ჩვენ ვაგრძელებთ ყოფილ მოსამართლეებთან ინტერვიუს, რომლებიც კოტე კუბლაშვილს მათზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამჯერად For.ge-ს სტუმარია უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამაზ ილიაშვილი.
ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი 2005 წელს სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებაზე ხელის მოწერას გაძალებდათ, ეს მაშინ, როცა თქვენ არავითარი კონკრეტული სამართალდარღვევა არ გქონიათ.
- არა მარტო მოსამართლეებს აიძულებდა კუბლაშვილი, დაეწერათ განცხადება, არამედ თვითონ უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაკებსაც. მიზეზი ის იყო, რომ მას სურდა ე.წ. ოპტიმიზაცია. ამიტომ ეს პროცესი ჯერ დაიწყო აპარატის თანამშრომლებით და ყველა მათგანს დააწერინა განცხადება. 2005 წელს დაახლოებით ასზე მეტი აპარატის თანამშრომელი მუშაობდა სისტემაში, მაგრამ ყველას დააწერინა განცხადებები. შემდეგ უკვე გადავიდნენ მოსამართლეებზე. სხვათა შორის, თავის დროზე ამის შესახებ საზოგადოებას როცა ვაუწყეთ, სამოქალაქო სექტორი დაგვიდგა გვერდში. ამის შესახებ ამერიკის კონგრესს, ევროსაბჭოსაც მივწერეთ.
იქიდან რეაგირება არ ყოფილა?
- წერილები მოგვივიდა ევროსაბჭოდანაც და აშშ-ის კონგრესიდანაც.
მაგრამ დასავლურმა სამყარომ რატომ არ მისცა გაფრთხილება თავად კოტე კუბლაშვილს?
- რატომ და ეს არ იყო პოლიტიკური ნება. თორემ იმჟამად უშუალოდ კოტე კუბლაშვილის ქმედებაში შეინიშნებოდა კონსტიტუციის დარღვევის არაერთი ფაქტი, მოსამართლეთა საქმიანობაში ჩარევა, ზეწოლა მოსამართლეებზე. იმჟამად მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, 2005 წლის ოქტომბერში პირადად მე მოვითხოვე პარლამენტის სხდომაზე გამოსვლა იმ უკანონობის ფაქტების გასაჟღერებლად, რაც ჩვენს მიმართ ხდებოდა. იმჟამინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ არ მომცა ამის საშუალება, თუმცა კონსტიტუციის მაშინდელი ნორმა პირდაპირ ასეთ უფლებას მანიჭებდა. ჩემი განცხადება პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე მსჯელობის საგანიც გახდა. მაშინ ოპოზიციაში მყოფი კაკახა კუკავა, კობა დავითაშვილი, „ახალი მემარჯვენეები“ მხარს გვიჭერდნენ. თუმცა უმრავლესობამ გამოსავალი მოძებნა, თითქოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, რომლის თავმჯდომარეც ელენე თევდორაძე იყო, უნდა მოესმინა ჩემთვის და ამის შემდეგ გადაწყდებოდა პარლამენტის სხდომაზე ჩემი გამოსვლის საკითხი. მართალია, ელენე თევდორაძემ ჩემი მოსმენის ვალდებულება აიღო, მაგრამ დაპირება დაპირებად დაარჩა და პარლამენტში არავის მივუწვევივარ.
მოსამართლეებზე ზეწოლა ახსენეთ და კონკრეტულად რას გულისხმობდით?
