დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშს შეთავაზებაზე პასუხს მოგვიანებით, მას შემდეგ გასცემენ, რაც ადვოკატთან ერთად ჩამოყალიბდებიან სავარაუდო პასუხზე. თუმცა დვალმა აღნიშნა, რომ შეთავაზებით ბედნიერები არ არიან, რადგან 40% არ არის საკონტროლო პაკეტი. როგორც ცნობილია, ქიბარ ხალვაშმა დვალსა და აქიმიძეს „რუსთავი 2“–ის 40%–იანი წილი შესთავაზა. როგორც აქიმიძემ აღნიშნა, 40%–ზე არ არიან თანახმა და ამას დაასაბუთებენ.
„ჩვენ არ ვიყავით კმაყოფილები 40%–ით და ეს სახეზეც შეგვეტყო. ახლა მოგვეცით საშუალება, თუნდაც ერთი დღით მაინც დავფიქრდეთ, რათა ჩამოვაყალიბოთ, რატომ არ ვართ თანახმა ამ ყველაფერზე. შესაძლოა, ვთქვათ რა არის ჩვენთვის მეტნაკლებად მისაღები და რაზე ვფიქრობთ ჩვენ. რა შემოთავაზება იქნება შემდეგ უკვე ქიბარისგან, ეს ყველაფერი გამოჩნდება“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
კითხვაზე რა ოდენობის წილების შეთავაზება იქნება „რუსთავი 2“–ის დამფუძნებლებისთვის მისაღები, აქიმიძემ განაცხადა, რომ ისინი 60%–ზე მეტს ვერ მოითხოვენ იქიდან გამომდინარე, რომ წართმევამდე სწორედ ამ ოდენობის წილებს ფლობდნენ.
დავით დვალის განცხადებით, სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანის, ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებული. მისი შეფასებით, საინტერესო საუბარი შედგა „რუსთავი 2“–ის 100%–იანი წილის მფლობელთან და ასევე აღნიშნა, რომ ხალვაში მათთან არაფრით არ არის ვალდებული.
„სახელმწიფომ ყველაფერი ქნა, რომ ჩვენ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გვაქვს, ეს არის კეთილი ნება. ხალვაშს სრული უფლება აქვს, დაასახელოს ნებისმიერი ციფრი ან საერთოდ არაფერი დაასახელოს. კმაყოფილება არ გვეხატა მაინცდამაინც. მეორე - ჩვენ რაც გავაჟღერეთ წითელ ხაზებზე, ისიც ფაქტორი იქნება. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ყველაფერი დაიყვანება იმაზე, კონტროლი ვისია, ჩვენი პასუხიც ამ ანალიზიდან გამომდინარე იქნება. მკაფიო პასუხს ახლა არ ვიძახით.
ჩვენ გავცვალეთ იდეები სარედაქციო პოლიტიკაზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“ იყო უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია. ქიბარი არაფრით არ არის ვალდებული ჩვენთან. ქიბარი ამას უდგება როგორც მეწარმე და ღელავს „რუსთავი 2“–ის ფინანსურ მდგომარეობაზე. ეს იყო ჩვენი პოზიციის დაფიქსირება.
მადლობა მას და მისი კეთილი ნებაა, 5%–ს დათმობს თუ 70%–ს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად თანხმობას განვაცხადებთ“, – განუცხადა დავით დვალმა ჟურნალისტებს.
აქიმიძესთან და დვალთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი პაატა სალია. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ არხის 100%–იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, დვალს და აქიმიძეს შესთავაზა „რუსთავი 2“–ის 40%, რაზეც მათ ბედნიერება ვერ შეატყო. მისი განმარტებით, არც ისეა, რომ ხვალ ამაზე საუბარი არ გაგრძელდეს. როგორც ცნობილია, 2017 წელს ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“–ის დამფუძნებლებს 50%–იან წილს სთავაზობდა.
„მე შევიცვალე, ორი წლით უფროსი გავხდი. რატომ გინდათ და თვლით, რომ ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას ვაჩუქო? არ გადამითქვია, თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ გადავთქვი? მათემატიკას მარტო კამერის ცოდნა და ლაპარაკი არ ჰყოფნის“, – მიმართა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტებს.
ამასთან, ქიბარ ხალვაშმა განმარტება გააკეთა საკადრო ცვლილებაზე. კითხვაზე, შესთავაზა თუ არა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა დავით ნიკურაძეს, ამბობს, რომ მას არავისთვის არაფერი შეუთავაზებია და ჟურნალისტებს ურჩია პასუხი გენერალური დირექტორისგან მოესმინათ.
„მე არ შემითავაზებია არავისთვის, დირექტორი სთავაზობს და მას ჰკითხეთ. საინფორმაციო სამსახურის უფროსებს მე არ ვცვლი. ნიკურაძისნაირი ჟურნალისტი ქვეყანაში იშვიათია, რატომ გინდათ ახლა მკითხოთ რაღაცა ისეთი“, – აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.