„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალების“ მიერ პარლამენტში შეტანილი ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალების“ მიერ პარლამენტში შეტანილი ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს

„ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი დღეს არსებობს, დაუშვებელია“, - ამის შესახებ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) პრეზიდენტმა, ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა. მან წარმოადგინა ის შენიშვნები, რაც აფბა-ს ბიუჯეტის პროექტის მიმართ გააჩნია და რომლებსაც ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს და ფინანსთა სამინისტროსაც მიაწვდის. აფბა-ში იმედოვნებენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც მათ მოსაზრებებზე არანაირი რეაგირება არ ხდებოდა, წელს საქართველოს პარლამენტი აფბა-ს შენიშვნებს გაეცნობა და გაითვალისწინებს.

„2012 წლის ბიუჯეტის პროექტი მაშინდელი ხელისუფლების მიერ შეფასდა, როგორც უპრეცედენტო და განსაკუთრებით პროგრამული ბიუჯეტი, მაგრამ მისი ანალიზი აბსოლუტურად საპირისპიროს ცხადყოფდა. იგი უფრო უარესი იყო, ვიდრე თუნდაც წინა წლის ბიუჯეტი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტში არის შესული, ბევრად უარესია, ვიდრე იყო 2012 წლის ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება და ანალიზი საზოგადოებისთვის, ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტისთვის შეგვეთავაზებინა“, - აცხადებს აფბა-ს პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.

მან ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება. ჭიჭინაძის განცხადებით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობა 7 მლრდ 234 მლნ ლარი იქნება, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 2.5%-ით აღემატება. შემოსავლების 93% საგადასახადო შემოსავლებზე მოდის და მისი მოცულობა 6.73 მილიარდი ლარია. საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა კი ასე გამოიყურება - საშემოსავლო გადასახადიდან გათვალისწინებულია 1.58 მილიარდი ლარის მობილიზება, მოგების გადასახადიდან - 994 მილიონი ლარის, დღგ-დან - 3.32 მილიარდი ლარის, აქციზის გადასახადიდან - 670 მილიონი ლარის და იპორტის გადასახადიდან 125 მილიონი ლარის. საბოლოო ჯამში საგადასახადო შემოსავლები 430 მილიონი ლარით იზრდება.

აფბა-ს პრეზიდენტის თქმით, 2013 წლის პრიორიტეტები თითქმის უცვლელი რჩება და ძირითადი აქცენტი კვლავ სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე იქნება გაკეთებული. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის წინა წელთან შედარებით დაფინანსება მცირედით იზრდება და 146 მილიონ ლარს შეადგენს. განათლების სისტემაზე ბიუჯეტის არსებული პროექტით 649 მილიონი ლარი გამოიყოფა, თავდაცვის ხარჯები 670 მილიონი ლარით განისაზღვრება, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე 874 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აფბა-ს ინფორმაციით, ჯანდაცვის დაფინანსება 63 მილიონი ლარით მცირდება და 2013 წლისათვის ამ სფეროზე არსებული პროექტით 167 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სოციალურ დაცვაზე მოდის, რომლის ბიუჯეტიც 507 მილიონი ლარით იზრდება და 2.28 მილიარდ ლარს შეადგენს.

აქვე ნოდარ ჭიჭინაძე საუბრობს იმ ხარვეზებზე, რის გამოც აფბა-ში მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის არსებული სახით დამტკიცება დაუშვებელია. კერძოდ, პირველი შენიშვნა, რაც მათ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აქვთ, არის ბიუჯეტის კანონპროექტის მუხლი - „სხვა ხარჯები“, რომელზეც 2013 წლის ბიუჯეტში 1 მლრდ 100 მლნ ლარია გაწერილი და რაც მთლიანი ხარჯების დაახლოებით 16%-ს შეადგენს.

