ადვოკატი მამუკა ნოზაძე გიორგი ბარათელის დაკითხვას ითხოვს

ადვოკატი მამუკა ნოზაძე გიორგი ბარათელის დაკითხვას ითხოვს

აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე შვეიცარიიდან სამშობლოში დაბრუნდა. გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ იუსტიციის ახალი მინისტრის თეა წულუკიანის სახელზე განცხადება შეიტანა, რომლითაც იგი ბარათელის დაკითხვას ითხოვს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლი, ამჟამად მსჯავრდებული გიორგი ჩიხლაძე, გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად მზადაა. უახლოეს დღეებში გურამ შარაძის ოჯახი ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

ეს სიახლეები for.ge-მ ადვოკატ მამუკა ნოზაძისა და რუსუდან შარაძისგან შეიტყო. ისინი იმედოვნებენ, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება ობიექტურად წარიმართება, ოფიციალურად დადასტურდება, რომ გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს და ნამდვილი მკვლელი გამოვლინდება.

თეა წულუკიანის სახელზე შეტანილი განცხადება ასეთი შინაარსისაა:

„მიმაჩნია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში განთავსებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ბარათელი, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტზე სასჯელს უკანონოდ იხდის და იგი მსხვერპლია სააკაშვილის რეჟიმის და იმ უსამართლობის, რაც ძველი ხელისუფლების გამო  გამეფებული იყო.

გიორგი ბარათელი წლების მანძილზე ვერ ამბობდა სიმართლეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საფრთხე ემუქრებოდა მის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. გიორგი ბარათელმა 2012 წლის 23 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, მოითხოვა გამოძიების დაწყება მის მიმართ ჩადენილი უკანონობის გამო, გურამ შარაძის მკვლელობის ხელახალ გამოძიებასთან მიმართებაში და მოითხოვა დაკითხვა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად.

გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ დაიკითხოს გიორგი ბარათელი, რათა ნათელი მოეფინოს გურამ შარაძის მკვლელობას და იმ დანაშაულებრივ უკანონობას, რაც ჩადენილ იქნა გიორგი ბარათელის მიმართ“.

24 ოქტომბერს ადვოკატ მამუკა ნოზაძეს მსჯავრდებულმა გიორგი ჩიხლაძემ სიტყვიერი პირობა მისცა, რომ იგი მზადაა გამოძიებას ჩვენება მისცეს:

„ვესაუბრე ჩიხლაძის ინტერესების დამცველ ადვოკატს ედიშერ ქარჩავას. მან დამიდასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ჩიხრაძე ჩვენების მისაცემად მზად იყო. 24 ოქტომბერს გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ მსჯავრდებულთან შესახვედრად გახლდით მისული. გიორგი ჩიხლაძე თავად გამომელაპარაკა და განმიცხადა, რომ მას დათა ახალაიამ პირდაპირ უთხრა, რომ თუ მის ნება-სურვილს არ დაემორჩილებოდა და იმას არ იტყოდა, რაც ახალაიას უნდოდა, ისევე მოკლავდა და გაუსწორდებოდა, როგორც გაუსწორდა გურამ შარაძეს. დაზუსტების მიზნით შევეკითხე, რომ მზად იყო თუ არა ჩვენების მისაცემად. მან დამიდასტურა, რომ ჩვენების მისაცემად მზად არის. ანუ ის მზადაა გამოძიებას ჩვენების სახით უთხრას ის, რაც მას დათა ახალაიამ უთხრა. ეს არის იმის ირიბი მტკიცებულება, რომ გურამ შარაძე ხელისუფლების მხრიდან იქნა მოკლული, რადგან დათა ახალაია იყო ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი“.

მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ 29 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს განცხადებით დამატებით მიმართავს - „ჩვენ მუდმივად შევახსენებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, რომ მოხდეს ამ საქმის სრულფასოვანი გამოძიება და დადგინდეს ვინ ჩაიდინა გურამ შარაძის მკვლელობა. ამ საქმის გამო გიორგი ბარათელი სასჯელს ხუთწელიწადნახევარია უკანონოდ იხდის და ბუნებრივია, ჩემი ინტერესი ისიც არის, რომ ბარათელი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს, რადგან მას გურამ შარაძე არ მოუკლავს“.