ცნობილი ჯგუფის „Guns N’ Roses” ლიდერი აქსელ როუზი მძიმე პიროვნებაა. მას კოლეგებთან უსიამოვნება არაერთხელ ჰქონია. მუსიკოსს ჟურნალისტებთანაც დაძაბული ურთიერთობა გააჩნია.
საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ ბატონი აქსელი ბოლო 20 წლის განმავლობაში ტელეინტერვიუებზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. ამისი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ თავის დროზე ერთმა ჩვენმა უცერემონიო კოლეგამ პირად ცხოვრებაზე უსიამოვნო კითხვები დაუსვა.
გუშინ გამოცემამ „Consequence of Sound” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. აქსელ როუზმა ხანგრძლივი დუმილი დაარღვია და ხმა ამოიღო.
ორი დღის წინ მუსიკოსმა ტელეკომპანია ABC -ს გადაცემაში „Jimmy Kimmel Live!“ მიიღო მონაწილეობა. პროგრამა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და როუზმა არაერთ შეკითხვას საფუძვლიანი პასუხი გასცა.
ეს ინტერვიუ ჯგუფის მომავალ კონცერტებს მიეძღვნა.
მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან 24 ნოემბრამდე „Guns N’ Roses” ქალაქ ლას - ვეგასში 12 კონცერტს ჩაატარებს.