როლანდ ახალაიას ბიზნესის რეკეტისთვის უჩივიან

როლანდ ახალაიას ბიზნესის რეკეტისთვის უჩივიან

შპს „დ-ვორლდ“-ის წარმომადგენლები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ ახალაიას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვენ. კომპანიას ანალოგიური მოთხოვნა აქვთ მოსამართლე კეკენაძის და პროკურორ საჯაიას მიმართაც. ადვოკატი მირიან ნიკოლაძე როლანდ ახალაიას ბიზნესმენებზე განხორციელებულ რეკეტში ადანაშაულებს.

საქმე ზუგდიდის ცენტრში არსებულ უნივერმაღ  „ენგურის“ გასხვისებას ეხება. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვარგარეთ მცხოვრები ბიზნესმენების მიმართ გაკეთებული მოწოდების შემდეგ ხათუნა კაკაჩიამ და მისმა მეუღლემ, ბიზნესმენმა დავით როგავამ გადაწყვიტეს, მოსკოვიდან საქართველოში ჩამოსულიყვნენ და ბიზნესი დაეწყოთ.

ხათუნა კაკაჩიამ იმ დროს გაიგო, რომ ზუგდიდის ცენტრში სამსართულიანი უნივერმაღი „ენგური“ იყიდებოდა. საკითხის მოგვარება ნდობით აღჭურვილ იურისტებს, თამაზ ქანთარიას და თორნიკე ცხაკაიას დაავალეს. როგორც ქანთარიას და ცხაკაიას ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, მათ ყველაფერი შეამოწმეს, ნახეს, რომ ქონება არ იყო არც იპოთეკით დატვირთული და არც დაგირავებული. ამის შემდეგ მომავალ მესაკუთრეს რეკომენდაცია გაუწიეს, რომ ქონება „სუფთა“ იყო და უპრობლემოდ შეიძლებოდა მისი ყიდვა.

ხათუნა კაკაჩიამ თამაზ ქანთარიას მინდობილობა გამოუგზავნა, „პროკრედიტბანკიდან“ სესხი აიღო და ქონება 2006 წლის 26 დეკემბერს 300 000 დოლარად შეისყიდა მაშინდელი მესაკუთრის, გულნარა ჯინჯოლავასგან.

ძალიან მალე ხათუნა კაკაჩიას საქართველოში მოუხდა ჩამოსვლა. სწორედ მაშინ შეუთვალეს პირველად ზემო სვანეთის პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორის, რომეო საჯაიას პირით, ეს ობიექტი რომ იყიდეთ, რატომ არაფერი გვეკითხეთ, გირჩევთ, გაუგებრობა დროზე გაარკვიოთ, თორემ პრობლემები შეგექმნებათო.

ქონების ახალი მფლობელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ დოკუმენტაცია ხელახლა გადაამოწმებინეს იურისტებს, ფინანსისტებსა და აუდიტორებს. ამის მერე ამბის მიმტან-მომტანს შეატყობინეს, რომ არანაირი დარღვევა არ იყო და ამ მხრივ, პრობლემა არ ჰქონდათ. ისევ მოვიდა „შეტყობინება“ თუ არ გაქვთ პრობლემები შეგექმნებათო. საჯაიამ ისიც შეუთვალა, ვიცი, რომ თქვენ კეთილსინდისიერი მყიდველები ხართ, მაგრამ ეს ობიექტი ჩემს უფროსს აინტერესებს. თუ როლანდ ახალაია მეტყვის, მაშინვე დაგანებებთ თავსო.

იყო შეთავაზებაც, ოღონდ ეს ობიექტი სახელმწიფოს დაუბრუნეთ და თანხის უკან ამოღებაში ჩვენ დაგეხმარებითო.

როგორც ჩანს, ბიზნესმენებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რასთან ჰქონდათ საქმე და ისე დატოვეს საქართველო, როლანდ ახალაიასთან არაფერი გაურკვევიათ.

