ერთი ყმაწვილი ქალი იყო. წავიდა წყლის მოსატანად. წყლის პირას დაჯდა ხის ძირში. იფიქრა: „მე რომ გავთხოვდე, შვილი მომეცემა, წყალზე ჩამოვა, ამ ხეზე ავაო, ხიდან რომ ჩამოვარდეს, ამ წყალში ჩავარდება და დამეხრჩობაო – უი, შენ დედასაო“. მოჰყვა ტირილს. ამასობაში დედაც აქ მოვიდა და ქალს კითხა: „რა გატირებს შვილოო“? „რაღა რა მატირებსო – უთხრა ქალმა, – რომ გავთხოვდე და შვილი მომეცეს, აქ მოვა, ხეზე ავა, ჩამივარდება წყალში, დამეღუპება და ბებიას ვიღა დაგიძახებს, როგორ არ ვიტიროო“. „უი შენს დედასა, ეგ რა მოგსვლიაო!“ – დაიწყო დედამ მოთქმა და მოჰყვა ტირილს...
(„ტყუილი ტირილი“ – ქართული ხალხური ზღაპარი)
საქათმეში შეპარულა მელა...
შეიპარა და იქაურობა კარგად მიათვალიერ–მოათვალიერა – ვის ვტაცო პირი, პირველ რიგში რომელი შევსანსლოო. ქათმები ჯგუფ–ჯგუფად ისხდნენ და ერთმანეთს ყურში რაღაცეებს ეჩურჩულებოდნენ. მელამ მიაყურადა. ერთი ჯგუფი პეტუხების უფლებების დაცვაზე მსჯელობდა, მეორე ჯგუფს დედლების უფლებების დაცვაზე გაემართა სჯა–ბაასი, მესამე ჯგუფი ეკოლოგიურ პრობლემებს აეღელვებინა – სკინტლის დროულად გატანის პრობლემატიკაზე მრგვალი ქანდარის მოწყობის პერსპექტივაზე კრიახებდნენ, მეოთხე ჯგუფს კრიახის თავისუფლებაზე აეტეხა კრიახი. მეზობელ საქათმეებში მიღებულ გამოცდილებას უზიარებდნენ ერთმანეთს, სერთიფიკატებით მარიაჟობდნენ... მელა კუთხეში, სიბნელეში დაიმალა, ქათმები უფრო დაკვირვებით შეათვალიერა. ასეთი გაქუცული, ძუნძგლიან–ბურტყლიანი და უჯიშო ქათმები ჯერ არ ენახა. „პატრონი არ ყავთ?“ – გაიფიქრა მელამ. პატრონი კი, მართლაც არ ყავდათ და, ჩვენში რომ დარჩეს – არც ჭირდებოდათ. რად უნდა ქათამს პატრონი? ქათამს უნდა დონორი.
ამ ზღაპრულ სინამდვილეს სევდიანი დასასრული აქვს – საქათმეში ჯერ მამალმა შეირბინა და ყველანი დაჩინჩლა, შემდეგ ადამიანის ხელი გამოჩნდა, რომელმაც პირველივე ქათამს სტაცა ხელი (რომელიც იმ მომენტში ჩიჩახვჩახლეჩილი ამტკიცებდა, რომ გამოთქმა – „ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედა“ – შეურაცხმყოფელია იმ ქათმებისთვის, რომლებიც წყალს თვალდახუჭულნი სვამენ), შემდეგ კი მელაკუდას ჯერი დადგა და ალბათ კარგად ხვდებით, რა ამბავსაც დაატრიალებდა მწითური კუდბათქუნა.
რა უნდა ექნათ ქათმებს? რაც შეეძლოთ ილანძღებოდნენ, იწყევლებოდნენ, იგინებოდნენ... ცას წვდებოდა მათი სკაბრეზი. „გაგეუპატიურათ საუკეთესოთა და გულისხმიერთა უკანალი?“ – ახლომდებარე კოპიტის ტოტიდან ნიშნისმოგებით დასჩხაოდა ბოროტი ქორი.
მხოლოდ ერთი ქათამი გადარჩა. იგი ამჟამად მუშაობს გრანტის მოსაპოვებელ პროექტზე სახელწოდებით „სიძულვილის კრიახი ჩვენი სოფლის სინამდვილეში“.
