„რა სარგებელი ნახა ქვეყანამ ამ ომით და რა დანაკარგი განიცადა - უნდა გაკეთდეს შეფასება და ანალიზი. იქნებ შოთა უტიაშვილმა ჩვენზე უკეთესად იცის, რა ამოსუნთქვა იპოვა ქვეყანამ ამით? იქნებ სახელმწიფომ არ ამოისუნთქა და კონკრეტულმა პოლიტიკურმა გუნდმა ამოისუნთქა? - განაცხადა უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებისას ტვ პალიტრის გადაცემაში „360°.
მისი თქმით, იმდროინდელი ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკაზე მორატორიუმი გამოცხადდა, თქვეს, რომ ყველა ერთად დაირაზმებოდნენ ქვეყნის სიძლიერისთვის, მაგრამ სარგებელი კვლავ კონკრეტულმა პოლიტიკურმა გუნდმა ნახა
„ჩვენ არასდროს ვცდილობთ ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე. დღეს ვუყურებთ პროცესებს რომლებიც ვითარდება პარლამენტის წინ, სადაც ანტისაოკუპაციო ძალთა აქციები იმართება, მაგრამ იქ აღმოვაჩენთ სახეებს, რომლებიც 2008 წელშიც გარკვეულწილად პასუხისმგებელი იყვნენ ამა თუ იმ მიმართულებებზე, თუნდაც მათი ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მის შვილს, ზუკა ბერძენიშვილს ზაფხულის დასაწყისში აღფრთოვანებით მოუხსენებია მისთვის, რომ „ქვეყანა გეგმავს რაღაც პროცესების განვითარებას ცხინვალის მიმართულებით"; ან შოთა უტიაშვილის განცხადება, რომ თურმე ქვეყანამ ამოისუნთქა იმ პერიოდში - ეს ყველაფერი ხომ თვალთახედვის არეში ვითარდებოდა? ამ ყველაფერს ხომ ჩვენ ვუყურებდით?" - განაცხადა კობა კობალაძემ.
მისი თქმით, დღეს გარკვეული პირებისგან კვლავ რიტორიკული განცხადებების მომსწერნი ვართ, იმის მაგივრად, რომ გაითავისონ თუნდაც რაღაცა მცირედი პასუხიმგებლობა იმ ომის დროს განვითარებულ პროცესებზე.
„ისინი ცდილობენ, აგვისტოს თვე იმისათვის გამოიყენონ, რომ საკუთარი თავი სხვა რაკურსით დაანახონ საზოგადოებას. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია მტერი გარეთ, შიგნით თუ საერთო ნაზავი იქნება. დღეს ხომ ფაქტობრივად კვლავ ვხდებით ისტერიკის დღის წესრიგის ჩვენდა უნებური მონაწილე?!„ - განაცხადა კობა კობალაძემ.