“ხშირად მეკითხებიან, მიშა რატომ გძულსო. მიშას მანამდეც ვაკრიტიკებდი, მაგრამ სიძულვილი 2008 წლის 12 აგვისტომდე არ მქონდა. მიშა სწორედ მაგ დღეს შემძულდა, როცა ასე სამარცხვინოდ გამოაცხადა კაპიტულაცია და ორი უზარმაზარი რეგიონის, შიდა ქართლის და სამეგრელოს მოსახლეობა მტერს შეატოვა. ჩემს მეხსიერებაში ეს ყველაზე მძიმე დღეა”, – ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს.
“მაშინ სხვა ჟურნალისტებთან ერთად სამეგრელოში ვიყავი და ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დააბოტებდნენ რუსები ჩვენი ხელისუფლების მიერ მიტოვებულ ტერიტორიებზე და რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ. დღემდე არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რა მოხდებოდა ერთთვიანი ოკუპაციის მერე რუსებს ეს რეგიონები საერთაშორისო ზეწოლის შედეგად რომ არ დაეტოვებინათ. ახლგორი და კოდორი აღარ დატოვეს, როგორც იცით და დღემდე იქ არიან”, – წერს მეტრეველი.