პარლამენტში „რუსთავი2“–ის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მოუსმენენ და საჯარო ფორმატში, დამოუკიდებელ დეპუტატებს ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილსა და გედევან ფოფხაძეს შეხვდებიან. როგორც ლევან კობერიძე აცხადებს „რუსთავი 2“– ის თემა დიდი ხანია კერძო საკუთრების კუთვნილების საკითხს გასცდა და ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.
დეპუტატის თქმით, სურვილის შემთხვევაში, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი მზად არის, იგივე ფორმატში „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მოუსმინოს. მისი თქმით, თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატების ვალდებულებაა საკითხის საჯარო სივრცეში გამოტანა მოხდეს.
„რუსთავი 2“–ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შორის რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია. ამბობს, რომ მისი სიტყვის უკან წამღები არ არის.
„დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დაზარალებულები არიან. ჩვენ გვქონდა ჩვენი მოლაპარაკება. თავად იციან რაზეც მოვილაპარაკეთ და კიდევ მოვილაპარაკებთ. გავაგრძელებთ საუბარს. სად წავლენ, სიკვდილს არ ვაპირებ. რაღაცას ხომ ვიყოფთ, ის რაღაცა ხომ უნდა გავიყოთ, ის, რაღაცა რა არის, ხომ უნდა გავარკვიოთ.
მე საჯაროდ ვთქვი, რომ მზად ვარ, გავაგრძელო ამ ადამიანებთან საუბარი და მაქსიმალური გავაკეთო, რისი გაკეთებაც შემიძლია. საჯარო განცხადება შეხმიანება ხომ იყო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ორი წლის, ორ წელიწად–ნახევრის უკან, ამის შემდეგ კომუნიკაცია შეწყდა. ჩემი სიტყვის წამღები არ ვარ. არც არავინ დამიჩაგრავ, როგორც ამბობენ“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
ქიბარ ხალვაშმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზისთვის ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა. კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს, 2010 წლის 4 თებერვალს, ბერლინში დადებულ შეთანხმებაზე შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის თუ არა ქიბარ ხალვაშის. ხელშეკრულება სწორედ „რუსთავი 2“– ის წილების საკუთრებას ეხება.
შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“– ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული. თავის მხრივ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“– ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.
ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებას არასერიოზულს უწოდებს ქიბარ ხალვაში და აცხადებს, რომ ოქრუაშვილი არის რეგვენი, ბოლო კაცი, ნაძირალა, გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც კეთილდღეობისთვის შეიძლება ყველაფერი იკისროს.
„რა მითხრეს იცით?! ჩვენ გავაკეთებთ ხელმოწერის ანალიზსო და მხოლოდ მაშინ ჩაგბარდება, როცა ფულს გადაიხდიო. ახლა ოქრუაშვილისგან ველოდები რამე ძღვენს, რომ მივიდე, ადრე გადავიხადო და მიიღოს პასუხი. შემიძლია გვიან გადავიხადო. დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე ლაპარაკი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ, რასაც ვიტყვი ძალიან მძიმე იქნება მისთვის, იმ ბავშვს გულს დავწყვეტ, ღმერთის მეშინია. უბრალოდ ოქრუაშვილი არის ბოლო კაცი, ნაძირალა, არის გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც კეთილდღეობისთვის შეიძლება ყველაფერი იკისროს. ესაა ჩემი ბოლო კომენტარი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქიბარ ხალვაშმა.
ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, ხალვაშისგან იცის, რომ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და არც უნახავს, შესაბამისად, რადგან ხალვაშის ხელმოწერაა იქ, ის ყალბია. მისი თქმით, ლოგიკურადაც არ მოაწერდა არავინ ამგვარ ხელშეკრულებას ხელს.
„სიმართლის დასადასტურებლად რამდენიმე ფაქტი გვაქვს, დოკუმენტი და გარემოება. თუ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერას, რომელიც სხვა დოკუმენტზე არის გაკეთებული, შეადარებთ ამ დოკუმენტზე გაკეთებულ ხელმოწერას, ვიზუალურ განსხვავებას ნახავთ. თუმცა, ექსპერტები არ ვართ და ეს საქმე ექსპერტებს მივანდოთ. არსებობს 3 ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის ერთი საფრანგეთშია ჩატარებული, ორი საქართველოში.
ექსპერტს ოქრუაშვილმა ერთგვერდიანი დოკუმენტის დედანი წარუდგინა, სადაც 7 მილიონზე და „რუსთავი 2“–ის წილებზეა საუბარი. ასევე წარუდგინა ერთი დოკუმენტი – ხელშეკრულება ეროსი კიწმარიშვილსა და „გლობალ მედიას“ შორის, რომლის მეწილეც და დირექტორიც ქიბარ ხალვაში იყო. ეს სხვა გარიგებას ეხებოდა. ქიბარ ხალვაშმა 2010 წლის 4 თებერვალს ბერლინში ხელი მოაწერა ცალხმხრივად ამ ხელშეკრულებას. ეს ეგზემპლარები უნდა წაეღოთ პარიზში, სადაც ეროსი კიწმარიშვილი ცხოვრობდა და ხელი მოეწერა. ასეც მოხდა“, – აცხადებს პაატა სალია.
ირაკლი ორუქუაშვილს უპირისპირდება შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ ქარელი, რომლის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი იმაზე ბევრად უფრო ბინძური და უზნეოა, ვიდრე ჩანს. ქარელის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი გამორჩენის მიზნით ყველაფერს იკადრებს.
რაც შეეხება იმ ე.წ. ხელშეკრულებას და ხელმოწერებს, რომელსაც ოქრუაშვილი აქვეყნებს და რის საფუძველზეც „რუსთავი 2“–ის საკუთრებაზე პრეტენზიას აცხადებს, მიხეილ ქარელის განცხადებით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟი და მისი მხრიდან მორიგი სარგებლის ნახვის მცდელობა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ხელმოწერები მას გაყალბებული აქვს. როდესაც სატელევიზიო ეთერით ოქრუაშვილის გამოქვეყნებული ფურცლები ვნახე, მაშინვე აღვიდგინე ის დღე, როდესაც მან პარიზში ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნიმუში მოიტანა და იქ მყოფ მის ახლობელ ადამიანებს სთხოვა, კარგად დაკვირვებოდნენ და დაეკოპირებინათ სხვა ფურცლებზე.
მათ დიდი ხნის განმავლობაში ივარჯიშეს კიდეც და როგორც ჩანს, ახლა ოქრუაშვილს სწორედ იმ გაყალბებული ხელმოწერებით სურს, „რუსთავი 2“–ის ხელში ჩაგდება. ეს პრაქტიკა მას არაერთხელ გამოუყენებია და არაერთხელ უცდია სხვისი ქონების მითვისება გაყალბებული ხელმოწერებისა და ცრუ ჩვენებების მიცემის გზით.
მრავალწლიანი სიჩუმის შემდეგ, დღეს თავს ვალდებულად ვთვლი ვამხილო ირაკლი ოქრუაშვილის ავანტიურა და იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, მზად ვარ ჩვენების მისაცემადაც.
ერთი მხარეა სამართლებრივი, რაზეც მე განვაცხადე, რომ მზად ვარ გამოძიებასთან ვითანამშრომლო სიმართლის დასადგენად, მაგრამ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ დაბინძურებულ პოლიტიკაში უარესად დაბინძურებული აზროვნებით და ხერხებით არ შემოვიდეს ოქრუაშვილი, რომლისთვისაც მორალი არაფერში არ არსებობს და მით უმეტეს პოლიტიკაში“, – ამბობს მიხეილ ქარელი.