ეს არის და ეს. ქატო იქა, მჭადი აქა. ჰო... კინაღამ დამავიწყდა... „სამოქათამო საზოგადოება“ – ასე ეწერა საქათმეს, ხოლო გადარჩენილ ქათამს, რომელიც დონორს გამორჩეულად უყვარდა, „ინტერნიუსი“ ერქვა.
გუშინ არტურ კონან დოილის „უკაცრიელი სახლი“ გადავმალე – ემანდ დევნილები არ შევარდნენ–მეთქი. მთელი ეს წლები თავისთვის იდო თაროზე, შევხედავდი და პროფესორი მორიარტი და პოლკოვნიკი სებასტიან მორანი მახსენდებოდა. გადავმალე, მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს. მეშინია, რომ სახლს დაიკავებენ, მაგრამ დამკავებლებსაც ეშინიათ, ოღონდ სიბნელის – თელასის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან. ეშინიათ შიმშილის – გაფიცვას ფოთის პორტის თანამშრომლებიც აპირებენ და რომც გადაიფიქრონ, პროდუქტი აქამდე მაინც ვერ ჩამოაღწევს – გაფიცვა რკინიგზელებსაც გადაუწყვეტიათ და ავტობანის მშენებლებსაც. ერთადერთი, ვისი გაფიცვაც არავის აღელვებს, „პირველი კავკასიურია“. მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ბიუჯეტიდან შევიტყეთ, ბიუჯეტი კი აბა რამდენმა იცის?
ვზივარ და შიშით ველი, როდის დაიკავებენ, როდის გადაკეტავენ, როდის გადმოკეტავენ, ანუ როდის გაიფიცებიან. ვზივარ და ვნატრობ: რა მოხდება, რომ ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციებიც გაიფიცონ, უარი თქვან გრანტების მიღებაზე, უარი თქვან ყველაფრის კომენტირებაზე, უარი თქვან ყველაფერში ცხვირის ჩაყოფაზე, რადგან ცხვირები აქვთ მოუხოცავი, კომენტარები – უაზრო, ხოლო მადა – დაუოკებელი. მადა ფაქა...
ეგ იქით იყოს და, მთელი გასული კვირა სულ ასეთი ინფორმაციები ვრცელდებოდა – „საზოგადოების წარმომადგენლები (სახელები, გვარები) მოითხოვენ, რომ (სამინისტროს დასახელება) მინისტრის მოადგილედ (სახელი გვარი) დაინიშნოს“. შემდეგ, არ წერია, მაგრამ იგულისხმება: „თუ არა და, ნუ!!!“
„თუ არა და, ნუ!!!“–ს, რა თქმა უნდა, სახელები და გვარები ფიქრობენ, რასაც სახელი და გვარი მშვენივრად ხვდება, მაგრამ კარგად ახსოვს „ცდა ბედის მონახევრეაო“ და „ბედი მომეცი და, თუ გინდა, სანეხვეზე გადამაგდეო“.
საზოგადოების წარმომადგენლებიც რომ გაიფიცონ? რა მოხდება მაშინ? იმის გაფიქრებაც კი მეშინია, რომ ერთ არამშვენიერ და უსაშინლეს დღეს აღარაფერს დაწერს მაყვალა გონაშვილი, აღარაფერს ითამაშებს ია ნინიძე და აღარაფერს აათამაშებს დავით ოქიტაშვილი.
„საზოგადოება, დიდი ხანია, ელოდება ძირეულ ცვლილებებს კულტურის სამინისტროში, რაც ჭეშმარიტი ქართული კულტურის მხარდაჭერას გულისხმობს. დღეს ქართული მწერლობა, მუსიკა, კინო, თეატრი, მხატვრობა ელოდება განსაკუთრებულ ყურადღებას. ამ ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინ იქნებიან მინისტრის მოადგილეები...“ – ა, ბატონო... მერე იტყვიან, რატომ მოკვდა კინო, რატომ ღაფავს სულს თეატრი, რატომ ქვია ნინა წკრიალაშვილს მომღერალი და რატომ გაბლატავდა ერეკლე დეისაძეო.
მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ ამ ხალხს თავით უნდა მიდგომა, და ამიტომ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ ზინედინ ზიდანის დანიშვნას ვითხოვ.
