ქართული ანსამბლი „ორერას“ წევრები ერთხელ საგასტროლო ტურნეზე აფრიკაში იმყოფებოდნენ.
ბატონი თემურ დავითაია ერთ იქაურ კურიოზს არაერთხელ იხსენებდა.
“აფრიკაში ვართ. აკლიმატიზაციას გავდივართ. ჩამოგვარიგეს ორ-ორკაციან ოთახებში. მე და ცხონებული ზურა იაშვილი ერთ ნომერში მოვხვდით. ნომერი კი მოგვეწონა, ოღონდ ერთმა გარემოებამ გაგვაოცა – ლოგინზე ზემოდან მარლა გადაეჭიმათ.
კავკასიელებს შეზღუდვები არ გვიყვარს და გადავგლიჯეთ ეს მარლები. გავაღეთ ფანჯრები, დავწექით და დაღლილებმა მივიძინეთ. არ ვიცი, რამდენ ხანს გვეძინა.
გამომეღვიძა. ვხედავ ვიღაც სახეგაღაჟღაჟებული, ჩაპუტკუნებული კაცი წევს ზურას ლოგინზე და დაუხუჭია თვალები სოსოიას რუსივით. თავი დავიმშვიდე, ალბათ ზურა ადმინისტრატორმა გაიყვანა და ვიღაცა შემოიყვანა მის მაგივრად-მეთქი. ავდექი.
ფეხის ხმაზე ამ კაცსაც არ გაეღვიძა? – შემომხედა და სასწრაფოდ წამოჯდა ლოგინზე.
- ვაიმე, ვინ ხარ შენ? – მეკითხება სუფთა ქართულით.
- ნუ გეშინია, მეც ქართველი ვარ-მეთქი – დავამშვიდე აბდუშაჰილივით.
- რა გიგავს, კაცო, შენ ქართველს? მაგ სისქე და მაგ სიფათ-სახის პატრონი ქართველი რაა, სიზმარშიც არ მინახავსო, - მიყურებს შეშფოთებული თვალებით.
- კი ბატონო, ნამდვილად ქართველი ვარ, თან – თბილისელი.
- მეც თბილისელი ვარ, - მეუბნება სხვათა შორის.
- სად მუშაობ, თუ საიდუმლო არაა? – ვხიე მორიგი კითხვა.
- “ორერაში”, ჩემო ბატონო, “ორერაში”, ხომ გაგიგონია “ორერა”?
- მეორე “ორერა” ჩამოაყალიბეთ თქვე აფერისტებო სადმე? ერთში მე ვმღერი და იქ შენ არსად დამინახიხარ-მეთქი, - გამოვედი მოთმინებიდან.
- ძმაოო! – იბღავლა იმ კაცმა და გადამეხვია აცრემლებული. ზურა ვარ, ბიჭო, იაშვილი, ზურა!
- ძმაო, ზურა! – ვიბღავლე და გადავეხვიე, ვტირივართ სიხარულით და ვეხვევით ერთმანეთს ხვიჩა და გოჩასავით.
არადა, შეცდომა თურმე მაშინ დავუშვით, როცა ის წყალწასაღები ფარდები გადავაცალეთ ლოგინებს. ისე დავუკბენივართ იქაურ კოღოებს, რომ ძლივს ვიცანით ერთმანეთი”.