შავ ზღვას აკონტროლებს ის, ვისაც უჭირავს ბოსფორის სრუტე და ბუნებრივია, ჩვენი

შავ ზღვას აკონტროლებს ის, ვისაც უჭირავს ბოსფორის სრუტე და ბუნებრივია, ჩვენი "საზღვაო პერსპექტივები" აქვე მთლიანად იკეტება“

შავ ზღვას აკონტროლებს ის, ვისაც უჭირავს ბოსფორის სრუტე და ბუნებრივია, ჩვენი "საზღვაო პერსპექტივები" აქვე მთლიანად იკეტება“ -წერს ექსპერტი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველო არასდროს არ ყოფილა საზღვაო სახელმწიფო. მას არასდროს ჰქონია არც რაიმე ამბიცია და ბუნებრივია, არც არავითარი შესაძლებლობები ეკონტროლებინა თუნდაც მხოლოდ შავი ზღვა, რადგან ნათელია: ასეთი ამბიცია სრულიად არაფრის მომტანი იქნებოდა - შავ ზღვას აკონტროლებს ის, ვისაც უჭირავს ბოსფორის სრუტე და ბუნებრივია, ჩვენი "საზღვაო პერსპექტივები" აქვე მთლიანად იკეტება;

ჩვენი სასიცოცხლო, გეოგრაფიული სივრე - სახმელეთოა, ორ ზღვას, რომელთაგან ერთი სინამდვილეში - ტბაა, მეორე კი ვიწრო სრუტით უკავშირდება მსოფლიო საზღვაო სივრცეს, შუა მოქცეული; ხოლო თავად ზღვა და ამას სიტყვაც კი მკაფიოდ მოწმობს - ამ სივრცის სა-ზღვა-რია;

მაგრამ გეოპოლიტიკურად თუ წარმოვიდგენთ სიტუაციას, რასაკვირველია ამ ჩვენს სა-ზღვა-რს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ე.წ. „რიმლენდის“ ზონაში ვექცევით; ამერიკული გეოპოლიტიკის ფუძემდებლის, ნიკოლოს სპაიკმენის მიხედვით, არა ხმელეთი (ე.ი. „ჰარტლენდი“) , არამედ სწორედ ეს - სანაპირო ზონა („რიმლენდი“) არის საკვანძო. სპაიკმენმა შეცვალა ბრიტანული კლასიკური გეოპოლიტიკის (მაკკინდერის) ცნობილი კონცეპტუალური თეზისი და იგი ამ სახით ჩამოაყალიბა: „ვინც აკონტროლებს რიმლენდს, ის აკონტროლებს ევრაზიას, ხოლო ვინც აკონტროლებს ევრაზიას - ის ბატონობს მსოფლიოზე“. მაკკინდერის მიხედვით ევრაზიას აკონტროლებს ის, ვინც ჰარტლენდს გარემომცველ ზღვებზე ბატონობით აკონტროლებს;

რასაკვირველია, ეს უკვე საკმაოდ მოძველებული, წინა საუკუნის დასაწყისის ან „ცივი ომის“ პერიოდის გეოპოლიტიკური კონცეფციები, რუსეთმა „გააცოცხლა“ და მოახერხა თანამედროვე მსოფლიოსთვის ფაქტიურად თავისი გეოპოლიტიკური კონცეფტი მოეხვია თავს;

არადა, თანამედროვე გეოპოლიტიკური კონცეფციები უკვე რთული, კომპლექსურია და ასეთ ხისტ გეოგრაფიულ დეტერმინიზმს აღარ ეფუძნება - ტერიტორიების კონტროლი ტექნოლოგიურ, ცივილიზაციურ, კულტურულ, კომუნიკაციურ და ა.შ. ასპექტებს არანაკლებ ითვალისწინებს, ვიდრე გეოგრაფიულს. სამწუხაროდ, რეალურ პოლიტიკაში, რუსული „პარადიგმა“ იძენს უფრო მეტ მნიშვნელობას.

რუსი დუგინი, რომელიც ცდილობს რუსული „მეცნიერული“გეოპოლიტიკა ისევ გეოგრაფიული დეტერმინიზმის ფეხებზე დააყენოს, რაც მთავარია, იმპერიალისტი პუტინი, რომელიც ამ პოლიტიკას რეალობაში აგრესიულად ატარებს, რასაკვირველია - ევრაზიონისტები არიან და „რიმლენდ-ჰარტლენდი“ს ამ ძველ, სსრკ-ს დაშლის შემდეგ თითქმის მივიწყებულ ომში, სწორედ „რიმლენდის“ ებრძვიან.

ასე რომ: ის რაც ჩვენთვის საზღვარია, მსოფლიო ძალებისთვის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებათა ერთ-ერთ კვანძადაც შეიძლება იქცეს. აი, სწორედ ეს არის ჩვენი „ანაკლიის კვანძიც“: რიმლენდ-ჰარტლენდის დაპირისპირებაში, ცხადია, მხოლოდ ერთი ეპიზოდია ჯერ არ აშენებული ანაკლიისათვის „ბრძოლა“. გეოპოლიტიკურ სტრატეგიებში ის იმდენად მნიშვნელოვანიც არ არის, მაგრამ ჩვენთვის, შესაძლოა საბედისწერო გახდეს!

ვისი იქნება ეს პორტი? საქართველოსი? ამერიკისა? ჩინეთისა? თუ სულაც ეშმაკებისა, ე.ი. რუსეთისა? საკითხავი, აი ეს არის. ხაზარაძე-ჯაფარიძისა და ივანიშვილის „ბრძოლაც“ ამ „ანაკლიის კვანძის“ ნაწილია. როგორც ჩანს.

მთავარი კი ეს არის - ეს, ანუ გეოპოლიტიკის გეოგრაფიული დეტერმინიზმი, რაც რუსეთმა გააცოცხლა (სხვათა შორის, ამაში სააკაშვილიც დაეხმარა) საბედისწერო არ აღმოჩნდეს ჩვენთვის; „ანაკლიის კვანძის“ გახსნა „გორდიას კვანძის“ ხმლით გადაწყვეტას არ უნდა დაემსგავსოს; საერთოდაც, გეოპოლიტიკურ დაპირისპირებათა ასპარეზად საქართველოს სა-ზღვ-რები, უნდა ვეცადოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადაიქცეს;

პორტი ჩვენ თუ არ დაგვრჩება, ჯობს, სულაც ნუ აშენდება, რადგან სხვების საომარ ლელოდ საქართველოს გამეტება პატრიოტიზმი ნამდვილად არ არის!