ვარდებით მოსული ხელისუფლება ერთი წლის თავზე საკმაოდ გავლენიან და ნიჭიერ პოლიტიკურ ფიგურად აღიარებული პრემიერ-მინისტრის გარეშე დარჩა. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება დღემდე იდუმალებით არის მოცული და მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ვერსია უბედური შემთხვევის შესახებ, მხოლოდ რამდენიმე კაცისთვის აღმოჩნდა დამაჯერებელი. მას შემდეგ 7 წელი გავიდა, საქმე ბოლომდე არ გამოძიებულა და მერაბიშვილის ვერსიაც არც ქართული საზოგადოებისთვის და არც ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვის კვლავ არ არის დამაჯერებელი.
„ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში დამარცხებისთანავე ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელმა და მეგობარმა ხათუნა ხოფერიამ სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში შესაძლებლად მიიჩნევს გამოძიების ხელახლა დაწყებას, რომ არსებობს ფაქტები, რაც ახალმა გამოძიებამ შეიძლება გაითვალისწინოს.
„რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა პიროვნება, რომელსაც აწამებდნენ ქონების დასათმობად. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, ამ ხელებით დავახრჩვე ჟვანია და შენ რისი იმედი გაქვსო. მან დაასახელა გვარი. როდესაც საქმის ძიება დაიწყება, ეს პიროვნება მზად არის, მივიდეს და მისცეს ჩვენება ამ პიროვნების წინააღმდეგ და ასეთი ბევრი ფაქტია“, -განაცხადა ხათუნა ხოფერიამ. რამდენიმე დღის წინ ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ for.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ძმის მკვლელობის ინსცენირებაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჟვანიას მეგობარი გიორგი ბარამიძე და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი მონაწილეობდნენ. ჟვანიას საქმის გაყალბებას კი სააკაშვილის დავალებით უშუალოდ ახორციელებდა მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. გოგლა ჟვანია, იმასაც ამბობს, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც უბედურ შემთხვევას გამორიცხავს.
ვის და რატომ შეიძლებოდა მოეკლა ზურაბ ჟვანია 7 წლის შემდეგაც აქტუალურია. რატომ დაირღვა დიდი ხნის დუმილი, ამ თემაზე ზურაბ ჟვანიას მეგობარი და თანაგუნდელი ხათუნა ხოფერია გვესაუბრება.
ქალბატონო ხათუნა, დიდი ხნის შემდეგ დუმილი დაარღვიეთ და თქვით, რომ არის ახალი გარემოებები, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ადამიანი ვისაც პირდაპირ უთხრეს, „ამ ხელებით დავახრჩვე ზურაბ ჟვანია“...
- ახალ გარემოებებზე არ მისაუბრია, მე დავასახელე ერთ-ერთი ფაქტი და იქვე აღვნიშნე, რომ ქვეყანაში მომხდარი ცვლილებებიდან გამომდინარე, არის ბევრი ადამიანი, ვინც ფლობს სხვადასხვა ინფორმაციას და მზად არიან, ითანამშრომლონ პროკურატურასთან. და ეს არ ეხება მხოლოდ ჟვანიას საქმეს.
ზოგადად, ქვეყანაში მოიხსნა დაძაბულობა, ტერორი, დაშინება, უნდობლობა. როდესაც არის იმედი, რომ სასამართლო იქნება თავისუფალი, პროკურატურა კი დამოუკიდებელი თავის გამოძიებაში, აქედან გამომდინარე, ადამიანებში გაჩნდა სურვილი, რომ გარკვეულ თემებს ნათელი მოეფინოს - მათ შორის, დავასახელე ერთი ფაქტი.
ახალმა პროკურორმაც აღნიშნა, რომ მისთვის ეს იქნება საქმე №1, რადგან პრაქტიკულად, ქვეყანაში საეჭვო ვითარებაში არის გარდაცვლილი ქვეყნის პირველი ფიგურა.
