სექსსკანდალის შემდეგ პლასიდო დომინგომ პირველი კონცერტი გამართა

სექსსკანდალის შემდეგ პლასიდო დომინგომ პირველი კონცერტი გამართა

ცნობილი საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო პირველად წარდგა მაყურებლის წინაშე მას შემდეგ, რაც 9 ქალმა ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

ზალცბურგის საზაფხულო ფესტივალის სცენაზე გამოსულ დომინგოს მაყურებელი ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი ტაშით შეხვდა. მომღერალმა ჯუზეპე ვერდის ოპერა “ლუიზა მილერიდან“ პარტია შეასრულა, შემდეგ კი მაყურებელმა ის სცენიდან 10-წუთიანი ოვაციით გააცილა.

13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დომინგოს 9 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ქალების მტკიცებით, დომინგო მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა, უარის შემთხვევაში კი მათ კარიერას ხელს უშლიდა. 78 წლის ტენორი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ამის შემდეგ სან-ფრანცისკოს ოპერამ და ფილადელფიის ორკესტრმა მისი კონცერტები გააუქმეს, ლოს-ანჯელესის ოპერაში კი განაცხადეს, რომ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებენ. 2003 წლიდან პლასიდო დომინგო ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორი იყო, მანამდე კი მხატვრული დირექტორის თანამდებობა ეკავა.