საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს საშუალო მაჩვენებელი 100 ათას სულ მოსახლეზე 17 შემთხვევაა. მართალია, სუბ-საჰარულ აფრიკასა და ლათინურ ამერიკასთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. პრობლემა ქართველი ქალების მენტალიტეტშია, რომელთაც ურჩევნიათ, არ იცოდნენ, რომ აქვთ ეს საშიში დაავადება, ვიდრე იცოდნენ და დროულად მართონ სიმსივნე საწყის სტადიაზე. ბევრმა არც იცის, რომ საქართველოში არსებობს სკრინინგის უფასო პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა, ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს მინიმალური დაზიანებაც კი, რაც განკურნების წინაპირობაა.
სკრინინგის პროგრამის ეფექტურობის შესახებ For.ge-ს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმი მეან-გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი, მედიცინის დოქტორი თამარ ალიბეგაშვილი ესაუბრა.
რა კეთდება სკრინინგის პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად და რამდენად მნიშვნელოვანია დროული მიმართვიანობა, რაც ქართველი ქალბატონების აქილევსის ქუსლია?
- დროული მიმართვიანობა ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენადაც თვითონ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის არსი არის ის, რომ გამოავლინოს უსიმპტომო პრობლემები, ე.წ. კიბოს წინა მდგომარეობა, რომელსაც ნამდვილად არ აქვს არანაირი ნიშანი. ეს მდგომარეობა უნდა იყოს აღმოჩენილი, რომ ვუმკურნალოთ ამ ფაზაში დაავადებას და არა მაშინ, როდესაც უკვე გვაქვს საშვილოსნოს ყელის კიბო. ამისთვის საჭიროა სკრინინგს ეწვიონ ისეთი ქალები, რომლებიც თავს თვლიან ჯანმრთელად, ანუ არ აქვთ ტკივილი, სისხლიანი გამონადენი, არაფერი აწუხებთ, მაგრამ ამ დროს შეიძლება უკვე არსებობდეს კიბოს წინა მდგომარეობა.
რა ასაკიდან უნდა ეწვივნენ სკრინინგ ცენტრს ქალბატონები?
- 25-დან 60 წლამდე ყველა ქალბატონს, ვისაც დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება, სამწლიანი ინტერვალით შეუძლია ისარგებლოს სკრინინგ პროგრამით, რომელიც უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ ყველა ქალს შეუძლია ჩაიტაროს საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური გამოკვლევა - პაპ ტესტი, რაც კეთდება ჩვენთან. პაპ ტესტის პასუხიდან გამომდინარე, თუ აღნიშნულ ტესტში არაფერი აღმოჩნდა, მაშინ ქალი იგზავნება სამწლიან რაუნდზე, ხოლო, თუ პაპ ტესტში მცირედი ცვლილება მაინც დაფიქსირდა, უკვე გადამისამართდება უფრო გაღრმავებულ დიაგნოსტიკურ კვლევაზე. ეს ნიშნავს საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას მიკროსკოპით- კოლპოსკოპიურ კვლევას. თუ საჭირო გახდა, ვიყენებთ ბიოფსიას, რათა კიდევ უფრო ზუსტი მორფოლოგიური დიაგნოზი გვქონდეს. სკრინინგ პროგრამის ფარგლებში ესეც უფასოა.
როგორია ბიოფსიის პროცედურა?
- ბიოფსია ძალზე მარტივი პროცედურაა. სპეციალური ხელსაწყოთი ხდება მცირე უბნის მოკვნეტა, მას ვაგზავნით ლაბორატორიაში, რათა ქსოვილის დონეზე შევისწავლოთ პროცესი. ციტოლოგია ნიშნავს უჯრედის დონეზე პროცესის შესწავლას, ჰისტოლოგიური კვლევა ქსოვილის შესწავლაა საბოლოო დიაგნოზისთვის.
რამდენ ხანს მოიცავს და რამდენად მარტივია პაპ ტესტის ჩატარება?
