ზაფხულის არდადეგები იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლაში დაბრუნების დრო ახლოვდება, ზოგიერთისთვის კი საერთოდ პირველად წასვლის ჯერი დგება!
ეს ფაქტი კი უდარდელად გატარებული თვეების შემდეგ არაერთი ბავშვისთვის მომაბეზრებლად და მოსაწყენად გამოიყურება, თუმცა ერთი პატარა გოგოს სკოლის პირველ დღეს გადაღებულ ფოტოებს შორის შედარება მოსწავლეების სკოლაში გატარებულ დროზე უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის.
შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოში მცხოვრები ხუთი წლის ლუსი სკოლაში პირველად წასვლის წინ დილით დედამ კოხტად გამოაწყო: უნიფორმისთვის აუცილებელი ჰალსტუხით, მუხლებამდე წინდებითა და თმაზე ბაფთით. თანაც, როგორც ნამდვილ მშობელს შეეფერება, საოცარი დაძაბულობის მიუხედავად, სამახსოვროდ ღიმილიანი ფოტოც გადაუღო.
თუმცა, გაკვეთილების დასრულების შემდეგ კამერით კიდევ ერთხელ აღბეჭდილი კადრი უფრო დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
სკოლაში ყოფნისას ლუსიმ სრული ტრანსფორმაცია განიცადა: სახლში მოჩაჩული ჰალსტუხით, უსწორმასწოროდ აწეული წინდებითა და გაჩეჩილ თმაზე ძლივს შერჩენილი ბაფთით დაბრუნდა.
"ბევრს არაფერს", — ასე უპასუხა ლუსიმ დედას კითხვას იმაზე, თუ რას აკეთებდა სკოლაში დღის განმავლობაში. თუმცა ის ფაქტი, თუ როგორ გამოიყურებოდა სახლში დაბრუნებული და საღამოს დაღლილმა ადრიანად რომ მიაშურა საწოლს დასაძინებლად, ყველაფერს ამბობდა სკოლაში გატარებულ დროზე.
რა თქმა უნდა ლუსი ერთადერთი არაა, რომლის პირველი დღე სკოლაში ასეთი იყო. იგივე ითქმის პატარა ჰარპერზეც. უფრო მეტიც, პატარების მდგომარეობა და გამომეტყველება ბევრი უფროსისთვისაც რელევანტურია.