მომღერალი ზურა მანჯავიძე "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ თავს ბევრად უფრო მშვიდად გრძნობს. ამბობს, რომ "ბლოკი მოეხსნა" და "შავ სიაში" საპატიო ადგილი აღარ უჭირავს. მომღერალი საყვარელ საქმეს განახლებული ენერგიითა და ენთუზიაზმით შეუდგა - ანსამბლ "ფორტეს" სხვა წევრებთან ერთად, ახალ სიმღერებზე მუშაობს.
- ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდით, არ ჩანდა; მუსიკა მსმენელამდე ვერ მიგვქონდა. რადიოების მიმართ პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს, სხვა მხრივ კი "დაბლოკილები" ვიყავით. იმედია, ახლა ყველაფერი გამოსწორდება. ვფიქრობ, ტელევიზია პოლიტიკისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. ბოლო დროს საქართველოში სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების ბევრი ჯგუფი გაჩნდა - როკი, ჯაზი, მძიმე როკი, მეტალი, ალტერნატიული მუსიკა და ა.შ. - ყველას თავისი ნიშა უნდა ჰქონდეს და თავისი მსმენელი ჰყავდეს. მომღერლები ხელისუფლებისგან ხელის შეწყობას იმდენად არ ვითხოვთ, როგორც - ხელის არშეშლას...
- "ფორტეს" დიდი ხანია, კონცერტი არ ჰქონია. ალბათ მოგენატრათ ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა.
- ამ ეტაპზე გვინდა, რეპერტუარი გავამდიდროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება ამბიცია, სოლო კონცერტი გავმართოთ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ფინანსებიც სჭირდება. საბედნიეროდ, გვყავს ისეთი მეგობრები, რომლებსაც ჩვენს პროექტში ფინანსების ჩადების არ შეეშინდებათ... მოკლედ, გეგმები და იმედი გვაქვს. ვნახოთ, რა მოხდება.
- როგორც ვიცი, ერთ-ერთი გასტროლის დროს კულტურის სამინისტროს მიმართეთ თხოვნით, რომ "ფორტეს" წევრებისთვის მომღერლობის დამადასტურებელი ცნობა მოეცათ, მათ კი ამაზე უარი გითხრეს. რა დაგისახელეს მიზეზად?
- კი, ნამდვილად ასე იყო! შვეიცარიასა და ესპანეთში მივდიოდით და ჩვეულებრივი ცნობა გვჭირდებოდა, რომ ანსამბლი "ფორტე" ნამდვილად არსებობს და რომ ჩვენ მომღერლები ვართ. ჩვენი წარმომადგენელი კულტურის სამინისტროდან უარით გამოისტუმრეს - ეგენი სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობენ, გვემტერებიან და ცნობასაც არ მივცემთო. მათი მხრიდან ეს მდაბიო საქციელი იყო.
- გასტროლი ჩაგეშალათ?
- არა, საქმე ვერ გაგვიფუჭეს; მიუხედავად იმისა, რომ "ბორბლებში ბევრი ჯოხი წამოგვიდეს", მაინც წავედით. იმდენი ბოროტება გაგვიკეთეს, რა ჩამოთვლის!.. ერთ-ერთმა არხმა "ფორტეზე" გადაცემა გააკეთა. ხალხმა თანხა, დრო და ენერგია დახარჯა, მაგრამ უკვე დასრულებული ვარიანტი ეთერში ვერ გაუშვეს. ამან ტელევიზიის ბევრი თანამშრომელი შოკში ჩააგდო, ჩვენ კი ასეთ ამბებს ისე ვიყავით შეჩვეულები, რომ სიცილი აგვიტყდა... ვფიქრობ, ადამიანების შეფასების კრიტერიუმი მისი პროფესიონალიზმი უნდა იყოს და არა ის, თუ როდის რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერდა მხარს.
- "ფორტე" ახალ სიმღერაზე მუშაობს, არა?
