„ისინი არიან დასავლური ფასეულობების წინააღმდეგნი, რომლებიც თვლიან, რომ გვარამია მისი მდგომარეობის გამო პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს“

„ისინი არიან დასავლური ფასეულობების წინააღმდეგნი, რომლებიც თვლიან, რომ გვარამია მისი მდგომარეობის გამო პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს“

პროკურატურიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ საკუთარი ბრალდების ტექსტი გადახია და აღნიშნა, რომ მის წაკითხვას არ აპირებს და შეიტანს სარჩელს პატივისა და ღირსების შელახვისთვის. მისი თქმით, პროკურორი გულუაშვილი ჯერ აღიარებს, ვინ დაუწერა ეს ტექსტი, შემდეგ კი ეს „ნაბიჭ...რი“ მოხვდება ციხეში მის შესახებ გავრცელებული ტყუილი ფაქტებისა და ჭორაობის გამო. ნიკა გვარამიას თქმით, ბრალში არმყოფი ეპიზოდის მოყოლა გულუაშვილს დაუჯდება ციხედ.

როგორც გვარამია აცხადებს, მას ერთგვერდიანი ბრალი აქვს წარდგენილი, რომელიც ეხება მხოლოდ მის მიერ ხელშეკრულების დადებას „ინტერმედიასთან“ და ამ ბრალში არსად ფიგურირებს ბინების ეპიზოდი, რის შესახებაც გულუაშვილმა მოსახლეობას ზარ-ზეიმით ამცნო.

პროკურატურაში ნიკა გვარამიას შესვლამდე მოვლენები ხმაურიანად ვითარდებოდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გვარამიას სს კოდექსის 220-ე მუხლის მიხედვით, 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. სახელმწიფო ბრალდება გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 7 მილიონამდე ლარით საკუთარი კომპანიის დაზარალებასა და ორი ბინის უკანონოდ შეძენაში ადანაშაულებდა. გვარამია ამ ბრალდებას შეთითხნილად აცხადებდა.

„მოგესალმებით დიქტატურაში, ჩემი დაჭერა თუ ბრალის წარდგენა არ არის პირველი ნიშანი დიქტატურის დამყარების. სამწუხაროდ, სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორის ყუთის გახსნა. ამის მერე საქართველოში ბოლომდე ფრთები აქვს გახსნილი დიქტატურას“, - ამ სიტყვებით მიმართა ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან მის გასამხნევებლად შეკრებილ ადამიანებს და ორივე ბრალდება უარყო.

პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით, სადაც მას კორუფციული კონტრაქტის დადებას ედავებოდნენ, აღნიშნა, რომ, თუ ვინმეს გაუგია, საქართველოში გენერალურ დირექტორს იჭერდნენ ცუდი კონტრაქტის დადებისთვის, მაშინ ის დადუმდებოდა. სინამდვილეში, გვარამიას განმარტებით, ეს კონტრაქტი ცუდიც არ ყოფილა, უბრალოდ, 2015 წელს დადებული კონტრაქტი იყო საგამონაკლისო, მხოლოდ ერთხელ დაიდო ასეთი კონტრაქტი, რადგან ფინანსურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ამგვარად რისკების დაზღვევა იყო სწორი. 2015 წელი ჩაითვალა რისკების წლად და რისკების გადაზღვევის მიზნით დადგა ასეთი კონტრაქტის გაფორმების საჭიროება. ამდენად, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენდირექტორს არ ესმის, ეკონომიკური პროგნოზირება როგორ შეიძლება იყოს მისი პასუხისმგებლობა. მით უმეტეს, რომ, როცა მან დაინახა, რომ ის რისკები, რომლებიც გადააზღვიეს, არ მოქმედებდა ბაზარზე და შეიძლებოდა დიდი შემოსავალი დაეკარგათ, „ინტერმედიასთან“ მკაცრი მოლაპარაკება გამართა და ამ კომპანიას არა 7 მილიონი, არამედ 9 მილიონი დააბრუნებინა შემდეგ წელს, გამოიყენა რა საბაზრო უპირატესობა.

„ნაბიჭ..ო, ქურდობას როგორ მაბრალებთ?! ვიქნები ყველგან, სადაც ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს! რაც შეეხება ბინების თემას, მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები იმისთვის, რომ მეყიდა ახალი, მთელმა „რუსთავი 2“-მა იცის, რომ ჩემი შეტანილი ფულით მოხდა ხელფასების დარიგება. ამის სანაცვლოდ დამიბრუნეს ბინით და ამის ყველა საბუთი არსებობს - სესხის ხელშეკრულებაც, ფულის შეტანის ჩეკიც, ვალის დაბრუნების საბუთიც. თქვე ნაბიჭ...ო, ხომ გაქვთ ეს საბუთი, როგორ ბედავთ ჩემთვის რამის მოპარვის დაბრალებას?! კორუფცია და ქურდობა არის ჩემი წითელი ხაზი, არ გაპატიებთ!“ თუ ეს ბრალი უნდა წაგეყენებინათ, 4 საათი რომ მკითხავდით, 1 შეკითხვა რატომ არ დამისვით ამ ბინებზე?!“

ნიკა გვარამიას თქმით, მისი დადანაშაულება კორუფციაში აბსურდია, რადგან სწორედ მან დაამკვიდრა სტერეოტიპი, რომ შეიძლება კარგი ტიპი იყო და არ იპარავდე.

გვარამია კვლავაც აპირებს ახალ ტელევიზიას ჩაუდგეს სათავეში, თუმცა მხოლოდ ტელევიზიით არ შემოფარგლება და მზად არის, ყველა პლატფორმაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ივანიშვილს დააზარალებს.

