საინტერესოა, რისთვის იბრძოდა ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის დასაბრუნებლად, თუკი სულ რაღაც 25 დღეში არხის გაყიდვას გადაწყვეტდა? თავის დროზე ქიბარ ხალვაში ირწმუნებოდა, რომ ამ არხის გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა, იმავდროულად, აკონკრეტებდა, რომ იმასაც არ გეგმავდა, მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ყოფილიყო. რატომ დაჩქარდა პროცესები და 4-წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ რატომ გადაწყვეტა „რუსთავი 2“-ისგან სასწრაფოდ ჩამოცილება? ნუთუ იმის გამო, რომ ამ არხს 70-მილიონიანი დავალიანება დაუგროვდა და კრიზისიდან გამოსაყვანად მისი ფინანსური შესაძლებლობები საკმარისი არ არის? იქნებ, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მიზეზები გამოსჭვივის? რა კავშირი აქვს ამ საქმესთან ეროსი კიწმარიშვილის ქვრივს, რომელიც ასევე ითხოვს მეუღლის 30%-იან წილს ამ ტელეკომპანიაში?
ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება შეუვალია. იგი სულ რაღაც 1-კვირიან ვადაში გეგმავს აუქციონის წესით ტელეკომპანიის წილების დაჩქარებულად გასხვისებას მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაუხდის და საბანკო გარანტიის სახით 1 მილიონ დოლარს წარმოადგენს. ერთადერთი, ვისთანაც „რუსთავი 2“-ის გაყიდვაზე საუბარს არ აპირებს, სააკაშვილია. ხალვაში აცხადებს, რომ გვარამია ძარცვავდა „რუსთავი 2“-ს და 70-მილიონიანი დავალიანებიდან 27 მილიონი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება ჰქონდა, არის უამრავი სხვა დავალიანებაც, თუნდაც ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიის წინაშე არსებული ვალი, რომ არაფერი ვთქვათ ყველაზე უმნიშვნელო, წყლის მიმწოდებელი კომპანიის მიმართ დავალიანებაზე.
რამდენად გადაიჯაჭვა ერთმანეთთან „რუსთავი 2“ და პოლიტიკა, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი. კერძოდ, ბიძინამ ვერ მოითმინა და ერთ თვეში ყველა კარტი გახსნა, ახალი მფლობელის საკითხიც წინასწარ უკვე შეთანხმებულია და ქიბარ ხალვაში უკვე მეორედ აღმოჩნდა იარაღი „რუსთავი 2“-ის გასაკოტრებლად და გასაჩერებლად. რამდენად გამოსჭვივის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მიზეზები?
- ამ საქმიდან პოლიტიკის გამორიცხვა ძალიანაც რომ გვინდოდეს, შეუძლებელი იქნება. ამიტომ რა გადაწყვეტილებაც უნდა ყოფილიყო მიღებული ქიბარ ხალვაშის მიერ, ამას მაინც ექნებოდა პოლიტიკური დატვირთვა. რაც შეეხება იმას, რომ ხალვაში თავდაპირველად არ აპირებდა ამ ტელევიზიის გაყიდვას, 70 მილიონი პატარა თანხა ნამდვილად არ არის, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს, კი, ხალვაში ყიდის ტელევიზიას, ეს გასაგებია, 70 მილიონი მისთვის საკმაოდ დიდი თანხაა და არ უნდა იზარალოს, მაგრამ მყიდველი ვინ არის ისეთი, რომელსაც შეუძლია, 70-მილიონიან ზარალში წავიდეს და ეს თანხა წყალში გადაყაროს? მე არ ვიცი, მედიასაშუალებებს რეკლამიდან რამხელა შემოსავალი რჩებათ, ან სარეკლამო ბაზარი რამხელაა, რომ ამით თან გადაიხადონ მიმდინარე ვალები და თან 70-მილიონიანი დავალიანება დაფარონ. თუ ვინმე კომერციული მიზნით ყიდულობს ამ ტელევიზიას, ეს ნიშნავს, რომ მან დღეს თუ არა, რამდენიმე წელიწადში მაინც ძველი თანხაც უნდა ამოიღოს და მოგებაც უნდა დარჩეს. ამ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკურად ნეიტრალური არც მყიდველი ჩანს, და, ამასთანავე, არც ისეთი ინვესტორი ჩანს, რომელიც ნეიტრალურია და გულწრფელად ეცდება, შექმნას დამოუკიდებელი ტელევიზია.