- დიახ. ლილიკო ნემსაძის სიმღერაა, ლექსი კი გია ჯოხაძის შექმნილია. არანჟირების ავტორი ირაკლი მენთეშაშვილი გახლავთ. სიმღერის საავტორო უფლება დიტო ქისიშვილს ეკუთვნის, მაგრამ შესრულების უფლება ჩვენ დაგვითმო და ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით. სიმღერა ხმებში კარგად იშლება და "ფორტეს" მოუხდა. ლილიკოსთან და გიასთან ურთიერთობა კარგად გვაქვს დაცდილი და იმედია, ხალხი ამ სიმღერასაც შეიყვარებს. მათ წინაშე, ვისაც მოვენატრეთ, გვინდა, წელგამართულები, ახალი სიმღერებით წარვდგეთ... სხვათა შორის, ძველი სიმღერები, მათ შორის - გოგი ცაბაძის ორი სიმღერა გავაცოცხლეთ. ლილიკო ნემსაძის "მე და შენ" ჩავწერეთ, რომელიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ მოუსმენია. ასევე გავაკეთეთ "სატუსოვკო" პოპური ძველი, საცეკვაო ჰიტებით.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ წლების განმავლობაში "ფორტე" "დაბლოკილი" იყო. საინტერესოა, თქვენთან ურთიერთობას ბევრი არიდებდა თავს?
- ჩვენდა საბედნიეროდ, პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ საღამოზე მაინც გვეპატიჟებოდნენ და მცირე პრობლემების მიუხედავად, ჩვენთან ურთიერთობას ახერხებდნენ. თითოეულ მათგანს დიდი მადლობა, რომ მძიმე პერიოდში გვერდში დაგვიდგნენ. ხშირად ქორწილებშიც გვეპატიჟებიან, რაც ბევრი მომღერლისგან განსხვავებით, ჩვენ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. ბოლოს და ბოლოს, ქორწილში ხალხისგან საოცარ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობთ...
- როგორც მახსოვს, წინა ხელისუფლება მას შემდეგ გადაგემტერათ, რაც 7 ნოემბრის აქციას შეუერთდით.
- ჰო, "ფორტე" ხალხს რომ შეუერთდა, არ მოეწონათ. მართალია, ეს ამბავი დიდად არ მაღელვებდა, მაგრამ "დაბლოკილის" ამპლუაში ყოფნა მერწმუნეთ, მაინც უსიამოვნო იყო.
- მსმენია, რომ თქვენი გადაბირების არაერთი მცდელობაც ჰქონდათ. ისიც ვიცი, რომ ახალი ავტომობილის გასაღებიც კი გამოგიგზავნეს.
- მსგავსი შემთხვევა არაერთი იყო. ბოლოს იქამდეც მივიდნენ, რომ შემომითვალეს, - ჩვენს მხარეს გადმოსვლას აღარ ვჩივით, უბრალოდ, ხელისუფლების ლანძღვას შეეშვით და აღარ "დაიბლოკებითო". მაგრამ ამის გარანტია ვერავის მივეცი, პირს ვერ ამოვიკერავდი. ისე კი, მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიყავი. 20 წლის ვაჟი მყავს და მეშინოდა, მისთვის პროვოკაცია არ მოეწყოთ. მოგეხსენებათ, როგორი გაწაფულები იყვნენ ასეთ რაღაცებში. ასეთივე საფრთხის წინაშე იდგნენ ჩემი ძმები, ანსამბლის თითოეული წევრის ოჯახები და ა.შ. მადლობა ღმერთს, ეს ყოველდღიური კოშმარი და მუდმივი სტრესი დასრულდა.
- მთავრობის შეცვლამ რა ემოცია გამოიწვია თქვენში?
- ახლა თავს მშვიდად, დაცულად ვგრძნობ და ცხადია, გახარებულიც ვარ. არჩევნების დღეს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი ვიყავი და ის სიხარული, რაც ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლამ მომანიჭა, ქუჩაში მოზეიმე ხალხთან ერთად ვერ გავიზიარე. ბიულეტენებს კი ვითვლიდი, მაგრამ გული და სული გარეთ მქონდა... იმედია, იმ ადამიანებს, ვისაც დიდი პოლიტიკური ამბიციები არ გვაქვს, ისევ ქუჩაში გამოსვლა არ მოგვიწევს. თუმცა, არც ეგ არის პრობლემა: თუ საჭირო გახდება, პირველივე გადაცდომაზე ხმას ამოვიღებთ, მაგრამ მჯერა, ჩვენს ქვეყანაში ასეთ მასშტაბურ უსამართლობებს ადგილი აღარ ექნება.
- თქვენი აზრით, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა რა გავლენას მოახდენს ქართულ კულტურაზე?
