„დერბი ქაუნთიმ“ დაადსტურა, რომ უეინ რუნი ინგლისში ბრუნდება. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ლეგენდარულ ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმდება.
33 წლის ფეხბურთელი „დერბიში“ მოთამაშე-მწვრთნელი იქნება. რუნი ამჯერად ამერიკულ „დი სი იუნაიტედის“ ღირსებას იცავს და ინგლისურ კლუბს 2020 წლის იანვრიდან შეუერთდება.
ინგლისელი თავდამსხმელი, რომელმაც სანაკრებო კარიერა 2018 წლის ნოემბერში დაასრულა, ამერიკაში ამავე წლის ზაფხულში გადავიდა.
მანამდე უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ევერტონში“ თამაშობდა. მისი კარიერის საუკეთესო წლები „წითელ ეშმაკებს“ უკავშირდება. რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, პრემიერლიგის გამარჯვებული კი ხუთჯერ გახდა.