თუ უცხოელზეა საუბარი, ისინი არათუ კომერციული მედიასაშუალებებით არ ინტერესდებიან, არამედ უბრალოდ პირდაპირი კომერციული ინვესტიციების განხორციელებაც კი უჭირთ, თანაც ამხელა თანხის ჩადება კონკრეტულ საქმეში არ უყვართ.
ლოგიკურად თუ ჩამოვყალიბდებით, თუ ვინმე ამ არხს იყიდის, მის უკან, მის განზრახვაში, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად დადგება პოლიტიკური ინტერესი. მეორე მხრივ, საინტერესოა, თუკი 70 მილიონი აქვს ადამიანს, რატომ არ შეუძლია სრულიად ახალი ტელევიზია გახსნას?! შეიძლება, მე ვცდები, არ ვიცი, რა ჯდება ასეთი ტელევიზიის შექმნა მინიმალური აპარატურით, მაგრამ დღევანდელ სატელევიზიო სივრცეს რასაც ვუყურებ, კატასტროფულად დიდი თანხა ამისთვის არ უნდა იხარჯებოდეს.
ახალი ტელევიზიების შექმნა პრობლემა არ არის, როგორც ამბობენ, დამატებით კიდევ ორი ახალი არხი გაიხსნება, რომელიც 2020 წლისთვის იქნება მზად, მაგრამ აქ ერთი საკითხია, ვინმეს მოსწონს თუ არა, „რუსთავი 2“-ში საკმაოდ ძლიერი ინტელექტუალური კოლექტივია, რომლის ჩანაცვლებაც იოლი არ იქნება. იქნებ, ამ კადრის გამოყენებაშია განსაკუთრებული მიზიდულობა?
- „რუსთავი 2“-ის კოლექტივი კომპეტენტური და პროფესიონალურია და ეს აშკარაა, მაგრამ „რუსთავი 2“-ის კოლექტივი, ასევე, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ამიტომ გაურკვეველია, ისურვებენ თუ არა ისინი ნეიტრალურ ტელევიზიაში მუშაობას. გარდა ამისა, თავად გვარამია აანონსებდა, რომ თვითონ ქმნიდა ტელევიზიას. ცხადია, მის მიერ შექმნილი ტელევიზია იქნება „ნაციონალური“ ტელევიზია. ეს კოლექტივი „ნაციონალურია“, როგორც ამბობენ, მათ კატასტროფული თანხები ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში, „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, 100 ათასებს ღებულობდნენო. თუკი იდეოლოგიურად „ნაცმოძრაობის“ მომხრე იყო ის კოლექტივი, ისინი ადგებიან და გვარამიასთან წავლენ, ბოლოს და ბოლოს, ერთი წელი სრულიად უხელფასოდ იმუშავებენ. მე ასე მწამს, რომ იდეოლოგიის მქონე ხალხი გარკვეული პერიოდი გაიჭირვებს და უხელფასოდაც იმუშავებს, ან მინიმალურ ხელფასს დასჯერდება. ამ კოლექტივის პრობლემა ამით მოიხსნება. ასეა თუ ისე, ის, ვინც 70 მილიონს იხდის, ამ ხალხს ხელფასებსაც გადაუხდის და ამ კოლექტივს დაიტოვებს კიდეც, მაგრამ, თუ ეს კოლექტივი იდეურად ნაციონალიზებულია, მაშინ ისინი წავლენ „ნაციონალების“ ტელევიზიაში.
ახლა გაურკვეველი რჩება, ვინ იყიდის „რუსთავი 2“-ს. ვინც იყიდის, ის, დღეს თუ არა, ხვალ ან ზეგ პოლიტიკურად ანგაჟირებული იქნება. თავისთავად, პოლიტიკურად ანგაჟირება იმდენად დიდი პრობლემა არ არის, თუ ეს არ იქნა სახელისუფლებო ანგაჟირება. თუ ხელისუფლებამ მედიასივრცის მონოპოლიზება მოახდინა, ეს ნამდვილად პრობლემა იქნება და არა ის, რომ ხელისუფლებას თავისი ტელევიზია აქვს და თავის პროპაგანდას ეწევა.
კორუფციაში მის დადანაშაულებას ნიკა გვარამია წითელი ხაზების გადაკვეთას უწოდებს. მისი თქმით, მან დაამსხვრია სტერეოტიპი, რომ შეიძლება იყო კარგი ტიპი, მაგრამ არ იპარავდე. ამის მიუხედავად, პაატა სალია აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ში წლების განმავლობაში მეორე მხარის სასარგებლოდ იდებოდა ხელშეკრულებები და მიზანმიმართულად კოტრდებოდა ეს კომპანია. თქვენი შინაგანი რწმენა როგორია - გვარამია ამ საქმეში უმწიკვლოა, თუ ფულისკენ მისი სწრაფვა შეინიშნება?
