„კატეგორიულად უნდა მოეთხოვოს აზერბაიჯანის მხარეს, რომ გაიყვანოს თავისი მესაზღვრეები საქართველოს ტერიტორიიდან“

„კატეგორიულად უნდა მოეთხოვოს აზერბაიჯანის მხარეს, რომ გაიყვანოს თავისი მესაზღვრეები საქართველოს ტერიტორიიდან“

დავით გარეჯის ლავრის წინამძვარის არქიმანდრიტი ილარიონის განცხადებით, ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. მისი განცხადებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფით შემოსულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ კომისია მუშაობს, for.ge–სთან საუბრისას არქიმანდრიტი ილარიონი აცხადებს, რომ წლებია არაფერი საქართველოს სასიკეთოდ არ გადაწყვეტილა.

არქიმანდრიტი ილარიონი: ჩვენ გვეუბნებიან, ხელს ნუ გვიშლით, ნუ ამწვავებთ საკითხს, რომ მშვიდ ფონზე მოვაგვაროთ, გადავწყვიტოთო. ამ გაზაფხულზე სწორედ ასე შემოგვითვალა ბატონმა ლაშა დარსალიამ, ნუ ამწვავებთ საკითხს, მაცადეთ, რომ მშვიდად ვისაუბროო. როცა ჩვენ „დავმშვიდდით“ და ხმა აღარ ამოვიღეთ, აზერბაიჯანის მხარემ ბულდოზერები მოაყენა და გადათხარეს მთელი ჩიჩხიტურის მონასტერი და გზა გამოიყვანეს. 21–ე საუკუნეში შეგვიცვალეს ისტორიული მოცემულობა.

ასე მოხდა 2005–2007 წლებში, როდესაც ჩვენ ყაზარმა აგვიშენეს იქვე, ჩიჩხიტურის დაბლა მინდორზე. ჩვენ გვეგონა, რომ იქ ფერმა შენდებოდა, თუმცა აშენდა სამხედრო ობიექტი. ფერმაც რომ ყოფილიყო, ჩვენი მხრიდან მკაცრი შეფასება უნდა მოჰყოლოდა. ახლა კი გაიყვანეს გზა. ე.ი. ხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს ნიშნავს, რომ მათი პრეტენზიები იქნება უფრო მკვეთრი. არანაირი მკაცრი რეაგირება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. მეტიც, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ყველაფრის შესახებ მედიით გაიგო. ეს ხომ კატასტროფაა. სად არის ქვეყნის უსაფრთხოება?!.

2004 წლამდე საზღვრის პრობლემა დავით გარეჯში არ იდგა. ეს დაიწყო 2005 წლიდან, როდესაც იქ პირველად გამოჩნდა აზერბაიჯანელი მესაზღვრე. მანამდე მესაზღვრე არ გამოჩენილა. 2005 წლიდან ეს თემა რატომღაც გამწვავდა. მაშინ აწ გარდაცვლილმა მამა მაკარმა გადაწყვიტა ჩიჩხიტურის მონასტრის აღდგენა და ააშენა ხარაჩოები. ამას მოჰყვა აზერბაიჯანელთა მხრიდან მწვავე რეაქცია და პირველად მაშინ მოხდა, რომ მოვიდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრები. აზერბაიჯანლურ მხარეს არასოდეს არ ჰქონია პრეტენზია ჩიჩხიტურის მონასტერზე, მით უმეტეს უდაბნოს მონასტერზე. სამწუხაროდ, არც მაშინ მოხდა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება ამ ფაქტზე, მწვავე განცხადებები არ მოჰყოლია.

მამა ილარიონ, ბოლო პროცესებს თუ გავიხსენებთ, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ტაძრიდან გამოყარეს ხატები, ამას მოჰყვა მრევლის და სასაულიერო პირების მკვეთრი რეაქცია, მაგრამ ოფიცლაურად ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა ადეკვატური რეაქცია, თუ არ ჩავთვლით კუპატაძის შეპირებას, რომ რამდენიმე დღეში გაიხსნებოდა მონასტერი ქართველი მომლოცველებისთვის და სასულიერო პირებისთვის. როგორ ხსნით ხელისუფლების დუმილს და რაში ხედავთ გამოსავალს?

– ვერ გეტყვით. პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება ჩვენი საქმე არ არის. ჩვენი ერთადერთი მოვალეობა არის ის, რომ ვთქვათ სიმართლე იმასთან დაკავშირებით რაც ხდება. დანარჩენი როგორ გადაწყდება, რა იქნება, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ ვიმოქმედოთ. ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. სახელმწიფომ უნდა აირჩიოს რა გზას ადგას ამ საკითხთან მიმართებაში. რა არის პრინციპული, რა არის ღირებული და რა მეორე ხარისხოვანია, ეს უკვე სახელმწიფოს არჩევანია. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია, ეს არის ვისაუბროთ არსებულ მდგომარეობაზე.

არსებული მდგომარეობა კი, სასიკეთოთ არ იცვლება, პირიქით ვითარება უფრო მძიმდება...

– ჯერჯერობით სასიკეთო არაფერი ჩანს.

