პუტინმა პირველად შეაფასა მოსკოვის საპროტესტო გამოსვლები

პუტინმა პირველად შეაფასა მოსკოვის საპროტესტო გამოსვლები

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად შეაფასა მოსკოვში ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლები. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„რაც შეეხება მოსკოვში მომხდარ არეულობებს, ეს საარჩევნო ციკლს უკავშირდება. სექტემბერში ჩვენთან ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. 2014 წელს, წინა არჩევნებზე 111 კანდიდატი არ დაარეგისტრირეს, ამჯერად მათი რიცხვი 57-მდე შემცირდა. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ კანდიდატებმა ყალბი ხელმოწერები წარმოადგინეს. თუ ვინმე ამას არ ეთანხმება, ამისთვის არსებობს სასამართლო. სხვათა შორის, რამდენიმე კანდიდატმა სასამართლოში საკუთარი სიმართლე დაამტკიცა და მაინც დარეგისტრირდა. ასე რომ პრეცედენტები არსებობს.

რაც შეეხება აქციებს, მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, ხელისუფლებამ კი ამ უფლების რეალიზება უნდა უზრუნველყოს. მაგრამ არავის აქვს უფლება დაარღვიოს კანონი და ხელისუფლებასთან შეტაკებებამდე მიიყვანოს საქმე. ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, სათანადოდ უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები სხვა ქვეყნებშიც იმართება, და მაგალითად „ყვითელი ჟილეტების“ აქციები მოიყვანა.

„მე ახლა სტუმრად ვიმყოფები და თავს უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო. ჩვენი ინფორმაციით, „ყვითელი ჟილეტების“ აქციების დროს 11 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 2500 ადამიანი, მათ შორის 2000 პოლიციელი. არ გვინდა, რომ ანალოგიური მოვლენები მოსკოვში განმეორდეს, და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტუაცია კანონის ფარგლებს არ გასცდეს“, - განაცხადა პუტინმა.