- გვარამიასადმი ჩემი ნდობის ხარისხი ნულზე დაბალია, რადგან გვარამია ჩვენ გვახსოვს არა მარტო „რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პოსტზე, არამედ როგორც პროკურორი და ყალბი გადაცემების ავტორი - „მოდელირებული ქრონიკა“. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალვაშისადმი ნდობა მაღალია. ამიტომ გვარამიას განცხადებას არ ვენდობი, მაგრამ, ასევე, არ ვენდობი ქიბარ ხალვაშის განცხადებას. რომელი რას წარმოადგენს და რომელი ცრუობს, აქ იურისტობაც შეიძლება არ იყოს იმდენად საჭირო, ფაქტები უნდა ვიცოდეთ.
„რუსთავი 2“-ის ფინანსები ისეთი სფეროა, რომლის დოკუმენტაციაზეც წარმოდგენა არ გვაქვს. არის ასეთი მომენტები, როდესაც განგებ ხდება ამა თუ იმ კომერციული ობიექტის გაკოტრება. ამ კონკრეტულ ტელევიზიაში რა ხდებოდა, არ ვიცი, მაგრამ სახელმწიფო ობიექტები ამ 30 წლის განმავლობაში ძირითადად ასე გადადიოდა პირად საკუთრებაში - შედიოდა მენეჯმენტი, რომელიც მას აკოტრებდა და შემდეგ კაპიკებში თავადვე ისაკუთრებდა. რა მოხდა „რუსთავი 2“-თან მიმართებით, ამას სერიოზული ძიება სჭირდება, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ „რუსთავი 2“-ის მიზანმიმართული გაკოტრება მოხდა.
რომან გოცირიძეს თუ დავესესხებით, ქიბარი გამოიყენეს, როგორც მავრი, მან თავისი საქმე გააკეთა და შეუძლია, წავიდეს! შეიძლება დავასკვნათ, რომ ქიბარ ხალვაშს არც აინტერესებდა „რუსთავი 2“ და, უბრალოდ, უკვე მეორედ აღმოჩნდა ამ როლში „რუსთავი 2“-თან მიმართებით?
- თავის დროზე ქიბარ ხალვაშის მხრიდან ტელევიზიისადმი სურვილი ნულის ტოლი იყო, მაგრამ მაშინ „ნაცმოძრაობას“ იგი სჭირდებოდა და ხალვაშიც, როგორც ყველაზე სანდო ფიგურა, დასჭირდათ „ნაციონალებს“. იმ პერიოდში ოქრუაშვილი აგვარებდა „ნაციონალებისთვის“ ამ საკითხს და მოიძებნა ხალვაში. დარწმუნებული ვარ, არც მაშინ გადაუხდია მას ფული, ან კიდევ იმდენი არ გადაუხდია, რამდენიც საჭირო იყო. შეიძლება რაღაც მაინც შეაწერეს, როგორც ხდებოდა „ნაციონალების“ დროს. იგივე ვარიანტი განმეორდა დღესაც. როგორც ჩანს, მას ჰქონდა საშუალება, თანაც, შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლებისგანაც მიიღო თანხმობა, წამოიწყო ეს დავა და მოიგო კიდეც საქმე. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ „ნაცმოძრაობამ“ და სხვებმა სტრასბურგის ტენდენციური გადაწყვეტილების შესახებ და, მით უმეტეს, იმაზე, რომ სტრასბურგი ვიღაცამ იყიდა, ეს აბსურდულად მიმაჩნია. მეტსაც გეტყვით, ასეთი განცხადებები ანტიდასავლური მგონია. თუ სტრასბურგშიც არ არის სამართალი, აგერ, გვეხვეწება რუსეთი და დავრჩეთ რუსეთში. როგორც ჩანს, არსებობდა საამისო ფაქტობრივი მასალა და არგუმენტები ჰქონდა ქიბარ ხალვაშს და მან მიიღო ეს ტელევიზია საკუთრებაში. მინიმუმ, თუ რამე ჰქონდა დანახარჯი, ამ ყველაფერს ახლა ამ ტელევიზიიდან ამოიღებს. დიახ, ხალვაში ერთხელაც შემთხვევით იყო ჩართული „რუსთავი 2“-ის საქმეში და, როგორც ჩანს, მეორედაც ჩაერთო. ესეც არ არის სიახლე ქართული პოლიტიკისთვის.