როგორი პრეზიდენტიც არ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი, იმ რელურ პოლიტიკურ ვითარებაში ზურაბ ჟვანია ნამდვილად იყო პირველი პოლიტიკური ფიგურა ქვეყანაში.
როგორც ვიცით, თქვენ იყავით მეგობრები...
- ჩვენ ვიყავით თანაგუნდელები, ზურა იყო ჩემი პოლიტიკური ლიდერი, იყო ადამიანი, რომელსაც ძალზე დიდ პატივს ვცემდი, უზომოდ დიდი რიდი მქონდა, და რა თქმა უნდა, ის იყო ჩემი მეგობარი.
იმაში, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო, მის ოჯახს, მეგობრების ერთ ნაწილს და თითქმის მთელ საზოგადოებას ეჭვი ეპარება. მთელი ამ წლების განმავლობაში არ მოგვისმენია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივი, თუკი ეს მკვლელობა იყო. მეგობრების და ოჯახის წრეში მაინც თუ იყო საუბარი, ეს ვის აწყობდა?
- ჩემი მხრიდან კი არა, ზურას ოჯახის მხრიდანაც ამ ვითარებაში ნებისმიერი ვერსიის, ვარაუდის გამოთქმა, თუნდაც ჭორის დონეზე, მითუმეტეს, როდესაც ეს არ არის ფაქტებით გამყარებული, ჩაითვლება ზეწოლად პროკურატურაზე.
ვფიქრობ, რომ ახლა არ არის დრო, როდესაც ჩვენს ეჭვებზე შეიძლება საუბარი. ახლა მთავარია ფაქტები. უნდა შევეცადოთ, ფაქტები მივაწოდოთ პროკუტარურას, რომ მან რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად იმუშაოს, რომ დაიდოს დასკვნა.
ეს არის პროკურორის და პროკურატურის პრეროგატივა და ჩვენი მხრიდან ნებისმიერი დამატებითი ვერსია, ვფიქრობ, ხელის შეშლის მეტს არაფერს გააკეთებს.
თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ ის პოლიტიკური ვითარება, რაც იყო იმ პერიოდში, როდესაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?
- პრაქტიკულად ქვეყანაში იყო სამი ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი. 2004 წლის დასაწყისში მოგეხსენებათ იყო საპრეზიდენტო არჩევნები, სამივე პოლიტიკურ ლიდერს ჰქონდა თავისი გავლენა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.
ამავდროულად, ყველას ჰყავდა თავისი გუნდი, რომლებიც საკმაოდ აქტიურები იყვნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ამას პარალელურად ახლდა არა მხოლოდ პოლიტიკური გადანაწილების პროცესი, არამედ ხდებოდა ბიზნეს-გადანაწილება, გავლენების გადანაწილება. თუმცა, მე ამას უკვე ჩამოცილებული ვიყავი, რადგან ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ვმუშაობდი. ანუ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიყავი და ისე აქტიურად აღარ ვიცოდი, შიგნით რა ხდებოდა.
თუმცა, მახსოვს ბევრი გახმაურებული ფაქტი, თუნდაც დაძაბულობა გიორგი ბარამიძესა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, ეს იყო თანამდებობრივი, საკმაოდ გახმაურებული დაპირისპირება, რაც საკმაოდ უმტკივნეულოდ, ძალზე ვაჟკაცურად მოაგვარა ზურაბ ჟვანიამ და იმავე დღეს დაუსვა წერტილი.
რაც შეეხება ეკონომიკურ გადანაწილებას, ამ პერიოდში აქტუალური იყო რამდენიმე თემა, გადაზიდვები, საზღვაო სანაოსნოს, ბათუმის ნავთობტერმინალის საკითხები, სადაც ბუნებრივია, ზურაბ ჟვანია ფიგურირებდა...
