ფრანც ვიორერი ცოცხალია... ნახეთ, რას წერენ ფეიენოორდი-დინამოს სკანდალურ მსაჯზე. უკრაინელი ბოიკო ასე არ გაგვწირავს...

ფრანც ვიორერი ცოცხალია... ნახეთ, რას წერენ ფეიენოორდი-დინამოს სკანდალურ მსაჯზე. უკრაინელი ბოიკო ასე არ გაგვწირავს...

რით დაგვამახსოვრდა პირველ რიგში "ფეიენოორდისა" და თბილისის "დინამოს" საპასუხო მატჩი უეფას თასზე (დღევანდელი ევროპალიგა), რომელიც 1981 წლის 22 აპრილს როტერდამის "დე კუიპზე" გაიმართა.

თბილისში მოგებული 3:0-ის შემდეგ, "დინამო" ჰოლანდიაში 0:2 "დამარცხდა" და ფინალში მაინც გავიდა, მაგრამ როტერდამში შეიძლებოდა, ჩანასახშივე მომკვდარიყო "დიუსელდორფის 13 მაისი" ავსტრიელი არბიტრის, ფრანც ვიორერისა და მისი ბრიგადის მიერ - დიახ, "დინამო" დაამარცხა არაიმდენად "ფეიენოორდმა", რამდენადაც ვიორერმა, რომელმაც 3 გოლი არ ჩაგვითვალა.

ეს ვიდეო ნანახი გაქვთ და მათ დეტალურ აღწერას არ შევუდგებით. უბრალოდ, "ფეიენოორდისა" და "დინამოს" დაპირისპირების გახსენებაზე იმ თამაშის მნახველ კაცს ეს მსაჯი (ისევე, როგორც 1977 წელს "გრასჰოპერსი"-"დინამოს" განმსჯელი ჟან კიტაბჟანი) რომ არ დაუდგეს თვალწინ, წარმოუდგენელია - თავისი გაყინული და ცინიკური სახით.

ჰოდა, რომ გაგვახსნედა, იმიტომაც მოვქექეთ ინტერნეტში და აი, რა აღმოვაჩინეთ: ვიორერი ცოცხალია და ახლა 80 წლისაა. უნდა ითქვას, რომ მას ძალზე მდიდარი ბიოგრაფია აქვს, ფიფას და უეფას ეგიდით ყველა დიდ სანაკრებო თუ საკლუბო ტურნირზე უმსაჯია. მაგრამ იქვე, მის სავიზიტო ბარათში, თან არა ერთ საიტზე ასეთ ფრაზებს წავაწყდით:

"ფრანც ვიორერი ცნობილია იმით, რომ ძალიან ცუდად იმსაჯა 1982 წლის ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე კამერუნისა და პერუს მატჩი, რომელშიც სრულიად ლეგიტიმური გოლი არ ჩაუთვალა აფრიკელთა ფორვარდ როჟე მილას. 1981 წლის 22 აპრილს კი ძალიან საკამათო იყო მისი გადაწყვეტილებები თასების მფლობელთა თასზე "ფეიენოორდისა" და თბილისის "დინამოს" მატჩში, რომელშიც "დინამოს" 3 გოლი არ ჩაუთვალა".

აი, ასე იყო საქმე. დღეს კი, 38 წლის შემდეგ, მატჩს უკრაინელები განსჯიან. არბიტრი სერგეი ბოიკოა. არამარტო იმიტომ, რომ უკრაინელთან გვაქვს საქმე, ისედაც - დღეს გაცილებით მეტი "თვალი" უყურებს თამაშს ასე უღმერთოდ ვერავის გაწირავენ, უნებლიე შეცდომების კი რა გითხრათ...