- ჩვენ გვაქვს იმდროინდელი ფაქტები, როცა კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებს სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლას პირდაპირ სთხოვდა. ჩემთან მიმართებით ასეთი კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა, მაგრამ, ზოგადად, ის, რომ განცხადება უნდა დაეწერათ მოსამართლეეს, ზუსტად ზეწოლა იყო. ნინო გვენეტაძესა და მერაბ ტურავას უშუალოდ ახსოვთ ზეწოლის ფაქტები. იმ დროს ადეიშვილი უშიშროების მინისტრი გახლდათ და მათი უწყების გამოძიებული ერთ-ერთი საქმე იყო, სადაც ფაქტობრივად, კუბლაშვილი კასაციას სთხოვდა, ძალაში დაეტოვებინა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებები, რომლითაც მსჯავრი ჰქონდათ დადებული პიროვნებებს. ეს მაშინ, როცა ისინი უდანაულონი იყვნენ. კასაციამაც სამართლიანად გაამართლა ეს პიროვნებები, თუმცა მათ მაინც სთხოვდა, გამამართლებელი განაჩენი არ დაედგინათ და ძალაში გამამტყუნებელი განაჩენი დაეტოვებინათ. ერთ-ერთ პიროვნებას სამი წლით ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა მისჯილი და ამ საქმესთან მიმართებით მას ეკუთვნის ასეთი სიტყვები - „ეს სამი წელი არ არის ბევრი, თუ გავამართლებთ მას, გამოდის, ადეიშვილს გავანაწყენებთო“. ეს ნინო გვენეტაძესა და მერაბ ტურავას ერთი-ერთზე საუბრისას უთხრა და უშუალოდ კიდევ რამდენიმე საქმეზე უწყებრივი დაინტერესება გამოამჟღავნა. ასეთი ფაქტები კი რამდენიმე იყო. იმ დროს მე პირველ ინსტანციაში გახლდით.
უზენაესი სასამართლოს რამდენმა მოსამართლემ დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე?
- კოტე კუბლაშვილი უზენაესში მოვიდა 2005 წლის თებერვლის თვეში. 2005 წლიდანვე დაიწყო მოსამართლეებზე ზეწოლა. უზენაესი სასამართლოს 21-მა მოსამართლემ განცხადება დაწერა და წავიდა. ეს ზეწოლის გამო მოხდა. არადა, ზოგიერთ მათგანს უფლებამოსილების კონსტიტუციური ვადა 4-5 წელი მაინც ჰქონდა დარჩენილი. ზეწოლა 2006-2007 წლებშიც გრძელდებოდა. მოსამართლეებს პირდაპირ იბარებდნენ და განცხადებებს აწერინებდნენ. მაგალითად, ქვედა ინსტანციის მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იბარებდნენ. იმ დროს საბჭოს მდივანი პალიკო კუბლაშვილი იყო, იგი პირდაპირ იბარებდა და აწერინებდა განცხადებებს მოსამართლეებს. შედეგად ის სასამართლო სისტემა მივიღეთ, რაც დღეს არსებობს. ხოლო კოტე კუბლაშვილისგან მოსამართლეები ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და უკანონო დევნას განიცდიდნენ. როცა ადამიანს ასეთი ქმედება აქვს ჩადენილი და არღვევს კონსტიტუციას, ახდენს ზეწოლას, ამეტებს უფლებამოსილებას, ცალკეულ შემთხვევაში, ბოროტად იყენებს სამსახურეობრივ მდგომარეობას, რა უფლება აქვს, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების პირველ პირად დარჩეს?! დღეს მთელი მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციები არაერთ რეზოლუციაში აღნიშნავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მათ სისტემას ასეთი შეფასება შეიძლება მიეცეს: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.
თქვენ არ დაწერეთ წასვლის შესახებ განცხადება.
- დიახ, მე, ნინო გვენეტაძემ და მერაბ ტურავამ არ დავუწერეთ განცხადება. ჩვენ ვუთხარით, რომ ათი წლის საკონსტიტუციო ვადით ვიყავით დანიშნულნი და უფლება არავის ჰქონდა, ჩვენსავე ვადაში ჩვენს მიმართ ზეწოლა განეხორციელებინა. აქედან გამომდინარე, ჩვენი დისციპლინარული დევნა დაიწყეს, რამაც წელიწადნახევარი გასტანა. დაიწყეს ჩვენი საქმეების შემოწმება. იქ ვერაფერს იპოვიდნენ, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერში სუფთა ვიყავით და კვალიფიციურად ვმუშაობდით. ამიტომ გაგვათავისუფლეს 2006 წლის ნოემბერ-დეკემბერში. იმის გამო, რომ ვერაფერი მოგვინახეს, მოგვედავნენ, თითქოს ნორმას არასწორად ვიყენებდით. ეს თითიდან გამოწოვილი უსუსური არგუმენტაცია იყო.