- ეს ყველაფერი, რკინიზა, წარმოება და ა.შ. ქართული ეკონომიკის ნაწილი იყო, სადაც ბუნებრივია, ვიღაცეებს ჰქონდათ საკუთარი ინტერესები. მე ვიყავი ერთ-ერთ სფეროში და სხვა სფეროებში რა ხდებოდა, ვერ გეტყვით.
თუმცა, როგორც საბოლოო ჯამში, 2012 წელს დავდექით ფაქტის წინაშე, მანამდეც 2007-ში, რამაც ხალხი გამოიყვანა ქუჩაში და რამაც ზოგადად, ამ ხელისუფლებას მოუღო ბოლო, იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წლების მანძილზე ხდებოდა უზურპაცია არა მარტო ეკონომიკის, არამედ პოლიტიკური სივრცისაც.
იყო დაახლოებით 10-მდე ადამიანი, ვინც მთლიანად ფლობდა ქართულ ბიზნესს და მთელ ეკონომიკურ სივრცეს. საბოლოოდ ასეთი ფინალი დაფიქსირდა და ეს ვიცით ყველამ. ალბათ, იმ პერიოდშიც მიმდინარეობდა რაღაც პროცესები, ასე დაწვრილებით ვერ მოგახსენებთ.
მაშინ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მთელ პროცესებს, რაც საქართველოში ხდებოდა, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობდა ზურაბ ჟვანია. ერთხელ ჟვანიაც და ბურჯანაძეც უცხოეთში იყვნენ და სააკაშვილმა იხუმრა კიდეც, ძლივს მარტო არ დავრჩით სახლშიო. შემდეგ მოხდა ისე, რომ ის პოლიტიკაშიც ჯერ ჟვანიას, შემდეგ ბურჯანაძის გარეშე დარჩა...
- ასეთი გამონათქვამი ნამდვილად არ მახსოვს მიშას მხრიდან, მაგრამ მიშამ რომ მთელი 9 წელი „ადინ დომა“ ითამაშა და კალკინის, პატარა ბიჭის ანალოგი იყო პოლიტიკურ სივრცეში, ეს არის ფაქტი.
უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, მიხეილ სააკაშვილი რეალურ საქართველოში არ ცხოვრობდა, სააკაშვილმა 9 წელი იცხოვრა ჰალუცინაციურ სამყაროში, რომელსაც საქართველო დაარქვა, რომელსაც ხან ლაზიკას უშენებდა, ხან 50 სართულიან სახლებს ჭაობზე, სადაც იყო დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, სადაც იყო ბედნიერი ხალხი. მიშა ამ თავის წარმოსახვაში არსებულ ჰალუცინაციურ საქართველოში ცხოვრობდა, რომელიც რეალობაში არ არსებობდა.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე ეროსი კიწმარიშვილსა და ზურაბ ჟვანიას შორის იმდენად დაიძაბა სიტუაცია, რომ კიწმარიშვილმა საქართველო დატოვა და ამერიკაში ცხოვრობდა. რამდენადაც ცნობილია დაპირისპირება არა „რუსთავი 2-ს“ არამედ გადაზიდვებს უკავშირდებოდა. გაქვთ ინფორმაცია, რეალურად რა მოხდა?
- მე ეს კულუარული ამბები როგორც საქართველოს ნებისმიერმა რიგითმა მოქალაქემ ისე ვიცოდი. რა თქმა უნდა, ზურას ვხვდებოდი, ვესაუბრებოდი, მაგრამ ეს იყო კონკრეტული თემები, რომელიც ეხებოდა იმ სფეროს სადაც მე ვიყავი. მახსოვს, რამდენიმე პერსპექტიული გეგმა იყო, რომელზეც ზურა მესაუბრა, გამაცნო და ერთობლივად ვცდილობდით, გაგვეკეთებინა. დანარჩენ ვერც ერთ კითხვაზე, რაც ეხება პირად თუ ბიზნესურთიერთობებს ან პოლიტიკურ დაპირისპირებებს, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არ ვიქნები კომპეტენტური.