„თუ ამას დავუმატებთ სხვადასხვა ფონდების თანხებს, რომელთა დანიშნულება წინასწარ გაურკვეველია და შესაბამისად, მათი ხარჯვის მიზნობრიობის დადგენაც შეუძლებელია, ჯამში გამოდის, რომ მილიარდნახევარ ლარამდე ბიუჯეტში ისე არის გაწერილი, რომ წინასწარ არ არის ცნობილი, რაში დაიხარჯება ეს თანხები. მლიანად კი ეს ყველაფერი ბიუჯეტის დაახლოებით 21-22%-ს შეადგენს, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და წინასწარ არ არის ცნობილი, რაში დაიხარჯება ეს თანხები. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ მიმართულებით არის საჭირო აქცენტის გაკეთება, ვინაიდან არ შეიძლება ბიუჯეტის მეხუთედი წინასწარ გაუაზრებლად და წინასწარ დაუგეგმავად იხარჯებოდეს“, - აღნიშნავს აფბა-ს პრეზიდენტი.

იგი საუბრობს ადმინისტრაციული ხარჯების მაღალ დონეზეც. ჭიჭინაძის განცხადებით, 2008 წელს მსოფლიო ფინანსურ კრიზისს საქართველოში საომარი მოქმედებები დაემატა და მაშინდელმა მთავრობამ ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა გამოაცხადა და ამბობდა, რომ საბიუჯეტო დეფიციტისა და ფისკალური ზეწოლის შესამსუბუქებლად აუცილებელი იყო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, თუმცა 2008 წლიდან მოყოლებული, სიტუაცია აბსოლუტურად საპირისპიროა. აფბა-ში აცხადებენ, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვი 99 538 ადამიანიდან 101 725 ადამიანამდე გაიზარდა. დასაქმებულთა რაოდენობის 2000 ადამიანის ზრდის ფონზე კი მათი შრომის ანაზღაურებისთის გამოყოფილი თანხების მოცულობა 44 მილიონი ლარით გაიზარდა და 2013 წელს შრომის ანაზღაურების ხარჯები 1 171 მილიარდ ლარს აღწევს. ამდენად, საბიუჯეტო მოხელის საშუალო წლიური ხელფასი 11 511 ლარი იქნება. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 11 333 ლარი იყო, ხოლო 2011 წელს - 10 787 ლარი.

აფბა-ში საბიუჯეტო დეფიციტზეც საუბრობენ. კერძოდ, 2013 წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულია 7 234 მილიარდი ლარის მობილიზება, ხარჯების მოცულობა კი 7 117 მილიარდი იქნება. ამდენად, შემოსავლების ზრდა 2%-ს შეადგენს, ხარჯების მოცულობა კი 6.1%-ით იზრდება. შედეგად ბიუჯიტის დადებითი საოპერაციო სალდო, ანუ სხვაობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის 2012 წლის 270 მილიონი ლარიდან 2013 წელს 116 მილიონ ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება ბიუჯეტის მთლიან სალდოს, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, 2012 წელს ბიუჯეტის დეფიციტმა 458 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8%-ია, 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 2%-მდე იზრდება.

აფბა-ს პრეზიდენტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად იმისა, წინა ხელისუფლება მუდმივად მმართველობის დეცენტრალიზაციაზე საუბრობდა, სინამდვილეში რეგიონების ცენტრზე დამოკიდებულების ხარისხი ყოველწლიურად იზრდება. მისი თქმით, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა 2013 წლის პროექტით 822 მილიონ ლარს შეადგენს, 2012 წლის მდგომარეობით ეს ციფრი 832 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2011 წელს ტრანსფერების მოცულობამ 1 მილიარდ 167 მილიონი ლარი შეადგინა.

„ამდენად, 2013 წელს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის 2011 წელთან შედარებით დაახლოებით 400 მილიონი ლარით ნაკლების გადაცემა არის დაგეგმილი. შესაბამისად, ნაერთ ბიუჯეტში ავტონომიური რეპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის წილი 18%-იდან 11%-მდე მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ განცხადებების ფონზე, თითქოს ქვეყანაში დეცენტრალიზაცია მიმდინარეობს, ფინანსური კუთხით ეს პროცესი აბსოლუტურად საპირისპიროდ მიმდინარეობს და რეგიონის ცენტრზე დამოკიდებულების ხარისხი ყოველწლიურად იზრდება“, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.