- პაპ ტესტის აღება ძალიან მარტივია. ყველა ქალი ნამყოფია გინეკოლოგიურ კვლევაზე და მათ იციან, რომ ამ დროს ვათვალიერებთ ყელს, ანუ იდგმება საშოში ე.წ. გინეკოლოგიური სარკე, რომლითაც შეუიარაღებელი თვალით ხდება ყელის დათვალიერება და სპეციალური ჯაგრისით მასალის აღება, რომელიც არანაირ დისკომფორტს არ იწვევს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს დაავადება დასაწყისში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. როდის დგებიან ქალბატონები ფაქტის წინაშე, როცა მათ უკვე საშვილოსნოს ყელის დაავადება აქვთ? როგორია ამ დაავადების სიმპტომები?
- ყველაზე საშიში სიმპტომი, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოს ქალმა, ანუ ძალიან ადრეული სიმპტომი ეს არის რეპროდუქციული ასაკის ქალებში არარეგულარული სისხლიანი გამონადენი; ასევე, სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ; სისხლიანი გამონადენი უკვე პოსტსმენოპაუზური ასაკის ქალებში, რომლებთანაც, წესით, უკვე შეწყვეტილია მენსტრუალური ციკლი და ამ დროს ეწყებათ სისხლიანი გამონადენი. ასეთ დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს საშვილოსნოს ყელის კიბოს არსებობა. აგრეთვე, როცა შორს წასული მდგომარეობაა, იქ უკვე ხდება შარდვის გახშირება, ტკივილი შარდვის დროს, ზოგადად, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი. ეს შორსწასული სიმპტომებია, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, პირველადი სიმპტომები ეს არის სისხლიანი გამონადენი, რომელიც არ უნდა იყოს.
რისკფაქტორები და გამომწვევი მიზეზები რა არის?
- მთავარი რისკფაქტორი და გამომწვევი მიზეზი არის პაპილომავირუსული ინფექცია, რომელიც უამრავ ხალხს აქვს, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას არ ემართება საშვილოსნოს ყელის კიბო, რადგან ამ დაავადების დროს მნიშვნელობა ენიჭება პაპილომა ვირუსის ტიპს. არსებობს 15 ონკოაგრესიული პაპილომა ვირუსის ტიპი და, თუკი ერთ-ერთი მათგანით მოხდა ინფიცირება, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი უკვე არსებობს.
თუმცა პაპილომა ვირუსი აპრიორი არ ნიშნავს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო დაემართება ქალს?
- აპრიორი ამას არ ნიშნავს. ქალი შეიძლება დაინფიცირდეს ამ ინფექციით, მაგრამ ორგანიზმის იმუნური ძალების ხარჯზე მოხდეს ამ ინფექციისგან მისი განთავისუფლება. რაც შეეხება რისკ ფაქტორებს, ესენია მრავალი სქესობრივი პარტნიორი და სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში, ნიკოტინის მოხმარება, რასაც ერთ-ერთი ძალზე მჭიდრო კორელაცია აქვს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებასთან, ასევე, ჰორმონალური კონტრაცეფციის ხანგრძლივი დროით მოხმარება, როდესაც ათ წელზე დიდხანს იყენებენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, აგრეთვე, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მათ შორის, ქლამიდია, ჰერპესვირუსი, ტრიქომონიაზი. ბარიერული კონტრაცეფციის გამოუყენებლობა, ანუ კონდომის გამოუყენებლობაც ერთ-ერთი რისკფაქტორია. ასევე, ზოგადი იმუნოსუპრესური მდგომარეობა, როგორიც გვხვდება აივ-ინფიცირებულ პაციენტებში ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს, როდესაც ხელოვნურად ითრგუნება იმუნიტეტი. ეს ყველაფერი რისკფაქტორია.
ამიტომ მთავარია ვმართოთ გამოვლენილი პათოლოგია?