„ჩვენი მოქლაქეობრივი ვალია მკაცრად მოვითხოვოთ ხელმძღვანელ პოზიციებზე დაინიშნონ ადამიანები, ვინც ადამიანებად ჩაგვთვლიან, მოგვისმენენ, სიტყვებით მოგვეფერებიან და რეალურად იზრუნებენ ჩვენზე. ჩვენი მოთხოვნაა ერთ-ერთ მოადგილედ დაინიშნოს ქალბატონი ლელა გულედანი, რომელიც...“ – ამას დევნილები აცხადებენ და მე მჯერა, რომ ეს ქალბატონი კანდიდატურაა,მაგრამ ერთია „მჯერა“ და მეორეა – „ვხვდები“. ვხვდები, ამ ქალბატონს არ გაუგია, რომ „მჯობნის მჯობნი არ დაილევა“.
აქამდე სად იყავით, თქვე დალოცვილებო? აქამდე რატომ არ იღებდით ხმას, თქვე კულტურიდან დევნილებო? შანტაჟის სუნი მცემს და საბოტაჟის სუნი ასდის. არ მომწონს. ვისაც მოწონს, გავატაროთ?
გასულ კვირაში პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. უმრავლესობა მხარს რომ დაუჭერდა, ეს წინდაწინვე იყო ცნობილი. მოვლენებს ოდნავ წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ უმცირესობაში წყენას ვერ მალავდნენ – ეჰო, აფსუს, რა კარგი პროგრამა გქონდათ და დღეს რაც ილაპარაკეთ, სულ სხვააო, აბაო – მოთქვამდნენ უმცირესობის მსხვილი წარმომადგენლები, გაბაშვილი და სხვები – ამის შემდეგ მხარი როგორ უნდა დაგიჭიროთო?
მაგრამ საქმე იმაშია, რომ გაბაშვილი, წიკლაური და სხვები, სანამ ივანიშვილს შეხვდებოდნენ, ერთი კვირით ადრე აცხადებდნენ, მხარს არ დავუჭერთო, ერთი თვით ადრე კი, ლამის საერთოდ დასაჭერად გაუხადეს საქმე. ასეთები არიან გაბაშვილი, წიკლაური, ცისკარიშვილი და სხვები. ისხდნენ და იქედნურად იკრიჭებოდნენ. რა ენაღვლებათ – ჭიათურელ პენსიონერებს კბილები დააძრეს და თვითონ ჩაისვეს. გაღიმებული საქართველოო და... კბილებდაკრეჭილი უმცირესობა შეგვრჩა ხელში.
„ახლა რომც დათმოს ეს წილი, ეჭვები მაინც დარჩება და მას ვერაფერი მოხსნის. ამიტომ მის მინისტრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს, თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ დოკუმენტურად უნდა იქნას ეს დადასტურებული“, - აღნიშნა გივი თარგამაძემ (და სხვებმაც – გაბაშვილმა, წიკლაურმა, ცისკარიშვილმა...), როდესაც გაირკვა, რომ ენერგეტიკის ამბავში კალაძე ტყემლის ხეზე კი ზის, მაგრამ ტყემლისავე კურკებს ისვრის.
რატომ გამახსენდა გივი თარგამაძე? იმიტომ გამახსენდა, რომ იგი არის ერთადერთი რომელსაც, რომ მოკლა, კბილებს მაინც ვერ დააკრეჭინებ (არადა, პირი ჩიჩიებით აქვს გამოტენილი). სამაგიეროდ, თავი გამოიდო დავით ბაქრაძემ: „ბატონო კახა, „მილანის“ მთავარ მწვრთნელს თქვენთვის ოდესმე უთქვამს, რომ კახი ნიჭიერი ფეხბურთელი ხარ და მოდი ხვალ დაცვის მაგივრად, კარში ჩადექი, იყავი მეკარე და ერთ თვეში ბურთის დაჭერას გასწავლითო. ეს ხომ არ არის სწორი პრინციპი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასეთი პრინციპით თქვენთვის იმ სფეროს ჩაბარება, რომელიც არ იცით, პირველ რიგში თქვენთვის არის პრობლემური“.
თუ რამე გულს მიჩუყებს, ეს, პირველ რიგში, უანგარო ზრუნვაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართველი ქართველზე ზრუნავს (ოღონდ, ქსენოფობიაში ნუ ჩამომართმევთ) და როდესაც ვაჟკაცი ზრუნავს მანდილოსანზე (არ ვარ ჰომოფობი), ხოლო როდესაც ყოფილი ხელისუფლება არსებულ ხელისუფლებას სასარგებლო რჩევებით ამარაგებს, ეს დემოკრატიის მწვერვალად მიმაჩნია. და განა მარტო მე? გაბაშვილს, წიკლაურს, ცისკარიშვილს, ახალაიას და სხვებსაც.