უნივერმაღის დირექტორად თამაზ ქანთარია დაინიშნა. ერთ დღესაც იგი ზუგდიდის პროკურატურაში დაიბარეს და აცნობეს, ეს უნივერმაღი თავის დროზე არასწორად იყო პრივატიზებული და გირჩევთ სახელმწიფოს დაუბრუნოთო.

მალევე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე 186-ე მუხლით აღიძრა, რაც უკანონოდ მოპოვებული ქონების შესყიდვას გულისხმობს.

ცოტა ხანში ეკონომიკური ამნისტია გამოცხადდა. თუმცა, როგორც ჩანს, ბენდუქიძის კანონები ახალაიას პროკურატურაში არ ჭრიდა - განაცხადეს, რომ მათ ეს არ აინტერესებდათ. საქმე სასამართლოში გაგრძელდა.

მოსამართლემ დამნაშავედ ცნო უნივერმაღის ძველი აქციონერი გულნარა ჯინჯოლავა და იურისტები - ქანთარია და ცხაკაია, რომლებიც ამ დროისთვისაც ძებნილები არიან.

საქმეს სარჩულად პროცედურების დარღვევა დაედო. გულნარა ჯინჯოლავას მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, ობიექტის შესყიდვის დროს, პროცედურები ზედმიწევნით იყო დაცული.

უნივერმაღი „ზუგდიდვაჭრობას“ ეკუთვნოდა, მისი პრივატიზებება 1997 წელს მოხდა და 2006 წლამდე უპრობლემო ქონებად ითვლებოდა, არ ედო ყადაღა და მასთან დაკავშირებით რაიმე სახის სამართალწარმოება არ მიმდინარეობდა.

ჯინჯოლავას პროკურატურაში დასაკითხად რომ იბარებდნენ, მას ხათუნა კაკაჩია დაუკავშირდა და სთხოვა მზად იყო ქონება უკან დაებრუნებინა, თუ ფულს დაუბრუნებდნენ, მაგრამ თანხა უკვე დახარჯული იყო - ობიექტს უამრავი ვალი ჰქონდა დაგროვილი, დანარჩენი თანხა კი უნივერმაღის 150 აქციონერზე გადანაწილდა.

მოწმედ, „ზუგდიდვაჭრობის“ ყოფილი ბუღალტერი, ლუიზა წყაროზია, მოიყვანეს, რომელმაც  განაცხადა, რომ „ზუგდიდვაჭრობის“ დირექტორი იმედი ალშიბაია და გულნარა ჯინჯოლავა დოკუმენტაციის გაყალბებას აიძულებდნენ. ასევე, მას პრივატიზაციის გეგმის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, ხელიც არ მოუწერია.

სწორედ ლუიზა წყაროზიას ჩვენება გახდა გულნარა ჯინჯოლავასადმი ბრალის წაყენებისა და  დაპატიმრების მიზეზი. ადვოკატების მტკიცებით კი არსებობს დოკუმენტი, რომელზედაც ნამდვილად არის წყაროზიას ხელმოწერა.

მოწმეები რომლებმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურას ჩვენებები მისცეს, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი დიდი ზეწოლის შედეგად მოხდა, ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ჩვენებებს თავად გამომძიებელი წერდა და ხელი ისე მოაწერინეს, რომ არც კი წააკითხეს.

მოკლედ, გულნარა ჯინჯოლავა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ამის შემდეგ მფლობელებს კვლავ შეუთვალეს, დააბრუნეთ შენობა, თორემ გარიგებაში მონაწილე იურისტებსაც დავიჭერთო. მესაკუთრისგან პასუხი რომ ვერ მიიღეს, ახალი „შეტყობინება“ გააგზავნეს, თუ არ დააბრუნებ შენობას, იურისტებთან ერთად დაგიჭერთ, როგორც არაკეთილსინდისიერ მყიდველსო.

