არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ კონცერტებში ბევრი მომღერალი მონაწილეობდა. ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ ზოგიერთმა კონცერტებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ზოგი კი იმ მოტივით, რომ მომღერალია და სადაც დაუძახებენ, ყველგან იმღერებს, წინასაარჩევნო გამოსვლებს აგრძელებდა. ზოგსაც მართლა გულით უყვარდა და მოსწონდა ხელისუფლება და ამას არც მალავდნენ. მოკლედ, არჩევნები დამთავრდა და ბევრ რამეს მოეფინა ნათელი.
სამთავრობო კონცერტებს რომ კახუჩელა და სტეფანე ლობირებდნენ, სოლიდურ გასამრჯელოებს იღებდნენ და საკუთარი გემოვნებით არჩევდნენ მონაწილე მომღერლებს, ამაზე მანამდეც ბევრი ლაპარაკობდა, თუმცა ბოლოს იმაზეც ალაპარაკდა ხალხი, რომ მათ უკან თბილისის მერის ცოლი ლელა კილაძე იდგა, რომელიც, როგორც ამბობენ, ერთპიროვნულად წყვეტდა ყველაფერს.
მოკლედ, როგორც გავიგე, არჩევნებამდე მომღერლები შეუკრებიათ და უთქვამთ, რომ ყველა კონცერტზე ერთ, მაქსიმუმ ორ სიმღერას შეასრულებდნენ და ამაში 1000 ლარს გადაუხდიდნენ. გამონაკლისი მხოლოდ ლელა წურწუმია და მერაბ სეფაშვილი ყოფილან, რომლებსაც 2500 ლარს შეჰპირდნენ. ეს ამბავი დუეტ "ჯორჯიას" გაუპროტესტებია. რადგან ორნი ვართ, ჩვენ იმდენი გადაგვიხადეთ, რომ რამდენსაც დანარჩენ მომღერლებს უხდით, იმდენი შეგვხვდესო. მათი პროტესტი არ გაუთვალისწინებიათ და დუეტ "ჯორჯიასაც" გადაუწყვეტია, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხარდამჭერ კონცერტებში არ მიეღო მონაწილეობა. ჭორის გადასამოწმებლად რატი დურგლიშვილს დავურეკე.
- რატი, დუეტმა "ჯორჯიამ" რატომ თქვა სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობაზე უარი?
- ჩვენ მართლაც არ მიგვიღია ამ კონცერტებში მონაწილეობა. მე და მაკამ ვთქვით, რომ მსმენელი ორივე მხარეს გვყავს.
- თუ იყავით იმ შეხვედრაზე, სადაც მომღერლებს კონცერტებში მონაწილეობა შესთავაზეს და თქვენ თანხის ოდენობა გააპროტესტეთ?
- ეს ძალიან პირადული საკითხია. ზოგადად თანხებზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. ჩემი აზრით, ეს საკითხი მკითხველისთვისაც მეორეხარისხოვანი უნდა იყოს.
- თანხაზე რომ შეთანხმებულიყავით, მიიღებდით კონცერტებში მონაწილეობას?
- თანხის გარდა კიდევ სხვა საკითხები იყო.
- კიდევ რა მიზეზით თქვით უარი ხელისუფლების მხარდამჭერ კონცერტში მონაწილეობაზე?
- ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ. ბევრი სხვა მიზეზი გვქონდა იმისთვის, რომ ამ კონცერტებში მონაწილეობა არ მიგვეღო. უბრალოდ, ახლა არ არის საჭირო ამ ყველაფერზე ლაპარაკი.
- მაინც ჩაგეკითხებით, თანხაზე საუბარი არ ყოფილა?
- თავისთავად იყო თანხაზეც საუბარი, თუმცა ეს არ ყოფილა მთავარი, რის გამოც კონცერტებში მონაწილეობაზე უარი ვთქვით.
- ანუ, შენი და მაკას პოლიტიკურმა შეხედულებამ ითამაშა ამაში რაიმე როლი?
- არა, სულ სხვა პირადული ამბავი იყო. არ გეწყინოთ, მაგრამ დაახლოებით ისეთ კითხვას მისვამთ, სახლში რომ მივდივარ, რას ვჭამ.
- ვერ დაგეთანხმებით. ბევრად განსხვავებულ კითხვებს ვსვამ.
- მთავარი ისაა, რომ ჩვენ არ გვინდოდა ამ კონცერტებში მონაწილეობა. პასუხი ყველა კითხვაზე მაქვს... უბრალოდ, მე მომღერალი ვარ და მსგავსი საკითხები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. მომღერალი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და როცა მთავაზობენ რომელიმე კონცერტში მონაწილეობას, ან ვთანხმდები, ან - არა.
მოკლედ, ამ შემთხვევაში რატი გულახდილობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, თუმცა, ვფიქრობთ, მკითხველს დასკვნების გამოტანა არ გაუჭირდება.