სახალხო დამცველის კიდევ ერთი კანდიდატურა

სახალხო დამცველის კიდევ ერთი კანდიდატურა

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში პატიმრების ოჯახის წევრების საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ და საზოგადოებას სახალხო დამცველის ახალი კანდიდატურა წარუგდინეს. პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებით, მათი სურვილია, რომ აღნიშნული თანამდებობა სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია იმნაძემ დაიკავოს.

პატიმართა ოჯახის წევრების საინიციატივო ჯგუფის წევრის, ნანა შუღლიაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატურას ამ სფეროში მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს, კომპეტენტურია, პრინციპული და დამსახურება გააჩნია პატიმრების წინაშე.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საქართველოს სახალხო დამცველის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წარმოგიდგინოთ ქალბატონი ნათია იმნაძის კანდიდატურა. იგი დაიბადა 1975 წელს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე დაამთავრა საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი. 2002-2005 წლებში საფრანგეთის სხვადასხვა იურიდიულ ორგანიზაციებში მუშაობდა. 2006 წელს საქართველოში ჩამოვიდა და აქ გააგრძელა მოღვაწეობა“, - აცხადებს ნანა შუღლიაშვილი ნათია იმნაძის წარდგენისას.

2008 წლიდან ნათია იმნაძე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მუშაობს. პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებით, ნათია იმნაძე კვალიფიციური სპეციალისტია, რომლისთვისაც სამართლიანობის პრინციპის დაცვა ცხოვრების კრედოს წარმოადგენს. ამასთანავე, ნანა შუღლიაშვილი ნათია იმნაძის პიროვნულ თვისებებსაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ იმნაძე პრინციპული, დაუღალავი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანია და როგორც თანამშრომლებში, ასევე მის დასაცავ პირებს შორის დიდი ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობს.

„აქვე აუცილებელია აღინიშნოს ის უდიდესი პატივისცემა, რომლითაც ქალბატონი ნათია სარგებლობს პატიმართა და მათი ოჯახების წებრებს შორის. მათ შორის ერთ-ერთი ვარ, მე, რომელსაც ორი პატიმარი მყავს. სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგისა და პრევენციის დეპარტამენტის უფროსის, ქალბატონ ნათია იმნაძის ხელმძღვანელობით მინიტორინგის ჯგუფი წლების განმავლობაში მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდა და ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მისი დიდი დამსახურებაა, რომ საპარლამენტო, თუ სპეციალურ ანგარიშებში საპატიმროებში არსებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები რეალურად არის ასახული.

იმ საზარელი კადრების ჩვენების შემდეგ, რაც სექტემბერში გახდა საჯარო, ყველა მოქალაქე დარწმუნდა, რომ ფაქტები, რაზეც მონიტორინგის ჯგუფი ნათია იმნაძის ხელმძღვანელობით ყურადღებას ამახვილებდა, სრული სიმართლეა“, - ამბობს ნანა შუღლიაშვილი.

აქვე იგი აღნიშნავს, რომ ნათია იმნაძე მედიასთანაც აქტიურად თანამშრომლობს და თავის პრინციპულ პოზიციას ოპონენტებთან კამათშიც არგუმენტირებულად იცავს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პატიმართა ოჯახის წევრების საინიციატივო ჯგუფი სახალხო დამცველის კადიდატად ნათია იმნაძეს წარადგენს და ამ თხოვნით უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტსაც მიმართავს.

საინიციატივი ჯგუფის წევრების განცხადებით, ამ მოთხოვნას დაახლოებით 2000-მდე პატიმრის ოჯახის წევრი აწერს ხელს, მაგრამ ხელმოწერების შეგროვების პროცესი გრძელდება, რათა პარლამენტში მათთვის სასურველი კანდიდატურის წარდგენისას, რაც შეიძლება მეტი ხელმოწერა ჰქონდეთ. აქვე ნანა შუღლიაშვილი აღნიშნავს, რომ სხვა კანდიდატების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ ამ საინიციატივო ჯგუფის წევრების სასურველი კანდიდატი სწორედ ნათია იმნაძეა.

აღსანიშნავია, რომ დღეს დილით პატიმართა ოჯახის წევრების საინიციატივო ჯგუფმა გლდანის მერვე საპყრობილესთან აქცია გამართა, რა დროსაც მათსა და კიდევ ერთი კანდიდატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის მხარდამჭერ პატიმრების ოჯახის წევრებს შორის ინციდენტი მოხდა. კერძოდ, ნანა შუღლიაშვილის განცხადებით, იმ დროს, როდესაც ის და მისი თანამოაზრეები ჟურნალისტებს ესაუბრებოდნენ, მათთან დიმიტრი ლორთქიფანიძის მხარდამჭერები მივიდნენ და ჩხუბი დაუწყეს, რატომ ლორთქიფანიძეს არ უჭერთო მხარს. შუღლიაშვილი და მისი თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ლორთქიფანიძესაც პატივს სცემენ, მაგრამ სახალხო დამცველად ნათია იმნაძეს დანიშვნა სურთ და ეს მათი და მათი ოჯახის წევრი პატიმრების პოზიციაა.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, სახალხო დამცველის კანდიდატურას პარლამენტს დასამტკიცებლად საპარლამენტო ფრაცია წარუდგენს. შესაძლებელია, რომ თავად ფრაქციას კანდიდატურა პოლიტიკურმა პარტიამ, ან საინიციატივო ჯგუფმა წარუდგინოს. ნანა შუღლიაშვილი ჯერ ვერ აკონკრეტებს, რომელ ფრაქციას წარუდგენენ ნათია იმნაძის კანდიდატურას, თუმცა ამბობს, რომ როდესაც პატიმრების ოჯახის წევრები ხელმოწერების შეგროვებას მორჩებიან, ეს თხოვნა პარლამენტს აუცილებლად წარედგინება და დეპუტატებთან ამ თემაზე მოლაპარაკებები გაიმართება.