- რა თქმა უნდა, რადგან საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია თითქმის 100%-ით შეიძლება, თუკი დროულად იქნა გამოვლენილი კიბოს წინა მდგომარეობა და სწორად იქნა მართული. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ხანდახან მხოლოდ დაკვირვების რეჟიმი გვჭირდება ასეთ ქალებთან, რადგან თვითონ კიბოს წინა მდგომარეობასაც აქვს გარკვეული ეტაპები-მსუბუქი, ზომიერი, მძიმე დისპლაზია. მსუბუქი დისპლაზიის დროს შეიძლება მთელი ცხოვრება ჰქონდეს ქალს ეს დაავადება, მაგრამ არაფერ ცუდში არ გადაიზარდოს, მაგრამ, როცა საქმე გვაქვს ზომიერ, ან მძიმე დისპლაზიასთან, იქ მეტი ალბათობაა, კიბო ჩამოყალიბდეს. ასეთ დროს აუცილებელია მკურნალობა, რაც გულისხმობს დაზიანებული კერის მოშორებას. ეს არის მცირედი მანიპულაცია, რომელიც შეიძლება იყოს ე.წ. დესტრუქციული მეთოდი, როდესაც უბრალოდ ნადგურდება ეს ქსოვილი; შეიძლება გამოვიყენოთ კვეთითი ტექნიკაც, რასაც ის უპირატესობა აქვს, რომ, რაც იკვეთება, ის იგზავნება დამატებით კვლევაზე, რათა ზუსტად განვსაზღვროთ, როგორ დავგეგმოთ მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობა. ხშირად ქალებს ჰგონიათ, ერთხელ ჩავიტარე მკურნალობა და მორჩა, მეტი არაფერი დამემართება, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. იმავე პაპ ტესტის სკრინინგის დროსაც ქალებს არასწორი შეხედულება აქვთ, რომ ერთხელ ჩავიტარე პაპ ტესტი და მეტი აღარ მჭირდება. ამ დროს რეგულარულ დაკვირვებას საჭიროებს საშვილოსნოს ყელი. პაპ ტესტის შემთხვევაში, დაკვირვება საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ. ხოლო, თუ მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობაა დანიშნული, იქ უფრო მჭიდრო მეთვალურეობაა საჭირო პირველი ხუთი წლის განმავლობაში, შემდეგ ის ქალებიც გადადიან სამწლიან რეჟიმზე.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სტატისტიკა როგორია მსოფლიოსა და საქართველოში?
- სტატისტიკიდან გამომდინარე, მსოფლიო რუკა ძალიან ჭრელია. ყველაზე ცხელი უბნები, სადაც მაღალია ავადობის მაჩვენებელი, ეს არის სუბ-საჰარული აფრიკა, ლათინური ამერიკა. ეს რუკა აივ-ინფიცირების განვითარების რუკას ძალიან მიჰყვება.
აზიურ ქვეყნებში რა ხდება?
- აზიურ ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები შედარებით ნაკლებია, რადგან აქ ერთი დამცავი მექანიზმია, კერძოდ, მამაკაცების წინადაცვეთის ტრადიცია. ეს ტრადიცია ამცირებს პაპილომა ვისრუსით მამაკაცების ინფიცირების რისკს და შემდეგ უკვე ქალისთვის გადაცემის რისკს. ევროპაში ყველაზე უფრო ხშირია ეს დაავადება აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე - რუმინეთი, ბულგარეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ საშუალო მაჩვენებელი გვაქვს, ეს არის 100 ათას სულ მოსახლეზე 17 შემთხვევა. საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ფინეთს, შვეიცარიას, სადაც ასი ათას სულ მოსახლეზე 5 ქალი მოდის, რუმინეთზე კი მოდის 35 ქალი. ჩვენი სკრინინგის მთავარი გამოწვევაა მთლიანი მოსახლეობის მოცვა, სკრინინგი ეფექტურია იმ შემთხვევაში, როცა რაც შეიძლება ბევრი ქალია ჩართული ამ პროცესში.
იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს, ქალის მენტალიტეტში ეს კარგადაა გამჯდარი, მათ იციან, რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას, ამიტომაც ასეთ ქვეყნებში ამ დაავადების დაბალი მაჩვენებელია. საქართველოში გარკვეული მენტალური ბარიერი არსებობს, ჩვენს ქალებს ურჩევნიათ, არ იცოდნენ დაავადების შესახებ, ვიდრე იცოდნენ და მიხედონ ამ პრობლემას. დღეს კიბოს წინა მდგომარეობის მოვლა სულაც არ არის რთული, ეს ძალიან ადვილია, შედარებით იაფია, ვიდრე განვითარებული კიბოს მართვა და ეფექტურიცაა გამოჯანმრთელების თვალსაზრისით. ამიტომ არ უნდა არსებობდეს დიაგნოზის შიში. ყოველთვის ჯობს, იცოდე, რა ხდება და დროულად მართო, ვიდრე შორს წასული მდგომარეობის ფაქტის წინაშე დადგე.