ზურაბ ჟვანიას მეუღლესთან თუ გისაუბრიათ და თუ გამოთქმულა ეჭვები რაიმე ისეთ მიმართულებაზე, რა მიმართულებითაც გამოძიება არ მიმდინარეობდა, მაგალითად ეს რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესში ხომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო...
- გამოძიებას საერთოდ არ უმუშავია. გამოძიების რაღაც ნაწილში იმუშავა ამერიკულმა ექსპერტიზამ, შემდეგ ჩამოვიდა პასუხები. დანარჩენი არაფრის საქმის კურსში არ ვარ, რაზე იმუშვეს, რა მასალები დადეს, დაიდო თუ არა, საერთოდ ეს მასალები...
7 წლის მანძილზე პროკურატურაში საქმე არ არის დახურული. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას არ უმუშავია და საქმე ბოლომდე არ მიუყვანია.
რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, როდის დადებს პროკურატურა მასალებს, რა იქნება მასში, თუ არ იქნება ის პასუხი დამაკმაყოფილებელი, რომ უნდა გასაჩივრდეს, სად უნდა გასაჩივრდეს, რა უნდა გავაკეთოთ, ამ თემებზე საუბარი ნამდვილად გვქონია.
ნინო ამჟამად არ იმყოფება საქართველოში, წასულია უცხოეთში. ზურაბ ჟვანიას უფროსმა ქალიშვილმა იელის უნივერსიტეტში ჩააბარა, ძალიან კარგი შედეგები აქვს და ნინო ლიზიკოსთან არის და მალე დაბრუნდება. ვფიქრობ, ძალიან ბევრი კითხვა ექნება მასაც და ვფიქრობ, თავის პოზიციასაც დააფიქსირებს.
კარგია, როდესაც ასეთი იმედი გვაქვს, გამოძიებაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი კარგად დამთავრდება. მაგრამ არ იქნებოდა ცუდი, საზოგადოებას ზურას შვილებზეც ჰქონოდა ინფორმაცია, ვთვლი, რომ ისინი საქართველოსთვის მართლაც საამაყო ახალგაზრდები არიან. ნინომ თავის მაგივრად და ზურას მაგივრად, ყველაფერი გააკეთა თავისი შვილებისთვის...
რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალზე საინტერესო იქნება ნინო ქადაგიძესთან საუბარი. მანამდე, მინდა გკითხოთ, თქვენი საერთო მეგობრები იყვნენ გია ბარამიძე, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მათგან საჯაროდ არ დასმულა კითხვები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. თქვენთან, ან ზურაბ ჟვანიას ოჯახთან მაინც თუ საუბრობდნენ ამ თემაზე? ზურაბ ჟვანიას ძმამ გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, გია ბარამიძე იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც, სავარაუდოდ, სუფრის სცენის მოწყობაში მონაწილეობდა... გულახდილი საუბრები მათთან ყოფილა?
- ეს ვერსია გოგლა ჟვანიას ეკუთვნის, მე არაფრის თქმა არ შემიძლია. რაც თქვენ მკითხეთ, მეც იგივე კითხვა მაქვს - ვერ ვხვდები, რა დაემართათ ამ ადამიანებს ბოლო 4-5 წლის მანძილზე. რატომ შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება ზურას საქმესთან მიმართებაში.
თუ გაქვთ ინფორმაცია, ნინო ქადაგიძეს ამ თემასთან დაკავშირებით თუ ჰქონია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, ან თვითონ მიხეილ სააკაშვილი თუ დაკავშირებია მას?
- ამ ბოლო წლების მანძილზე ნინოს არ ჰქონია არავისთან შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის არც იმ ადამიანებთან ვინც ჩამოთვალეთ.