რა თქმა უნდა, კალაძეს არავინ ეტყოდა, კარში ჩადექიო. პური მეპურემ უნდა აცხოს. განა გსმენიათ, რომ სააკაშვილს ბაქრაძესთვის ეთქვას, ცოტა ხნით გივი თარგამაძე იყავიო? ვერ ეტყოდა, რადგან ქლიბისგან ისევე ვერ გამოვა ბრტყელტუჩა, როგორც რეპტილიისგან ჰუმანისტი.
ჰუმანიზმის ამბავში: ახალაიები ისვენებენ, ადეიშვილი მკურნალობს, შაშკინს სამშობლო ენატრება, ხოლო არსოშვილი უხელფასო შვებულებით ტკბება.
ეს – ჰუმანიზმის ამბავში. რეალობის ამბავში კი – ახალაიებისგან ვისვენებთ, ადეიშვილს რესბალნიცა ელოდება, შაშკინი გენრიეტა მუმლაძისთვის ამერიკაში სამსახურს ეძებს, ხოლო არსოშვილს ნამდვილად შეეშალა, ჯერ მწარე უნდა ეჭამა და შემდეგ – ტკბილი. კუთვნილი და დამსახურებული სიმწარე კასპში არა, მაგრამ ქსანში ერთ დიდ კლდეში ნამდვილად ელოდება.
გასულ კვირაში ვანო მერაბიშვილს სინანულით უთქვამს, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით ასპინძისთვის გაგვეკეთებინა ის, რასაც იმსახურებსო... ეჰ... რას იზამ... სამაგიეროდ, მოასწრეს და ახალგორს და კოდორის ხეობას გაუკეთეს ის, რასაც არც ერთი იმსახურებდა და არც მეორე. რაც შეეხება ასპინძას, ასპინძა ნამდვილად იმსახურებს იმას, რაც პირველ ოქტომბერს მოხდა. ასე რომ, ვანოს შეუძლია ძალიანაც არ იდარდოს, ისე – ლაითად.
გასულ კვირაში პაარლამენტი ლაითმა პრობლემებმა შეაწუხა. ხან დეპუტატს ჩაეკეტა კაბინეტი, ხან რამდენიმე პარლამენტარი აღმოჩნდა საპირფარეშო ცხრაკლიტულის ტყვე და სანამ ისინი ოთხ კედელს შორის იტანჯებოდნენ, საკანონმდებლო ტაძრის დერეფნებში თავისუფლად დასეირნობდნენ ვირთხები, ანუ ისინი, ზემოთ „სხვებად“ რომ მოვიხსენიებდი. ჩვენში დარჩეს და ეს „სხვები“ სწორედ „ისინი“ არიან.
მოკლედ, ვირთხებმა გაიჯეჯილეს. კბილები აქვთ და საკვებიც წინასწარ მოიმარაგეს. ხოლო წყალი... „პარლამენტის ახალ შენობაში სასმელი წყლის პრობლემაა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდნეტი იუწყება, საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში წყლის მხოლოდ რამდენიმე აპარატი დგას, რომელთა ნაწილიც ცარიელია ან ერთჯერადი ჭიქების პრობლემაა. პარლამენტში არც ბუფეტი მუშაობს და ახლო მანძილზე არც მაღაზიებია განთავსებული“.
ჩემ ბავშვობაში „ლოკომოტივის“ სტადიონზე შუახნის ქალებს ჩაიდნებით დაჰქონდათ წყალი და ჭიქას 10 კაპიკად ჰყიდიდნენ. ეს რომ გამახსენდა, იდეაც დამებადა. პარლამენტის დერეფნებში იაროს გოკა გაბაშვილმა ჩაიდნით, გოგა ხაჩიძემ – სანაგვე ურნით, ხოლო ნუგზარ წიკლაურმა – სანთლით. ისინი ფულს გააკეთებენ, ჩვენ კი სათქმელად გვექნება, წყალი, შუქი და ნაგავი ერთმანეთზეა დაბმულიო.
