ევროპის 2021 წლის წინასაკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. გაირკვა გუნდები, რომლებიც ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში დარჩენილ 4 ადგილს შეავსებენ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველების მეტოქე მიმდინარე ტურნირზე შვეიცარიის გუნდი იქნება, მანამდე მიმდინარე წლის 22 ივლისს მიუნხენში გამართულ ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრაზე ჯგუფში საქართველოს მეტოქეებად სერბეთი და ფინეთი შეირჩა, ხოლო მესამე ოპონენტი ისლანდიას, შვეიცარიას და პორტუგალიას შორის უნდა გარკვეულიყო.
საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც ევრობასკეტ 2021-ის კიდევ 3 მასპინძელი ქვეყანა – ჩეხეთი, იტალია, გერმანია – შესარჩევ ტურნირში კონკურსის გარეშე თამაშობენ და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე გასულები არიან.
ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები გაიმართება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) მიერ დადგენილი 3 ფანჯრის პერიოდში: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერს-1 დეკემბერს და 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს. თამაშები გაიმართება გასვლა-სახლის პრინციპით.
ევრობასკეტის მასპინძელთა საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის გადაწყვეტილება FIBA-მ იმისთვის მიიღო, რომ საქართველოს, იტალიას, გერმანიასა და ჩეხეთს მომავალი 2 წლის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეთ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი კონტინენტზე გამართულ მატჩებსა და მის თანმხლებ სხვადასხვა აქტივობებში.
გათამაშების ფორმატის თანახმად, ევრობასკეტის 24 საგზურს თითოეული (8) ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა იყო.
2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება საქართველომ 15 ივლისს მიუნხენში გამართულ კენჭისყრაზე მოიპოვა.