როგორც ცნობილია, თქვენს წინააღმდეგ განხორციელებული დევნა თქვენ ევროპის სასამართლოში გაასაჩივრეთ. რა ეტაპზეა საქმის ძიება?
- ევროსასამართლოს ჯერ ჩვენი საკითხი არ განუხილავს. სადღაც, დაახლოებით, გაისად ველოდებით. მოგეხსენებათ, იქაც რიგებია.
მართალია, თქვენ თქვენი პოზიცია და საკუთარი სიმართლე გქონდათ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებმაც განცხადების დაწერა არჩიეს, იქნებ, სწორად მოიქცნენ, რადგან არ უნდოდათ, ყოფილ ხელისუფლებას ისინი უსამართლო გადაწყვეტილებების გამოსატანად გამოეყენებინა?!
- მოსამართლე როდესაც ხარ და გარკვეული ვადა გაქვს მოცემული, კეთილსინდისიერად უნდა ემსახურო ქვეყანასა და ხალხს. სხვათა შორის, ჩვენ შემოთავაზება გვქონდა, თუკი დავწერდით განცხადებას და წავიდოდით, დიდ სოციალურ გარანტიებს გვპირდებოდნენ. მაგრამ, ჩვენი მიზანი ის იყო, რომ არ შეიძლებოდა, ყველა მოსამართლეს საკუთარ კეთილდღეობაზე ეფიქრა და ამ გარანტიების გამო წასულიყო. ახლა, როცა ბრძოლის ველიდან გარბიხარ იმის გამო, რომ ვინმეს დავალება არ შეასრულო, ეს არასწორია. იმ მოსამართლეებსაც არ უნდა შეესრულებინათ ყოფილი ხელისუფლების უსამართლო დავალებები, მაგრამ პატიოსნად ემუშავათ. პრინციპულობაა მთავარი. თუ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი და პრინციპული არ იქნება, თუ ღირსებასა და თვითმყოფადობას არ დაიბრუნებს, თუნდაც ერთი-ორი მოსამართლის პრინციპული პოზიციით, ისე სასამართლო სისტემა ყოველთვის ჯიბის სასამართლო იქნება, რაც დღეს არსებობს.
ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ, ფაქტობრივად, ჩვენ არ გვყავს ასარჩევი კადრი, ამიტომაც ყოფილ მოსამართლეთა თანდათანობითი ცვლილება მოხდება, რომლებმაც ხალხის სიმპათია ვერ დაიმსახურეს. მართლა არ გვყავს სამოსამართლო კადრები? ამის გამო ასეთი მონური ფსიქოლოგიის მოსამართლეთა კარგა ხანს შეუცვლელობას უნდა შევეგუოთ?
- შესაძლოა, გმირი მოსამართლეები დღეს თითო-ოროლა იყოს, მაგრამ იმ დროს, როცა ჩვენ, სამმა თუ ოთხმა მოსამართლემ, ხმა ავიმაღლეთ იმ უკანონობის წინააღმდეგ, მაშინ სასამართლო კორპუსში დაახლოებით 350 მოსამართლე იყო. იმ 350 მოსამართლიდან თუნდაც 10 %-ს რომ გამოეჩინა პრინციპულობა, დამდგარიყო თავის პოზიციაზე და ეთქვა, კეთილსინდისიერად აღვასრულებ ჩემს სამოსამართლო საქმიანობას, შესაძლოა, დღეს ასეთი სავალალო მდგომარეობა არ ყოფილიყო. არ შეიძლება, ადამიანმა საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქროს. მართალია, ჩვენ მაშინ საზოგადოება გვერდით დაგვიდგა, მაგრამ მაინც ხელების გადაგრეხვის პოლიტიკით გაგვიშვეს სასამართლო სისტემიდან. ამის მიუხედავად, ჩემი ღირსება, პატივი და მოსამართლის დამოუკიდებლობა ხელშეუვალად მიმაჩნია.
გვყავს კი მოსამართლეთა ახალი კადრი, რათა მათ არსებული მოსამართლეები დროულად ჩაანაცვლონ?
