ლიეტუვის პრემიერმინისტრს სიმსივნე აღმოაჩნდა

ლიეტუვის პრემიერმინისტრს სიმსივნე აღმოაჩნდა

ლიეტუვის პრემიერმინისტრს საულიუს სკვერნელისს ლიმფომა აღმოაჩნდა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა. სექტემბერსა და ოქტომბერში სკვერნელისი იმუნო და ქიმიოთერაპიის კურსს გაივლის. ინფორმაციას The Baltic Times-ი ავრცელებს.

პრემიერმინისტრმა დაავადების შესახებ საზოგადოებას Facebook-ლაივით ამცნო. სკვერნელისის განცხადებით, მას პირველი სტადიის სიმსივნე აქვს.

"ის არ არის გავრცელებული, ახლა ქიმიოთერაპიას ვატარებ. გუშინ მკურნალობის პირველი ციკლი დავამთავრე და თავს მშვენივრად ვგრძნობ", - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.

დაავადება ექიმებმა 2019 წლის მაისში აღმოუჩინეს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე. არჩევნებში სკვერნელისი მმართველი პარტიიდან იყო კანდიდატად წარდგენილი, თუმცა მეორე ტურში ვერ მოხვდა.

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილმა წევრმა, ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა.