„ბარსელონამ“ „ინტერს“ ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის იჯარის წესით აყვანაზე უარი შეუთვალა - წერს Mundo Deportivo. წყაროს ცნობით, იტალიურ კლუბს ჩილელის ერთწლიანი იჯარით და შემდეგი გამოსყიდვის უფლებით აყვანა სურდა. მაგრამ, კატალონიელებს სრულფასოვანი ტრანსფერი სურდათ. ისინი ჩილელს 20 მილიონ ევროდ აფასებენ.
ვიდალი „ბარსელონაში“ შარშან გადავიდა „ბაიერნიდან“ 18 მილიონ ევროდ. გასულ სეზონში 32 წლის შუახაზელმა ესპანეთის ჩემპიონატის 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა (22 ძირითად შემადგენლობაში), სამი ბურთი გაიტანა და შვიდჯერ საგოლედ უპასა. ამდენჯერვე მიიღო ყვითელი ბარათი. მისი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.