- შესაძლოა, ამდენი პრინციპული მოსამართლე დღეს არ იყოს, მაგრამ, თუ პოლიტიკური ნება იქნება, რომ მათზე ზეგავლენა არ მოხდება, შესაძლოა, გარდამავალ ეტაპზე იმუშაონ ამ მოსამართლეებმაც და თანდათან უკვე ღირსეული კადრებით მოხდეს მათი შევსება. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, უკანონო გადაწყვეტილებები გამოუტანიათ და ზეწოლას ახდენდნენ ან ემორჩილებოდნენ უსამართლო ბრძანებებს, უდანაშულო ადამიანებს ამწესებდნენ ციხეებში, მათ პასუხი უნდა აგონ. სხვათა შორის, ასეთი უკანონობის ჩამდენი ძალიან ბევრი მოსამართლეა.
ფოტო და ვიდეოგადაღებასთან ერთად, სასამართლოში აუდიოჩანაწერებიც აკრძალეს, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ მოსამართლეები თავისუფლად აყალბებენ სასამართლო ოქმებს.
- ამის აღდგენა აუცილებელია. ჩემს დროს თითქმის ყველა პროცესს ესწრებოდნენ ჟურნალისტები. მაშინ უფრო „რუსთავი 2“ აქტიურობდა და არასდროს ვზღუდავდი ჟურნალისტებს. როცა მოსამართლე ობიექტურად იხილავს საქმეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ საქმეების შესახებ. იმ დროს ჩვენ გახმაურებულ საქმეებს ვიხილავდით, თუმცა პრობლემა არ იყო. ამიტომ დღესაც სასამართლო პროცესებს უნდა დაესწროს პრესაც, ტელევიზიაც, ეს აბსოლუტურად არ არის დამაბრკოლებელი. ამის საწინააღმდეგო არგუმენტაცია ის არის, თითქოს მოსამართლეები ღელავენ, რაც არარეალურია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ფიქტიური ორგანოს შესახებ მინდა გკითხოთ. ხომ არ უნდა გაუქმდეს ეს ინსტანცია, რადგან ისინი მოსამართლეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე არ რეაგირებენ და მათ საყვედურსაც არ უცხადებენ.
- მართლაც ამ მექანიზმს დახვეწა სჭირდება. ფაქტია, რომ იუსტიციის საბჭო ისეთი მანკიერი პრაქტიკით დამკვიდრდა დღევანდელ სინამდვილეში, რომ შეიძლება ითქვას, მის მუშაობაში ბევრი რამაა შესაცვლელი. ამას მოფიქრება სჭირდება.
როცა მოსამართლე დამნაშავეა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხომ უნდა მოახდინოს რეაგირება?
- მას შემდეგ, რაც ჩვენ სასამართლოდან გამოგვიშვეს, მე მგონი, მოსამართლეები გადაცდომების გამო არც გაუთავისუფლებიათ. მაშინ, როცა გადაცდომები ძალიან მძიმეა - არის ვადების დარღვევა, უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა, ზეწოლა და ყველა უბედურება.
ყველაზე მანკიერი პრაქტიკა კი ისაა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პასუხსაც კი არ აძლევენ ადამიანს, ვინც სარჩელი შეიტანა მოსამართლის დანაშაულის წინააღმდეგ. მოსარჩელეს ეუბნებიან, რომ მათ იმის თქმაც ეკრძალებათ, მისცეს თუ არა გაფრთხილება მოსამართლეს. აქ მოსამართლის გათავისუფლებაზე საუბარიც ზედმეტია.
- რა თქმა უნდა, ამ სახით, როგორც არსებობს ეს უწყება, გაგრძელება დაუშვებელია. არ შეიძლება, ადამიანმა მოსამართლის დანაშაულის შესახებ განცხადება დაწეროს და მან არ იცოდეს, მის განცხადებას რა რეაგირება მოჰყვება. ამიტომ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონს სჭირდება დახვეწა, რათა საზოგადოებრივი მონიტორინგი, კონტროლი, განცხადების დამწერის ინტერესები გათვალისწინებულ იქნას. კანონმდებლობა აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს, რადგან ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძალიან მანკიერი პრაქტიკით დამკვიდრდა. ბევრი რამაა შესაცვლელი, ან გასაუქმებელი და ახალი სტრუქტურაა ჩამოსაყალიბებელი.