როდესაც საქმე ეხება დავით გარეჯის საკითხს, ხელისუფლება არის მოზომილი განცხადებაში, ხაზს უსვამენ იმას, რომ აზერბაიჯანი არის მეზობელი სახელმწიფო, რომ რუსეთისა და თურქეთის შემდეგ ყველაზე დიდი ინვესტიციები აზერბაიჯანიდან შემოდის. ეს გასაგებია, მაგრამ მეზობელს და ინვესტიცებს შეიძლება გადავაყოლოთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი?

– რა შუაშია ინვესტიციები?! რა შუაშია მეზობლობა?! მე არ მესმის, ეს რა მოტივაციაა. მაშინ გვიყიდოს?! თბილისზეც ამბობენ მათი ე.წ. აკადემიკოსები, რომ ჩვენიაო. იქნებ იმდენი გადაიხადოს, რომ თბილისიც დავუთმოთ?! რა შუაშია აქ ინვესტიცია?! ეს არის აბსურდი.

უმეტეს შემთხვევაში საქმეზე საუბრობენ არაკომპეტენტური ადამიანები, არ მინდა ვინმეს ცილი დავწამო, მაგრამ, ალბათ, ისეთებიც არიან, ვისაც უბრალოდ ანგარებითი დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. არანაირი გამამართლებელი არგუმენტი აზერბაიჯანის მხარეს არ არის. არაფერი არ ამართლებს მათ იმ ქმედებას, რასაც ისინი დღეს სჩდიან დავით გარეჯში.

უნდა შემდგარიყო ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა, მაგრამ ეს შეხვედრაც გაურკვეველი დროით გადაიდო. ეს სიჩუმე ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ დავით გარეჯის ეს ნაწილი?

– ვერ გეტყვით ჩუმად რა ხდება, ჩვენ ვხედავთ ფაქტებს, მაგრამ ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ვიღაცის ინტერსებში არ არის ამ საკითხის მოგვარება.

სად არის პროცესის დასრულების ის წერტილი, რომლის შედეგად მონასტერი გაიღება ქართველი მომლოცველებისთვის?

– ამას უნდა ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მკვეთრი პოზიცია. კატეგორიულად უნდა მოეთხოვოს აზერბაიჯანის მხარეს, რომ გაიყვანოს თავისი მესაზღვრეები საქართველოს ტერიტორიიდან. თვითონ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს შეგნებული, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია, იმიტომ რომ, არაკომპეტენტური ხალხია ყველაგან. უმეტეს წილად არაკომპეტენტური და რაღაცა ნაწილი ალბათ გაყიდული.

არ ვიცი, სხვა მიზეზსს მე ვერ ვხედავ, ასეთი არასერიოზული დათმობებისა, რაც ხდება ჩვენი მხრიდან. არ მესის რატომ უთმობენ. ყველანაირი კანონმდებლობით ჩვენ ვართ მართალი. ამ ქვეყნად არ არსებობს არანაირი საბუთი, რომელიც ამართლებს აზერბაიჯანის დღევანდელ ქმედებას. ისინი თავხედურად იქცევიან და ჩვენ ამ თავხედობას ვყლაპავთ, ვპატიობთ და არ ვიცი რატომ?

ძალიან მძიმეა როცა ვიღაცა არ გიშვებს შენს ტერიტორიაზე და მით უფრო შენს სალოცავში...

– არ გვიშვებენ, რაღაცა უსუსური პოზიციიდან არის ნათქვამი. ჩვენ იქ შევალთ ნებისმიერ დროს როცა გვინდა. ისე შევალთ, რომ საერთოდ არ შევეკითხებით. ჩვენ არ გვინდა პროცესები გამწვავდეს, არ გვინდა ამ საკითხის გაგრძელება არამშვიდობიანი და არაპოლიტიკური გზით. ერთი დაძახება და იმდენი ხალხი მოვა, რომ წინ ვერავინ დაგვიდგება. მაგრამ არ გვინდა ასე მოხდეს, არ ვართ რევოლუციონრები. ველოდებით მთავრობის ქმედებას. მთავრობამ რაღაცა უნდა მოიმოქმედოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

ხელისუფლება ამბობს, რომ პრობლემა მოგვარებადია, მაგრამ მოქმედების შედეგი ჯერჯერობით არ გვაქვს...

– მთავარია დათმობაზე არ წავიდნენ და ხელი არ მოუწერონ. ჩვენ იმედი გაქვს, რომ ადრე თუ გვიან, ეს საკითხი გადაწყდება. მაგრამ თუ ხელი მოუწერეს და დაეთანხმნენ აზერბაიჯანულ მხარეს, მერე უკვე არ ვიცი გამოსავალი რაში იქნება. არანაირი პათეთიკა, არანაირი ლირიკა აქ არ არის – იქ ყველაფერი არის ჩვენი, ის ტერიტორია ჩვენია. რაღაცას კი არ ვიგონებთ და პოეზიას კი არ ვწერთ, არამედ დასაბაუთებულად, ხელშეკრულებით და რუკებით ეს არის საქართველოს ტერიტორია.

სოციალისტი აზერბაიჯანს უნდა მოთხოვოს აშშ-მ (რა თქმა უნდა არ მოსთხოვს)! ისე ჩვენს მოთხოვნაზე მაგენი ყურის გამპარტყუნებლებიც არ არიან!
5 წლის უკან