მისი თქმით, მუდმივად საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება და ეს მართლაც ასეა, მაგრამ აქ ყურადღება გასამახვილებელია მთლიანად შემოსულობებზე. კერძოდ, გარდა საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებისა, ბიუჯეტი სხვა წყაროებიდანაც იღებს შემოსავლებს და ამ კუთხით, 2013 წელს იქნება კლება, რადგან ბიუჯეტი 0.8%-ით ნაკლებ შემოსულობებს (8.1 მილიარდ ლარს) მიიღებს, ვიდრე ეს იყო 2012 წელს, ხოლო გადასახდელების მოცულობა 3%-ით იზრდება და 8.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, იზრდება ასევე სხვადასხვა ფონდების მოცულობა. კერძოდ, 2013 წლისათვის სხვადასხვა ფონდებში დაახლოებით 400 მილიონი ლარის მობილიზება არის გათვალისწინებული. ესენია მთავრობის სარეზერვო ფონდი - 50 მილიონი ლარი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი - 50 მილიონი ლარი და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი - 310 მილიონი ლარი. აფბა-ში აცხადებენ, რომ ამ ფონდების და განსაკუთრებით უკანასკნელის დანიშნულება გაუგებარია და მათი ხარჯვა აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა. ამასთანავე, ამ ფონდებიდან ფულის ხარჯვა არ ექცევა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების კანონის რეგულირების ქვეშ, რაც საშუალებას იძლევა სახსრები ტენდერების გარეშე დაიხარჯოს. ამიტომ აფბა-ში მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის ეს ნაწილი საკმაოდ ბუნდოვანი და უკონტროლოა. შესაბამისად, ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ეს ფონდები უნდა გაუქმდეს, ან უკიდურეს შემთხვევაში შემცირდეს მათი მოცულობა და გაიზარდოს გამჭვირვალობის ხარისხი, რათა საზოგადოებას საბიუჯეტო სახსრების თითოეული ლარის ხარჯვის კონტროლის საშუალება ჰქონდეს.

აფბა-ს პრეზიდენტი საგარეო ვალის მომსახურების მაღალ ხარჯებზეც საუბრობს. კერძოდ, მისი თქმით, 2013 წელს საგარეო ვალის მომსახურებაზე თითქმის სამჯერ მეტი თანხები დაიხარჯება, ვიდრე 2012 წელს. ვალის დასაფარად 536 მილიონი ლარი იქნება მიმართული, რითაც საგარეო ვალის მომსახურების დანახარჯების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 2%-მდე გაიზრდება, ხოლო ექსპორტთან მიმართებაში 25%-მდე, რაც ფინანსისტების განცხადებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ქვეყნის ფინანსურ მდგრადობაზე გავლენას ახდენს. აქვე ნოდარ ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ 2013 წელს ვალდებულებების ზრდის ტემპი მცირდება, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა.

დაბოლოს, ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის პროექტი და მასში ჩადებული საგადასახადო შემოსავლების ზრდა ინფლაციურ პროცესებზე არის დამყარებული.

„მოგეხსენებათ, საგადასახადო შემოსავლები 430 მილიონი ლარით იზრდება, რაც 6.3%-იანი ზრდაა. თუმცა თუ გამოვრიცხავთ ფასების დონის ფაქტორს, ანუ დეფლატორს, მიზნობირივი ინფლაციის (6%) შენარჩუნების შემთხვევაში საგადასახაო შემოსავლების რეალური ზრდა 0.3% გამოდის. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ საგადასახადო შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი იმ გადასახადებზე მოდის (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი და ა.შ.), რომლებიც პირდაპირპროპორციულ კავშირში არიან ფასების დონის ცვლილებასთან. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტის არსებული პროექტი არ არის დამყარებული ეკონომიკურ ზრდაზე“, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.