- რუსეთის ბაზარი ჰაერივით გვჭირდება და ამ ქვეყანასთან კულტურული ურთიერთობის აღდგენაც აუცილებელია. ბოლოს და ბოლოს, მთელი მსოფლიო ცდილობს ამ ბაზრის ათვისებას, ჩვენ კი თვალსა და ხელს შუა დავკარგეთ. ტერიტორიების დაბრუნების თემასაც არ უნდა შევეშვათ და ორივე მიმართულებით აქტიურად უნდა ვიმუშაოთ.
- საზოგადოების ნაწილი მტრად მიიჩნევს იმ ხელოვანებს, რომლებიც პუტინს უმღერიან.
- ასეა! მახსოვს, რა ამბავი ატეხეს პაატა ბურჭულაძის, თამრიკო გვერდწითელის, სოსო პავლიაშვილის, ქეთა თოფურიას გამო. ისინი ერის მოღალატეებად შერაცხეს. ვფიქრობ, ადამიანების ასე გამეტება არ შეიძლება... წინა მთავრობა საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდა და სხვის თვალში ბეწვს ეძებდა. არადა, ქვეყნის მტრები სწორედ ისინი იყვნენ.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ იმ მომღერლებთან, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები იყვნენ?
- ზოგიერთ მათგანთან ვმეგობრობდი და იმედია, განსხვავებული მოსაზრებების გამო ურთიერთობა არ გაგვიფუჭდება. ბევრთან მომსვლია ჩხუბი, უსიამოვნება და აზრთა შეხლა-შემოხლაც ყოფილა, მაგრამ ჩემგან ისინი რევანშის ვერანაირ ნიშნებს ვერ დაინახავენ. უბრალოდ, ახლა მხოლოდ საკუთარი ნიჭის წყალობით, თავისუფალი კონკურენციის პირობებში მოუწევთ თავის გატანა. თუ ვინმე მათ პლაკატებს ჩამოხევს, კონცერტებზე "დაბლოკავს" იმის გამო, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები იყვნენ, თუ უსამართლოდ დაიჩაგრებიან, მათ პირველი მე ამოვუდგები მხარში.
- თქვენი აზრით, ბაზარი უხარისხო პროდუქციისგან უნდა გაიფილტროს თუ ყველას უნდა ჰქონდეს სიმღერის ჩაწერის საშუალება?
- მე რა უფლება მაქვს, ვინმეს რამე ავუკრძალო?! თუ ადამიანს ყროყინა მომღერალი მოსწონს, მანაც უნდა იყროყინოს (იცინის). ჩემი აზრით, აუცილებელია, გემოვნების ამაღლებაზე ვიმუშაოთ. გარკვეული კრიტერიუმები და ცენზურა უნდა არსებობდეს, რათა რადიოსა და ტელევიზიაში ისეთი "ნაგავი" არ მოხვდეს, რომელზეც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ამბობს, რომ ეს კონკრეტული სიმღერა სმენისთვის საზიანოა. აი, ნიჭის გამოვლენის საშუალება ყველას უნდა მიეცეს, პროტექციის გარეშე!
- დაბოლოს, თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ...
- ჩემი უფროსი ვაჟი - გიორგი 20 წლისაა. ის სტუდენტია, ბიზნესის განხრით სწავლობს. მეორადი პროფესია აქვს - ჟურნალისტიკას მიჰყვება და ვნახოთ, რა გამოუვა. ჩემი გოგონა - ანი 15 წლის მოსწავლეა, ქართულ ხალხურ ცეკვებს ეუფლება და ფოტოხელოვნებითაა გატაცებული. ტყუპი - სანდრო და ლუკაც სკოლის მოსწავლეები არიან, ცურვაზე დადიან და ხალხურ ანსამბლში - "გულანში" მღერიან, რომლის ხელმძღვანელი გია ნატროშვილი გახლავთ. ჩემი მეუღლე - თეა შვილების აღზრდით არის დაკავებული. მოკლედ, მე "საგარეო საქმეთა მინისტრი" ვარ, ის კი - "შინაგან საქმეთა მინისტრი" გახლავთ (იცინის). და კიდევ, როგორც მრავალშვილიან ოჯახს, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ერთ ბავშვზე 5 ლარი გვქონდა დახმარება და თავს ამით ვინახავდით, მერე ახალმა მთავრობამ, - ეგ რა დახმარებააო?!. - და საერთოდ მოგვიხსნა (იღიმის). აი, ასეთი რაღაცებიც ხდება ხოლმე...