„გიორგი გოგუაძის, „სახალხო ბანკის“ ყოფილი დამფუძნებლების და აქციონერების განცხადებას თავიანთი წილებისთვის ბრძოლის შესახებ, ლადო გურგენიძე ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის მცდელობად აფასებს. „როგორც ჩანს, მოდაში შემოდის რევიზიონისტული განცხადებები“, - აღნიშნა ლადო გურგენიძემ“ – ეს ამბავი წყალზე და ნაგავზე გამახსენდა. ამ ამბავში ორი დაპირისპირებული მხარეა – დამყაყებული წყალი და აყვავებული ნაგავი. საერთოდ კი, ეს ორი რამ, სხვა ამბებშიც უხვად მოიძევება. მაგალითად: „ლიახვის ხეობისა და გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატების, ბადრი ბასიშვილისა და გიორგი ტატიშვილის ოჯახების წევრებმა გორის ცენტრალურ საავადმყოფოში წილები დათმეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იუწყება. ცენტრის ინფორმაციით, გორის ცენტრალური საავადმყოფოს შპს „გორმედის“ დამფუძნებლებიდან ლიანა მაზმიშვილი (გიორგი ტატიშვილის სიდედრი) და ნინო კახნიაშვილი (ბადრი ბასიშვილის დედა) ოფიციალურად გავიდნენ და კუთვნილი წილი უსასყიდლოდ დანარჩენ ორ მეწილეზე გადააფორმეს“.
ეს ზონდერები მართლა გლიჯავენ. ჩარლი ჩაპლინის „ბიჭუნა“ ხომ გახსოვთ? ჩარლი მეშუშეა, ბიჭუნა ფანჯრებს ამსხვრევს, ჩარლი ახლებს სვამს და სოფელი შენდება. გორში როგორ იქნებოდა? ბასიშვილი და ტატიშვილი ადამიანებს ცემდნენ (ვედროს აბაზად), ხოლო მათი დედები და სიდედრები ნაცემებს მკურნალობდნენ (ოთუსბირად, ანუ მამასისხლად).
მოკლედ, გაბაშვილი, ცისკარიშვილი, წიკლაური, ბასიშვილი, გურგენიძე... ჩამოსათვლელი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია და მათ მიეძღვნათ გადაწყვეტილება და მათვე ვუძღვნი ნიუსს, რომელშიც ამ გადაწყვეტილებაზეა საუბარი. აი, ისიც:
„საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალის იმპორტი აიკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, შემოღებული იქნება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქტების სავალდებულო მარკირება. „ხელი შეეწყობა ადგილობრივი კულუტრული ჯიშების შენარჩუნებასა და ბიომეურნეობის განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა“.
მინდა გითხრათ, რომ პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი სწორედ გენმოდიფიცირებულ თესლს უთხრა.
ახლა, ერთი ნიუსის ნაწყვეტი და შემდეგ, ასევე ერთი ნიუსის ნაწყვეტი, რომელიც ადგილობრივ ჯიშებს შეეხება. ორივე ნიუსი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
„სოზარ სუბარმა კაბინეტში პრეზიდენტის სურათი ჩამოხსნა. სააკაშვილმა საქართველო ერთ დიდ საპატიმროდ გადააქცია, სადაც ყველას უსმენდნენ, ყველას აკონტროლებდნენ, სადაც ყველას ეშინოდა, სადაც თავისუფლად სუნთქვა იყო შეუძლებელი, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. იგი დღეს სამინისტროში მივიდა და პირველი, რაც გააკეთა, სამუშაო ოთახის კედლიდან პრეზიდენტ სააკაშვილის სურთი ჩამოხსნა. მისი თქმით, სამუშაო კაბინეტში არავის სურათის ჩამოკიდებას არ აპირებს“.
„მელორ ვაჩნაძე სოზარ სუბარს რეკომენდაციით მიმართავს. პატიმრობაში მყოფი მელორ ვაჩნაძე, ლალი მოროშკინას მოადგილედ დანიშვნის თაობაზე, სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატ სოზარ სუბარს რეკომენდაციით მიმართავს. როგორც ვაჩნაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ლალი მოროშკინამ ძალიან კარგად იცის, რა მდგომარეობაა ციხეში და ის ძალიან კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, თუ სუბარის მოადგილედ დანიშნავს“.
სოზარის რა მოგახსენოთ, არა მგონია თავის კაბინეტში ვინმეს სურათი გამოფინოს, მაგრამ ასე მგონია, რომ, თუ სუბარმა თავის მოადგილედ დანიშნა, ლალი მაროშკინა კუთვნილი კაბინეტის კედელს მელორ ვაჩნაძის სურათით ნამდვილად არ დაამშვენებს. უფრო – ალენ დელონი, ტომ კრუზი, ანტონიო ბანდერასი და... დღეს რომელი ქინძია მოდაში?