ამის შემდეგ კი მართლაც მოისურვეს უნივერმაღის მესაკუთრეებმა ახალაიასთან შეხვედრა, მაგრამ ახლა ის აღარ შეხვდა, თუმცა შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

თავიდან შენობის დაბრუნებას ითხოვდნენ, ნოემბრის მოვლენები რომ დაიწყო, 50%-იან წილზე დაიწყეს ლაპარაკი. როგორც კი ეს ამბები დასრულდა, ახალაიებმა შენობის დაბრუნება ისევ მოითხოვეს.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით სასამართლოებსა და პროკურატურებს უნდა შეეწყვიტათ ქონებრივი დავები, მაგრამ ახალაიებს ზურაბ ადეიშვილისგან „აუღიათ ნებართვა“ - ეს უნივერმაღი წასართმევია - „შავების“ არისო. ბოლოს მესაკუთრეებს სთხოვდნენ, თუ გინდათ არ დაგიჭიროთ, ქონება დააბრუნეთო.

ბიზნესმენები, ოღონდ კი ახალაიებისთვის არ დაეთმოთ, მზად იყვნენ, ნაცმოძრაობისთვის ეჩუქებინათ უნივერმაღი. ნაცმოძრაობის ლიდერებმა ეს საჩუქარი რატომღაც იუკადრისეს ან ახალაიებთან საქმის დაჭერა არ ისურვეს.

მესაკუთრეებმა ზუგდიდში რომ ვერაფერი გაარკვიეს, გადაწყვიტეს ეს ამბავი პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის შეეტყობინებინათ, განცხადებები შეიტანეს პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის სახელზე, მაგრამ უშედეგოდ.

მირიან ნიკოლაძე: არ ვიცი, ახალაიებს რა დაინტერესება ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში ღიად განაცხადეს, ჩვენ რომ არ გვკითხეთ და ისე იყიდეთ ქონება, ზუგდიდში ეს აკრძალული თემააო.

2007 წელს საქმე რომ აღიძრა, ორი მოწმე მოიყვანეს, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ქანთარიამ და ცხადაიამ იცოდნენ, ეს ქონება უკანონოდ რომ იყო პრივატიზებული, რაც სიცრუეა. ზოგი მოსამართლე მართლა სამარცხვინოა, მაგრამ სამარცხვინოც არის და სამარცხვინოც, მოსამართლე კეკენაძემ მართლაც რომ „სასწაულები“ აკეთა.

ორი მოწმე ჰყავდათ მოყვანილი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყურმოკვრით მაინც უნდა გაეგოთ ამ იურისტებს ეს რომ უკანონო ქონება იყოო. არ მინდა ამ მოწმეების გვარები დავასახელო, რადგან ახლა გამოძიება დაიწყება.

პირველივე სხდომაზე კი ორი მოწმის ჩვენება ისე წარმოადგინეს, რომ მოწმეები არც კი გამოცხადებულან. დარწმუნებული ვარ, ესეც პროკურატურის შედგენილი ჩვენებები იყო. მოსამართლე ადგა და გაიზიარა, მერე რა, რომ ვერ მოდიან, მოწმის ჩვენება გასაზიარებელიაო. 

კანონით, ასეთი ჩვენების გაზიარება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მოწმის მოძებნის ყველანაირი გზა ამოწურულია და მას ძალზე მნიშვნელოვანი ჩვენება აქვს მიცემული. მოყვანილთაგან ერთ-ერთმა მოწმემ კი სურათებზე  საერთოდ ვერ ამოიცნო ბრალდებულები - კეკენაძემ მისი ჩვენება მაინც გაიზიარა. ეს კი არა სახელმწიფოს მიერ გამოცემული ეკონომიკური ამნისტიაც არ გაიზიარა!

როლანდ ახალაიას ბრალი რითი მტკიცდება?

- ერთი, რომ გამოძიების პროცესში გამომძიებელი საჯაია ღიად აცხადებდა, ჩვენ მტკიცებულებები არ გვაინტერესებს, თქვენ მკაცრად დაისჯებითო და მეორეც - როგორღაც მოხერხდა და ხათუნა კაკაჩია თავის მეუღლესთან ერთად როლანდ ახალაიას შეხვდა. უკვე ყველანაირ ზღვარს გადავიდა ყველაფერი და შეეცადნენ, მიზეზი გაერკვიათ.

