პროექტი „დააბრუნე!“ - ბიზნესმენებს წართმეული ქონების დაბრუნებაში დაეხმარება

პროექტი „დააბრუნე!“ - ბიზნესმენებს წართმეული ქონების დაბრუნებაში დაეხმარება

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში კომპანია „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელმა და ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ბიზნესის“ ხელმძღვანელმა, მამია სანადირაძემ პროექტის „დააბრუნე“ პრეზენტაცია გამართა. მამია სანადირაძის განცხადებით, ორგანიზაცია „ქართული ბიზნესი“ 2008 წლის დეკემბერში დაფუძნდა და იმისთვის შეიქმნა, რომ ქართველ ბიზნესმენთა ინტერესები ყოფილიყო დაცული.

„მაშინ მე ძალიან მაწუხებდა სხვადასხვა უცხოელი ინვესტორის საქართველოში შემოდინება, რომლებიც იმის სანაცვლოდ, რომ ინვესტიციები განეხორციელებინათ, ქართველი ბიზნესმენების კაბალურ მდგომარეობაში ჩაყენებას ითხოვდნენ. მაშინ ინტერვიუშიც განვაცხადე, რომ ყაზახი ბიზნესმენი საქართველოში პატარა ყაზახეთის შექმნას ითხოვს, რუსი ბიზნესმენი პატარა რუსეთის შექმნას, თურქი ბიზნესმენი - პატარა თურქეთის და ქართველი ბიზნესმენის ადგილი საქართველოში პრაქტიკულად აღარ რჩება-თქო.

„პროექტი „დააბრუნე“ იმ ბიზნესმენების ინტერესებს დაიცავს, რომლებსაც საკუთრება უკანონოდ აქვთ ჩამორთმეული. პროექტის მიზანია ასეთი ბიზნესმენების საკუთარი ინტერესების დასაცავად გაერთიანება“.

მამია სანადირაძის განცხადებით, საქართველოში ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ანუ საკუთრების უფლება უხეშად ილახებოდა და თუ ქონების წართმევა ძალიან ადვილი იყო, დაბრუნება საკმაოდ რთულია.

„იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და აღმოჩნდა, რომ ქონების დაბრუნება საკმაოდ რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შევკრებილიყავით ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც ასეთი ქმედებებით დაზარალდა და საერთო ინტერესები ერთად დავიცვათ. ჩვენ ვეცდებით გამოვარკვიოთ, რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ ქონება მის კანონიერ მესაკუთრეს უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს“, - აღნიშნავს მამია სანადირაძე.

იგი მიმართავს იმ ბიზნესმენებს, ვისაც საკუთრება აქვს წარმთეული, რომ პროექტის „დააბრუნე“ ფარგლებში დაუკავშირდეს მას ელექტრონულ მისამართზე daabrune@gmail.com, დატოვოს თავისი საკონტაქტო ინფორმაცია და მოკლედ აღწეროს, თუ რა ვითარებაში მოხდა ბიზნესის წართმევა და პროექტის ხელმძღვანელობა ყველა ასეთ ბიზნესმენს შეეხმიანება. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, ეს ადამიანები შეიკრიბებიან და სამართლიანობის აღსადგენად უმოკლეს გზებს დასახავენ. მამია სანადირაძის განცხადებით, იგი აცნობიერებს, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან სხვა პრობლემებთან ერთად კანონმდებლობაც არ არის მოქნილი საიმისოდ, რომ ეს პროცედურები ადვილად იქნეს გავლილი. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ გამოსავლის პოვნა არც ისე რთული იქნება, ვინაიდან ბიზნესების ჩამორთმევა ძირითადად ერთი და იგივე პირების მიერ ხორციელდებოდა, ასეთი ჩამორთმეული ქონების გადაფორმება ძირითადად ერთსა და იმავე ნოტარიულ კანტორებში ხდებოდა.

„როდესაც 700, სხვადასხვა, გაჭირვებული და განადგურებული ადამიანისგან ყიდულობ ბიზნესს, ესე იგი შენ არ ხარ კეთილსინდისიერი მყიდველი. იგივე ეხება იმ ადამიანებს, ვინც ჩემი ბიზნესი ჩემგან გარვკეულ თანხად იყიდა. როდესაც ასეთი ადამიანი დღეს ირწმუნება, რომ კეთილსინდისიერი მყიდველია, ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რადგან რამდენიმე განადგურებული ადამიანის ქონებას შენ რომ იძენ და ერთსა და იმავე ნოტარიუსთან აფორმებ, ამ ყველაფერს ცოტა სხვა ელფერი დაკრავს“, - ამბობს მამია სანადირაძე.

იგი გამოეხმაურა დეპუტატ თინა ხიდაშელის განცხადებას, რომ ამგვარი საქმეების რიცხვი ძალიან დიდია. სანადირაძე ამბობს, რომ ასეთი ბიზნესმენები ერთად შეიკრიბებიან და ხიდაშელის საგამოძიებო კომისიას მუშაობაში დაეხმარებიან, იურისტების გარკვეულ ჯგუფსაც დააფინანსებენ იმისათვის, რომ მათ ასეთ საქმეებზე იმუშაონ და თუ საჭირო გახდა შესაბამისი საკნონმდებლო ინიციატივებიც შეიმუშაონ.