თუმცა, გარკვეულ ეტაპზე იყო მათგან ყურადღება, გვერდში ედგნენ, არ იყო ურთიერთობაში დარღვეული არანაირი ცენზი, პატივისცემა, ამაგი ზურას შვილებზე... გარკვეული პერიოდი იყო ისე, როგორც ხდება-ხოლმე ასეთ სიტუაციებში. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, შეიძლება ითქვას, რომ ეს ურთიერთობა უბრალოდ, აღარ არსებობს.
ზურაბ ჟვანია რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, ჯერ კიდევ მის დაკრძალვამდე გავრცელდა ხმები, რომ ოჯახს არაფრის მოსმენა არ სურდა და სასწრაფოდ ითხოვდნენ მკვლელის მოძებნას. ითქვა, რომ მივიდა სააკაშვილი და ოჯახის წევრებს აჩვენა რაღაც ფოტოები, რის შემდეგაც ისინი გაჩუმდნენ და გადაწყვიტეს გამოძიებას დალოდებოდნენ. არის თუ არა ეს სიმართლე, მართლა მოხდა რაღაც ამდაგვარი თუ ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ჭორი?
- არ გამიგია ნამდვილად არაფერი მაგდაგვარი და არ ყოფილა არც ერთი დღე ჟვანიას ოჯახის მხრიდან, რომ მათ ფარ-ხმალი დაეყაროთ და ისინი გაჩუმებულიყვნენ. იყო პერიოდი, როდესაც ისინი იყვნენ დარწმუნებულები, რომ საქართველოს ხელისუფლება, პროკურატურა მუშაობდა ამ თემაზე. რომ დაიდებოდა ვერსიები, დაიდებოდა ფაქტები და ამას ძალიან დიდი ხანი ელოდებოდნენ. მერე დაიწყო ეტაპი, როდესაც მოლოდინსაც არ ჰქონდა აზრი, უკვე ვიცოდით, რომ არანაირი ფაქტების დამდები ეს ხელისუფლება არ იყო.
ეს იყო ხელისუფლება, რომელიც სულ უფრო უარეს დანაშაულს სჩადიოდა ყოველდღიურად და თეთრი ძაფებით კერავდა ყველა საქმეს, რომელიც შედიოდა პროკურატურაში.
ასე რომ, არც ზეწოლას, არც არანაირი ჩვენების მიცემას აზრი არ ჰქონდა. ეს თქვენ, ჟურნალისტებმა იცით ჩემზე უკეთესად. ეს არის ასობით საქმე, მთელი საქართველოს მასშტაბით ასობით მკვლელობა, ასობით გაუბედურებული ოჯახი, უამრავი დაკარგული ადამიანი, რომელიც არც ცოცხლებშია და არც მკვდრებში. როგორ დაამახინჯა იმ ხელისუფლებამ ადამიანების ცხოვრება, ეს ამ ხელისუფლების გამოსაძიებელია. ეს ფაქტები აუცილებლად დაიდება.
რაც მთავარია, ქვეყანაში აღარ არსებობს შიში, და მინდა ვუთხრა ჩემს თანამოქალაქეებს, რომ არანაირი შიშის საფუძველი არ აქვთ. დღეს საქართველოში არის ხელისუფლება, რომელიც მათ და მათ ოჯახებს იცავს. თუ ვინმეს აქვს რაიმე ფაქტები, თუ ვინმემ რაიმე იცის, დღეს არის ის დრო, როდესაც მათ უნდა ითანამშრომლონ პროკურატურასთან. დღეს არის ის დრო, როდესაც მათ შეუძლიათ, ითანამშრომლონ პარლამენტთან. ახლა შეიქმნება თინა ხიდაშელის კომისია, ძალიან კარგი გენერალური პროკურორი გვეყოლება. ძალზე იშვიათად არის ხოლმე, როდესაც არ ვიცნობ ადამიანს, მაგრამ შორიდან იმსახურებს ნდობას სიყვარულსა და პატივისცემას და იუსტიციის მინისტრის შემთხვევაში ასეთი განცდა მაქვს. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ მოიხსნან შიში და მხარში ამოუდგნენ იმ პროცესს, რომელსაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრა ჰქვია, რითაც ჩვენს ქვეყანაში სიმართლის გამარჯვების ხანა უნდა დაიწყოს.