როლანდ ახალაიამ უთხრა, მე რატომ არ მკითხეთ, უნივერმაღს რომ ყიდულობდითო. აღიარეთ ყველაფერი, მოინანიეთ, იმ ქალს (გულნარა ჯინჯოლავას) ხელი დაადეთ და თქვით, რომ იცოდით უკანონო ქონებას ყიდულობდით და ასეთ შემთხვევაში შეიძლება საპროცესო თემებზე დაგელაპარაკოთო.

ამათ იუკადრისეს, ასეთ რამეს როგორ გავაკეთებთ ადამიანს ტყუილად როგორ დავადანაშაულებთო.

შემდეგ ერთ-ერთ წვეულებაზე კეკენავა შეხვდა ხათუნა კაკაჩიას და უთხრა, როლანდ ახალაიამ ასე თქვა, დაგიჭერ თუ არ გააკეთებთ რაც გითხარითო.

სხვათა შორის, სოზარ სუბარის ანგარიშშიც დაიწერა, რომ ასე უსაფუძვლოდ ხალხის გასამართლება საგანგაშო იყო.

გასაჩივრება თუ სცადეთ?

- სააპელაციომ რა თქმა უნდა, ძალაში დატოვა. გავასაჩივრეთ უზენაეს სასამართლოში. 6-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მოვიკითხეთ, რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ ჯინჯოლავას საქმე განუხილავს უზენაესს და უარი უთქვამს, იურისტების საქმე კი საერთოდ არ განუხილავს. მერე ერთი ფარატინა ფურცელი გამომიგზავნეს არ განგვიხილავსო. მივწერე, იქნებ ამიხსნათ, რატომ არ განიხილეთ-მეთქი და პასუხი დღემდე არ მაქვს. არ ვიცი, შარი აირიდეს თუ რა მანიპულაციები ტარდება.

უცებ ჩავედი ზუგდიდში და გადავაქსეროქსე სასამართლოდან მიბრუნებული მასალები, რომ მერე არ ჩაემატებინათ რამე. ვეღარ მოასწრეს ჩადება და საკითხი ღიად დარჩა.

ამნისტია ეხებოდათ, არ შეახეს, უზენაესმაც რაღაც სასწაულები აკეთა, მოწმეები დააშინეს, ბოლომდე ვერ გაიტანეს და ერთ საქმეზე მეტი რაღა უნდა მოხდეს.

რაც შეეხება თვითონ უნივერმაღს, ახლა ვის ეკუთვნის?

- ვერ ვიგებთ ქონება ვის სახელზეა რეგისტრირებული. საჯარო რეესტრში ნებისმიერი მესაკუთრის მოძებნა შეიძლება, მაგრამ უნივერმაღ „ენგურის“ მესაკუთრე არ იძებნება, საჯარო რეესტრს მივმართე წერილობით უკვე მეთორმეტე დღეა და პასუხს არ მცემენ - არ იციან რა უყვეს ქონება.

ეჭვი გაქვთ, რომ ახალი მესაკუთრე ჰყავს?

- ასეთი ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ რეესტრს ორჯერ მიმართა ქონების მართვამ სახელმწიფოს სახელით, უნდოდათ, რომ ამოეღოთ მესაკუთრის ცვლილება, რადგან განაჩენით ჩამოგვერთვა ეს ქონება.

რეესტრმა მიმართვაში ხარვეზი აღმოაჩინა და ამის შემდეგ შეწყვეტილია წარმოება. მერე ეჭვი გაგვიჩნდა, საიდენტიფიკაციო კოდი ხომ არ შეცვალეს და სხვა საქმესთან ხომ არ გააიგივეს - ჩვენ რომ არ მიგვიწვდებოდეს ხელი. ოფიციალურად მოვითხოვეთ ამონაწერი, მაგრამ ამასაც არ გვაძლევენ.

სარჩელი უკვე შეტანილია?

- უახლოეს დღეებში ყველაფერი მომზადება და სარჩელსაც შევიტანთ პროკუტარურაში.