რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The Daily Telegraph” გაავრცელა ცნობა, რომ მომავალი წლის იანვარში, დანიის სამეფო თეატრში გასულ წელს გარდაცვლილ ბრიტანელ მომღერალ ემი ვაინჰაუსს გაიხსენებენ.
იანვარში, კოპენჰაგენში მდებარე თეატრის დასი მაყურებელს ახალ სპექტაკლს წარუდგენს. მისი სახელწოდებაა „Amy” და ემი ვაინჰაუსის ცხოვრებას მიეძღვნება.
პრემიერა 2013 წლის 30 იანვარსაა დაგეგმილი.
გასული წლის 23 ივლისს, 27 წლის ემი ვაინჰაუსი, ჩრდილოეთ ლონდონის უბან კემდენში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ექიმების ვერდიქტით, ვაინჰაუსის სიკვდილის მიზეზი ალკოჰოლის ზედმეტი დოზით მიღება და ამისგან გამოწვეული მოწამვლა გახდა.