კარგია, რომ სააკაშვილზე ლაპარაკი ნელ–ნელა მოდიდან გადადის. წავიდა ჰეე... თუმცა, რამაზ საყვარელიძემ მაინც ახსენა და, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს შევშინდი კიდეც. „ახლა ჩვენ გვყავს ორი მიხეილ სააკაშვილი. ადრინდელი, რომელიც წამსვლელი იყო ყველაფერზე, რომელიც ამზადებდა ზონდერ-ბრიგადებს და დღევანდელი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ მისაღები ფიგურა იყოს დასავლეთისთვის“ – თქვა გასულ კვირაში რამაზ საყვარელიძემ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანს ბოლომდე უნდა მოუსმინო. თავიდან, შემეშინდა, მეთქი – ორი სააკაშვილი, მისი ორი დედა, მისი ორი ბიძა, მისი ორი მანანა მანჯგალაძე და ორ–ორი სოფო, ვერონიკა და სხვები, ანუ „ისინი“... ორი ლაზიკა და ორი ცალი ჭაჭ–თაუერი...
ეგ არაფერი – ორი მიშა ნიშნავს იმას, რომ იმ საწყალ ჭიათურელ პენსიონერს, 15 კბილი რომ ამოაძრეს, კიდევ თხუთმეტს ამოაძრობენ და ჩვენც, ცხრაჯერ კი არა, თვრამეტჯერ მოგვიწევს მწარედ დაკვნესება.
ბებიათქვენისამ, ორი კი არა ერთი სააკაშვილიც ბევრია, ცხრაჯერ კი არა თვრამეტჯერ გავიღიმებთ და სანამ არმაგედონის ზანგისა მოხვდებოდეს, იმ ცხრა ლახვარს გოგა ხაჩიძის ველოსიპედის სიდენიაზე დავამაგრებთ, ვერტიკალურად, წვეტებით მაღლა... ხელები მაღლა, ტრუსიკი დაბლა
„მე მინდა მრავალათასიანი აუდიტორიის თხოვნა შევასრულო. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ იუმორის დიდი მოყვარული ხართ და დღემდე ვიცით თქვენი ორი ანეკდოტი, ერთი „მიტუაზე“ და მეორე „შედი ქალო ბუტკაში“. თუ შეიძლება ამ შეხვედრის ბოლოს მესამე ანეკდოტიც რომ დაგვიტოვოთ. მართლა ძალიან ვხალისობთ ხოლმე თქვენს ანეკდოტებზე“, - უთხრა ხაჩიძემ ივანიშვილს გასულ კვირაში.
„შენ კი მოგხვდა არმაგედონის ზანგის“ – დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე გაიფიქრა ივანიშვილმა.
„მივმართავთ საქართველოს ახლად არჩეულ პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ მხარს ვუჭერთ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. გამოვთქვამთ მზაობას, წვლილი შევიტანოთ ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ჩვენ სხვადასხვა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვიყენებთ ინტელექტუალურ რესურსებსა და ძალისხმევას ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვაში“, - არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას მიმართეს.
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები კარგია და, ალბათ, ყველაზე კარგიც, მაგრამ გაგებასაც არა უშავს... არა უშავს კი არა, გაგებაა მთავარი და სადაც გაგებაა იქ არის ერთმანეთზე ზრუნვა და სიყვარული, არ არიან გოკა და სხვები და არ არის ქათამი სახელად „ინტერნიუსი“, რომელიც გამორჩეულად უყვარდა პატრონს და მას ექსკლუზიურად ასუქებდა.
უ.ო.ძ. (უი, ოჯახური ძალადობა!) ...მოვიდა ქალის მამა: „რა გატირებთო, რა დაგმართიათო?“ ცოლმა უთხრა: „ასე და ასეა, ქალი რომ გაგვითხოვდეს, შვილი მიეცეს, ამ ხეზე ავიდეს და ჩამოვარდეს, წყალში რომ დაიხრჩოს, პაპას ვიღა დაგიძახებს; შენ კი არ იტირებ შვილიშვილსა, პაპა ხარო?“. ქმარმა უთხრა: „დაიცა, ამ ხეს ტოტს მოვტეხ, რომ ყმაწვილი არ ავიდესო!“ მოსტეხა და ურტყა ცოლსა და ქალიშვილს.
(„ტყუილი ტირილი“ – ქართული ხალხური ზღაპარი)