მამია სანადირაძის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში ჩამორთმეული ბიზნესები გადაიყიდა, ან ვიღაცეების ნათესავებზე გადაფორმდა, ხოლო ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლებასთან ალიანსში იყო და ბისნეზმენებს ავიწროებდა, სანადირაძის განცხადებით დღეს ახალ ხელისუფლებასთან რაღაც საერთო ენის გამოძებნას ცდილობენ.

„მაქვს ინფორმაცია, რომ იგივე ჩემი დამაქცეველი გიორგი რამიშვილი („ზარალა“) დღეს ახალ მთავრობასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს. ჩვენ ამ პროცესს გავაკონტროლებთ. ჩემი დიდი ხნის მეგობარი, იურისტი ზვიად გელაშვილი დღეს ჩემს გვერდით დგას და იურიდიულ დეტალებზე სწორედ ის ისაუბრებს“, - აღნიშნავს სანადირაძე.

მისი თქმით, როდესაც დღევანდელი პრეს-კონფერენციის ანონსი გავრცელდა, მას უცხოეთიდან უკვე დაუკავშირდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი და პროექტში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. ამასთანავე, მამია სანადირაძე აცხადებს, რომ ელექტრონული მისამართი, რომელზე გამოხმაურებისკენაც იგი ბიზნესმენებს მოუწოდებს, საერთაშორისო სერვერზე (google-ს) არის განთავსებული. ამიტომ, მასზე გამოგზავნილი ინფორმაცია დაცულია და შესაბამისად, ყველას თამამად შეუძლია ამ მისამართზე ინფორმაციის გამოგზავნა. აქვე სანადირაძე ამბობს, რომ ბევრი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენი, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის მთავრობის დახმარებით შავ-ბნელ საქმეებს აკეთებდა, ეცდება წამებულის მანტია მოისხას და ამ პროექტს მიატმასნოს, მაგრამ პროექტის „დააბრუნე“ ინიციატორები ამ პროცესს ძალიან მკაცრად გააკონტროლებენ.

„წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში აღზევდნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ცხოვრებაში საკუთარი შრომით კაპიკი არ უშოვია, რომლებიც მოაჯდნენ ჩემნაირ ადამიანებს, ბიზნემენებს და სისხლი წოვეს. ჩვენივე გადასახადებით ნაყიდი აპარატურით ივანე მერაბიშვილი გვისმენდა ჩვენ, ბიზნესის სპეციფიკას იგებდა და შემდეგ ამ ბიზნესებს ეუფლებოდა. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ, ბიზნესმენებმა უნდა შევიმუშავოთ ისეთი მექანიზმები, რომ ასეთი პარაზიტები არა მხოლოდ მთავრობაში, არამედ საერთოდ საზოგადოებაში აღარ აღმოცენდნენ. ასეთი ხალხის ადგილი არის ციხეში და თუ არ შევქმენით ისეთი მექანიზმები, რომლებიც საკუთრების უფლებას არ დაიცავს და მკაცრად არ დავსაჯეთ ის ხალხი, ვინც მთავრობიდან მთავრობამდე გვძარცვავს, ხოლო შემდეგ ახალ ხელისუფლებას ფულს უხდის, რომ კვლავ გააგრძელოს ხალხის ძარცვა, ვერასოდეს გავხდებით ცივილიზებული ქვეყანა და დავემსგავსებით ჯუნგლებში მცხოვრებ პირველყოფილ ადამიანებს, რომლებსაც ტომის ბელადები ჰყავთ და ეს ბელადები განაგებენ ყველაფერს. ჩვენი ტომის ბელადი რომ იყო მიხეილ სააკაშვილი და ვის ქონებასაც უნდოდა, იმას წაეპოტინებოდა, ამიტომ ვიყავით ველური საზოგადოება“, - ამბობს მამია სანადირაძე.

პროექტის „დააბრუნე“ იურისტი, ზვიად გელაშვილი აცხადებს, რომ ქონების ჩამორთმევის მექანიზმი ძირითადად ერთნაირი იყო და ხშირად ამ პროცესში ერთი და იგივე პიროვნებები იყვნენ ჩართულები. ამიტომ, ასეთი საქმეების შეკრება და განზოგადება ცხადჰყოფს, ეს იყო სისტემური დანაშაული, თუ ამაში დანაშაულებრივი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

„თუკი ასეთი დანაშაულებრივი ჯგუფები გამოიკვეთება, შესაბამის მასალებს მივაწვდით სამართალდამცავ ორგანოებს და ასევე ქალბატონ თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით შექმნილ საგამოძიებო კომისიას. ამასთანავე, ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ იმას, თუ რა რეაგირება იქნება ამ საქმეებთან დაკავშირებით. ბიზნესმენებში გაჩნდება სოლიდარობის გრძნობა და ურთიერთდახმარების სურვილი, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი საქმეები განზოგადება იმასაც დაგვანახებს, სად იყო სისტემური ხასიათის დანაშაულები, სად არის საკანონმდებლო ხარვეზები და სად იყო პიროვნული დანაშაულებრივი ქმედებები. სისტემური და საკანონმდებლო ხასიათის პრობლემებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტებს შევიმუშავებთ და მივაწვდით როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა ამგვარი ქმედებების პრევენცია მოხდეს“, - ამბობს იურისტი.