„ივანიშვილს ვპირდები, გავანადგურებ! მის კაპიტულაციას მე ჩავიბარებ“,- ამბობს გვარამია და პარალელურად პროკურატურას მიმართავს „ან პატიმრობა, ან თავისუფლება, არანაირ გირაოზე არ ვიქნები თანახმა! არანაირი შიდაპატიმრობა, ვერც ეჟვანს ვერ შემაბავთ, ვერც სახლში ვერ დამაბავთ, ვერც გირაოს გადამახდევინებთ, მესამე არჩევანს მე არ დაგიტოვებთ“.

შალვა თადუმაძის უწყების წინ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს თანამოაზრეები ელოდნენ და ერთი-მეორის მიყოლებით ნიკა გვარამიას პოლიტიკური დევნის ობიექტად მოხსენიებდნენ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებდა, რომ აღკვეთის რა ფორმას მოითხოვდა პროკურატურა - პატიმრობას თუ გირაოს, ეს არჩევანი მხოლოდ ივანიშვილზე იყო დამოკიდებული. თუმცა გუბაზ სანიკიძეს სასიამოვნო პროგნოზი არ ჰქონდა, რადგან მიაჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ტერორზე იყო გადასული, ამ ტერირის სქემაში კი ჯდებოდა ნიკა გვარამიას დადუმება და ახალი ტელევიზიის გახსნაში ხელშეშლა.

დავით კირკიტაძე საეჭვო გარემოებაზე საუბრობდა, რომ სწორედ იმ ადამიანებზე ხდებოდა საქმეების აღძვრა, ვინც ივანიშვილთან იყო დაპირისპირებული.

ირმა ნადირაშვილი კი განმარტავდა, რომ მოხდებოდა თუ არა გვარამიას დაკავება, ეს შეიძლება თვითონ პროკურორებსაც არ სცოდნოდათ, რადგან ეს ერთი ადამიანის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. ნადირაშვილის თქმით, ეს იყო შურისძიება წარსულისთვის, რადგან ნიკა გვარამია დაპირისპირებული იყო ბიძინა ივანიშვილთან. „ბიძინა ცდილობს, არ შექმნას ახალი ალტერნატიული პლატფორმა, მაგრამ ინტერნეტის საუკუნეში ვერც ადამიანის ციხეში ჩაგდებით შეიძლება ძალაუფლების შენარჩუნება“, - აცხადებდა ირმა ნადირაშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ სამართლებრივ ქვეყანაში ფინანსური მაქინაციის ჩამდენ პიროვნებას კანონის წინაშე უწევს პასუხის გაცემა. ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც მედიამაგნატი, ან ცნობილი საზოგადოებრივი ფიგურა, კანონის წინაშე ყველა თანაბარია. აქედან გამომდინარე, თუ გვარამიას წყალგაუვალი ფაქტებით დაუმტკიცდება, რომ მან ჩაიდინა ფინანსური მაქინაცია და უკანონო ფინანსური ოპერაციებით ფული მიიტაცა, აზარალა სახელმწიფო ან კონკრეტული კომპანია, რა თქმა უნდა, ის ვალდებული იქნება, კანონის ძალით პასუხი აგოს.

„ეს არ ნიშნავს თავისუფალი მედიის დევნას. სწორედ ისინი არიან დასავლური ფასეულობების წინააღმდეგნი, რომლებიც თვლიან, რომ გვარამია მისი მდგომარეობის გამო პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს. ეს გვაბრუნებს იმ პერიოდში, რასაც ერქვა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ე.წ. ველური კაპიტალიზმი და პოსტსაბჭოური რეალობა. ელცინ-პუტინის რუსეთში გავლენიანი ადამიანები, ვიღაცასთან დაახლოებული პირები და ცნობადი სახეები კანონის ზონის მიღმა იყვნენ, მათ ეპატიებოდათ ის, რაც არ ეპატიებოდათ რიგით მოქალაქეებს. იგივე სიტუაციაა „ტვ პირველის“ მფლობელის ირგვლივაც, რომელიც პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს მისი კომპანიის ფინანსურ მაქინაციასთან დაკავშირებით. ამაზეც ატყდა ხმაური. რა ვქნათ ახლა, თუ ეს პიროვნება „ტვ პირველის“ დამფუძნებელია, არ უნდა ჩამოართვან ჩვენება?“ - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

დაბოლოს, გამორიცხული არ არის, პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილი მენეჯმენტის სხვა თანამშრომლების, მათ შორის, ზაალ უდუმაშვილისა და ნოდარ მელაძის ქონებითაც დაინტერესდეს.

უ ც ხ ო :
ნიკა გვარამიას კი არა, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საოპერო მომღერალ მონსერატ კაბალიეს 82 წლის ასაკში წაუყენეს ბრალი სახელმწიფოსთან ფინანსური პრობლემების გამო, მიუსაჯეს 6-თვიანი პირობითი ციხე და დააჯარიმეს 250.000 ევროთი... მაგრამ არავის უთქვამს, ეს მუსიკის დევნაა ესპანეთშიო! :))))))
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com მომწონს ანჯაფარიძის დასკვნები, ყოველთვის რეალურად მსჯელობს!!!
4 წლის უკან
Serapina გერმანელებმა რომ ული ჰონეს-ი (ყოფილი ფეხბუთელი და წლების განმავლობაში ბაიერნ მიუნხენის საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი) ციხეში გაუშვეს, შემოსავლების დამალვის გამო... არავის უთქვამს ფეხბურთი იდევნება გერმანიოშიო თორემ... მაგ კლუბს იმდენი ფანი ჰყავს,გადადგამდნენ გერმანიას სადმე სხვაგან.
4 წლის უკან
სოციალისტი გვარამია სანამ ციხეში არ ჩაჯდება მანამ თრაქის თამაშს თავს არ დაანებებს! )))
4 წლის უკან