩამოურთმელი სუბიექტი იყო და ზუსტად ამიტომ გაუშვეს მაშინ. ეს ადამიანი ინიშნება ახლა თავდაცვის მინისტრად იმისათვის, რომ პოლიტიკურად არასასურველი და მიუღებელი პირები იქიდან ამოცხრილოს“, – აცხადებს გიგი უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ გახარიას წარდგენა პრემიერის პოსტზე საზოგადოებისთვის შეფურთხებაა. ვაშაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს შეიკრიბონ პარლამენტთან და ხმამაღლა თქვან სათქმელი. მისი თქმით, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა არ დაიკავოს.

„ამის მოთმენა აღარ შეიძლება! გახარიას წარდგენა პრემიერ–მინისტრის პოსტზე ეს არის შეფურთხება ჩვენი საზოგადოებისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც 20 ივნისს ქვეყნის ინტერესებს იცავდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პრემიერ–მინისტრის პოსტზე გახარიას დამტკიცება არ მოხდეს.

ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, შეცვალონ ეს კანდიდატურა და ნუ გაამწვავებენ დაპირისპირებას. აღარ მოვითმენთ ასეთ დამცირებას და შეურაცხყოფას იმ ჯგუფისგან, რომელიც თავის თავს ხელისუფლებას ეძახის“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

გიორგი გახარიას წარმატებაში დარწმუნებულია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომლის განცხადებით, გახარიამ საკუთარი საქმიანობით დაიმსახურა პრემიერ–მინისტრის პოსტზე წარდგენა.

„ჟურნალიტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. ვფიქრობ, მან საკუთარი საქმიანობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენიდან - შემდეგ იგი იყო ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი - ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა. ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს. კიდევ ერთხელ მინდა, წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, ახალ მთავრობას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება. უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიციის ბოიკოტი პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია, რაც ბუნებრივია. მისი თქმით, პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამთავრობო ცვლილებებზე, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.

„გადაწყვეტილება მიიღო პარტიამ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ და პრემიერის პოსტზე გახარიას წარდგენაზე. აქედან გამომდინარე, მყისიერად დაიწყება პროცედურები პარლამენტში და ახალ მთავრობას მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება პოლიტიკურ ბრძოლას, ბუნებრივია, ოპოზიცია ასეთ განცხადებებს გააკეთებს, ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ძალიან ძლიერი თავდაცვის მინისტრი იქნება, კარგი გამოცდილება აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საუკეთესო კანდიდატურაა ამ პოზიციაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

იმის მოლოდინი, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერება საზოგადოებრივ პროტესტეს გამოიწვევს, არ აქვს პარლამენტის ვიცე–სპიკერს თამარ ჩუგოშვილს, რომლიც დარწმუნებულია, რომ გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტზე უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება და როგორც აცხადებს, უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მას უმრავლესობის ყველა წევრი უჭერს მხარს.

„გახარიას გადადგომას ოპოზიცია ითხოვდა. შესაბამისად, ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ოპოზიციის მოთხოვნები ასე აპრიორი გავითვალისწინოთ. რა გადაწყვეტილებაც ჩავთვალეთ საჭიროდ, ის გადაწყვეტილება მივიღეთ“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

Serapina ამ, ტვინნაღრძობი ნაციონალების გაპროტესტებული არ გაიშვას!
რა სამარცხვინოდ მანიპულირებენ და ბოდავენ!
...მაგრამ მე, ჩემი გასაპროტესტებელი, აქ მაინც უნდა დავწერო...
კალაძეს განუცხადებია, სახელმწიფო დააფინანსებს ქართველების უცხოეთში მკურნალობასაცო. კეთილი, ყველას სიცოცხლე ღირებული და მნიშვნელოვანია მაგრამ.... ეს, რომ გამოსავალი არ არის?!
არ დაიწყოთ რა, ქრონიკულმა ...ისტებმა, აბა რა ქნან და ასეთები. მსოფლიოს ყველა პოლიტიკოსებმა შეიგნეს, რომ განათლების მოუწესრიგებლობა დამღუპველია სახელმწიფოსთვის... ქართველების გარდა! იმიტომ რომ სპორტსმენები და მუსიკოსები, არ არიან პოლიტიკოსები! ...და არც რეიგანის მოშველიება გვიშველის არგუმენტად.
ისე, რეჟისორი კარგად მუშაობს. გახარია ერთადერთი მოაზროვნე კაცი მგონია, ამ ხელისუფლებაში მაგრამ...
სად მივდივართ, მაინც ვერ გავიგე...
პ.ს გახსოვთ ახლადგაპრემიერებულმა ღარიბაშვილმა რომ გამოგვიცხადა 150-ი სტუდენტი უცხოეთში წავა სასწავლებლადო? კალაზის დღევანდელი განცხადებაც ასეთი იყო... თვითონ კარგად ცხოვრობენ და რაც იციან, სულ ეს არის!
4 წლის უკან
Maverick სერაპინა, აცადე ცოტა, ერთი 8-12 წელი, დაჩქარებული წესით დაამთავრებენ ნუცას პოლიტიკურ სკოლის კურსები, მერე კვალიფიკაციას გაივლიან სადმე ინტერნეტ აკადემიაში და ამასობაში სოფელჯც აშენდება?...!
4 წლის უკან