ძალიან მალე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან, მოკლეს ექსპერტი, ვინც ჩაატარა გარდაცვლილი პრემიერის ექსპერტიზა. ლევან სამხარაულის მკვლელმა კი შემდეგ თავი მოიკლა. მკვლელობაც და თვიმკვლელობაც ბევრ ეჭვს ბადებდა, თვითმკვლელობის ადგილზე ორი სხვადასხვა ტყვია იოპვეს. ამან თუ გააჩინა ეჭვები, რომ თავიდანვე რაღაც ისე არ იყო?
- კი, მისმა მკვლელმა თავი მოიკლა ორი სხვადასხვა იარაღით, ანუ ორჯერ მოიკლა თავი... ყველაფერი, ძალიან ბევრი ფაქტი, ამ 7 წლის მანძილზე, რაც ზურა გადაიცვალა, ბადებდა ეჭვს.
ბევრი რამ იყო, რაც მოდიოდა ჩვენს ყურამდე, ვიღაცის ნათქვამი, ვიღაცის ჩადენილი დანაშაული, ვიღაცისგან ძალადობით მიღებული აღიარება. ფაქტები თუნდაც იმისი, რომ ზურას დაცვის ორივე წევრი საკმაოდ კარგ თანამდებობაზე დაინიშნა და ძალიან კარგად იყვნენ მოკალათებულები.
ძალიან ბევრი ფაქტი იყო, მაგრამ საქართველოში იყო ხელისუფლება, რომლის პირობებში ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობდა. გულადობასაც და სიმამაცესაც ჭკუა სჭირდება. უჭკუო თავგანწირვა არავის არ სჭირდება. იმ პერიოდში რაც არ უნდა უშიშარი ყოფილიყავი, ნებისმიერ ნათქვამს, სიტყვას და ფაქტს არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადან ისევ ისეთივე მსხვილი, თეთრი ძაფით შეიკერებოდა ნებისმიერი საქმე.
ასე რომ, ბევრი კითხვები გვქონდა, ერთმანეთში ბევრ რაღაცას ვიხილავდით, მაგრამ ყველანი ვიყავით გაჩუმებულები, რადგან ამ გაჩუმებასაც ჰქონდა თავისი მიზეზი და გამართლება, რადგან არ შეიძლება, კედელს შეაყარო ცერცვი. ის ხელისუფლება იყო კედელი, რომლის იქითაც არაფერი აღარ არსებობდა, გარდა იმისა, რომ მათ უნდა ეშოვათ ფული, ყველაფერი უნდა ყოფილიყო მათი. მათთვის არ არსებობდა წინააღმდეგობა, არ არსებობდნენ ადამიანები, რომლის სიცოცხლეც ძვირფასი იყო, თუ ისინი ხელს უშლიდნენ რაიმე მიზნის მიღწევაში.
ამიტომაც იყო, რომ არავინ არაფერს ამბობდა, თორემ ახალგაზრდა, საკმაოდ წესიერი, როგორც ამბობდნენ სამხარაულზე, ადამიანის გარდაცვალება, რომელიც თავის ქალაქში ჩავიდა და ის ვიღაცამ მოკლა, მერე მკვლელი სახლში დაბრუნდა და ორჯერ მოიკლა თავი, რა თქმა უნდა, რაღაც ეჭვებს ბადებდა, მაგრამ ამაზე ვერ გიპასუხებთ.
ამ ყველაფერს დაადგენს არჩილ კბილაშვილი, საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი, რომელსაც მე, პირადად, ვუცხადებ ძალზე დიდ ნდობას.