გახსოვთ “ზარბაზანა“?

გახსოვთ “ზარბაზანა“?

მსახიობებს მეტად დატვირთული და ამავდროულად საინტერესო ცხოვრება გააჩნიათ. ისინი მუდმივად დაკავებულები არიან. სპექტაკლებში მონაწილეობას სხვადასხვა კინოფილმებში გადაღებები ენაცვლება, მოგზაურობაც ხშირად უწევთ და რა გასაკვირია, რომ ამ პროფესიის ადამიანებს გასახსენებელი ყოველთვის აქვთ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ და დღევანდელ წერილშიც მათ მორიგ “ისტორიებს” გაგაცნობთ.
  
მხატვრული ფილმი “მიმინო“, საბჭოთა კავშირის ეკრანებზე შორეულ 1977 წელს გამოვიდა და დღემდე ნებისმიერი ასაკის მაყურებლის საყვარელ კინოსურათად რჩება. ამ სურათში ერთ-ერთ დასამახსოვრებელ “მთავარ“ როლს ოთხფეხა მეგობარი, ცუგრია სახელად “ზარბაზანი“ ასრულებდა. ბატონი “ზარბაზანი“ სოფელ ომალოში წყნარად ცხოვრობდა და ერთ მშვენიერ დღეს მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. 

ერთ დილას, ბატონი გია დანელია ომალოში მაწანწალა ძაღლს გადააწყდა. პატარა ცხოველს ცალი ყური დაეცქვიტა, მეორე კი ლამის თვალზე ეფინა. “სწორედ ისაა, მე რომ მინდა“ – გაიფიქრა რეჟისორმა. მანქანა გააჩერა და ძაღლი თავისთან მიიტყუა. საბოლოოდ, გადაღებების დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალა. მოსკოვს გაემგზავრა და სიცოცხლის ბოლომდე ფილმის დირექტორის კომფორტულ ბინაში ცხოვრობდა. გადაბარგებიდან რამდენიმე წელში გარდაიცვალა, რადგან მოსკოვის კლიმატურ პირობებს ვერ შეეგუა. “ზარბაზანი” დიდი ზარ-ზეიმით დამარხეს “მოსფილმის” ვაშლის ბაღში.
   
ქართული კომედია “რეკორდი” ერთი პერიოდი თაროზე იმტვერებოდა და აკრძალულიც იყო. მის რეჟისორს გურამ პატარაიას განსაკუთრებული ძალისხმევა დაჭირდა, რომ “რეკორდი” ეკრანებზე გამოსულიყო. ამ კინოსურათის დაწუნების მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის აზრით, მასში მილიცია გაბიაბურებული იყო. მოგვიანებით, ედუარდ შევარდნაძეს ქალბატონ ვიქტორია სირაძისათვის უთქვამს, რომ წასულიყო და სურათი თავად ენახა. 

საბედნიეროდ, ჩინოვნიკებს ეს კომედია მოეწონათ და ფართო ჩვენებისათვის გზა დაულოცეს. ხუტა–უფროსის როლს მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ასრულებდა. ამ ფილმის შემდეგ ქართველი “წესრიგის დამცველები” ბატონ გოვენს განსაკუთრებით დაუძმაკაცდნენ და სხვადასხვა სუფრებზეც ხშირად ეპატიჟებოდნენ. ყველასათვის მოულოდნელად ჭეიშვილი ე. წ. “შავებშიც” მეტად მიღებული ადამიანი გახდა. როდესაც ამისი მიზეზი იკითხა, შემდეგი პასუხი მიიღო: “– აბა გაიხსენე, ღინტუს რომ უთხარი, პატიმარს ჩიტის რძე არ მოაკლოო, ამის გამო ხარ დასაფასებელიო”.

წინა საუკუნის მეორე ნახევარში განსაკუთრებით პოპულარული იყო ცნობილი ქართველი კონფერანსიე ქართლოს კასრაძე, თბილისის ნამდვილი კოლორიტი და ნაღდი ქალაქელი კაცი. ბატონი ქართლოსი ხშირად მოგზაურობდა და საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქალაქში იყო ნამყოფი – ვლადივოსტოკიდან ტალინამდე და ტაშკენტიდან იაკუტიამდე. ევროპაც შემოვლილი ჰქონდა. საინტერესოა, რომ ფინეთში კონცერტი ფინურად მიყავდა, შვედეთში – შვედურად, ჰოლანდიაში კი ჰოლანდიურად. ერთხელ ცხინვალში აღმოჩნდა, ოსურად დაუწყია ლაპარაკი და იქაურებს ხელი ტაშისკვრით გადაუტყავებიათ. ამ მოგზაურობების დროს ქართლოს კასრაძე ზოგჯერ ლექსებსაც წერდა. ერთხელაც უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში იმყოფებოდა, თემურ-ლენგის საფლავი მოუნახულებია და ექსპრომტად შემდეგი სტრიქონებიც დაუწერია:

“სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი
 ლანგ-თემურო, ხომ მოვედი სამარხამდი
 ამ ქვაზე რომ კოჭლი ფეხით აბიჯებდი,
 ქართველები ჩამოვედით – რა ბიჭები?
 სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი,
 ლანგ-თემურო, ხელმეორედ დაგმარხავდი!”
  
