მიუხედავად იმისა, რომ ყაზანის „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში მოსკოვის ცსკა-სთან 0:1 დამარცხდა, ზურიკო დავითაშვილი მაინც გამოარჩიეს.
ის ჯერ პრემიერლიგის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამმა გამოცემამ დაასახელა (ქართველი შემტევი ნახევარმცველი ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა ვალერი გაზაევმა „ჩემპიონატის“ ვერსიაში გამოარჩია).
შემდეგ გამოცემა „ბიზნეს ონლაინის“ ცნობით, ქართველი პრემიერლიგაში დრიბლინგების რაოდენობით ლიდერობს...
„ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი რუსეთის ჩემპიონატის პირველ ოთხ ტურში პრემიერლიგაში წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით საუკეთესო მოთამაშე გახდა. ზურიკოს ინსულტის მცდელობების 85% წარმატებული აღმოჩნდა და ამ მაჩვენებლით ლიგაში ლიდერობს. 18 წლის ნახევარმცველი „რუბინს“ სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. ფეხბურთელმა ამ სეზონში ყაზანური კლუბის მიერ ჩატარებული ოთხივე თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მაგრამ სრულად მხოლოდ ბოლი ორი მატჩი ჩაატარა - „ახმატსა“ და მოსკოვის ცსკა-სთან“, - წერს „ბიზნეს ონლაინი“.
რუსულმა გამოცემა „სპორტ24“-მა კი ქართველი ლიგის „აღმოჩენებს“ შორის დაასახელა. წერილი, რომელიც საუკეთესო ტალანტებს მიუძღვნეს, ასე დაასათაურეს - „10 მოთამაშე, რომელმაც სეზონის დასაწყისშივე გაგვაოცა - ალბათ, მათ „ზენიტი“ უყურებს“.
„ზურიკო დავითაშვილი: „რუბინის“ სხვა ქართველებისგან (კვარაცხელია, მიქელთაძე) განსხვავებით, მას რუსულ პრემიერლიგაში თავი შედეგიანობით ჯერ არ გამოურჩევია. მაგრამ ამის მიუხედავად, ის რომან შარონოვის მიერ განახლებულ „რუბინში“ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურაა.
ზურიკო აღიარეს „ახმატთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, ის რეგულარულად ხვდება ძირითად შემადგენლობაში, პირველ ადგილზეა დრიბლინგების რაოდენობით და მე-5 ადგილზე - დარტყმების რაოდენობებით. და კიდევ - ეს ბიჭი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა“, - წერს „სპორტ24“.
ქართველების კლუბის, ყაზანის „რუბინის“ ჯამური სატრანსფერო ფასი 36,73 მილიონი ევროა და ქართველები გუნდში ყველაზე ძვირად ღირებულები არ არიან. მათი პირობითი სატრანსფერო ფასი ასე გამოიყურება:
ფეხბურთელი ფასი (ევ)
ხვიჩა კვარაცხელია 900 ათასი
ბექა მიქელთაძე 500 ათასი
ზურიკო დავითაშვილი 500 ათასი
ნიკა ყიფიანი 200 ათასი
იმედია, ეს ასე არ დარჩება, რადგან „რუბინისა“ და მოსკოვის ცსკა-ს შეხვედრაში მოხდა უმნიშვნელოვანესი ამბავი, რომელმაც რუსულ მედიაში გაჟონა: „ბიზნეს ონლაინის“ ცნობით, „რუბინისა“ და ცსკა-ს მატჩს ინგლისური გრანდის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტი დაესწრო და ამ შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთ ფეხბურთელზე დასაკვირვებლად.
ვის აკვირდებოდა მანჩესტერის სკაუტი?
„ამ დღეს „რუბინს“ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია აკლდა. სამშაბათს ქართველი თავდამსხმელი გულშემატკივრებთან შეხვედრისას გაცივდა. ღონისძიება 13-გრადუსიან ტემპერატურაზე, ქარიან ამინდში ჩატარდა, რის შემდეგაც მოთამაშე ავად გახდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი სწორედ გულშემატკივართან შეხვედრის დროს გაცივდა, კლუბში დაადასტურეს. ხვიჩამ ცსკა-სთან თამაშამდე ერთი კვირით ადრე ივარჯიშა, მაგრამ ავადმყოფობას დროულად ვერ გაუმკლავდა და ისე იყო, მატჩზე დასწრებაც ვერ მოახერხა...
ამის გამო, „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტს, კრისტო კილიბარდს კვარაცხელია საქმეში არ უნახავს. ამავე დროს, ის სტადიონზე ფიოდორ ჩალოვისა და ზურიკო დავითაშვილის სანახავად იმყოფებოდა. კილიბარდი აღმოსავლეთევროპელ ფეხბურთელებზეა სპეციალიზებული და გასულ სეზონში „სპარტაკთან“ „რუბინის“ მატჩსაც დაესწრო.
მას შემდეგ, ამ თამაშის არც ერთი მონაწილე ინგლისურ კლუბში არ გადასულა, მაგრამ სკაუტი ფეხბურთელებს ყველაზე ხშირად პირადი გაცნობის მიზნით სწავლობს და არა - კლუბის დაკვეთით. კვარაცხელია, დავითაშვილი და ჩალოვი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და ისინი ინტერესს ამიტომაც იწვევენ. მათ ევროპაში სწავლობენ და აკვირდებიან. ალბათ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება სწორედ ჩალოვმა და დავითაშვილმა მოახდინეს. ეს უკანასკნელი კვლავაც დამაჯერებლად უსწორდებოდა მეტოქეებს, ხოლო ჩალოვმა მშვიდად გაიტანა...
კვარაცხელიას ამბავი კი სამწუხაროა. მას შესაძლებლობა ჰქონდა, ტოპკლუბის სკაუტის ჩანაწერში მოხვედრილიყო“, - წერს „ბიზნეს ონლაინი“.