ერთხელ რუსეთში ყოფნისას თავისი ძალის დემონსტრირება მოუწია ცნობილ ქართველ მსახიობს დოდო აბაშიძეს. დოდო აბაშიძე საკუთარი ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული გახლდათ და იშვიათად მოიძებნებოდა ადამიანი ვისაც ისე ლამაზად შეეძლო ჩხუბი, როგორც ბატონ დოდოს. “ციმბირელი პაპას” გადაღებები ქალაქ კალინინში მიმდინარეობდა. ერთ საღამოს გურამ ფირცხალავა და დოდო აბაშიძე ადგილობრივ რესტორანში შევიდნენ. მათ გვერდით ზანგები ისხდნენ. ორმეტრიანი ხალხი იყო, დაკუნთულები, ჩაფსკვნილები. ძალიან გამომწვევად იქცეოდნენ და რუს ოფიციანტ გოგონებსაც აბუჩად იგდებდნენ. 

ერთმა ზანგმა ხელი წაატანა გოგოს. დოდო აბაშიძე ფეხზე წამოდგა, მოუქნია შავკანიანს ხელი და მთასავით კაცი ადგილიდან მოწყდა, ჰაერში აფრინდა, დახლს დაენარცხა, მერე ბოლომდე გაცურდა და იქით გადავარდა. ნამდვილად არ ვიცი, მოვლენები მოგვიანებით როგორ განვითარდა, ქართველმა მსახიობმა კი რაინდობისა და ვაჟკაცობის ჭეშმარიტი მაგალითი მოგვცა.
  
რუსეთში ყოფნის დროს ცხოვრების ულმობელი პარადოქსის მომსწრე გახდა რამდენიმე ქართველი ხელოვანი. მწერალი ოთარ ჭელიძე იხსენებდა: “მოსკოვში სწავლის დროს ერთ სახლში ვცხოვრობდით მე, შოთა ქარუხნიშვილი, თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე. გიგა ლორთქიფანიძეც ხშირად მოდიოდა ჩვენთან. გვშიოდა, გვწყუროდა, გვციოდა. ერთი სიტყვით, ყველნაირად გვიჭირდა სტუდენტებს. ერთ დღეს ვხედავთ, ჩვენს სახლს ალყა არტყია. თურმე, ბუხარს რომ წმენდნენ, ერთი აგური ჩატყდა, ჩავარდა და გამოჩნდა ოქროს ზოდი. გაიგეს, რომ ბუხარი ოქროს ზოდებით იყო აშენებული და მერე შეენიღბათ აგურებით. ამ ამბის გამო გიგა ლორთქიფანიძე სინანულით ამბობდა, რატომ თავები არ ვურტყით იმ ბუხარს და არ დავანგრიეთ, რომ ის განძი მშიერ-მწყურვალ სტუდენტებს გვეპოვა და ადამიანურად გვეცხოვრაო. თუმცა, რომ გვეპოვნა და დაგვემალა, ალბათ ყველას დაგვხვრეტდნენო.”
  
შემდეგი მოგონებაც იმავე პერიოდს ეხება, პოლიტიკური ხასიათისაა და განსაკუთებით უფროსი ასაკის მკითხველს დააინტერესებს. ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი ერთი პერიოდი მოსკოვში მოღვაწეობდა. ერთხელ მეტად საინტერესო ფაქტის თვითმხილველი გამხდარა. “ორმოციანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ჩინეთის ლიდერი მაო ძე-დუნი ჩამოდიოდა. სტალინს უნდა შეხვედროდა. გადაღებების საერთო ხელმძღვანელობა მე მეკისრებოდა. 

დადგა შეხვედრის დღე. მაო ძე-დუნი გამოეყო დელეგაციას და ჩქარი ნაბიჯით სტალინისკენ წავიდა. მიუახლოვდა, მუხლებზე დაეცა და სტალინს ფეხებზე ემთხვია. გეფიცებით, იგონებდა ჭიაურელი, არ მომჩვენებია, ნამდვილად დავინახე. სტალინმა ჩემსკენ გამოიხედა და თვალი ჩამიკრა. იმ წუთს მას თბილისელი კინტოს გამომეტყველება ჰქონდა. ეს კადრები გადაღებულია“. 

სტალინის პიროვნება დღემდე გაუთავებელი კამათის საგანია. ის წარმოშობით ჩვენი თანამემამულე იყო, ამიტომ ქართველს ჩინელი მუხლებზე რომ დაუდგება ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია. 
  
“მსახიობები ცოტა “გიჟებიც“ არიან – ეს სიტყვები ქალბატონ დოდო ჭიჭინაძეს ეკუთვნის და დღევანდელ “აქტიორულ ისტორიებს“ მასთან დაკავშირებული ერთი სახალისო პატარა მოგონებით დავასრულებ. საგარეჯოს კულტურის სახლში სპექტაკლი “მეფე ერეკლე“ დაიდგა. ანა ბატონიშვილის როლს დოდო ჭიჭინაძე ასრულებდა, ბესიკს კი იაკობ ტრიპოლსკი ანსახიერებდა. 

თამაშდებოდა სცენა, სადაც ანა თავს იკლავდა და ბესიკი სატრფოს დასტიროდა. ყველასათვის მოულოდნელად სცენაზე 8-9 წლის აღელვებული ბიჭუნა ამოვარდა, დააკვირდა “გარდაცვლილ“ მსახიობს და გახარებულმა მაყურებელს ამცნო: სუნთქავს განა, სუნთქავს! უცებ გაისმა მთელ დარბაზში სიცილი, რომელიც მოგვიანებით აპლოდისმენტებმა შეცვალა. არის ასეთი უცნაური მომენტები თეატრალურ სამყაროში, ეს ცხოვრება ხომ მეტად უცნაურია და მუდმივი სიურპრიზებითაც ხშირად გვანებივრებს.